ქართული ახალი წელი ბევრი ტრადიციიითა და თავისებურებით
გამოირჩევა. თუმცა ერთ-ერთი მათგანი, საახალწლო პიროტექნიკაა, ე.წ.
”ასაფეთქებლები”.
ბორჯომში, როგორც მაღაზიებში, ასევე ქუჩაში, თვეზე მეტია უკვე
გასაყიდადაა გამოტანილი პიროტექნიკა. მისი მინიმალური ფასი 10
თეთრიდან იწყება და 250 ლარამდე მერყეობს. მსურველს სხვადასხვა ზომის
და შესაბამისად ღირებულების ფართო არჩევანი ხვდება, თუმცა
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მისი გამოყენებისას დიდი სიფრთხილე
გმართებთ.
მაღაზიებში, არასრულწლოვნები ძირითადად „პატარა
ასაფეთქებლებს“ ყიდულობენ, მოცულობით დიდ პიროტექნიკას კი მშობლები
იძენენ, - ამას აცხადებენ ბორჯომის მაღაზიებში. მაღაზიის ზოგიერთი
მეპატრონე კი აცხადებს, რომ არასრულწლოვნებზე პიროტექნიკას არ ჰყიდის.
თუმცა ეს ყველაფერი არც კონტროლდება და ჯერ-ჯერობით არც სახელმწიფო
დონეზეა რეგულირებული.
რაც შეეხება მოხმარების წესებს, ამის შესახებ
გამაფრთხილებელი განცხადებები მაღაზიებში, საჯარო ადგილებზეა
გამოკრული და ზოგ შემთხვევაში, მეპატრონის გადაწყვეტილებით,
პიროტექნიკაზეცაა დატანილი (იმ შემთხვევაში, თუ ანოტაცია უცხო
ენაზეა).
ის რომ პიროტექნიკის მოხმარება საფრთხის
შემცველია, ამაზე გასული წლების შემთხვევებიც მეტყველებს. 2018 წლის
იანვარში თბილისში პიროტექნიკით გამოწვეული ტრავმული დაზიანებებით
ჰოსპიტალიზებული იყო 44 ადამიანი, მათ შორის 24 არასრულწლოვანი. 2017
წელის დასაწყისში კი პიროტექნიკის გამოყენების შედეგად 54 ადამიანი
დაშავდა.
პარლამენტს ჯერ არ განუხილავს, თუმცა უკვე მომზადებულია კანონპროექტი,
რომლის მიხედვით, პიროტექნიკის არასრულწლოვანისათვის მიყიდვის გამო
ფიზიკური პირი 100 ლარით დაჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი — 200-ით.
იგივე ქმედების ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენა კი
დადგენილ ჯარიმებს 100 ლარით გაზრდის. შესაბამის საქმეებს
მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი სამსახური ან მის
მიერ უფლებამოსილი პირი განიხილავს.
საქართველოში პიროტექნიკასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს
ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი არეგულირებს.
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობაა ღამის საათებში პიროტექნიკური
ნაკეთობის გამოყენებაზე. სისხლის სამართლის კოდექსის კი ითვალისწინებს
პასუხისმგებლობას ფეთქებადი, ადვილად აალებადი, მწვავე ნივთიერების ან
პიროტექნიკური ნაკეთობის აღრიცხვის, შენახვის, გადაზიდვის,
გამოყენების ან გადაგზავნის წესების დარღვევისათვის.
საერთაშორისო გამოცდილებით, პიროტექნიკური საშუალებები იყოფა
ფეიერვერკებად, თეატრალურ/სასცენო პიროტექნიკურ და პიროტექნიკურ
საშუალებებად, რომელიც არ მიეკუთვნება ფეიერვერკს ან
თეატრალურ/სასცენო პიროტექნიკას.
სხვადასხვა ქვეყნის რეგულაციები აწესრიგებს ისეთ საკითხებს, როგორიცაა
პიროტექნიკის პროდუქციის ბაზარზე ხელმისაწვდომობა, მწარმოებლის,
იმპორტიორის, დისტრიბუტორის უფლება-მოვალეობები, მარკირება, შეფასება
და ა.შ.
როდის გახდება საქართველოში არასრულწლოვნისთვის პიროტექნიკის მიყიდვა
დასჯადი, ჯერ-ჯერობით უცნობია. მანამდე მხოლოდ იმის თქმა არის
შესაძლებელი რომ მსგავსი ქმედება არარეკომენდებულია. იმისათვის, რომ
თავიდან აიცილოთ ტრავმული დაზიანებები და ახალ წელს მშვიდ ვითარებაში
შეხვდეთ, მისი გამოყენების დროს მეტი სიფრთხილის და ყურადღების
გამოჩენა გმართებთ.