ინტერაქტიული მულტიმედია
ავეჯი, წიგნები, საბნები, ჭურჭელი - მზითვი, მემკვიდრეობის ნაცვლად
მისაღების და საძინებლის ავეჯი, ერთი კარადა წიგნები, საბნები, ბალიშები, თეთრეული, ჭურჭელი - ეს ის საოჯახო ნივთებია, რომელიც ლეილი ესოიანმა ოჯახის შექმნის შემდეგ მშობლებისგან საჩუქრად მიიღო. „ჩვენთან ასეთი ტრადიციაა, როდესაც ქალი ოჯახს ქმნის და მშობლების ოჯახიდან მიდის, მას ე.წ მზითვს ატანენ“ - გვიყვება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სოფელ პატარა ხანჩალში მცხოვრები, ახლა უკვე 74 წლის ლეილი ბებო. ტრადიცია არც მის ოჯახში დარღვეულა.

ოჯახში ორნი იყვნენ, ლეილი და მისი ორი წლით უფროსი ძმა. პატარა ასაკიდანვე იცოდა, რომ მშობლების სახლი ძმას ეკუთვნოდა და ამ უძრავ ქონებაზე პრეტენზია არასოდეს ჰქონია. თვლის, რომ ასეც უნდა იყოს.

„არც მიფიქრია, რომ სახლის ნაწილი მომეთხოვა ოჯახისთვის, ასე ხდება აქ თითქმის ყველა ოჯახში“ - ამბობს ლეილი ბებო.
რა ეწერა კანონში მემკვიდრეობის შესახებ იქამდე არ იცოდა, ვიდრე მეუღლე არ გარდაეცვალა და მათი საცხოვრებელი სახლის მემკვიდრეობით გადაცემის საკითხი არ დადგა დღის წესრიგში. ამ შემთხვევაში კანონით პირველი რიგის მემკვიდრედ, მეუღლე (ლეილი ესოიანი) და მათი ხუთი შვილი იყო. ოჯახმა „ტრადიციულად“ თავიდანვე გადაწყვიტა, რომ სახლი უმცროს ვაჟს უნდა დარჩენოდა, თუმცა უყურადღებოდ არც უფროსი ვაჟი და სამი გოგო დაუტოვებიათ. უფროს შვილს სახლი უყიდეს, გოგოებს ტრადიციულად მზითევი გაატანეს, მამის გარდაცვალების შემდეგ, ოთხივე შვილმა უმცროსი ძმის სასარგებლოდ უარი თქვა მემკვიდრეობაზე, მშობლების სახლი სრულად უმცროს ვაჟს ერგო.





ოჯახის მთავარი მემკვიდრე, უმცროსი ვაჟი, ზუსტად ისე აპირებს მემკვიდრეობით მიღებული ქონების ვაჟზე გადაცემას, როგორც ეს მის შეთხვევაში მოხდა.

„ერთი გოგო მყავს, რომელიც უმცროსია და ერთი უფროსი ბიჭი, გოგო გაიზრდება, გათხოვდება, ოჯახიდან წავა და ქმარი მიხედავს. აქ, ამ სახლში იცხოვრებს ჩემი ბიჭი და ეს ქონებაც მას ეკუთვნის, გოგოს დავეხმარები, როგორც შემეძლება. ეს მშობლებზეა დამოკიდებული, როგორც მშობელი გადაწყვეტს ისე იქნება“ - ისევ ტრადიციების გაგრძელებას აპირებს ოგანეს ესოიანი.

მემკვიდრეობის განაწილების წესზე განსხვავებული დამოკიდებულება აქვს, ოჯახის უფროს შვილს და შვილიშვილს. 22 წლის ლეილი ესოიანი, უფროსი ბიჭის შვილია. ბებიის მოსახელე უმცროსი ლეილი ესოიანი ქალაქში ცხოვრობს მშობლებთან და და - ძმასთან ერთად. მათ ოჯახში არ თვლიან რომ უძრავი ქონების მემკვიდრე აუცილებლად ბიჭია.

