ეს ბორჯომის ტყეა, ხანძარგამოვლილი
და ორმაგად დაზარალებული. დაბა-წაღვერის ტყეში ხანძარი ორჯერ
გაჩნდა.
ჯერ 2008 წლის აგვისტოში, ოკუპანტი
რუსეთის აგრესიის შედეგად. შემდეგ კი 2017 წელს, სავარაუდოდ ხალხის
დაუდევრობით ცეცხლი ისევ იმავე ფართობს მოედო. ბორჯომის
მუნიციპალიტეტში ტყეს 45 000 ჰექტარი ფართობი უკავია. აქედან 943
ჰექტარი კი დაბა-წაღვერში სწორედ ამ ხანძრების შედეგად
დაიწვა.
დაბა-წაღვერის
ტყე
სამცხე-ჯავახეთის რეგიონი და კონკრეტულად
ბორჯომის ხეობა ერთ-ერთი კრიტიკული ზონაა სახელმწიფოსთვის. აქ ყველა
პრობლემა ერთადაა თავმოყრილი, ეს არის, ხე-ტყის უკანონოდ სარგებლობა,
მავნებელ-დაავადებები და ტყის ხანძრები, რომელიც საკმაოდ ხშირია
ბორჯომის მუნიციპალიტეტში. დამწვარი ტყის პირველი კრიტიკული
მონაკვეთები უკვე აღდგენილია გარემოს დაცვის სამინისტრომ მიერ. თუმცა,
ნახანძრალმა ტყემ ადგილობრივი მოსახლეობა მაინც ახალი გამოწვევების
წინაშე დააყენა.
დაბა-წაღვერის
ნახანძრალი ტყე
სოფელ დაბაში
60-მდე ოჯახი ცხოვრობს. ირმა მაღრაძე ერთ-ერთია მათ შორის, ვისაც
ტყეში ხანძრების გაჩენამ ახალი პრობლემა შეუქმნა. მისი თქმით, ადგილი
აქვს ბუნებრივ კატასტროფებს. ირმა ფიქრობს, რომ ტყის არქონამ და
კლიმატის ცვლილებამ მათ სოფელში ღვარცოფის გააქტიურებას და ქვათა
ცვენას შეუწყო ხელი.
„სანამ ტყე გადაიწვებოდა, ჩემი მარწყვის ბაღის მიმდებარედ
პატარა ღელე მოედინებოდა. ტყის ხანძრის შემდეგ კი ეს ღელე ადიდდა და
ღვარცოფული საშიშროება იქმნება. დაბაში გადამწვარი ტყის გამო
გამოწვეული სტიქიები, ღვარცოფი და ქვის ინტენსიური ცვენა ბევრ
მოსახლეს უქმნის საფრთხეს. მეზობლის ეზოებში ჩამოვარდნილია ქვის
ლოდები. საჭიროა სანაპიროს გამაგრებითი სამუშაოები, ღვარცოფის
შესაჩერებლად“ - ამბობს ირმა მაღრაძე.
კლიმატის ცვლილების
სამმართველოს უფროსის კახაბერ მდივანის განცხადებით, საქართველოში
კლიმატის ცვლილების პრობლემა ნათლად შესამჩნევია და მისი გამოვლინება
მძიმე ფორმებით ხდება. მაგალითისთვის იშველიებს იმ სამ მოვლენას,
რომელიც საქართველოს კარგად ახსოვს. ეს არის გაყინული ტბის დნობის
შედეგად წარმოქმნილი წყალმოვარდნა, 13 ივნისის სტიქია ვერეს ხეობაში
და ბორჯომის ტყის ხანძრები.
NACRES-ის გამგეობის წევრი კახა არცივაძეც თვლის, რომ კლიმატის
ცვლილება ერთ-ერთი ის მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომლის წინაშეც მთელი
მსოფლიო დგას. არცივაძის თქმით, საქართველოში კლიმატის ცვლილება ბოლო
100 წლის განმავლობაში ფიქსირდება. შეცვლილია ნალექიანობის პერიოდები,
განსაკუთრებით მთიან რეგიონებში.
„შეიძლება იყოს ისეთი პრობლემები, როგორიცაა ტყის
ხანძრების ინტენსივობა, ტყის მავნებლების რაოდენობის მატება, ახალი
სახეობების შემოჭრა კლიმატის ცვლილების ფონზე, ეს ყველაფერი
ნეგატიურად მოქმედებს საქართველოს ბიომრავალფეროვნებაზე. მაღალი
რისკის ქვეშ არიან მაღალმთიანი რეგიონები, ასევე დაცული ტერიტორიები.
