55 წლის მალხაზ ლაშხი ცხრა
წელია, რაც ჩვეულებრივი მინის გამჭვირვალე ბოთლებს სუვენირებად
ამზადებს.
ბოთლში ხისგან, საკუთარი ხელით დამზადებულ
მინიატურულ ფიგურებს ათავსებს. ამის შემდეგ, ამავე ჭურჭელში
არაყს ასხამს და ისე ხუფავს, რომ მისი გახსნა შეუძლებელი ხდება.
ბოთლში მოსათავსებელ პატარა ფიგურებს მუხის ხისგან თლის, წლების
შემდეგ ბოთლში ჩადებული მუხის მინიატურის და არაყის დაძველებით
კონიაკი მზადდება.
ეს მისი ჰობია და ამ საქმიანობით მაშინ დაინტერესდა, როცა ინტერნეტში
შემთხვევით მსგავსი სუვენირები ნახა. მომენტალურად გადაწყვიტა, რომ
თვითონაც უნდა ეცადა.
ინტერნეტში ნანახ
ვიდეოში ბოთლში ქაღალდისგან დამზადებული ნივთები იყო მოთავსებული,
თვითონ საქმე გაირთულა და მინაში ხის ფიგურების მოთავსება
გადაწყვიტა.
ყველაზე საინტერესო და ჯადოქრული პროცესი ბოთლში ნივთების მოთავსებაა.
ჯერ პატარა ფიგურებს თლის, მცირე დეტალებს ამზადებს, შემდეგ ამ
ყველაფერს დაშლილ ან ნახევრადდაშლილ მდგომარეობაში ბოთლში დებს და
ხელსაწყოებით იწყებს ბოთლშივე ფიგურის აწყობას და სასურველი ფორმის
მიცემას.
ძირითადად ბოთლში მოსათავსებლად პატარა ურმებს, ქვევრებს, გემებს, ხის
კიბეს ამზადებს. ერთხელ სიგარეტის და ასანთის კოლოფიც მოათავსა.
ამბობს რომ ყველაზე რთული ბოთლის ხუფის ისე გაკეთებაა, რომ შემდეგ
მისი გახსნა შეუძლებელი იყოს. იმისათვის, რომ მსგავსი სახურავის
გაკეთების პრინციპი ამოეცნო, სამი თვე დასჭირდა.
სამუშაოდ ასევე მცირე ზომის
იარაღებს იყენებს, მათი უმეტესობა საკუთარი ხელით აქვს დამზადებული.
ყველაზე
ხშირად კი მუშაობის პროცესში სამედიცინო, საოპერაციო იარაღები
სჭირდება. მის სახელოსნოში, სამუშაო მაგიდაზე არაერთი სამედიცინო
მაკრატელია, ზომის და ფორმის მიხედვით.
ერთი სუვენირის დამზადებას დაახლოებით 2-3 დღეს ანდომებს. მიუხედავად
იმისა, რომ მცირე დეტალებთან უწევს მუშაობა, მისთვის ეს დასვენების და
განტვირთვის საშუალებაა.
ამ წლების განმავლობაში დამზადებული სუვენირების უმეტესობა გააჩუქა,
რამდენიმე კი გაყიდა. სახლში ახლა მხოლოდ ორი ნამუშევარი აქვს, ერთი
შვილს აჩუქა, მეორეს კი მეგობრისთვის ამზადებს.