ინტერაქტიული მულტიმედია
კოვიდსტატისტიკა - დამოკლეს მახვილი სკოლების თავზე
20 ოქტომბერს, საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ხელისუფლებას მიმართეს და მოუწოდეს, არ დაუშვას სკოლებისა და სკოლამდელი განათლების დაწესებულებების დახურვა. მიუხედავად იმისა, რომ სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში სულ სამი კვირაა რაც განახლდა, ვირუსის გავრცელების მზარდი სტატისტიკის ფონზე, კვლავ დაიწყო საუბარი მკაცრი რეგულაციების ამოქმედებაზე. საქართველოში კი ყველაზე მკაცრად ბავშვებს ექცევიან. მაშინაც კი, როცა შეზღუდვა, ფაქტობრივად ყველაფერზე მოხსნილი იყო, სკოლებმა სწავლა დისტანციურ რეჟიმში განაახლეს.

ქეთევან კევლიშვილი დაწყებითი საფეხურის პედაგოგია. პანდემიამ მის მუშაობაში ცვლილებები შეიტანა. ამჯერად მესამე კლასს ასწავლის. რეგულაციების გათვალისწინებით მუშაობა გაუჭირდა.

„ძალიან დაძაბული ვარ, იმიტომ, რომ ბავშვს ვერ ეტყვი, არ მიხვიდე ახლოს, არ დაელაპარაკო, სასკოლო ნივთების ერთმანეთისთვის თხოვება ახლა არ შეიძლება. ხშირად მიწევს შეხსენება წესების“.


ქ. ბორჯომის N3 საჯარო სკოლის მესამე კლასი


ბორჯომის მუნიციპალიტეტში 320 პირველკლასელი ახალი სასწავლო წლის დაწყებას სიხარულით ელოდა. შეიძინეს სასკოლო ნივთები, ტანსაცმელი, შეარჩიეს ვარცხნილობა. თუმცა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველკლასელებისთვის სასწავლო პროცესი 4 ოქტომბრამდე გადაიდო. 15 სექტემბრიდან დისტანციურად განახლდა სწავლა დანარჩენებისთვის, მე-2 - მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის.



ივლიტა და გიორგი ყულაშვილები დედასთან ერთად დისტანციური სწავლის პროცესში



ივლიტა და გიორგი ყაულაშვილებიც სახლში კომპიუტერს მიუსხდნენ. მეორე და მესამე კლასელ მოსწავლეებს დედა ყოველ დილით ოთახებში ანაწილებდა. ონლაინ გაკვეთილების დასრულებამდე ელოდებოდა და სამსახურში მხოლოდ ამის შემდეგ მიდიოდა. პატარა გიორგის დახმარება სჭირდებოდა. დისტანციური სწავლება ტექნიკურ პრობლემებს უკავშირდებოდა.




დაწყებითი კლასების პედაგოგის ქეთი კევლიშვილის თქმით, ბავშვებს დისტანციურად სწავლა პირველ კლასში უფრო უჭირდათ. პატარები შედარებით მიეჩვიენ თიმსის წესებს, თუმცა სხვა ტექნიკური პრობლემები ხშირად იჩენდა თავს. ამგვარ ფორმატში სწავლა რთულია.

„თუ მოვინდომებთ მშობელიც, ბავშვიც და მასწავლებელიც, აუცილებლად შეძლებენ. ვისაც საშუალება აქვს და ინტერნეტი, ზოგჯერ ისინიც არ არიან მონდომებული და არ არიან ჩართული. რთულია, მაგრამ შეუძლებელი არ არის, მაგრამ ჩვენი შვილების ჯანმრთელობისთვის, ვფიქრობ, უნდა მოვინდომოთ და ონლაინ ფორმატსაც უნდა მივეჩვიოთ”.

ონლაინ ფორმატზე მიჩვევა კი ბევრისთვის ძალიან რთული საქმეა. პატარა ფართში მცხოვრები ბავშვები ერთმანეთს ხელს უშლიან, არ ჰყოფნით ელექტრონული მოწყობილობები და ექმნებათ ტექნიკური პრობლემები. მთავარი, კი რაზეც მშობლები წუხან, ურთიერთობის ნაკლებობაა. ბავშვები შინ ვერ ხარჯავენ ენერგიას, ენატრებათ კლასელებთან გართობა. ეს კი მათ განწყობასა და ქცევაზე აისახება.

„UNESCO-ს მიერ განხორციელებული გლობალური კვლევის მიხედვით, მაღალია როგორც პანდემიით გამოწვეული საგანმანათლებლო დანაკარგი, ასევე, ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით წარმოშობილი პრობლემები. პანდემიით გამოწვეული ზიანის შესამცირებლად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოს მთავრობას არ გამოუყენებია ეფექტიანი სტრატეგია სკოლებისა და სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად. სიტუაციის მართვის ნაცვლად, საკოორდინაციო საბჭომ გამოსავალი პრობლემისთვის თავის არიდებაში ნახა და სკოლამდელი განათლების დაწესებულებები და სკოლები სრულად დახურა“,
- წერია განცხადებაში, რომელსაც 60-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს.


