ინტერაქტიული მულტიმედია
ჩემპიონი გოგონები ბორჯომიდან
გაგაცნობთ სპორტსმენებს ბორჯომიდან,
რომლებმაც სხვადასხვა სახეობაში, სხვადასხვა წარმატებას მიაღწიეს.
სპორტით პატარაობიდანვე დაინტერესდნენ და ახლა უკვე ჩემპიონის ტიტული
მოიპოვეს.
ბარბარე შონია -
ჩემპიონი ჭადრაკში
ბარბარე შონია ჩვენი ყველაზე პატარა
რესპონდენტია. 9 წლის ბორჯომელ მოჭადრაკეს ამ დრომდე არაერთი
გამარჯვება აქვს მოპოვებული, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო
ტურნირებში.
ბარბარე მოჭადრაკეთა ოჯახში დაიბადა და თამაში სამი წლიდან დაიწყო.
ხუთი წლიდან კი შეჯიბრებებში ჩაერთო და მისი წარმატებებიც ათვლას ამ
პერიოდიდან იწყებს. არის საქართველოს ორგზის ჩემპიონი და ტურნირების
პრიოზიორი.
„ბარბარე, 7 და 8 წლის გოგონებში, ორჯერ გახდა
საქართველოს ჩემპიონი. იყო სხვა მნიშვნელოვანი წარმატებებიც. კერძოდ,
2021 წელს, ქალაქ თბილისის ჩემპიონობა სხვადასხვა ასაკში. ამავე წელს,
ბათუმის ღია საჭადრაკო ფესტივალის გამარჯვებულიც გახდა. იყო ბევრი
ტურნირის პრიზიორი. ორჯერ მოიპოვა საერთაშორისო ასპარეზობის საგზური,
მაგრამ პანდემიამ ხელი შეგვიშალა. ერთ-ერთ გუნდურ ასპარეზობაზე,
მწვრთნელმა ბარბარე ჭაბუკების სიითაც წარადგინა მან დიდი მონდომებით
ტოლი არ დაუდო ბიჭებს და გუნდს საჭირო წინსვლა მოუტანა“
- ამბობს ბარბარეს დედა ანი კახელი.
9 წლის ჩემპიონის სამომავლო გეგმებში შედის წარმატების მიღწევა
საერთაშორისო ასპარეზზეც.
ბარბარე შონია -
ჩემპიონი ჭადრაკში
საქართველოს სახელით ოლიმპიადაზე ასპარეზობაა ესმერალდა გობოზოვას
მთავარი მიზანიც. ტრამპლინიდან მოხტუნავე ბაკურიანელი ჩემპიონი
მწვრთნელობისთვის ემზადება. სპორტის ამ სახეობით ისიც პატარაობიდანვე
დაინტერესდა და 11 წლიდან ინტენსიური ვარჯიშები დაიწყო. მონაწილეობდა
საზღვარგარეთ გამართულ შეჯიბრებებზე. აღებული აქვს FIS-ის თასის
რეიტინგული ქულები. აგრეთვე, კონტინენტალური თასის ქულები. მოწვევითა
და რეიტინგული ქულებით იასპარეზა ლოზანის ახალგაზრდულ ოლიმპიურ
თამაშებში. ესმერალდა ახლა მორიგი ახალგაზრდული ოლიმპიური
ფესტივალისთვის ემზადება, რომელიც მიმდინარე წლის მარტში, ფინეთში, ქ.
ლახტიში ჩატარდება. მიუხედავად, გენდერული სტერეოტიპებისა, სპორტულ
შესაძლებლობებს საკუთარი წარმატებებით ამტკიცებს.
ესმერალდა გობოზოვა -
ჩემპიონი ტრამპლინიდან თხილამურებით
ხტომაში
„მამაჩემი
მწვრთნელია, ამიტომ ვარჯიშის ყურებაში გავიზარდე და,ბუნებრივია, მერე
მეც გამიჩნდა ამის სურვილი და 6 წლიდან მეც შევუერთდი სხვებს.
გარშემომყოფთათვის ჩემი ამ სპორტით დაინტერესება დიდი სიახლე იყო,
რადგან საქართველოს ტრამპლინიდან მოხტუნავე გოგონა მანამდე არ ჰყოლია,
ბევრ ნეგატივთანაც მომიხდა გამკლავება: გოგოს ხტომა წარმოუდგენელი იყო
მათთვის, პირდაპირი გაგებით. მაქსიმალურად ვეცადე, სხვების (არასწორ)
აზრებს ჩემზე გავლენა არ მოეხდინა. წნეხის მიუხედავად შრომამ ნაყოფი
გამოიღო. მიუხედავად იმისა, რომ ვაჟები საბჭოთა კავშირის დროის მერეც
ვარჯიშობდნენ და საერთაშორისო შეჯიბრებებშიც იღებდნენ მონაწილეობას,
ის მიღწევები მაინც არ აქვთ, რითაც ვამაყობ კიდეც, არაგადამეტებულად
ოღონდ. მწვრთნელთა ფაკულტეტზე ვსწავლობ უკვე და ჩემი მიზანია მოვხვდე
დიდ ოლიმპიადაზე, სადაც საქართველოს სახელით დიდი სიამაყით
ვიასპარეზებ“ - გვეუბნება ესმერალდა
გობოზოვა.
