მემკვიდრეობის განაწილების საკითხი
ყველა დროში განხილვის, აზრთა სხვადასხვაობის და არც თუ ისე ხშირად
დავის საგანი ხდება. საზოგადოებაში დღემდეა შემორჩენილი არასწორი
მოსაზრება და ტრადიცია,
რომ მშობლების ქონება ეკუთვნის
მხოლოდ ვაჟს. ამ საკითხს კანონმდებლობა არეგულირებს, რომლის
თანახმადაც ქალიც ისეთივე მემკვიდრეა როგორც კაცი.
ის რომ, მხოლოდ ვაჟი ან უმცროსი შვილია ოჯახის მემკვიდრე, ეს აზრი
ძირითადად უფროსი თაობის წარმომადგენლებშია გავრცელებული.
განსხვავებული მიდგომა აქვთ ახალგაზრდებს.
ანაიდ პალოიანი 23 წლის.
ანაიდ პალოიანი ნინოწმინდაში ცხოვრობს. დაოჯახებულია და ერთი შვილი
ჰყავს. ამბობს, რომ სომხურ ოჯახებში ისეა მიღებული, რომ ქონება
მიეკუთვნება ბიჭს. თუმცა როცა იქნება ქონების გაყიდვის საკითხი, 10%
მაინც უნდა მისცეს გოგოს. ფიქრობს რომ ქონება თანაბრად უნდა იყოს
გადანაწილებული, მაგრამ თუ გოგო დაოჯახებულია ან გათხოვებას აპირებს,
ქონება დარჩება ბიჭს.
თავად ძმა ჰყავს და სახლი ძმისაა. იმისთვის, რომ მშობლები მშვიდად
ყოფილიყვნენ, დახმარების სახით მზითვის მიცემას აპირებენ.
მემკვიდრეობის მოთხოვნის საჭიროება არ ჰქონია, ამ თემაზე არც
უფიქრია.
საქართველოს კანონმდებლობით არ იცის როგორ არის განსაზღვრული
მემკვიდრეობის საკითხი.
ეთერ ასლიკიანი. 31 წლის.
ეთერი წარმოშობით მარნეულიდან არის და ნინოწმინდაშია გათხოვილი. ის
მომხრეა, რომ ქონება შვილებზე თანაბრად გადანაწილდეს. მშობლებისგან
მემკვიდრეობა ოფიციალურად ჯერ არ მიუღია, მაგრამ იცის, განაწილების
შემთხვევაში ერთი სახლი მისი იქნება. ეს გადაწყვეტილება მშობლებმა
მიიღეს. 3 დედმამიშვილი არიან. ორი და და ერთი ძმა. ამბობს, რომ
ოჯახში სამივე შვილი თანაბარი უფლებებით სარგებლობდა.
„რომ არ ყოფილიყო ეს სამი სახლი არ მგონია წილი მომეთხოვა.
მაქვს ოცნება, რომ ჩემი შრომით ნაყიდი სახლი მქონდეს. არასოდეს
მოვითხოვდი მემკვიდრეობას, თუმცა ვთვლი, რომ არასწორია. იმიტომ, რომ
სამი შვილია და სამივეს უნდა ერგოს მემკვიდრეობა. რაც შეეხება ჩემს
შვილებს, რამდენიც მეყოლება იმდენზე გადავანაწილებ. არ აქვს
მნიშვნელობა გოგოა თუ ბიჭი. დაოჯახებულია თუ არა. სტერეოტიპი ხომ
არის, რომ მზითვს ატან და დამთავრდა. ეს ასე არ არის. რამდენი შვილიც
გყავს იმდენზე უნდა გადანაწილდეს. კანონის მიხედვითაც და სინდისის
მიხედვითაც“.
ეთერი ამბობს, რომ გოგოს, დაოჯახდება თუ არა, ნებისმიერი პრობლემის
შემთხვევაში თავის კუთხე უნდა ჰქონდეს, რომლის იმედიც
ექნება.
ეთერ ასლიკიანი
ლალი ინასარიძე. 60 წლის. ანდეზიტი.
ლალი ფიქრობს, რომ მშობელმა შვილებს ქონება უნდა გაუყოს თანაბრად.
„მოწესრიგებული მშობელი ამას გააკეთებს აუცილებლად. არ აქვს
მნიშვნელობა გოგოა თუ ბიჭი. ქონება იყოფა თანაბრად. მე მყავს 3 შვილი
უნდა ეცადოს მშობელი თანაბრად გადაანაწილოს. გააჩნია ქონების
რაოდენობას. ის რომ მარტო ბიჭს უნდა დარჩეს ქონება, არის მცდარი
შეხედულება ჩემი აზრით.