„ჩემი მშობლების დამოკიდებულება ასეთია, მომავალში რომელ შვილსაც რა სახის დახმარება დასჭირდება, მას დაეხმარებიან. მაგალითად, თუ სამომავლოდ ერთ-ერთ შვილს არ ექნება სახლი, მაშინ მემკვიდრეობით სახლი მას გადაეცემა, არ აქვს მნიშვნელობა გოგო იქნება თუ ბიჭი. მე მაგალითად ოჯახმა მიყიდა მანქანა, ეს მანქანა არის ჩემი და არ ვფიქრობ იმაზე, რომ ჩემი ძმა რომ გაიზრდება მანქანა მას დარჩება, ჩვენი ოჯახის შემთხვევაში ყველა შვილი თანაბარი უფლებებით სარგებლობს და როგორც არის კანონით ისე მოვიქცევით“ - ამბობს უმცროსი ლეილი ესოიანი.





ორგანიზაცია „საფარის“ იურისტი სამცხე-ჯავახეთში დიმიტრი ჩხიტუნიძე დამკვიდრებულ და ტრადიციებით გამართლებულ პრაქტიკაზე საუბრობს და განმარტავს, რომ მზითვის გაცემას არანაირი საერთო არ აქვს მემკვიდრეობასთან და ის, რომ მზითვის მიცემით თითქოს მშობლები ვალს იხდიან გოგო შვილების წინაშე არასწორია.

„დამკვიდრებულ პრაქტიკაში, როდესაც ოჯახი გოგო შვილს მზითვს გაატანს ითვლება, თითქოს მემკვიდრეობის საკითხი ამ გოგოს მიმართ ამოწურულია, რეალურად ეს ასე არ არის. კანონი გულისხმობს, ერთი რიგის მემკვიდრეებს შორის ქონების თანაბრად განაწილებას. მაგალითად, თუ მშობლები გარდაიცვლებიან და ჰყავთ ორი შვილი, გოგო და ბიჭი, მათ შორის მშობლების მემკვიდრეობა უნდა გადანაწილდეს თანაბრად, არანაირი სხვა დათქმა, რომ გოგო შეიძლება გათხოვილი იყოს და მას არ ეკუთვნოდეს მემკვიდრეობა არ არსებობს. მშობლების ქონების ყველა სხვა განაწილება არის არაკანონშესაბამისი“

არადა საქართველოში დაახლოებით ყოველი მესამე რესპონდენტი მიიჩნევს, რომ მშობლების ქონება სრულად ან მისი უდიდესი ნაწილი ვაჟს უნდა გადაეცეს – ამას ცხადყოფს კვლევის ანგარიში – „კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში: საზოგადოების აღქმა და დამოკიდებულება“. კვლევა მოამზადა გაეროს მოსახლეობის ფონდმა.
კვლევის თანახმად, გამოკითხული რესპონდენტების 62 % ფიქრობს, რომ მშობლების ქონება (საცხოვრისი) თანაბრად უნდა განაწილდეს ვაჟებსა და ქალებს შორის.

20 % ამბობს, რომ მემკვიდრეობა მთლიანად ვაჟს უნდა დარჩეს, ხოლო 15 %-ის აზრით, ვაჟმა მემკვიდრეობის უდიდესი ნაწილი უნდა მიიღოს.
საზოგადოების დამოკიდებულება ამ საკითხისადმი განსხვავდება 2013 წლის მაჩვენებლებისგან.
2013 წელს რესპონდენტების მხოლოდ 44 პროცენტი მიიჩნევდა, რომ მშობლების ქონება თანაბრად უნდა განაწილებულიყო. როგორც ჩანს მოსახლეობის ინფორმირებულება და დამოკიდებულება იცვლება.





რაც შეეხება ესოიანების ოჯახს, ოჯახის ყველაზე პატარა წევრი წლინახევრის ნათიაა, მართალია დღეს ნათიას მამა ფიქრობს რომ „გოგო გათხოვდება და ქმარი მიხედავს, მემკვიდრეობა საცხოვრებელი სახლის სახით ვაჟს ეკუთვნის, მაგრამ ნათიას სრულწლოვანებამდე დიდი დროა, შესაძლოა ოჯახმა აზრი შეიცვალოს და ნათიამ მზითვის ნაცვლად „ნამდვილი მემკვიდრეობაც“ მიიღოს.





Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.