ინტერაქტიული მულტიმედია
შიში და წართმეული შესაძლებლობები - ახალგაზრდების პანდემიური გამოწვევები
UNICEF-მა, ჯერ კიდევ პანდემიის დასაწყისში, ლათინურ ამერიკასა და კარიბებზე 13-დან 29 წლამდე ახალგაზრდები გამოკითხა, რათა გაერკვია, რა განცდები დაეუფლათ მათ პანდემიის პირველ თვეებში. შედეგი ასეთი იყო: 27% გრძნობდა შფოთვას და შიშს, 15% - დეპრესიას; ორიდან ერთს აღარ ჰქონდა მოტივაცია, ეკეთებინა ის, რისგანაც მანამდე სიამოვნებას იღებდა; ქალების 43 და მამაკაცების 31 პროცენტი პესიმისტურად იყვნენ განწყობილები თავიანთი მომავლის მიმართ; ჯანდაცვის წარმომადგენლებისთვის ამ კვლევაში ყველაზე შემაშფოთებელი კი ის იყო, რომ გამოკითხულთა 73%-მა იგრძნო ფიზიკური და მენტალური დახმარების საჭიროება, თუმცა მათ 40%-ს ამ თხოვნით არავისთვის მიუმართავს. 


ამ კვლევის შემდეგ წელიწადზე მეტი გავიდა. სავარაუდოდ, ახალგაზრდებში კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდა. საქართველოში არავინ დაინტერესებულა, რა გავლენა იქონია, და როგორ შეცვალა პანდემიამ კონკრეტულად ახალგაზრდების ცხოვრება. ფონდმა ”გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი”, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა და დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა საქართველოში, მიმდინარე წელს ერთობლივი ეპიდემიოლოგიური კვლევა ჩაატარეს და შეისწავლეს პანდემიის გავლენა მოსახლეობის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. შედეგად, რესპოდენტთა შორის პანდემიასთან დაკავშირებული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების (დეპრესიის სიმპტომები, შფოთვითი, ადაპტაციის და პოსტტრავმული სტრესული აშლილობის ნიშნები) გავრცელების მაღალი დონე გამოიკვეთა. ბუნებრივია, ამ კვლევითაც შეიძლება მსჯელობა, რომ პანდემიამ ჩვენთანაც შეცვალა ყველაფერი, ახალგაზრდების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ნეგატიური გავლენა მოახდინა, დაუკარგა მათ მოტივაცია და წაართვა შესაძლებლობები.


„პანდემიის გამო შევაჩერებინე სტატუსი, რადგან მივხვდი, რომ ვსწავლობდი ფსიქოლოგიაზე და განათლებას ვერ ვიღებდი. ფსიქოლოგიის განათლება მე უნივერსიტეტში არ მიმიღია. საკუთარ თავს სტუდენტადაც კი ვეღარ აღვიქვამ. უბრალოდ სახელი მქვია, რომ სტუდენტი ვარ“, - ამბობს ანა ელისაშვილი, რომელმაც სტუდენტის სტატუსი, პანდემიის გამო, უკვე მეორედ შეიჩერა.


ანა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტია. აუდიტორიაში სწავლა მხოლოდ პირველ სემესტრში მოასწრო, შემდეგ პანდემია დაიწყო და ლექციები ონლაინ რეჟიმში გაგრძელდა. ამან მოტივაცია დააკარგინა ლექტორებსაც და სტუდენტებსაც.


„უბრალოდ გადართულები ვიყავით იმაზე, რომ საგანი გადაგველახა და კურსი დაგვემთავრებინა. მოგეხსენებათ, სწავლა არც ადვილია და არც იაფი. როცა წელიწადში იხდი 2250 ლარს, გირჩევნია უნივერსიტეტში სწავლით უფრო მეტი მიიღო, ვიდრე სახლიდან ონლაინ რეჟიმში. ერთი სემესტრით მქონდა სტატუსი შეჩერებული და ახლაც იმიტომ შევაჩერებინე, რომ ჩვენმა უნივერსიტეტმა სწავლა კვლავ ონლაინ რეჟიმში დაიწყო. გადაწყვეტილი მაქვს, სტუდენტის სტატუსი შევაჩერებინო იქამდე, ვიდრე სწავლა აუდიტორიაში არ გაგრძელდება“.

როგორც ანა ამბობს, მისი კურსიდან სტუდენტის სტატუსი 70%-მა შეიჩერა. ვიდრე სწავლა აუდოტორიაში განახლდება, კოსმეტოლოგიაში პროფესიული გადამზადების კურსს გადის. პანდემიამდე არც სტატუსის შეჩერებაზე და არც მეორე პროფესიაზე უფიქრია. ახლა მისთვის კიდევ უფრო ბუნდოვანია, როდის გახდება დიპლომირებული ფსიქოლოგი.

„უნივერსიტეტი უნდა დამემთავრებინა 2023 ან 2024 წელს და სავარაუდოდ გაიწელება 2026 ან 2027 წლამდე. ამ პანდემიის ფონზე, ზუსტად არ ვიცი, როდის შევძლებ უნივერსიტეტის დამთავრებას“.


უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობასთან ერთად, კოვიდპანდემიამ ანას შემეცნების, გართობის, დასვენების შესაძლებლობა წაართვა. ყველა ის ობიექტი, სადაც აქამდე დროს ატარებდა, დაიხურა. 



ანა ელისაშვილი - სტუდენტი





უმაღლესი განათლების სრულყოფილად მიღებაში პანდემიამ ხელი ჯონი ხუციშვილსაც შეუშალა. რამდენიმე თვეა, რაც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა, სამართლისა და დიპლომატიის განხრით. ბოლო ორი წელი დისტანციურ რეჟიმში სწავლობდა. ფიქრობს, რომ უნივერსიტეტის აუდიტორიაში მეტს დაეუფლებოდა, ვიდრე ეს ონლაინ იყო შესაძლებელი.

„როდესაც დადიხარ უნივერსიტეტში და სწავლობ, იქ არის ბევრი პროგრამა, სადაც შეგიძლია მონაწილეობა მიიღო, შენი თვალით ხედავ ყველაფერს. მაგალითად, სასამართლოების სხდომებზე მინდოდა სიარული, დავესწრებოდი პროცესებს და ასე ცოდნას უფრო გავიღრმავებდი. ამ პანდემიის გამო კი, ორი წელი ონლაინ რეჟიმში მომიწია სწავლა, რაც, ვფიქრობ, უკან გადადგმული ნაბიჯი იყო ჩემთვის სწავლის მხრივ. პანდემიამ უფრო შეამცირა სამუშაო ადგილები. როდესაც სტაჟირებაზე ვიყავი თბილისის იუსტიციის სახლში, წელიწადნახევრის განმავლობაში, ერთი და იგივე კადრი იყო ერთი და იგივე ადგილზე, არ ხდებოდა კადრის წინსვლა“.

თბილისის იუსტიციის სახლის გარდა, სტაჟირება ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფში გაიარა. პროფესიით მუშაობის დაწყებას ცდილობს, მაგრამ უშედეგოდ.

„რა ვებგვერდზეც არ უნდა შეხვიდეთ დასაქმებაზე განცხადების გასაკეთებლად, პირველ რიგში, ითხოვენ გამოცდილებას და ეს არის მინიმუმ ორ წლიანი გამოცდილება კონკრეტულად იმ სფეროში, სადაც მსურს მუშაობის დაწყება. ხშირ შემთხვევაში, სწორედ ამ მოთხოვნის გამო ვიბლოკები, რადგან სწავლა რამდენიმე თვის წინ დავასრულე. გამოცდილება არ მაქვს, რომ დავიწყო მუშაობა იუსტიციის სახლში, პროკურატურაში თუ საგამოძიებო უწყებაში. სხვა სფეროში არ მიცდია, რადგან სხვა პროფილით ვერ ვხედავ ჩემ თავს“, - ამბობს ჯონი ხუციშვილი.

უმუშევრობის ჟამს, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლა გადაწყვიტა. ჯარის მოვლის შემდეგ თუ კიდევ ვერ დასაქმდება, საადვოკატო გამოცდის ჩაბარებას აპირებს. ცდილობს, რთულ ვითარებაში გამოსავალი იპოვოს, თუმცა დემოტივაცია და მომავლის შიში მაინც ძლიერია.

„ახლაც ვაპირებდი გერმანიაში გამგზავრებას, სტუდენტური პროგრამით. უბრალოდ, რაღაც პრობლემების გამო ვერ ხერხდება ჩემი გერმანიაში გადასვლა. მინდოდა ოქტომბერში წავსულიყავი. ვაპირებდი ენის შესწავლას, განათლების მიღებას და დასაქმებას. თუ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის შემდეგ ვერ დავსაქმდი საქართველოში, აუცილებლად წავალ საზღვარგარეთ, რომ უფრო მეტად განვვითარდე და კარიერულად წინ წავიწიო“.


ჯონი ამბობს, რომ დღეისთვის მისი ვერცერთი კურსელი პროფესიით ვერ დასაქმდა. მუშაობის დაწყება მხოლოდ მაღაზიებში მოლარე ოპერატორად, კონსულტანტად ან მსგავს პოზიციაზე შეძლეს.



ჯონი ხუციშვილი - კურსდამთავრებული





უნივერსიტეტი წლების წინ დაამთავრა და პანდემიამდე კარიერის აწყობა მოასწრო გიორგი ხუციშვილმა. ის სასტუმრო Crowne Plaza Borjomi-ში სტუმრების მიღება-განთავსების განყოფილების მენეჯერია. პანდემიამდე მისი გრაფიკი მძიმე იყო. კორონავირუსის გავრცელების გამო სასტუმრო დროებით დაიხურა, თანამშრომლები ნახევარ განაკვეთზე და შესაბამის ანაზღაურებაზე გადაიყვანეს.