ესმერალდა გობოზოვა - ჩემპიონი ტრამპლინიდან
თხილამურებით ხტომაში
გენდერულად უთანასწორო სპორტში, სტერეოტიპების
მსხვერპლი იყო ბორჯომელი ფეხბურთელი მარიამ მეტრეველიც, რომელიც ქალთა
უმაღლეს ლიგაში თამაშობდა. მარიამმა მსაჯთა აკადემიაც დაასრულა და
თამაშის პარალელურად არის ფეხბურთის მსაჯიც.
მარიამ მეტრეველი -
ჩემპიონი ფეხბურთში
მარიამმა, სპორტული კარიერა ჯერ კალათბურთით დაიწყო, თუმცა
შემოიფარგლებოდა მხოლოდ ვარჯიშებით, რადგან არ იყო საკმარისი გუნდები
ჩემპიონატებში ასპარეზობისთვის, მას კი სპორტში მეტის მიღწევა სურდა.
მოგვიანებით შეიტყო, რომ ბორჯომში იქმნებოდა ქალთა ფეხბურთელთა გუნდი
და ამის შემდეგ კალათბურთიდან ფეხბურთში გადაინაცვლა. შემდეგ მოწვევა
ხაშურის ივერიიდან მიიღო, რომელიც იყო პროფესიონალური ქალთა გუნდი და
მონაწილეობდა საქართველოს ქალთა ეროვნულ ჩემპიონატში. ასევე,
თამაშობდა დინამო სოხუმში და ბევრ წარმატებას მიაღწია ამ გუნდთან
ერთად. მიუხედავად ამხელა გამოცდილებისა, მარიამი იხსენებს იმ
ნეგატიურ დამოკიდებულებას, რასაც საკუთარი მისამართით ისმენდა.
ამბობს, რომ ქალი სპორტსმენისთვის ასეთი შინაარსის ტექსტის მოსმენა
შეურაცხმყოფელია.
„იყო ფრაზები ,,სად გოგო და სად ფეხბურთი” , „გოგო
სამზარეულოში უნდა დარბოდეს და არა მოედანზე“. ირონიული
დამოკიდებულება ძირითადად ბიჭებისგან იყო. რა თქმა უნდა, სერიოზულად
არავინ აღიქვამდა იმას, რომ მე წარმატებული ფეხბურთელი გავხდებოდი,
დამოკიდებულება იყო ძალინ ცუდი. მეუბნებოდნენ, რომ ქალი ვერასოდეს
გახდება კარგი სპორტსმენი. ფსიქოლოგიურად ძალიან რთულია, როდესაც
მხარდაჭერას მხოლოდ საკუთარი თავისგან გრძნობ, მაგრამ მე გამიმართლა
და ჩემი მთავარი მოტივაცია ჩემი ოჯახი იყო. ვცდილობდი სხვებისთვის არ
მომესმინა და მხოლოდ საკუთარ მიზნებს გავყოლოდი. ჯერ კიდევ 13 წლის
ვიყავი, როცა სიცივეში, თოვლში, წვიმაში მიწევდა კვირაში სამჯერ
ბორჯომიდან ხაშურში მარტო სიარული, იმდენად მიყვარს სპორტი. სკოლის
ჩემპიონატებში 3-ჯერ გავხდი სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ჩემპიონი.
ასევე, საქართველოს მინი ტურნირის ჩემპიონატზე ვიყავი მეორე
ადგილოსანი. მიღებული მაქვს უამრავი მედალი და სიგელი სხვადასხვა
ჩემპიონატიდან. ახლა სტუდენტი გავხდი და მცირე პაუზა მაქვს აღებული
სპორტში. თუმცა, ჩემი სამომავლო გეგმები კვლავ ფეხბურთს უკავშირდება.
მიუხედავად, გენდერულად უთანასწორო გარემოსა და სტერეოტიპებისა,
არასოდეს დავიხევ უკან და ყოველთვის დავამტკიცებ, რომ ქალის
შესაძლებლობები უსაზღვროა“ - ამბობს მარიამ
მეტრეველი.
მარიამ მეტრეველი - ჩემპიონი ფეხბურთში
სიტყვიერ
შეურაცხყოფასთან ერთად, მსოფლიოში, ქალი სპორტსმენების მისამართით,
სხვა სახის ძალადობრივ ელემენტებსაც შეიცავს სხვა შემთხვევები. ბოლო
წლებში აქტიურად დაიწყო საუბარი სპორტში ქალთა მიმართ ძალადობის
პრობლემაზე, მათ შორის სექსუალური შევიწროების თემაზე. ამერიკის
შეერთებულ შტატებში ჩატარებული კვლევების მიხედვით ქალების ნახევარზე
მეტს გამოუცდია რაიმე ფორმით სექსუალური შევიწროება სამუშაო ადგილზე.
