ინტერაქტიული მულტიმედია
სიკვდილ-სიცოცხლის ქართული „ცარცის წრე“
კორონავირუსის 5 219დადასტურებული
შემთხვევა და 42 გარდაცვლილი ადამიანი - ეს დღევანდელი, 20 ოქტომბრის
მონაცემებია.
ბოლო 15 წლის განმავლობაში პირველად,
მეტი ადამიანი გარდაიცვალა ვიდრე დაიბადა - ეს უკვე 2020 წლის შედეგი
გახლავთ. სავარაუდოდ, კიდევ უფრო მძიმე იქნება 2021 წლის სტატისტიკა.
კორონავირუსის პანდემიამ საქართველოში, ყველაფერთან ერთად,
დემოგრაფიული კრიზისიც გააღრმავა.
50 გარდაცვლილი დღე-ღამეში და 5 579 კოვიდდადებითი - ასეთი იყო 2021
წლის 14 აგვისტოს მონაცემები. ამ დღეს პანდემიამ ბორჯომელი ცოლ-ქმრის
სიცოცხლეც „მიითვალა“. 69 წლის სოსო და 67 წლის მერი მიქელაძეები,
რამდენიმესაათიანი ინტერვალით, ბორჯომის სამედიცინო ცენტრში
გარდაიცვალნენ.
„ისე დაიღუპნენ, ერთმანეთის გარდაცვალების ამბავიც არ
გაუგიათ, არადა ერთმენეთზე ძალიან ნერვიულობდნენ“,- გვიყვება
მიქელაძეების რძალი ნატო გიგოლაშვილი.
სოსო მიქელაძე ბორჯომში ტაქსის მძღოლად მუშაობდა. აგვისტოს დასაწყისში
სიცხემ აუწია. სწრაფმა ტესტმა ვირუსი არ დაადასტურა. მუშაობა და
მგზავრთა გადაყვანა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელა. მოგვიანებით მეუღლეს და
ოჯახის სხვა წევრებს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები
გამოუვლინდათ. PSR ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა.
„ჩემი მამამთილი, მიუხედავად იმისა, რომ სიცხე ჰქონდა, რადგან
პირველ ეტაპზე ვირუსი არ დაუდასტურდა, ამბობდა, უბრალო ვირუსია და
კარგად ვარო. ყველაფერი იმის შემდეგ შეიცვალა, რაც დადგინდა, რომ
კოვიდი ჰქონდათ. ორივე ცოლ-ქმარს შიში დაეწყო. ნერვიულობით უფრო
გახდნენ ცუდად. ჩემმა დედამთილმა რომ გაიგო, ვირუსი ჰქონდა, მთელი დღე
იჯდა და არ ამდგარა. ფსიქოლოგიურად ვერ გადაიტანეს ეს ყველაფერი.
შემდეგ თანმდევი დაავადებები გაურთულდათ და ერთ დღეში ჯერ დედამთილი
გარდაიცვალა, სამი საათის შემდეგ მამამთილი“
ბოლო 15 წლის განმავლობაში პირველად, საქართველოში
გარდაცვლილების რაოდენობამ დაბადებულების რიცხვს გადააჭარბა.
2020 წლის საქსტატის მონაცემებით ბორჯომში 83 ადამიანით მეტი
გარდაიცვალა ვიდრე დაიბადა. 2020 წლის დემოგრაფიული სტატისტიკა
ციფრებში ასე გამოიყურება.
საქსტატმა 2021 წლის პირველი ექვსი
თვის (იანვარი - ივნისის), წინასწარი მონაცემებიც გაასაჯაროვა.
მიმდინარე წლის დინამიკა 2020 წლის ტენდენციას იმეორებს.
რას გვეუბნება
ციფრები?
2021 წლის პირველ ნახევარში საქართველოში 3
982 ადამიანით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა.
პატარა ელისაბედი მიმდინარე წლის ზაფხულში გაჩნდა. ის ხათუნა
მელიქიძის და ხვიჩა გიგაშვილი პირველი შვილია. წყვილი პანდემიის
გამოცხადების შემდეგ დაოჯახდა.
„ოჯახის შექმნა არ შედიოდა ჩემს გეგმებში, კარიერაზე ვიყავი
გადართული, მაგრამ ყველაფერი რეალურად კორონავირუსის გავრცელებამ
დააჩქარა“, - გვიყვება ხათუნა მელიქიძე.
