მედიის როლი დეზინფორმაციის საპასუხოდ - ვინ არის პასუხისმგებელი ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე
15:09 / 20.08.2024
„რეგიონში არის ორი ტიპის
დეზინფორმაცია. ერთი, როდესაც კონკრეტული დეზინფორმაცია გათვლილია
ადგილობრივ მოსახლეობაზე და მეორე არის საერთო პროპაგანდა, ანუ, უფრო
გლობალური დეზინფორმაცია“ - გვპასუხობს ონლაინ გამოცემა
Jnews.ge-ს მთავარი რედაქტორი რიმა
ღარიბიანი.
„ყოველდღიურად, როდესაც გავდივართ გადაღებებზე, ვხედავთ რომ
ადამიანებს დღითიდღე ეშინიათ ღიად საუბრის. გარდა ამისა, არის
შემთხვევები, როდესაც ჟურნალისტების მიმართ აშკარად გამოხატავენ
მოქალაქეები და საჯარო სექტორში დასაქმებული პირები აგრესიას, მხოლოდ
იმიტომ რომ თავისუფალი მედიის წარმომადგენლები ვსვამთ თავისუფალ
კითხვებს და ვმუშაობთ დეზინფორმაციის წინააღმდეგ“ - ამბობს
„სამხრეთის კარიბჭეს“ ჟურნალისტი თემო
ინასარიძე.
რეგიონში გავრცელებული დეზინფორმაციის საპასუხოდ, ადგილობრივი მედია
თითქმის ყოველდღიურად მუშაობს. ამზადებს კონტენტს, რომელიც
უპირისპირებს სპეციალურად გავრცელებულ არასწორ და შეცდომაში შემყვან
ინფორმაციებს. ამ ფონზე, მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოების დაცვის
საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება.
„დეზინფორმაციასთან ბრძოლა“ – EU
რეკომენდაციების ნაწილში №1 რეკომენდაციაა, რომელიც შესასრულებელია.
ევროკომისიის 2023 წლის გაფართოების პოლიტიკის შესახებ კომუნიკაციაში
საქართველოსთვის განსაზღვრული ნაბიჯების განსახორციელებელი
ღონისძიებები 2023 წლის 27 ნოემბერს დამტკიცდა ევროინტეგრაციის
სამთავრობო კომისიის მიერ. მასზე პასუხისმგებელი უწყება საქართველოს
მთავრობაა. მთავრობის საკომუნიკაციო სტრატეგიის დოკუმენტში აღნიშნულია
მედიის როლი და ამ სექტორთან მთავრობის თანამშრომლობის
მნიშვნელობა.
„საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული
კომუნიკაციების დეპარტამენტის საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ
მიმართულებას წარმოადგენს დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა.
დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში განსაკუთრებული მნიშვნელობა
ენიჭება მედიამონიტორინგის გამართული სისტემის არსებობას. საქართველოს
მთავრობის ადმინისტრაციაში, ისევე როგორც ცალკეულ სამინისტროებში,
შექმნილია მედიამონიტორინგის დანაყოფები, რომლებიც მონიტორინგს უწევენ
როგორც ტრადიციულ, ასევე სოციალური მედიის პლატფორმებს.
გამოვლენილ დეზინფორმაციის ფაქტებზე ხდება შესაბამისი რეაგირება
საქართველოს მთავრობის ოფიციალური საკომუნიკაციო არხების
საშუალებით.
მედიის როლი და მისი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია არამხოლოდ
საზოგადოების ინფორმირების, არამედ ქვეყნის ეროვნული ინტერესების
შესახებ ნარატივის განმტკიცების პროცესში, რათა მედიამ, ერთი მხრივ,
უზრუნველყოს ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესის შესაბამის აუდიტორიამდე
მიტანა და, მეორე მხრივ, ხელი შეუწყოს ქვეყნის დადებითი იმიჯის
ფორმირებასა და განმტკიცებას.
მთავრობის თანამშრომლობას მედიასთან განსაკუთრებული მნიშვნელობა
ენიჭება, ერთი მხრივ, საზოგადოებისთვის მიუკერძოებელი, ფაქტებზე
დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდების, ხოლო მეორე მხრივ, სამთავრობო
ინიციატივებისა თუ რეფორმების მიმართ საზოგადოების მხარდაჭერის
გაძლიერების მიმართულებით. გარდა ამისა, განუზომლად დიდია მედიის როლი
დეზინფორმაციასთან ბრძოლისა და საზოგადოების მედეგობის გაზრდის
კუთხით“ - ვკითხულობთ 2024-2027 წლების საქართველოს
მთავრობის საკომუნიკაციო სტრატეგიის დოკუმენტში.
მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თამარ კინწურაშვილის განცხადებით
„ხელისუფლება თავად არის დეზინფორმაციის წყარო“.
მისი განმარტებით, მთავრობა თავად უწყობს ხელს არასწორი ინფორმაციის
გავრცელებას, რაშიც მედიის როლი არის უმნიშვნელოვანესი. კინწურაშვილი
ასახელებს იმ უწყებებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან მედიის
უსაფრთხოებაზე. ჟურნალისტების მიმართ სიტყვიერ, ფიზიკურ
შეურაცხყოფაზე, ძალადობაზე რეაგირებს სახალხო დამცველის აპარატიც. მედიის
განვითარების ფონდის და ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლები
აცხადებენ, თუ ვის უნდა მიმართონ მედიის წარმომადგენლებმა პროფესიულ
საქმიანობაში ხელის შეშლის, ფიზიკური შეურაცხყოფის, კიბერთავდასხმის
შემთხვევებში.
და როგორია რეკომენდაციების
შესრულების მდგომარეობა. შესრულების მონიტორინგის ანგარიში
„სტატუსმეტრი“ მოიცავს 4 სექციას. ევროკავშირის მოთხოვნა, არსებული
მდგომარეობა, მოლოდინები და გამოწვევები. დეზინფორმაციასთან ბრძოლის
ნაწილში, ევროკავშირის მოთხოვნების გათვალისწინებით გამოწვევები
ასეთია:
„საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების რიტორიკა
„გლობალური ომის პარტიის“ არსებობის შესახებ აძლიერებს კრემ-ლის
ოფიციალური პირების და საქართველოში მოქმედი პრო-რუსული დაჯგუფებების
ნარატივს, რომ დასავლეთს საქართველოში დესტაბი-ლიზაციის გამოწვევა და
„მეორე ფრონტის“ გახსნა სურს.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ დასავლურ ფონდებზე და
მათ მიერ დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანი-ზაციებზე თავდასხმა
ემთხვევა პრო-რუსული დაჯგუფებების მიერ გავრცელებულ ნარატივებს,
აღვივებს ანტი-დასავლურ განწყობებს და ქმნის ცრუ წარმოდგენებს, რომ
დასავლეთი საქართველოს სუვერ-ენიტეტს, სახელმწიფო ინსტიტუტებს და
იდენტობას ძირს უთხრის.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ „ლგბტ პროპაგანდის და
ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის“ შესახებ რიტ-ორიკა და ნაბიჯები ხელს
უწყობს ევროკავშირისა და მისი ფასე-ულობების საწინააღმდეგო
დეზინფორმაციული ნარატივების გავ-რცელებას.
ევროკავშირის მიერ რეკომენდებული ე.წ. „ერთიანი საზოგადოების
მიდგომის“ საპირისპიროდ, პირველი ნაბიჯის შესრულების მიზნით
დეზინფორმაციის საკითხებზე მომუშავე საზოგადოებრივ ორგანიზ-აციებთან
არ ხდება თანამშრომლობა“.