ინტერაქტიული მულტიმედია
სახიფათო ბაგირი ხიდის ნაცვლად
დაბა ახალდაბაში მცხოვრები 100
ოჯახი მეხუთე თვეა ცენტრთან დამაკავშირებელი საცალფეხო ხიდით ვეღარ
სარგებლობს. ხიდი სამანქანო მაგისტრალს დაბასთან აერთებდა
და მის ორივე მხარეს რამდენიმე
ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა, ძირითადად ამ მოკლე გზით
სარგებლობდა.
ხიდის დემონტაჟით, დაბის ერთი უბანი განსაკუთრებით დაზარალდა. ე.წ
რიკაძეების უბანში მცხოვრები ათი ოჯახი ხიდით ყოველდღიურად
სარგებლობდა.
87 წლის ჟუჟუნა რიკაძე გვიყვება, რომ უბანში მაღაზია არ აქვთ, ამიტომ
ყოველდღე ოჯახში საჭირო პროდუქტის საყიდლად ხიდის გავლა უწევდათ. ხიდს
იქით კიდევ მატარებლის გაჩერება, სკოლა და ბაღია.
ჟუჟუნა რიკაძე
„ხომ გინდა გახვიდე და გამოხვიდე, ტონობით ხომ არ
დავიმარაგებთ პროდუქტს, პური ხომ მაინც ყოვედღიურად გვჭირდება. რაც ეს
ხიდი აღარ გვაქვს ცენტრალურ ტრასაზე გვიწევს სიარული და მეორე ხიდამდე
მისვლა, სულ მეშინია მანქანა არ დამეჯახოს, ზეგ პენსიაზე ვარ
გასასვლელი და კანკალით უნდა გავიდე“, - შემოგვჩივლა ჟუჟუნა ბებომ,
რომელსაც ბანკთან მისასვლელად თითქმის კილომეტრის გავლა
ავტომაგისტრალზე მოუწევს.
ხიდის დემონტაჟი დაახლოებით ხუთი თვის წინ დაიწყო. ერთი თვეა, რაც
ხიდისგან მხოლოდ ბაგირები დარჩა. ამის შემდეგ იქ აღარავინ
გამოჩენილა.
ხიდის მეორე მხარეს მცხოვრებლებისთვისაც ეს გზა ცენტრაურ სამანქანო
მაგისტრალთან დამაკავშირებელი ერთადერთი მოკლე საშუალებაა. ამ ხიდით
სარგებლობდნენ მოსწავლეები, რომლებიც ბორჯომში და ხაშურში სხვადასხვა
წრეზე დადიან. დემონტაჟის შემდეგ მათაც მთავარი სამანქანო ხიდით
სარგებლობა უწევთ.
„ახალგაზრდა ბიჭებს ეზარებათ დიდი გზით შემოვლა და ამ
ბაგირებზე ჩამოკიდებულები გადადიან მტკვრის ერთი მხრიდან მეორეზე.
საშიშია, მაგრამ დიდ ხიდამდე მისვლა და შორი გზიდან შემოვლა უფრო
ერთულებათ, რომელიმე რომ ჩავარდეს პასუხისმგებელი ვინ იქნება?“ წუხს
ნუგზარ ხარაძე
დაზიანებული საცალფეხო ხიდის რეაბილიტაცია 2018 წლის ოქტომბერში,
ბორჯომის მერიის დაკვეთით დაიწყო.
მერიაში განმარტავენ, რომ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, ხიდის
რეაბილიტაცია ერთ თვეში უნდა დაესრულებინა, თუმცა შპს.
„დიასერვისმა“ სავალი ნაწილის დემონტაჟის შემდეგ სარეაბილიტაციო
სამუშაოები თვითნებურად შეწყვიტა. ბორჯომის მერიამ შპს „დიასერვისს“
დისკვალიფიკაცია მიანიჭა და ჯარიმა დააკისრა. კომპანია შავ სიაში
მოხვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სამშენებლო ფირმა ტენდერში
მონაწილეობას ვეღარ მიიღებს
„სამუშაოების შუა გზაში მიტოვებისა და ხელშეკრულების
პირობების დარღვევისათვის მუნიციპალიტეტმა შპს „დიასერვისს“
ხელშეკრულება შეუწყვიტა და პროექტის დასასრულებლად ტენდერი ხელახლა
გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებული გუშინ (11 თებერვალს) გამოვლინდა
და ის შპს „ნიკაა“. შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენისა და
ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ხიდზე სამუშაოები გაგრძელდება“, -
ამბობს ბორჯომის მერის მოადგილე ბუბა ბერიძე.
თუ წარდგენილმა დოკუმენტაციამ ტენდერის მოთხოვნები დააკმაყოფილა,
მარტის ბოლოს ხიდის რეაბილიტაცია დასრულდება. იქამდე, ახალდაბელების
ნაწილს ისევ შემოვლითი გზით სარგებლობა მოუწევს.
გააზიარეთ :