ევროპის ქვეყნებში სხვადასხვა დროს ჩატარებული კვლევების მიხედვით
სამუშაო ადგილებზე სექსუალური შევიწროების მაჩვენებელი 45-დან 81%-მდე
მერყეობს.
სპორტში ქალების თანასწორობის უზრუნველყოფისა და ძალადობის ხშირი
შემთხვევებიდან გამომდინარე, 2015 წელს ევროპის საბჭომ მიიღო
რეკომენდაცია სპორტში გენდერული მეინსტრიმინგის შესახებ შეიმუშავეს
სტრატეგიული დოკუმენტი სპორტში გენდერული თანასწორობის საკითხზე.
თვისებრივი კვლევის ერთ-ერთ საკვლევ საკითხს სწორედ საქართველოში
სპორტში ქალების მონაწილეობის ხელისშემშლელი ზოგადი ფაქტორების
იდენტიფიცირება და ქალი სპორტსმენების მიმართ არსებული
დამოკიდებულების შესწავლა წარმოადგენდა. კერძოდ, კვლევაში მონაწილე
ქალმა სპორტსმენებმა იმსჯელეს სპორტში ქალების თანასწორობის საკითხზე.
შედეგებმა გამოავლინა, რომ ქალები კაცებთან შედარებით არათანაბარ
პირობებში არიან. კვლევის ფარგლებში გამოიკითხნენ ქალი სპორტსმენები
როგორც თბილისიდან, ისე რეგიონებიდან. სულ ჩატარდა 17 სიღრმისეული
ინტერვიუ.
კვლევა, რომელიც მომზადებულია
აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის ,,კანონის
უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) პროექტის ,,ქალთა
მიმართ სექსუალური შევიწროება სპორტში“ ფარგლებში, პროექტი
განხორციელდა არასამთავრობო ორგანიზაციის ,,პარტნიორობა ადამიანის
უფლებებისთვის“ (PHR) მიერ.
2021 წელს ჩატარებული კვლევა მოიცავს, სპორტში ქალთა თანასწორობის
საკითხებს, ბარიერებს, მათი მისამართით დამამცირებელი, ღირსების
შემლახავი და შეურაცხმყოფელი, სექსუალური შევიწროების გარემოს
არსებობას სპორტში, ასევე, სახელმწიფოს ვალდებულებებს სპორტში ქალების
შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მიმართულებით. კვლევა საბოლოოდ
ასეთი სახის რეკომენდაციას იძლევა:
• შემუშავდეს ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკა სპორტში ქალთა
მონაწილეობის გაზრდისა და თანასწორობის მიღწევის მიმართულებით, რა
დროსაც გათვალისწინებული იქნება სპორტის ყველა სახეობის
სპეციფიკა;
• შეიქმნას სპორტში ქალთა მიმართ ძალადობისა და სექსუალური
შევიწროების პრევენციის პოლიტიკის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა;
• შეიქმნას სპორტში ბავშვებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნისა და
ძალადობისგან დაცვის პოლიტიკის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა;
• დაიგეგმოს და განხორციელდეს კონკრეტული ცნობიერების გაზრდის
ინიციატივები, რომლის მიზანი სპორტში ქალთა მონაწილეობის გაზრდა და
მის მნიშვნელობაზე აქცენტის გაკეთება იქნება;
• შემუშავდეს სპორტში ქალთა მიმართ ძალადობისა და სექსუალური
შევიწროების რეაგირების ეფექტური მექანიზმი;
• სპორტში ბავშვების მიმართ ძალადობისა და სექსუალური შევიწროების
პრევენციული პროგრამების შემუშავების დროს გათვალისწინებული იყოს
მშობელთა ჩართულობისა და მათი ინფორმირებულობის საკითხი.
სწორედ ამ
რეკომენდაციების გათვალისწინებით, რა სტრატეგია აქვს შემუშავებული და
როგორია მათი სამოქმედო გეგმა სამომავლოდ, ამ კითხვებით საქართველოს
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წერილობით
მივმართეთ. თუმცა, უწყებისგან კითხვებზე პასუხები არ მიგვიღია.
რამდენად იცავს სახელმწიფო ქალი სპორტსმენების უფლებებს და ამყოფებს
თუ არა მათ თანაბარ პირობებში, ამის თქმა რთულია. პრობლემა რომელიც
ზედაპირზე თითქმის არ ჩანს, მათი მოგვარება ქალებს საკუთარი ძალებით
უწევთ. შედეგად, ნაწილი ან წინააღმდეგობას უწევს ამ წინაღობებს,
ნაწილი კი უბრალოდ სპორტს თავს ანებებს და მიდის...
გააზიარეთ :