ინტერაქტიული მულტიმედია
ხანძრები, უკანონო ჭრები, მავნებლები - გამოწვევები ბორჯომის ტყეში


ტყის ხანძრები


ზორეთი-ქვაბისხევის საზღვარი, ლიკანი და ბოლოს ისევ ზორეთი - წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტში ეს სოფლები და მიმდებარე ტერიტორიები ხანძრის ეპიცენტრი გახდა. დამწვარი ფართობები ჯერ დათვლილი არ არის, არც ცეცხლის გაჩენის მიზეზებია ცნობილი. შესაბამისი უწყებები ამ დროისთვის საქმეს იძიებენ. გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო, სსკ-ის 187-ე მუხლით აწარმოებს. უწყებაში ჯერ-ჯერობით ვერ გვპასუხობენ, რა ეტაპზეა გამოძიება. გვითხრეს, რომ ინფორმაციის მოწოდების მიზნით თავად დაგვიკავშირდებიან. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ვერც ხანძანძრალი ტყის ფართობს გვიკონკრეტებენ.


რა ზარალი მიადგა ტყეს ხანძრის შედეგად და როგორ უნდა მოხდეს მისი აღდგენა - ამ თემაზე საუბარი უჭირთ გარემოსდამცველებსაც. „მწვანე ალტერნატივა“-ში გვითხრეს, რომ "ჯერ საკითხის სიღრმისეული შესწავლა უნდა მოხდეს და ამის შემდეგ გაკეთდეს შეფასებები"

CENN-ის დირექტორის მოადგილე რეზო გეთიაშვილი კი თვლის, რომ "ქვეყანაში აუცილებელია სახანძრო უსაფრთხოების გამართული სისტემა, რაც ბოლო წლებში გადასახედია. უნდა კეთდებოდეს დაკსვნები, სად რა შეცდომა იქნა დაშვებული, რა შეიძლება გაკეთებულიყო, რომ თავიდან აგვეცილებინა ტყის ხანძრები. ასე ხდება ყველა განვითარებულ ქვეყანაში".  

ეს არის ის შეფასება, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მიმდინარე წელს, ბორჯომში და საქართველოში გახშირებულ ტყის ხანძრებთან დაკავშირებით გვიზიარებენ. სიღრმისეული დასკვნების გაკეთება უჭირთ, რადგან ჯერ სახელმწიფო უწყებებს აქვთ გამოსაკვლევი ხანძრის გაჩენის მიზეზები, გადამწვარი ტყის ფართობი და ასე შემდეგ.  ვნახოთ რას გვიჩვენებს მოვლენები...







მბეჭდავი ქერქიჭამია


ხანძრებთან ერთად, ბორჯომის ტყეს სხვა ბევრი გამოწვევაც აქვს. გარემოსდამცველების შეფასებით, აქ ყველა პრობლემა ერთადაა თავმოყრილი, ეს არის ტყის ხანძრები, უკანონო სარგებლობა და მავნებელ-დაავადებები. 

ეს უკანასკნელი ძირითადად პლატოს ტყეშია გავრცელებული. თუმცა, უნდა ითქვას ისიც, რომ მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის კუთხით, ბოლო პერიოდში შეინიშნება პოზიტიური ცვლილებებიც. 


მბეჭდავ ქერქიჭამიას სახელმწიფო უკვე წლებია ებრძვის, ფერომონიანი მწერსაჭერებით და სანიტარული ჭრებით.



კობა სილაგაძე უკვე მრავალი წელია, ტყის მცველებთან ერთად იცავს სამცხე-ჯავახეთის და ბორჯომის ტყეს. ის სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის უფროსი მეტყევეა და მის დაქვემდებარებაშია რეგიონის ტყე. სილაგაძის თქმით,
მბეჭდავი ქერქიჭამიას რაოდენობა ბოლო პერიოდში საგრძნობლად შემცირდა, ანუ მუშაობამ შედეგი გამოიღო.


"თუ შევადარებთ 2019 წელს მიმდინარე წელთან, აშკარაა, რომ მბეჭდავი ქერქიჭამია პლატოს ტყეში საგრძნობლად არის შემცირებული. ოქტომბრის ბოლომდე ისევ იქნება ფერომონიანი მწერსაჭერები დამონტაჟებული ტყეში და შემდეგ მოხდება მისი ჩამოხსნა. მავნებლებთან ბრძოლის კიდევ ერთი მეთოდი გვქონდა სანიტარული ჭრები. ვჭრიდით დაავადებულ ხეებს, ხდებოდა მისი გაქერქვა, დაწვა. ფაქტია, რომ ბრძოლამ მბეჭდავ ქერქიჭამიასთან შედეგი გამოიღო და სახელმწიფოს ეს მიდგომა, ეფექტური აღმოჩნდა. ნელ-ნელა პლატოს ტყე უბრუნდება იმ მდგომარეობას, როგორიც იყო მბეჭდავი ქერქიჭამიის გაჩენამდე" - ამბობს რეგიონის მთავარი მეტყევე, კობა სილაგაძე.



კობა სილაგაძის თქმით, ადრეულ პერიოდს თუ გადავხედავთ, ბორჯომის ტყე აქამდეც არაერთი გამოწვევის წინაშე იყო. გაუძლო ხანძრებს, გახშირებულ უკანონო ხე-ტყის ჭრას და ბრაკონიერებს. წლებთან ერთად, გარკვეული საკითხების დარეგულირება სახელმწიფო დონეზე მოხდა, თუმცა გარკვეული პრობლემები კვლავ დღის წესრიგში რჩება.