როგორიც არის, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, სადაც
ბიომრავალფეროვნების ძალიან დიდი რესურსია. სამწუხაროდ, სახეზე გვაქვს
საკმაოდ ნეგატიური მოვლენები ამ მიმართულებითაც. თუნდაც, ტყის
ხანძრების ინტენსივობის ზრდა ბოლო 10 წლის განმავლობაში. კლიმატი
შეიძლება ბუნებრივი მიზეზებითაც იცვლებოდეს, თუმცა როცა ამ პროცესში
ადამიანი ერევა, საქმე უფრო რთულდება. მოგეხსენებათ, ტყის ხანძრების
გამოწვევი მიზეზი ხშირ შემთხვევაში 90% არის ადამიანის დაუდევრობაა.
რა თქმა უნდა, ტყის ხანძრების ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია კლიმატის
ცვლილებაც. ბოლო ორი წელია ინტენსიური გვალვებია საქართველოში, რაც
მნიშვნელოვანწილად ართულებს ვითარებას. ჩვენი მდინარეები ძირითადად
იკვებებიან, მყინვარების დნობის შედეგად წარმოქმნილი წყლით.
მყინვარების რაოდენობა კი იკლებს საქართველოში. ეს იმაზე მეტყველებს,
რომ 40-50 წელიწადში წყლის რაოდენობა მდინარეებში შესაძლოა
საგრძნობლად შემცირდეს. შედეგად, შესაძლოა სოფლის მეურნეობას
მნიშვნელოვანი პრობლემა შეექმნას“ - აცხადებს კახა
არცივაძე.
კახა არცივაძე პრობლემის მოგვარების გზებზე და იმ პასუხისმგებლობაზეც
საუბრობს, რაც საქართველომ საერთაშორისო დონეზე შეთანხმების დროს
აიღო, შეამციროს ადამიანის საქმიანობით გამოწვეული ნეგატიური
ზემოქმედება გარემოზე. NACRES-ის გამგეობის წევრი თვლის, რომ პროცესში
მნიშვნელოვანია უცხოელი კოლეგების გამოცდილების გაზიარება და
მხარდაჭერა.
„ტყის განადგურების ტემპის შემცირება და ახალი ტყის
გაშენება არის ძალიან მნიშვნელოვანი. აი ასეთი ვალდებულებები არის
გაწერილი 2030 წლისთვის. რაც შეეხება 2050 წელს. აქ უფრო შორს
მიმავალი პერსპექტივა არის გასათვალისწინებელი და რამდენად შეუძლია
საქართველოს ასე შორეულ პერსპექტივაზე გათვლილი გეგმების შესრულება.
მოკლევადიან პერსპექტივაში, საქართველოს შეუძლია გარკვეული ქმედებების
განხორციელება, მათ შორის ტყეების რაოდენობის გაზრდა, ბენზინის
გამოყენების შემცირება და მის ალტერნატივად, ელექტრო ტრანსპორტზე
გადასვლა, ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვა და ასეთი ნაბიჯების
გადადგმა. საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ამ გლობალური
პრობლემის მოსაგვარებლად, მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მატერიალურ
დახმარებასთან ერთად, მნიშვნელოვანია ისიც თუ დაგვეხმარებიან ახალი
ტექნოლოგიების შეძენაში, ადაპტაციის და გეგმების მომზადებაში, რომ
ჩვენ შევეგუოთ და ვადაპტირდეთ იმ რეალობასთან, რომელიც გვექნება 20-30
წელიწადში“ - კახა არცივაძე.
დაბა-წაღვერის ნახანძრალი
ტყე
როგორ უნდა
ვიმოქმედოთ კლიმატისთვის?
გლობალური დათბობის შერბილების ზოგადი მიდგომები
ასეთია:
• ტყეების ჭრის შემცირება;
• ხეების მასობრივი დარგვა და ამით ტყის
მასივების გაზრდა, რომელმაც უნდა შეამციროს CO2-ის შემცველობა
ატმოსფეროში;
• ბიოსაწვავის უფრო აქტიური გამოყენება,
(მაგალითად, ეთანოლის სპირტი, ბიოდიზელი), ნახშირბადიანი საწვავის
ჩასანაცვლებლად;
• განახლებადი ენერგიების მოხმარების
ხელშეწყობა. როგორიცაა: მზის, ქარისა და ჰიდრო
ენერგია.
