ინტერაქტიული მულტიმედია
ბორჯომის მემატიანე
85 წლის ავთანდილ გელაშვილი საკუთარ ფოტოებს ათვალიერებს და ბორჯომის ისტორიას იხსენებს. მზერას ბორჯომის წყადლიდობის ამსახველ სურათზე აჩერებს და 1968 წელს მომხდარზე საუბარს იწყებს. იხსენებს, როგორ წალეკა ორივე სანაპირო. მოვარდნილმა წყალმა წაიღო რამდენიმე ხიდი, მათ შორის სამანქანო, რომელიც ქალაქის ორ მხარეს ერთმანეთთან აკავშირებდა. სახლი მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ჰქონდა, სამსახური კი მარცხენაზე. ქალაქის ერთი ნაწილიდან მეორესთან დაკავშირება შეუძლებელი იყო, ამიტომ პლატოს გავლით, შემოვლითი გზით უწევდა სიარული.

„ჩემი თვალით ვუყურებდი, როგორ ჩაინგრა ახლანდელი ე.წ. „სილამაზის ხიდი“ და წყალმა წაიღო რკინის კონსტრუქციები. ახალი ხიდის აგებამდე შემოვლითი გზით დავდიოდი. მერე პატარა „კუკუშკა“ მატარებელი დანიშნეს ავტობუსივით და ხალხი ჩარხისწყლიდან ქალაქის ცენტრამდე ამოჰყავდათ. სამანქანო მოძრაობა აღარ იყო. წყალი ავტობუსის საფეხურამდე სწვდებოდა“.




ავთანდილ გელაშვილს ბორჯომის მემატიანეს ეძახიან. ყველაფერი, რაც ბორჯომში ხდებოდა, ახლა მის არქივში ინახება. ფოტოებით შეიძლება ყველა წითელი ლენტის გაჭრის აღდგენა, ან იმის ნახვა, ვინ სტუმრობდა კურორტს.

„ერთი უბრალო პატარა სურათიც კი მიყვარს იმიტომ, რომ ჩემი ნაოფლარია. მახსოვს სად რა გადავიღე და როგორ. მეხსიერება მაქვს ჯერ-ჯერობით.
არ ვანსხვავებდი. ისტორიული რაც იყო ყველაფერს ვიღებდი. არ მენანებოდა არც ფირი და არც ქაღალდი. ყველაფერს გულით ვიღებდი“.

საქართველოს პრეზიდენტები, საბჭოთა საქართველოს მინისტრთა საბჭოს წევრები, ცნობილი სპორტსმენები - ასობით ფოტოს შორის ბევრი ცნობილი ადამიანისაც არის. ავთანდილ გელაშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრას იხსენებს.

„მოვუჯდებოდი ხოლმე გვერდზე და ვსაუბრობდით. სურათებს რომ ვუღებდი, ფულს ხომ არ გამოვართმევდი, ამიტომ ჯვარი მაჩუქა“.

ფოტოხელოვნებით სამხედრო სავალდებულო სამსახურის დასრულების შემდეგ დაინტერესდა. გერმანიიდან საქართველოში დაბრუნდა, თბილისში ფოტოხელოვნების კურსები რამდენჯერმე გაიარა, ფოტოგრაფის დამადასტურებელი მოწმობაც აიღო და მშობლიურ ქალაქს დაუბრუნდა.

თავის პირველ ფოტოაპარატს „გომზე“ დღემდე უფრთხილდება. ათწლეულების წინ თავზე შავ ნაჭერს იფარებდა და შევ-თეთრ ფოტოებს ისე იღებდა. შემდეგ ფირს სახლში ამჟღავნებდა და ბეჭდავდა.






ასე მრავალი წელი იმუშავა, სანამ თანამედროვე აპარატები არ გაჩნდა. შავ-თეთრი ფერადმა ფოტოგრაფიამ ჩაანაცვლა. ავთანდილ გელაშვილმაც თანამედროვეობას ფეხი აუწყო. ჟურნალები გამოიწერა და ახალი ტექნოლოგიების შესწავლა დაიწყო.
მანამდე კი, ახალბედა ფოტოგრაფმა მუშაობა საყოფაცხოვრებო მომსახურების სააგენტოში დაიწყო. მაშინ შემომვლელ ფოტოგრაფი ერქვა. დადიოდა სოფლებში და მოსახლეობის საქმიანობას ფოტოისტორიად აქცევდა.
გლეხები ტურისტებმა ჩაანაცვლეს. როცა სანატორიუმ „ფირუზასა“ და „მთის ხეობაში“ მუშაობდა, დამსვენებლებს ექსკურსიებზე დაჰყვებოდა და ფოტოებს უღებდა.
გაზეთ „ბორჯომის“ ფოტოკორესპონდენტი ბორჯომის მნიშვნელოვან მოვლენებს ფოტოებით ჰყვებოდა, თუმცა ყველაზე დიდი დრო, 16 წელი, არქეოლოგიური ექსპედიციების დროს აღმოჩენების ფირზე აღბეჭდვას დაუთმო. მხარეთმცოდნეობის მუზეუმში მათი ფოტოგრაფი თანამშრომლის ფოტოები დღემდე ინახება.

ბოლო სამსახური სახელმწიფო რეზიდენცია „ბორჯომი-ლიკანი“ ე.წ. მეოთხე სამმართველო ოყო, სადაც მის დახურვამდე იმუშავა.

„ახლა ვიღას ვჭირდები. ადრე უჩემოდ ვერაფერს აკეთებდნენ“, - გულდაწყვეტილია მოხუცი, რომლის ცხოვრებაში, ბოლო წლებია, ფოტოაპარატი წიგნებმა ჩაანაცვლა. კითხულობს ყველაფერს, მათ შორის ზღაპრებს.




„ზღაპარი იმიტომ მიყვარს, რომ ღარიბი, გაჭირვებული კაცი იმარჯვებს მდიდარზე“.

საოჯახო ბიბლიოთეკა რამდენჯერმე გადაიკითხა. თაროებზე ბევრი წიგნია სტალინზე. ოთახში მისი ფოტოებიც კიდია. ამბობს რომ ძალიან უყვარს და „ხალხის ბელადისთვის“ და მსოფლიოს ფაშიზმისგან გადამრჩენელისთვის სიცოცხლეს დღესაც გაწირავს.

„ოღონდ სტალინი გაცოცხლდეს და მე თუ გინდა იმ წუთში მოვკვდე“.



ავთანდილ გელაშვილმა 80 წლის იუბილეზე საკუთარი ფოტოების გამოფენა მოაწყო. სურათები მუყაოს დიდ ქაღალდებზე დააწება და წლების განმავლობაში შეგროვებული ნამუშევრები, ფართო საზოგადოებას გააცნო.

გაწეული ღვაწლისთვის, ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სიგელითა და მედლით დააჯილდოვა. ავთანდილ გელაშვილს ახლა ერთი სურვილი აქვს, მისი თვალით დანახული და ფოტოაპარატის ობიექტივში მოხვედრილი ბორჯომის დაარქივებული ისტორია მხარეთმცოდნეობის მუზეუმს გადასცეს.




Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.