ტყის რესურსი და უკანონო ჭრები


საქართველოში 3 მილიონ ჰექტარზე მეტი უკავია ტყეს, აქედან 2 მილიონ 772 000 ჰექტარი არის ტყით დაფარული ზონა, აფხაზეთის და ოსეთის ჩათვლით. ბორჯომის მუნიციპალიტეტში კი ბოლო აღწერით, ტყეს 45 000 ჰექტარი ტყის ფართობი უკავია.

ხე-ტყის უკანონო ჭრა, მოპოვება და ბრაკონიერობა რომ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, ამაზე სფეროს ექსპერტები ერთხმად თანხმდებიან. უფრო მეტიც, რეგიონების მიხედვით,  ხე-ტყის უკანონო მოპოვების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სამცხე-ჯავახეთში ფიქსირდება.

,,ნაკრესის'' სამცხე-ჯავახეთის პროგრამის დირექტორი ლევან თაბუნიძე, ბორჯომში და საქართველოში, ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ამახვილებს ყურადღებას.

„დღესდღეობით ქვეყანა კვლავ დგას ისეთ გამოწვევების წინაშე, როგორიცაა ხე-ტყის უკანონო მოპოვება, ბრაკონიერობა. რაც ერთ-ერთი უდიდესი საფრთხეა ბიომრავალფეროვნების დაცვა-შენარჩუნებაში. რა თქმა უნდა, პრობლემები მსგავსია მთლიანად ქვეყნისათვის და ბორჯომში ცალკე აღებული რაიმე კონკრეტული პრობლემა ასეთი სახით არ არის. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ხე-ტყის მოპოვებით და უკანონო ჭრებით სამცხე-ჯავახეთზე საკამოდ დიდი წილი მოდის“ - ლევან თაბუნიძე.




გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ასევე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ახორციელებენ 24 საათიან პატრულირებას, ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენციის, გამოვლენის და აღკვეთის მიზნით. მათი თქმით, სამინისტროში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი - 153, რომელზეც შემოდის შეტყობინებები. ზარი უფასოა და ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია დარეკოს, დატოვოს შეტყობინება. შემოსულ ინფორმაციაზე დეპარტამენტის მიერ კი დაუყოვნებლივ ტარდება რეაგირება.
რაც შეეხება სტატისტიკას. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ხე-ტყის უკანონო ჭრა ბორჯომსა და სამცხე-ჯავახეთში წლების მიხედვით ასე გამოიყურება:






ტყის კოდექსი


„საქართველოს ტყე ბუნებრივი გარემოს უმთავრესი ელემენტია. ის არის ქვეყნისთვის განსაკუთრებული ფასეულობის მქონე ბუნებრივი რესურსი და მისი ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი საფუძველი. საქართველოს ტყე, მიუხედავად მისი საკუთრების ფორმისა, უნდა იმართებოდეს მდგრადი განვითარების პრინციპების შესაბამისად ჩამოყალიბებული სისტემის საფუძველზე, რომელიც უზრუნველყოფს ტყის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებას, მისი ბიომრავალფეროვნების დაცვას, ტყის ეკოლოგიური ფასეულობის გათვალისწინებით მისი ეკონომიკური პოტენციალის რაციონალურ გამოყენებას, ტყის მართვაში საზოგადოების მონაწილეობას და მისთვის ტყის რესურსების ხელმისაწვდომობას“, - ამ შინაარსის ტექსტით იწყება საქართველოს ტყის კოდექსი, რომელიც ძალაში 2020 წლიდანაა შესული.


ტყის კოდექსი მიგვითითებს, გვასწავლის და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ტყეს დაცვა სჭირდება, თუმცა, ხშირად გვავიწყდება, რომ ეს თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა. გარემოსდაცვითი ცნობიერება რომ ჯერ კიდევ დაბალია, ამაზე გარემოსდამცველებიც საუბრობენ.

„რომ ვაცნობიერებდეთ, რა მოხდება ამათუიმ ცხოველის მონადირებით, ხე-ტყის უკანონო ჭრით და ა.შ. მაშინ მასშტაბები შემცირდება. აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ გარემოსდაცვითი დანაშაული საზოგადოების მხრიდან და არამარტო ხელისუფლების მხრიდან აღქმული იყოს როგორც მნიშვნელოვან საკითხად. სამწუხაროდ, გვაქვს ისეთი ფაქტები, როდესაც გარემოსდაცვითი დანაშაული არ აღიქმება მძიმედ. აქ ისევ გარემოსდაცვით ცნობიერებასთან და განათლებასთან მივდივართ“ - ლევან თაბუნიძე.





რა უნდა გვახსოვდეს?!


ანუ, ჰაერი რომელსაც ვსუნთქავთ, წყალი რომელსაც ვსვამთ და საჭმელი რომელსაც მივირთმევთ - ბიომრავალფეროვნებაზეა დამოკიდებული. ეს იგივე სიცოცხლის მრავალფეროვნებაა დედამიწაზე და ჩვენზეა დამოკიდებული, შევინარჩუნებთ თუ არა მას. 

იმ შემთხვევაში, თუ ხის მოჭრის ნაცვლად, დავრგავთ და მოვუვლით, არ დავყრით ქუჩაში ნარჩენებს, ტყეში პიკნიკის შემდეგ, ცეცხლს ჩავაქრობთ და არ დავტოვებთ აალებულს, ასე მინიმალური წესების დაცვით და ჩვენი წილი პასუხისმგებლობის აღებით შევძლებთ, შევამციროთ გამოწვევები ბორჯომის და მთელი საქართველოს ტყეში.  ეს კი ნიშნავს:  ნაკლებად დამწვარ ტყის ფართობებს, მოუჭრელ ხეებს და ტყეს, მავნებელ-დაავადებების გარეშე.



Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.