ბორჯომის სამუსიკო სკოლის ერთ პატარა ოთახში მოსწავლეები კვირაში
ექვსი დღე იკრიბებიან, თუმცა ბავშვების თავშეყრის მიზეზი მუსიკა არ
არის.
იქ მუსიკალურ ინსტრუმენტებს საჭადრაკო დაფები ენაცვლება, თითების და
ხმის იოგების ნაცვლად კი გონება ვარჯიშობს.
ბორჯომის სასპორტო სკოლასთან არსებული საჭადრაკო წრე რამდენიმე თვეა,
რაც სამუსიკო სკოლას მიეკედლა. მანამდე უშანგი ჯანგირაშვილი სკოლებში
შედიოდა და სპორტის ამ სახეობის მოყვარულებს გაკვეთილებს უტარებდა.
არაერთი თხოვნის შემდეგ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ სამუსიკო
სკოლაში ერთი ოთახი დაუთმო, თუმცა ისიც მუსიკის გაკვეთილებთან
მონაცვლეობით.
„ქალაქში, სადაც მსოფლიო პირველობები ტარდებოდა ჭადრაკში,
უხერხული იყო და არის არ ყოფილიყო ჭადრაკის კლუბი. ამ ოთახში
სექტემბრიდან ვმეცადინეობთ. მთავარია ნავსაყუდელი
გვაქვს“.
ჭადრაკის წრე სპორტსკოლის დაქვემდებარებაშია და მუნიციპალიტეტი
აფინანსებს. ბავშვებისთვის სწავლა უფასოა. სიძლიერის მიხედვით დაყოფილ
სამ ჯგუფს მეცადინეობა კვირაში ორჯერ უტარდება.
აქ არსებულ პრობლემებს შეძლებისდაგვარად უმკლავდებიან. მაგიდები და
სკამები ჭადრაკის ფედერაციამ აჩუქა. განახლებას საჭიროებს საჭადრაკო
დაფები. საათი მხოლოდ ერთი აქვთ, მაშინ როცა სათითაოდ ყველა მაგიდაზე
უნდა იდგეს.
სულ 30-მდე მოსწავლეა. იმის გამო, რომ ამავე ოთახში ტარდება სალოტბარო
სკოლის გაკვეთილები, ჭადრაკის თამაშს დღეში მხოლოდ ერთი საათი
ახერხებენ. შემდეგ სწრაფად ალაგენბენ საკუთარ ნივთებს და ოთახს
პატარა
ლოტბარებს უთმობენ.
თამარ შონიამ ჭადრაკის თამაში მამისა და ბაბუის დახმარებით 7 წლისამ
დაიწყო. რამდენიმე მოგების შემდეგ ინტერესი გაუღრმავდა და ტურნირებში
ჩაერთო. წარმატებას მალევე მიაღწია. ამჟამად რამდენიმე ტურნირის
პირველი ადგილის მფლობელი და სამცხე-ჯავახეთის ჩამპიონია. უნდა,
მსოფლიო ჩემპიონი გახდეს.
„მიყვარს ჭადრაკი და ყოველთვის მინდა ვითამაშო. მაშინაც კი
როცა მარტო ვარ და მოწინააღმდეგე არ მყავს. ხანდახან ჩემს დასთან
ერთად ვთამაშობ. მამაც მეთამაშება და ბაბუაც. ახლა ჩამმა პატარა დამ
დაიწყო თამაში, რომელიც 4 წლის არის და ძალიან მიხარია“.
თამარის ოჯახში ჭადრაკის კულტი აქვთ. თამარის ბაბუა, ნუგზარ შონია ჯერ
კიდევ აფხაზეთში ცხოვრობდა, როცა ოჯახთან ერთად ჩემპიონატებში
მონაწილეობდა. შვილების შემდეგ შვილიშვილებზე გადაერთო და სამივე
პატარა ჭადრაკით დააინტერესა. თამარის მსგავსად, მარიამიც და ბარბარეც
სხვადასხვა ჩამპიონატის მონაწილეები და გამარჯვეულები არიან.
