30 წლის ნოდარ ანდღულაძე, ტყის ხანძრების პრევენციის მოხალისეთა
ჯგუფის ერთ-ერთი წევრია. ახალგაზრდა სპორტსმენმა ტყის დაცვა და
საკუთარი შესაძლებლობების ამ კუთხითაც მოსინჯვა გადაწყვიტა.
მის მსგავსად, მოხალისეთა ჯგუფის წევრი კიდევ 19 მსურველი გახდა.
სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ერთმა მიზანმა გააერთიანა, მთავარი
სლოგანით: „მხოლოდ შენ შეგიძლია გადაარჩინო ტყე ხანძრისაგან“.
მათ, გარემოსდაცვითი ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიაც ჩაატარეს
ბორჯომის სკოლის მოსწავლეებისთვის და 13 საინფორმაციო ბანერი,
ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბნის და ეროვნული პარკის ტერიტორიებზე
დაამონტაჟეს.