ჩემ შემთხვევაში ძალიან ცუდად მოხდა. მემკვიდრეობა არ გაანაწილეს და
ძალიან გულნატკენი ვარ ამის გამო. არ ვითხოვ საზოგადოებრივი აზრის
გათვალისწინებით, დღემდე ასე ვფიქრობ. ამასობაში საქმე ხანდაზმული
გახდა. მიუხედავად იმისა, გამოვა თუ არ გამოვა რამე ამ საქმიდან,
მაინც ვითვალისწინებ იმას, რომ ხალხი რას იტყვის. ეს არის ძალიან
ცუდი“- ამბობს ლალი.
ნათელა გოგოლაძე. 82 წლის.
ნათელა გოგოლაძე ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დგვარში ცხოვრობს.
ამბობს, რომ მშობელმა შვილებზე ქონება ისე უნდა გაანაწილოს, რომ არც
ერთს გული არ დაწყვიტოს. არც ბიჭს და არც გოგოს, მაგრამ
„როგორც წესი და როგორც ადათი მომდინარეობს თავიდან, გოგოებს
ვათხოვებთ და მზითვებს ვატანთ, რომ არ ეწყინოთ, ბიჭებს კი ვუყოფთ
თანაბრად ქონებას, რომ არც ერთს დაწყდეს გული და არც მეორეს. ეს ძველი
დროიდან მოდის და ახლაც ეგრე იქნება ალბათ“.
ოთხი შვილი ჰყავს. ორი გოგო და ორი ბიჭი. გოგოებს მზითვი მისცა:
ლოგინი, ჭურჭელი, პირსახოცები, საძინებლის ავეჯი, რის საშუალებაც
ჰქონდა გაატანა. რაც შეეხება ბიჭებს. უმცროსი ბიჭი ცალკე გავიდა
საცხოვრებლად. მასაც საოჯახო ნივთები გაატანა. უფროსი ბიჭი კი,
რომელიც მშობლების სახლში დარჩა, დღემდე მასთან ერთად ცხოვრობს.
მშობლების სახლი სოფელშია. მიუხედავად იმისა რომ დედას მათთვის სახლის
შუაზე გაყოფა სურდა, ბიჭებმა არ მოინდომეს. სახლზე მოთხოვნა არც
გოგოებს ჰქონიათ.
კითხვაზე, იცის თუ არა კანონიერად როგორ ხდება მემკვიდრეობის
განაწილება შვილებს შორის, ამბობს, რომ ახლა სულ სხვანაირი კანონებია
და არ იცის. „ტელევიზორში ვუსმენ ხოლმე რომ ბიჭს და გოგოს
ერთნაირი კანონი აქვსო. ერთნაირად ეკუთვნით ყველაფერიო, მაგრამ ეგ
მოთხოვნაზეა. შენი შვილი თუ გთხოვს, რომ უნდა აუცილებლად ძმისგან
ყველაფერი წაიღოს, მერე უნდა მორიგდნენ და-ძმა. არ აქვს დას უფლება,
ძმას შეეცილოს. მე მაგალითად ხომ უნდა დამმარხოს, უნდა მომიაროს.
მოხუცებულობაში ვინ მომივლის? ბიჭი იქნება თუ გოგო, რომელიც მომივლის,
იმისია ჩემი ქონება“.
ნათელა ამბობს, რომ სოფელში მემკვიდრეობის განაწილების საკითხი
ძირითადად ასე წყდება, როგორც მან გაანაწილა.
ნათელა გოგოლაძე
- საქართველოში მემკვიდრეობის განაწილების საკითხს
სამოქალაქო კოდექსი არეგულირებს. იურისტი და ადვოკატი ელდარ გელაშვილი
განმარტავს, რომ კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით
სარგებლობენ და მემკვიდრეებად ითვლებიან პირველი რიგის მემკვიდრეები:
შვილები, მეუღლე, მშობლები, (მშვილებლები). შემდეგ მეორე რიგის
მემკვიდრეები და.ა.შ. იმ შემთხვევაში თუ ანდერძი არსებობს და კანონით
მემკვიდრეები მაინც არიან, მათ მაინც ეკუთვნით სავალდებულო წილი, იმ
ქონებიდან რაც მამკვიდრებელმა დატოვა. თუმცა იმის ნახევარი რაც
ანდერძის არარსებობის პირობებში იქნებოდა.
სამოქალაქო კოდექსის მიხედვით არსებობს მემკვიდრეობის მიღების ორი
სახე:
კანონით მემკვიდრეობა და ანდერძით
მემკვიდრეობა.
კანონით მემკვიდრეობის დროს მემკვიდრეები შეიძლება
იყვნენ: პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის
მომენტისათვის, და აგრეთვე, მამკვიდრებლის შვილები, რომლებიც მისი
გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი დაიბადებიან.
