ინტერაქტიული მულტიმედია
შეშა და ნახშირი გაზის ნაცვლად



ჩემს ცხრა შვილს ყოველდღიურად საჭმელს შეშის „ფეჩზე“ ვუკეთებ, ზამთარშიც და ზაფხულშიც“, - შეწუხებული გვიყვება სოფელ ტაძრისში მცხოვრები ლელა შაყულაშვილი.


ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელი ტაძრისი,ისევე როგორც მეზობელი სოფლები, დვირი, საკირე და დგვარი ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი. ამ სოფლებში ბუნებრივი აირი არასოდეს ყოფილა, წლების განმავლობაში მოსახლეობის მოთხოვნა უცვლელია და უშედეგო.


„ყველაფერს ძალიან დიდი წვალებით ვაკეთებ, წარმოიდგინეთ მთელი ზაფხული, ზამთრის კონსერვებს სიცხეში, ღუმელზე ვხარშავ. სარეცხის დასარეცხადაც დიდი ქვაბი მაქვს და წყალს იმით ვათბობ“
, - ამბობს მრავალშვილიანი დედა.



ლელა შაყულაშვილი

სოფელში უგაზობა ქალებსაც და კაცებსაც თანაბრად აწუხებთ. კაცები ძირითადად საშეშე მერქნის პრობლემაზე საუბრობენ.


„ტყეს ძალა ადგება, იჭრება და იჩეხება სოფლის მიმდებარე ტყე, მე ზამთრის განმავლობაში რვა კუბამეტრი შეშა მაინც მჭირდება, 1000 ლარი მინიმუმ ჯდება ზამთარში გათბობა, გაზი რომ იყოს ეს ხარჯიც განახევრდება და ტყეც გადარჩება გაჩეხვას“.


„ხშირად შეშა არ გვყოფნის, მივდივართ ტყეში ვიპარავთ, მოვიპარავთ დაგვიჭერენ, მერე საშვილიშვილოდ უნდა ვიხადოთ ეს ვალები, ვალების დასაფარად ისევ ტყეში მივდივართ და ხეებს ვჭრით და ასე გრძელდება უსასრულოდ,  ყველაფერზე შეშაზე ვართ დამოკიდებული, გაზი რომ იყოს, აბანოს მაინც ვამუშავებდით, ესეც შეღავათი იქნებოდა“, -
გვითხრეს მევლუდმა და ილიამ.



ელგუჯა შაყულაშვილი

შეშა ნახშირით ჩაანაცვლეს ტაძრისის საბავშვო ბაღში. სკოლამდელი აღზრდის ამ დაწესებულებაში ბავშვები სამი სოფლიდან დადიან. ელგუჯა შაყულაშვილი საბავშვო ბაღში  ყოველ დილით შვიდ საათზე მიდის.  პატარების  მისვლამდე ტყიბულიდან ჩამოტანილი  ნახშირით  ღუმელს ანთებს, საბავშვო ბაღში მისულ 83 აღსაზრდელს თბილი ოთახები რომ დაახვედროს.


„გაზი, რომ იყოს ფაქტობრივად ყველა პრობლემა მოგვარებული გვექნება“,
- ამბობს ბაღის გამგე ხათუნა სამსონიძე

ბაღში პატარებისთვის საჭმელის გასაკეთებლად თხევადი გაზის ბალონები მიაქვთ.


ტაძრისის საბავშვო ბაღი


„ნაცარი, მტვერი,  ნაგავი, ისეთი სიბინძურე აქვს შეშას,  მართლა აუტანელია. დიდი სახლი გვაქვს
, ზამთარში შეშით მხოლოდ ორი ოთახის გათბობას ვახერხებთ.  ათი შვილიშვილი მყავს და ზამთარში სტუმრად  რომ ჩამოდიან, ორ ოთახში ვიჯუჯგებით“, - ამბობს საკირეში მცხოვრები  მაყვალა მახათაძე.


ბუნებრივი აირი ბორჯომის მუნიციპალიტეტში ჯამში  ცხრა  სოფელს არ აქვს. მოსახლეობა ამბობს, რომ დაპირება, დასახლებებში ბუნებრივი აირის შეყვანაზე, არაერთხელ მიუღიათ, განსაკუთრებით წინასაარჩევნო შეხვედრების დროს. მერიაში კი განმარტავენ, რომ გაზიფიცირების საკითხის მოგვარება კერძო კომპანიის პრეროგატივაა.


„აქტიური კომუნიკაცია გვაქვს კომპანიასთან, რომელმაც უნდა უზრუნველყოს  გაზიფიცირების სამუშაოები.  კომპანიას აქვს თავისი გეგმა და ეტაპობრივად ქვეყნის მასშტაბით, ახორციელებს სამუშაოებს. გვინდა, რომ ეს პროცესი ჩვენს სოფლებში რაც შეიძლება მალე დაიწყოს, ამისთვის ადგილობრივი მუნიციპალიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში იყენებს ყველა შესაძლებლობას პროცესის დაჩქარებისთვის“,
- ამბობს ბუბა ბერიძე, ბორჯომის მერის მოადგილე


კომპანია, რომელმაც ბორჯომის სოფლებს ბუნებრივი აირი უნდა მიაწოდოს, „სოკარ ჯორჯია გაზია“.  აქ ამბობენ, რომ სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებები  2017 წლის 10 დეკემბრამდე სრულად შესრულდა. კითხვაზე, რა ბედი ელის ბორჯომის უგაზოდ დარჩენილ სოფლებს, ასე გვპასუხობენ:


კომპანია დაინტერესებულია გააგრძელოს გაზიფიცირების სამუშაოები მისი ეფექტიანობისა და ეკონომიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ვინაიდან ბუნებრივი გაზის განაწილების საქმიანობა რეგულირებადია, არამიზანშეწონილი ინვესტიცია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ არ იქნება ტარიფში ასახული. შესაბამისად, კომპანიამ ინვესტიციები და გაზიფიცირების სამუშაოები უნდა განახორციელოს კომისიასთან შეთანხმებული საინვესტიციო გეგმის ფარგლებში“.


როგორც ჩანს, იმ შემთხვევაში თუ კომპანიას  ეკონომიკური მოგება არ ექნება, ინვესტიციის განხორციელებას არ გეგმავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ცხრა სოფელს ბუნებრივ აირზე მხოლოდ ოცნება მოუწევს.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.