• ხანძარსაწინააღმდეგო გზებისა და ბილიკების
მოწყობა, ტყეების ჩახერგილობისაგან გაწმენდა, ადრეული აღმოჩენის და
შეტყობინების სისტემების დანერგვა
• დაცული ტერიტორიებისთვის მენეჯმენტის
გეგმის მომზადება კლიმატის ცვლილების
გათვალისწინებით
• ურბანიზაციის პროცესის კონტროლი და
მონიტორინგი
• სტიქიური მოვლენების რისკების მართვის
გეგმების შემუშავება და განხორციელება.
დაბა-წაღვერის ნახანძრალი
ტყე
ეს არის იმ
მიდგომების არასრული ჩამონათვალი, რომლის გათვალისწინება და მოქმედება
კლიმატისთვის, საზოგადოების ჩართულობით, მთავრობის მიერ არის
შესაძლებელი. რაც შეეხება სახელმწიფოს როლს და საერთაშორისო
თანამეგობრობის მხარდაჭერას. საქართველოში, ბუნებრივი კატასტროფების
რისკის შესამცირებლად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტრომ მუშაობა ორი წლის წინ დაიწყო, რაც მოსახლეობას
წყალდიდობისგან, წყალმოვარდნისგან, გვალვისა და სხვა კლიმატური
საფრთხეებისგან დაიცავს. უწყებამ, ახალი პროექტი, ბორჯომში,
დაინტერესებულ პირებს ჯერ კიდევ 2019 წელს გააცნო. 7 წლიანი პროექტი,
70 მილიონი აშშ დოლარითაა დაფინანსებული და მოიცავს საქართველოს 10
მუნიციპალიტეტს, თუმცა სამიზნე მუნიციპალიტეტებში არ შედის
ბორჯომი.
პროგრამა „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის
შემცირება საქართველოში“ დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის,
კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიის და შვედეთის მთავრობის
მიერ, მის განხორცილებას კი, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)
უზრუნველყოფს.
„პროექტი, ამ ეტაპზე მოიცავს 10 მუნიციპალიტეტს, თუმცა, 7
წლის მანძილზე იგეგმება, რომ არეალი გაფართოვდეს და სხვა
მუნიციპალიტეტებიც მოიცვას. მოიაზრება, რომ 11 მდინარის ავზი უნდა
დაფაროს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც 100 თემს აერთიანებს.
კატასტროფის რისკის მართვა, რომელიც თემის ჩართულობით ხორციელდება,
ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია კლიმატის ცვლილებით გამოწვეული
საფრთხეების რისკების შემცირებაში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია
სათემო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება და მათი
ცნობიერების ამაღლება. ასევე, ჩართული და დაინტერესებული მხარეები
არიან ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, საგანმანათლებლო ორგანიზაციები,(
სკოლები, ბაღები, პროფესიული სასწავლებლები, უნივერსიტეტები
(არსებობის შემთხვევაში) და ადგილობრივი მედია. პროექტის ფარგლებში,
რა თქმა უნდა, მიმდინარეობს შესაბამისი გეოლოგიური კვლევების
ჩატარება, ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ამ კუთხით, ჩართულები არიან
შესაბამისი სახელმწიფო უწყებები. ჩვენი სამინისტროდან ჩართულია
გარემოს ეროვნული სააგენტო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საგანგებო
სიტუაციების მართვის სამსახური და კიდევ ბევრი სხვა უწყება. ეს არის
კომპლექსური პროექტი, რომელიც მოითხოვს ბევრი დაინტერესებული მხარის
ჩართულობას იმისათვის, რომ საბოლოო შედეგი იყოს ხელშესახები და
მნიშვნელოვანი“ - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების
ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა.
იქნება თუ არა საბოლოო შედეგი ხელშესახები და მნიშვნელოვანი, ამას
მომდევნო წლები გვიჩვენებს. პროექტი, სავარაუდოდ, 2027 წლისთვის
დასრულდება. პროექტით გათვალისწინებულ მიზნებსა და ნაკისრ
ვალდებულებას რამდენად ეფექტურად შეასრულებს სახელმწიფო ჯერ 2030,
შემდგომში კი 2050 წლამდე, პირველ რიგში, გარემო და ამ გარემოში მყოფი
ადამიანები იგრძნობენ. ფაქტი ერთია, მძიმე შედეგებამდე რომ არ
მივიდეთ, მთავრობამ, სამოქალაქო ორგანიზაციებმა და ხალხმა ერთობლივად
უნდა იმოქმედონ კლიმატისთვის.