ბავშვების ფსიქოლოგიურ პრობლემებზე საუბრობს გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძეც. პროფესიით ფსიქოლოგი ამბობს, რომ დისტანციურმა სწავლებამ ბავშვებში ფსიქიკური ჯანმრთელობის, ფიზიკური და სოციალური უნარების განვითარების პრობლემები შექმნა.

„სკოლა არ არის მარტო შენობა. ეს არის სივრცე, სადაც ბავშვები არა მარტო სწავლობენ კონკრეტულ საგნებს, არამედ ივითარებენ თავიანთ უნარებს სხვადასხვა მიმართულებით“.


დიტანციურმა სწავლებამ პრობლემები შეუქმნა მშობლებსაც, რომლებიც მასწავლებლებად იქცნენ. მათ არ ჰქონდათ ცოდნა და უნარები, თუ როგორ ემართათ სტრესი და გართულებული ურთიერთობები შვილებთან.

„სკოლები უზრუნველყოფილია შესაბამისი სადეზინფექციო ხსნარებით, პირბადეებით, თერმოსკრინინგის აპარატებითა და დეზობარიერებით. ვირუსის პრევენციისთვის საჭირო რესურსების მარაგი სკოლებისთვის მთელი სასწავლო წლისათვის არის საკმარისი“, - ვკითხულობთ განათლების სამინისტროს მიერ 3 ოქტომბერს გავრცელებულ ინფორმაციაში.


სკოლების დეზინფექცია (განათლების და მეცნიერების სამინისტროს ფოტო)


თუმცა, საზოგადოებრივი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ მთავრობის სტრატეგია სკოლებისა და სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებების მუშაობის უზრუნველსაყოფად ეფექტიანი არ იყო. განცხადებაში პუნქტებად არის გაწერილი მოთხოვნები და მათ შორის პირველი პედაგოგთა და სკოლის სხვა თანამშრომელთა ვაქცინაციის ხელშეწყობაა, რათა სასწავლო გარემო უსაფრთხო იყოს.

ბორჯომის რესურსცენტრის მონაცემებით, ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში აცრილია სკოლის თანამშრომლების 65%. მოსაწავლეთა უსაფრთხოებისთვის ეს საკმარისი არ არის. აცრების პოპულარიზაციისა და წახალისების მიზნით, მუნიციპალიტეტში იგეგემება პედაგოგების შეხვედრა UNICEF-ის მიერ მოწვეულ ექიმებთან. ასეთი საინფორმაციო შეხვედრები, სადაც მასწავლებლების შეკითხვებს სპეციალისტები პასუხობენ, მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება. უშუალოდ ამ ღონისძიებების შემდეგ 1 000-ზე მეტი მასწავლებელი აიცრა. წლის ბოლომდე მათი რიცხვი 3 000-მდე უნდა გაიზარდოს.

გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციების პროგრამის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე ამბობს, რომ გარკვეული რისკები სკოლაშიც არსებობს, თუმცა ამის მართვა შესაძლებელია. ქვეყანაში ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში წარიმართოს, რათა არ მივიღოთ კოვიდით დაკარგული თაობა.

იმავეს ითხოვენ არასამთავრობო ორგანიზაციები და სამინისტროს მოუწოდებენ „სასწავლო დაწესებულებების დახურვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას გამოიყენოს მხოლოდ დიფერენცირებული მიდგომა - ვირუსის გავრცელების ზონებისა და ტემპების შესაბამისად“.

22 ოქტომბრის მონაცემებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის 21 სკოლიდან მთლიანად დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა დაბა ბაკურიანის საჯარო სკოლა. ვირუსის გავრცელების გამო დროებით ონლაინ აგრძელებს სწავლებას ხუთი სკოლის შვიდი კლასი.

საქართველოში არსებული 2304 საჯარო და კერძო სკოლიდან, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 4 ოქტომბრიდან დღემდე, დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა 108 სკოლა და ცალკეული 687 კლასი.

არასამთავრობო ორგანიზაციები მოითხოვენ, რომ ხელისუფლებამ „სკოლებისა და სკოლამდელი განათლების დაწესებულებების დახურვა განიხილოს, როგორც უკიდურესი ღონისძიება“. ისინი ეყრდნობიან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, გაეროს ბავშვთა ფონდისა და იუნესკოს მოწოდებას, რომ „სკოლა უნდა იყოს პირველი, რომელიც გაიხსნება და ბოლო, რომელიც დაიხურება“, რადგან გამოცდილება ცხადყოფს, რომ სკოლა არ არის ინფექციის გავრცელების მნიშვნელოვანი წყარო.


Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.