ვლადიმერ იჩქითს გიდებისთვის განკუთვნილი სპეციალური კურესბი და ტრენინგები არასოდეს გაუვლია. მიაჩნია, რომ ერთთვიანი კურსით ბევრს ვერაფერს ისწავლი.
„დიდი ისტორიის მცოდნე არ ვარ, ვერც პროფესიონალ გიდს ვუწოდებ ჩემს
თავს, აი, რასაც ინტერნეტში ვკითხულობ, ვიძიებ, იმას ვუყვები
ცნობისმოყვარე უცხოელებს“- ამბობს ვლადომერ იჩქითი,
რომელიც ტურისტებს საკუთარი 8 ადგილიანი ავტომანქანით ემსახურება და
გზადაგზა ქვეყნის ისტორიასაც აცნობს.
ვლადიმერ იჩქითი მთელი ცხოვრება მძღოლად მუშაობდა, დიდ სატვირთო
ავტომანქანაზე იჯდა და გადაზიდვებს ახორციელებდა. 5 წლის წინ
მიხვდა, რომ საკუთარი პროფესიით შემოსავალი შეუმცირდა,
პარალელურად ხედავდა, როგორ იზრდებოდა ტურისტების რაოდენობა ბორჯომში
და დასაქმება ტურიზმის სფეროში სცადა. საჭის ტრიალი არ
გაუჩერებია, ახლა უკვე ქვეყნის სხვადასვა კუთხეში უცხოელ ვიზიტორებს
დაატარებს. საქართველოც მათთან ერთად შემოიარა.
„წინასწარ ყოველთვის ვიცი სად უნდა წავიყვანო ჯგუფი და მეც ვემზადები,
ვკითხულობ იმ მასალას და შემდეგ ვუყვები. დამსვენებლების უმეტესობა
დაწვრილებით ინტერესდება ყველა დეტალით, რა ვიცი აქამდე ყველა
კმაყოფილია ჩემი მომსახურებით“, - გვიყვება
ვლადიმერი
იგი იმასაც ამბობს, რომ ხშირად ტურისტებისგან საოცარი და დაუჯერებელი
ამბები მოუსმენია საქართველოზე, მაგალითად ის, რომ ვარძია საქართველოს
ტერიტორია არ არის და გულუხვმა სომეხმა მეზობლებმა აჩუქეს ჩვენ
ქვეყანას. სავარაუდოდ, ამ ინფორმაციებს ის გიდები ავრცელებენ,
რომლებმაც საქართველოს ისტორია არ იციან და არც იმაზე ფიქრობენ,
როგორ აისახება მათი მოყოლილი ამბები ქვეყანაზე და მის იმიჯზე.
„ძალიან სერიოზულ პრობლემასთან გვაქვს საქმე“, - გვეუბნება
გიდებთან დაკავშირებით გრიგოლ ჯვარიძე. მას ბორჯომში საოჯახო
სასტუმრო აქვს და სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ვიზიტორებთან
ურთიერთობა ყოველდღიურად უწევს. ჯვარიძე ერთ ამბავს იხსენებს, რომლის
მომსწრეც თვითონ გახდა.
„უცხოელი სტუმრები მყავდა და ჩემი სასტუმროს ეზოში ხინკალს
მივირთმევდით, ორი რუსი ტურისტიც შემოგვესწრო და სუფრასთან
მივიპატიჟე, ცოტა უცნაურად მომეჩვენა, ხინკალს რომ შეჭამდნენ,
დარჩენილი ცომით, „კუჭს“ რომ ვეძახით, ტუჩებს იწმენდდნენ. გაოცებულმა
ვკითხე რას აკეთებთ-მეთქი და მიპასუხეს, ქართველმა გიდმა გვასწავლა
ასე, ეს ცომი იმიტომ აქვს ხინკალს, რომ მერე ტუჩები
მოისუფთავოო“.
გრიგოლ ჯვარიძე ფიქრობს, რომ ხშირად ისტორიას და ტრადიციებს
მიზანმიმართულად ამახინჯებენ. ეს პრობლემა მხოლოდ ბორჯომს არ ეხება.
„თვითმარქვია გიდები“ მთელ ქვეყანაში მომრავლდა.
„ეს ადამიანები არიან თვითდასაქმებულები, გიდები და გამყოლები, ჩვენი
ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი ჩამოსულ ვიზიტორებს ყველაზე გამოცდილ
გიდებთან აკავშირებს და უწევს რეკომენდაციას, მაგრამ არის
შემთხვევები, რომ საინფორმაციო ცენტრის გვერდის ავლით ხდება გიდებთან
დაკავშირება“,- ამბობს ბორჯომის მერიის ტურიზმის სპეციალისტი
ქეთევან ბეროზაშვილი
ქეთევან ბეროზაშვილის თქმით დაინტერესებული გიდების და გამყოლებისთვის ტრეინინგები ტარდება და დამატებით ცოდნას და უნარებს იძენენ. ტარდება ველოტურისა და რაფტინგის გამყოლის ტრენინგები. ის გიდები კი, რომლებიც ქალაქში მუდმივად და აქტიურად მუშაობენ საკმაოდ ხარისხიანად და წარმატებით უძღვებიან საქმეს.
„შეუზღუდავია იმ პიროვნებების თავისუფლება, რომელთაც აქვთ სურვილი,
გაუწიონ ექსკურსიამძღოლობა ქალაქში ჩამოსულ ტურისტებს და ამ გზით
მოიპოვონ გარკვეული შემოსავალი. ისინი სპონტანურად ჩნდებიან და
ეწევიან აღნიშნულ საქმიანობას, ასევე, შესაძლოა, მათ განახორციელონ
ტრანსპორტირებით მომსახურება. მათი კონტროლის და აკრძალვა/დაშვების
მექანიზმი დღესდღეობით არ არსებობს. თუმცა, დიდი ხანია მიმდინარეობს
მსჯელობა ამ საკითხზე და შესაბამისი უწყებები ეძებენ პრობლემის
კანონიერად მოგვარების საშუალებებს, რომ ეს მომსახურება გარკვეულ
ჩარჩოებში ჩაჯდეს და ე. წ. სპონტანური „გიდის“ საქმიანობა
გაკონტროლდეს."- ქეთევან ბეროზაშვილი
სახელმწიფო ამ ეტაპზე თვითდასაქმებული „გიდების“ საქმიანობის და
კვალიფიკაციის კონტროლს ვერ ახორციელებს. ბორჯომში ჩამოსულ
ვიზიტორს თუ გაუმართლა შესაძლოა კვალიფიციური გიდის მომსახურებით
ისარგებლოს, მაგრამ არც ის არის გამორიცხული, რომ ქალაქში წლის
განმავლობაში ჩამოსული 230 000 ტურისტიდან ნახევარმა მაინც,
დამახინჯებული ისტორია მოისმინოს და ქვეყანა ისე დატოვოს, მის შესახებ
ბევრიც ვერაფრი გაიგოს.