ანდერძით მემკვიდრეობის დროს მემკვიდრეები შეიძლება
იყვნენ: პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის
მომენტისათვის, აგრეთვე ისინი, რომლებიც ჩაისახნენ მის სიცოცხლეში და
დაიბადნენ მისი გარდაცვალების შემდეგ (მიუხედავად იმისა, მისი შვილები
არიან ისინი თუ არა), აგრეთვე, იურიდიული პირები.
როგორ ნაწილდება (სამკვიდრო) კანონით მემკვიდრეთა
რიგებში?
სამკვიდრო ერთი რიგის მემკვიდრეთა შორის ნაწილდება თანაბრად. ამ დროს
მემკვიდრეთა უფლებებს შორის არ არსებობს განსხვავება სამკვიდრო
ქონებასთან მიმართებით. მემკვიდრეთა შორის სამკვიდროს გაყოფაზე
შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას წყვეტს სასამართლო.
რას ნიშნავს ანდერძით მემკვიდრეობა?
ანდერძით მემკვიდრეობის დროს, კანონით მემკვიდრეობისაგან
განსხვავებით, გარდაცვლილ პირს (მამკვიდრებელს) ანდერძის შედგენით
წინასწარ აქვს განსაზღვრული, ვის დარჩება და რა რაოდენობით მისი
ქონება.
ანდერძის მეშვეობით მამკვიდრებელს შეუძლია თავისი ქონება გადასცეს,
როგორც კანონით მემკვიდრეს, ისე ნებისმიერ სხვა არანათესავ პირს, მათ
შორის იურიდიულ (ორგანიზაცია, დაწესებულება) პირსაც.
თუ ანდერძით მთელი სამკვიდრო ქონება განაწილებული იყო ანდერძით
მემკვიდრეებს შორის, მაგრამ ერთ-ერთი მემკვიდრე სამკვიდროს გახსნის
დროისათვის ცოცხალი აღარ არის, კანონით მემკვიდრეობა არ წარმოიშობა და
მის წილ ქონებას თანაბრად მიიღებენ სხვა ანდერძით მემკვიდრეები.
რა არის სავალდებულო წილი?
ანდერძით მემკვიდრეობის შემთხვევაში პირველი რიგის კანონისმიერი
მემკვიდრეები მიიღებენ სავალდებულო წილს მამკვიდრებლის ქონებიდან.
სავალდებულო წილი შეადგენს, იმ ქონების ნახევარს, რომელსაც მიიღებდა
პირველი რიგის მემკვიდრე, ანდერძი რომ არ ყოფილიყო.
- იურისტი და უფლებადამცველი ნატი
გელოვანი აღნიშნავს, რომ სქესი არ განსაზღვრავს მემკვიდრეობას. როგორც
ქალი ასევე კაცი არის მემკვიდრე და არანაირი განსხვავება არ არსებობს
სქესის ნიშნით. მიუხედავად იმისა, თუ რომელი რიგის მემკვიდრეა ქალი,
ისევეა უფლებამოსილი მემკვიდრეობის მიღებაზე როგორც კაცი.
„თუ მაგალითად, სხვა პირი, სხვა მემკვიდრე ფლობს მთლიანად
სამკვიდროს და არ აძლევს უფლებას ქალ მემკვიდრეს, რომ მიიღოს თავის
წილი მემკვიდრეობა, ამ შემთხვევაში შეუძლია მიმართოს სასამართლოს და
მოითხოვოს წილი.
იმ შემთხვევაში თუ სხვა პირი მათზე ახორციელებს ძალადობას, ან
სამკვიდროზე პრეტენზიის გამოცხადების შემთხვევაში ემუქრება, შეუძლია
მიმართოს პოლიციას და მოითხოვოს მისი დაცვის ღონისძიების
განხორციელება. ძალადობის ნებისმიერი ფორმა დასჯადია. მითუმეტეს თუ ეს
ძალადობა დაკავშირებულია სამკვიდროს მიღებასთან იქიდან გამომდინარე,
რომ ქალია და არ ეკუთვნის, აქ უკვე ვლინდება გენდერული ნიშნით
ძალადობა, რაც უკვე დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის.
ხშირად ქალები ვერ ან არ აცნობიერებენ, რომ ისინი არიან ძალადობის
მსხვერპლნი გენდერული სტერეოტიპების და თავადვე აცხადებენ უარს
მემკვიდრეობის უფლებაზე, ან ძმის სასარგებლოდ ამბობენ უარს, რაც
შემდგომ სამართლებრივ პრობლემებს წარმოშობს“.
იურისტი ნატი გელოვანი ქალებს ურჩევს სამკვიდრო საკითხის განხილვისას
კონსულტაციისთვის იურისტს, უფლებების დასაცავად კი შესაბამის უწყებებს
მიმართონ.