ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია
ბორჯომის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფელში. სუსანა აკოფიანი
ტაბაწყურის სოფლის ექთანია. სამედიცინო დახმარებას, ყოველდღიურად,
თემის ოთხ სოფელს უწევს. სუსანა ამბობს, რომ კოვიდვაქცინაციის
მსურველები მობილური ტელეფონის საშუალებით რეგისტრირდებიან.
მაღალმთიანი სოფლის მცხოვრებლები ასაცრელად ბორჯომში ან მეზობელ
მუნიციპალიტეტში, ახალქალაქში მიდიან. სუსანას ინფორმაციით,
ოთხივე სოფელში მოსახლეობის სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის
35%-მდეა აცრილი. სოფლის ექთანი ფიქრობს, ვაქცინაცია
სოფელში რომ იყოს შესაძლებელი, უფრო მეტი ადამიანი აიცრებოდა.
ბორჯომის მაღალმთიანეთში მალე მოთოვს და მისასვლელი გზაც ჩაიკეტება.
მანამდე კი იქ ასვლას მარათონის ფარგლებშიც არ გეგმავენ.
ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე
ბორჯომში სულ 9 400-მდე ადამიანი აიცრა. 12 აგვისტოდან ვაქცინაცია
ბაკურიანშიც მიმდინარეობს და ამ დროისთვის იქ 451 მოქალაქე აიცრა.
ბოლო პერიოდში, ისევე, როგორც მთელ ქვეყანაში, ვაქცინაციის მსურველთა
რაოდენობამ მუნიციპალიტეტში მკვეთრად იკლო. თუ აქამდე სამივე
ვაქცინით, „ფაიზერით“, „სინოფარმით“ და „სინოვაკით“, დღეში 300-მდე
მოქალაქეს ცრიდნენ, ამჟამად ეს მაჩვენებელი 20-მდე შემცირდა.
განსაკუთრებით პასიურობს სოფლის მოსახლეობა. ამის სავარაუდო მიზეზად,
ბორჯომის სამედიცინო ცენტრის დირექტორი ირაკლი დიასამიძე სოფლად
ინფორმაციის ნაკლებობას ასახელებს.
ვაქცინაციის მსურველ მოსახლეობას ტრანსპორტით უზრუნველყოფას ჰპირდება
ადგილობრივი ხელისუფლება. მოქალაქეებმა ბორჯომის მუნიციპალიტეტს უნდა
მიმართონ. მერია მათ სამედიცინო ცენტრამდე მიყვანას და უკან
დაბრუნებას უზრუნველყოფს. „დახმარების კუთხით ძალიან ცოტა
მოქალაქე მოგვმართავს, ჩვენი სოფლის წარმომადგენლები ჩართულები არიან
ყველა კუთხით მოსახლეობის ინფორმირებაში და რა ვიცი, მსურველების
რაოდენობა თანდათან მცირდება“, - ამბობს ბორჯომის მერის
მოვალეობის შემსრულებელი იოსებ რაზმაძე.
სოფლის მცხოვრებლების ჩართულობისა და გააქტიურების მიზნით 18
ოქტომბრიდან საქართველოში ვაქცინაციის მარათონი დაიწყო. კამპანია
ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება და 50-მდე სოფელს მოიცავს. აცრების
მარათონში ბორჯომიდან მხოლოდ დაბა ბაკურიანია ჩართული. დღეს, 29
ოქტომბერს, საკურორტო ზონის ვაქცინაციის პუნქტს დაავადებათა კონტროლის
და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ეწვია.
ბაკურიანის ჯანდაცვის ცენტრში ამირან გამყრელიძის ყოფნის პერიოდში
ორი, დღის განმავლობაში კი სულ ხუთი ადამიანი აიცრა. ბორჯომის
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი მანანა რატიანი
ამბობს, რომ უბნის ექიმების მიერ ინფორმაციის გავრცელების მიუხედავად,
აქტივობა მაინც დაბალია. ვაქცინაციის მიმართ მოსახლეობის ნეგატიური
დამოკიდებულება არა ინფორმაციის დეფიციტის, არამედ არსებული
ინფორმაციის არასწორი აღქმის შედეგია.
„ძალიან ბევრი დაუსაბუთებელი ინფორმაცია აქვთ მიღებული და
მაქსიმალურად, ამ მარათონის ფარგლებში, ვცდილობთ, რომ ეს არასწორი
ინფორმაცია გავუქარწყლოთ. არასწორი ინფორმაცია ჩავანაცვლოთ
მაქსიმალურად სწორი ინფორმაციით“.
ქვეყანაში ვაქცინაციის მარათონის დაწყებიდან ერთ კვირაში სოფლებში
დამატებით 1200 ადამიანი აიცრა, რაც სპეციალისტების შეფასებით,
იმუნიზაციის მსურველთა აქტივობას არ ნიშნავს. ჯანდაცვის მინისტრის
თქმით, შემდეგ ეტაპზე მარათონი შედარებით მცირე ზომის სოფლებში
გაგრძელდება. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები „რთულ ნოემბერს“
აანონსებენ. პანდემიის დასრულების ერთადერთი გზა ვაქცინაციაა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის 25 214 მოსახლიდან აცრილი მხოლოდ 9851
ადამიანია.