„ჩემს სამივე შვილს მე ვასწავლე ჭადრაკი. საკმაოდ კარგად
თამაშობდნენ. აფხაზეთის ჩემპიონები მრავალჯერ გახდნენ. საქართველოს
პირველობაზეც ბევრჯერ გამოვიდნენ. მსოფლიო პირველობის შესარჩევ
თამაშებშიც მიიღეს მონაწილეობა. საკმაოდ დიდი წარმატებები ჰქონდათ.
აფხაზეთის ომის შემდეგ ვერ შევძელით გაგრძელება. ახლა შვილიშვილები
რომ გაჩდნენ, მათზე გადავიტანე აქცენტი. უკვე კარგი შედეგები აქვთ.
მინდა რომ მეტ წარმატებას მიაღწიონ“.
ბაბუას მიუძღვის წვლილი გიორგი და დათო მესხების ჭადრაკით
დაინტერესებაშიც. სახლში თამაშის დროს თავდაპირველად გიორგის ბაბუა
უგებდა, ახლა კი თვითონ იმარჯვებს. გონების სავარჯიშოდ მამამ ძმები
კლუბში მიიყვანა და ჩემპიონატებში უკვე ერთმანეთის პირისპირაც
აღმოჩდნენ.
„როდესაც ერთად ვთამაშობთ შენიშვნები მაქვს. შეუძლია უფრო
კარგი სვლები გააკეთოს და უკეთესად ითამაშოს. ქართლისა და ბორჯომის
ჩემპიონატზე მივიღეთ ერთად მონაწილეობა. ერთხელ პირველ მეორე
ადგილებზე გავედით. ფინალში მე მოვუგე“, - გვიყვება
გიორგი.
გიორგის სურვილია, ჰქონდეთ დიდი საჭადრაკო დარბაზი და კარგი პირობები,
სადაც ყველა საჭირო ინვენტარი იქნება. დადიოდეს ბევრი ბავშვი და
სპორტის ეს სახეობა ბორჯომში კარგად განვითარდეს. ახლა საქართველოს
ჩემპიონატისთვის ემზადება. უნდა, რომ ბორჯომი ასახელოს.
გიორგის და დათოს მამა ფიქრობს, რომ კვირაში ორი დღე მეცადინეობა
საკმარისი არ არის. წარმატების მისაღწევად მაქსიმალური გონებრივი
შრომაა საჭირო. სურს, რომ მისმა შვილებმა რეგიონალური ჩემპიონატის
გარდა, საქართველოს და მსოფლიოს ჩემპიონატებშიც იასპარეზონ. ამისთვის
კი შესაბამისი პირობები უნდა ჰქონდეთ.
„ამ პატარა ოთახში ვერაფერს ვიზამთ. ესეც ჩვენი შეკოწიწებული
და მოტანილი ჭადრაკის დაფებია. უკვე გაცვდა, შეღებვას ხომ არ
დავუწყებთ. ახლები გვინდა. ყველა დაფას უნდა ჰქონდეს საათი და ისე
ითამაშონ“, - ამბობს კობა მესხი.
ბორჯომის სასპორტო სკოლის დირექტორი გოგა რაზმაძე ამბობს, რომ
საჭადრაკო წრისთვის საათებს და დაფებს უახლოეს მომავალში შეიძენენ.
ასევე შეძლებისდაგვარად მოხდება მათი შეჯიბრებზე გამგზავრების
დაფინანსებაც.
ჭადრაკის წრეზე სექტემბრიდან ახალ ნაკადს მიიღებენ. უშანგი
მასწავლებელი ამბობს, რომ მთავარი მათი შენარჩუნებაა. დატვირთული
გრაფიკის გამო, ხშირად გასვლა უწევთ. თუმცა ვისაც გულით უნდა, ის
რჩება და მიღწევებიც აქვს.
„პოზიტიური თამაშია, გონების ტანვარჯიშია და ავითარებს
ბავშვს. ნებისყოფას უმუშავებს. ინტერესი და პოპულარობა უნდა
გაიზარდოს“, - ამბობს უშანგი ჯანგირაშვილი.
ბორჯომში ჭადრაკის ერთადერთი მწვრთნელის სურვილია, მის ქალაქში
ჭადრაკის სახლი არსებობდეს და სპორტის ეს სახეობა უფრო ფართოდ იყოს
გავრცელებული.