გიორგი ხუციშვილი - დასაქმებული






გიორგის შემოქმედებითი საქმიანობაც შეეზღუდა. ვოკალურ ანსამბლ „ოქტავასთან“ ერთად არაერთი ვიდეო რგოლი გადაიღო და გეგმაში კიდევ ბევრი კლიპი თუ სიმღერა ჰქონდა. პანდემიამ ესეც „გააუქმა“, რაც ფსიქოლოგიურად მარტივი გადასატანი არ იყო.





„ზოგიერთ შემთხვევაში სტუდენტობასთან დაკავშირებულ გამოწვევებს (ახალ გარემოში ადაპტაცია; ოჯახისგან დამოუკიდებლად ფუნქციონირება, ურთიერთობები და ა.შ) ონლაინ სწავლასთან დაკავშირებული ახალი სტრესორები დაემატა. მაგალითად, ჩართვისთვის აუცილებელი პირადი სივრცის, კომპიუტერული ტექნიკის, უწყვეტი ინტერნეტ კავშირის არქონა, ოჯახის წევრის მიერ სამსახურის დაკარგვა, რასაც სოციალური/ფინანსური სირთულეები ახლდა თან. ამ ყველაფრიდან გამომდინარე სტუდენტებში გაიზარდა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სიმპტომები. სიმპტომები გამოიხატება ფსიქო-ემოციურ, ქცევით და ფიზიკურ დონეზე. ფსიქო-ემოციურ დონეზე გამოხატულ სიმპტომებს შორის არის მარტოობის და გარიყულობის განცდა, ნეგატიური ან დეპრესიული გუნება-განწყობა, შფოთვა, შინაგანი ფორიაქის განცდა, მოტივაციის ნაკლებობა, დაბნეულობა, მეხსიერების სირთულეები. ქცევით დონეზე - ძილთან დაკავშირებული სირთულეები (უძილობა, ღამის კოშმარები, ძილიანობა), კვების სირთულეები (მომატებული მადა ან უმადობა), ნიკოტინის და ალკოჰოლის ჭარბად მოხმარება. ფიზიკურ დონეზე ტკივილები სხეულის სხვადასხვა ნაწილებში, დაღლილობის შეგრძნება, კანკალი“, - გვიხსნის ფსიქოლოგ/ფსიქოტრავმატოლოგი თამუნა მჭედლიშვილი.

თამუნა მჭედლიშვილის განმარტებით, ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანია ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე მიმართული სერვისების შეთავაზება. მაგალითისთვის კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტირების ცენტრი მოჰყავს, რომელიც სტუდენტებს ემოციური, ინტერპერსონალური, ქცევითი პრობლემების დროს (შფოთვა, პანიკური შეტევები, დაქვეითებული გუნება-განწყობა, ძილის დარღვევები, პრობლემები ურთიერთობებში, სტრესის, მათ შორის COVID-19 შემდგომ განვითარებული მდგომარეობა და ა.შ). უფასო ფსიქოლოგიურ კონსულტაციებს სთავაზობს.

„ცენტრის ეფექტურობის შესაფასებელი კვლევის შედეგებმა აჩვენა კონსულტაციების დადებითი გავლენა სტუდენტების ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესების კუთხით. მსგავსი ტიპის ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ხელმისაწვდომობის გარდა, არსებობს რამდენიმე გზა, რომლებიც შეგვიძლია განვიხილოთ როგორც სიმპტომებთან გამკლავების საშუალება: საუბარი იმ ადამიანებთან, ვისი დახმარებაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია (მეგობრები, ოჯახის წევრები, კოლეგები...), იმის გახსენება, თუ რა გვეხმარებოდა წარსულში სტრესთან გამკლავებაში, ფიზიკური აქტივობის შენარჩუნება, დროის გამოყოფა კვებისთვის, დასვენებისა და რელაქსაციისთვის. რეკომენდებულია სამუშაო/სასწავლო დღის ხანგრძლივობის დარეგულირება. ალკოჰოლის, კოფეინისა თუ ნიკოტინის მიღების მინიმუმამდე დაყვანა, უშულოდ ექიმის დანიშნულების გარეშე ნებისმიერი მედიკამენტის მიღება. როგორც საერთაშორისო გამოცდილება (დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ამსტერდამი, ამერიკის შეერთებული შტატები) გვიჩვენებს, ახალგაზრდებში ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნების ხელშეწყობის მიზნით, მნიშვნელოვანი გახდა ფსიქოლოგიური საკონსულტაციო ცენტრების დაარსება“, - ამბობს თამუნა მჭედლიშვილი.

ახალგაზრდებისთვის ფსიქოლოგიური საკონსულტაციო ცენტრებით საქართველო განებივრებული არ არის. ქვეყანაში ქმედითი ნაბიჯები არც მათი გამოწვევების იდენტიფიცირებით და მოგვარებით გადადგმულა. შესაბამისად, ახალგაზრდები, რომლებსაც პანდემიამ გარკვეული შესაძლებლობები წაართვა, პრობლემებთან შეგუებას ან მის მოგვარებას თავადვე ცდილობენ. სახელმწიფოს მათი ინტერესები არც მოუკვლევია და არც გაუთვალისწინებია.



Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.