როგორ უნდა ჩაერთოს ხალხი ბიუჯეტის დაგეგმვასა და განხილვაში
16:54 / 30.11.2018
ბორჯომის საკრებულოში ბიუჯეტის განხილვას მოქალაქეები თითქმის
არასოდეს ესწრებიან. თუ არ ჩავთვლით მერიის სამსახურების უფროსებს,
ააიპ-ების ხელმძღვანელებს და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს.
არადა ეს ის დოკუმენტია, სადაც დეტალურადაა გაწერილი მომავალ წელს,
როგორ და რა მასშტაბით გადაწყდება მუნიციპალიტეტში მცხოვრები
მოქალაქეების მთავარი გამოწვევები, რა სიახლეები დაიგეგმება კონკრეტულ
თემებში და როგორ დაიხარჯება ფული, რომლის განკარგვასაც ხალხი
მთლიანად თვითმმართველობას ანდობს.
რატომ არ მონაწილეობენ მოქალაქეები
ბიუჯეტირების პროცესში?
ჩვენს მიერ გამოკითხული ბორჯომელების უმეტესობა ამბობს, რომ ბიუჯეტის
განხილვაში მონაწილეობა არასოდეს მიუღია. ნაწილი არაინფორმირებულობაზე
და მოუცლელობაზე საუბრობს, ნაწილი კი თვლის, რომ მათი ჩართულობით
არაფერი შეიცვლება და დროის დაკარგვად არ ღირს.
გიორგი ოგანესიანი, 23 წლის -
„ვცხოვრობ ბორჯომში და ვთვლი, რომ ვარ საკმაოდ აქტიური
მოქალაქე. ბიუჯეტის დაგეგმვაში ჩართვის გამოცდილება, მიუხედავად ამის
დიდი სურვილისა არ მაქვს. არ ვიცი როგორ და რა ფორმით შემიძლია მივიღო
მონაწილეობა ფორმირების პროცესში და არა უკვე დაგეგმილი ბიუჯეტის
განხილვაში. მაქვს იდეები და წინადადებები. სხვა ქალაქში მიმიღია
მონაწილეობა ამ პროცესში, მქონია პირდაპირი კომუნიკაცია, ბორჯომში
ჯერ-ჯერობით არა“
რას აკეთებს
თვითმმართველობა?
ბორჯომის 2019 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის განხილვის თარიღი
ბორჯომის წარმომადგენლობითი ორგანოს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გუშინ
გასაჯაროვდა. საჯარო განხილვა დღეს უნდა გამართულიყო, საკრებულოს
სხდომას არცერთი მოქალაქე არ დასწრებია.
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი
გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ თუ მოქალაქეებს აქვთ პრეტენზიები
ამა თუ იმ მოუგვარებელ საკითხზე, ანალოგიური პრეტენზიები აქვს მასაც,
იგი ადგილობრივებისგან მეტ აქტიურობას მოითხოვს - „ჩვენ
ვაქვეყნებთ ინფორმაციას ბიუჯეტის განხილვის შესახებ ადგილობრივ
გაზეთში, ვებ. გვერდზე, სოციალურ ქსელებში, ასევე რწმუნებულების და
დეპუტატების საშუალებით, ვიცი რომ ეს არ არის საკმარისი, მაგრამ
მოქალაქეებიც უფრო უნდა გააქტიურდნენ, ასევე მნიშვნელოვანია ა.ო
„სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის“ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი და
განხორციელებული შეხვედრები ბორჯომის სოფლებში, სადაც ორგანიზებულად
გვეძლევა საშუალება ხალხთან პირდაპირი კომუნიკაციის და ამ პროცესში
ჩართულია მედიაც“
ექსპერტის
მოსაზრება
თვითმმართველობის ექსპერტი კოტე კანდელაკი მიიჩნევს
რომ თვითმმართველობები ასე თუ ისე კანონს იცავენ მაგრამ ეს უბრალოდ
მათი მხრიდან არსებული რეგულაციების მექანიკური შესრულებაა და არა
მოტივაცია საზოგადოების გააქტიურების.
„მოსახლეობის ჩართვა ბიუჯეტის განხილვის პროცესში დღეს უმეტეს
შემთხვევებში ფორმალურ ხასიათს ატარებს, ხალხს მხოლოდ მაშინ ეძახიან,
როდესაც უკვე ყველაფერი დაგეგმილი, გაწერილი და ჩამოყალიბებულია.
მთელი წლის განმავლობაში უნდა ხდებოდეს მუნიციპალიტეტში მცხოვრები
მოქალაქეების მიზნობრივ ჯგუფებთან შეხვედრები, გამოკითხვები,
კონსულტაციები და განხილვები. რეალურად დღეს გვაქვს უბრალოდ
მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება და არა ჩართულობა.
მოსახლეობას უნდა გაუჩნდეს იმის რწმენა, რომ მათი მოსაზრებები და
მოთხოვნები აისახა ბიუჯეტის პროექტში.
ხალხის ჩართულობისთვის მუნიციპალიტეტს კომპლექსური მიდგომები უნდა
ჰქონდეს შემუშავებული, საჯარო განხილვაზეც ინფორმაცია მაქსიმალურად
უნდა გაავრცელოს, ვებ, გვერდით, საინფორმაციო საშუალებებით, სოციალური
ქსელებით. ხშირად მოქალაქეებმა არც იციან, რომ თვითმმართველობებს აქვს
ვებ. გვერდი.
სოფლებში ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა დაბალია, იქ ინფორმაციის
გავრცელების სხვა მიდგომებია საჭირო, მაგალითად ნაბეჭდი განცხადებები,
საინფოტრმაციო შინაარსის სამახსოვროების დარიგება, აქ მნიშვნელოვანი
როლი ეკისრებათ დეპუტატებს და მერის წარმომადგენლებს, ეს ურთიერთობა
არ უნდა იყოს ცალმხრივი და უკუკავშირი
აუცილებელია.“