ვირუსის გავრცელებამდე 29 წლის ქალი დუბაიში მუშაობდა. ფრენების
შეზღუდვის და საზღვრების ჩაკეტვის შიშით საქართველოში დაბრუნების
გადაწყვეტილება მიიღო.
„ტრანსპორტიც კი შეიზღუდა ჩემი საქართველოში დაბრუნების
შემდეგ. ისე მოხდა, რომ ჩემს სანახავად ბორჯომში ჩამოსულმა ჩემმა
შეყვარებულმა უტრანსპორტობის გამო სახლში დაბრუნება ვეღარ მოახრეხა და
ფაქტობრივად, კარანტინი ჩემს ოჯახში გაატარა, ამან დააჩქარა ჩვენი
ქორწინების გადაწყვეტილება“, - ამბობს ხათუნა.
არ იყო არც საოცნებო თეთრი კაბა, არც დიდი საქორწინო წვეულება და, რა
თქმა უნდა, არ იყვნენ სტუმრები. კორონავირუსმა ქორწინება ჩვეულებრივ,
რიგით რიტუალად აქცია. ყველაზე რთული მაინც ორსულობის მეორე თვეს
დადასტურებული კოვიდი იყო.
„გვეშინოდა პანდემიის და უმეტესწილად იზოლაციაში ვიყავი,
მაგრამ მაინც შემხვდა კორონავირუსი. ძალიან რთულად გადავიტანე. მთელი
ორსულობა უძილობა დამიტოვა, მაგრამ გვითხრეს, რომ ნაყოფს არ
ემუქრებოდა არანაირი საფრთხე და, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ მოლოდინში
ვიყავით. შიში მქონდა, ვხვდებოდი, რომ ეს ყველაფერი ძალიან დიდი რისკი
იყო, მაგრამ მაინც ვინარჩუნებდი პოზიტიურ განწყობას. ახლა სამი თვის
არის ჩემი გოგონა. რთული ორსულობის ფონზე, ჭირვეულია პატარა, მაგრამ
მთავარია ჯანმრთელია“.
ხათუნას და მისი მეუღლისგან განსხვავებით, ბევრმა წყვილმა ოჯახის
შექმნის გადაწყვეტილება ვერ მიიღო. ბევრს შეეშინდა და შვილის ყოლა
სამომავლო, პოსტპანდემიურ გეგმებში გადაიტანა. ასეა თუ ისე, ქვეყანაში
შობადობის მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირდა.
2021 წლის ექვსი თვის (იანვარი-ივნისი) მონაცემებით საქართველოში 21
839 ბავშვი დაიბადა. თუ შობადობა ამავე ტემპით გაგრძელდა წლის
ბოლოსთვის, სავარაუდოდ, 43 678 ბავშვი გაჩნდება. ეს კი იმას ნიშნავს,
რომ 2020 წელთან შედარებით (46 520 ბავშვი), მეორე პანდემიურ წელს
შობადობა საქართველოში კიდევ უფრო შემცირდება და ბოლო ოცწლეულში
ყველაზე დაბალ მაჩვენებელს მივიღებთ.
კლების ტენდენცია თვალშისაცემია საქართველოში ბოლო წლების
განმავლობაში დარეგისტრირებული ქორწინების სტატისტიკაშიც.
შემცირებული ქორწინება, შობადობა და გაზრდილი სიკვდილიანობა - არის თუ
არა ეს რეალობა კავშირში კორონავირუსის პანდემიასთან? დემოგრაფი
გიორგი მელაძე მიიჩნევს, რომ ვირუსის გავრცელებამ ქვეყნის
დემოგრაფიაზე ნეგატიურად იმოქმედა.
„ზუსტი და დასაბუთებული დასკვნების გაკეთება ამ დროისთვის
რთულია, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის კოვიდთან
დაკავშირებული. ევროკავშირის ქვეყნებს თუ გადავხედავთ, ყველგან არის
სიკვდილიანობა გაზრდილი. საქართველოში კი ჩვენც ვხედავთ ყოველდღიურად
რამდენი ადამიანის სიცოცხლეს გვართმევს კოვიდი. გასული 2020 წლის
პირველ ნახევარს თუ შევადარებთ 2021 წლის იმავე პერიოდს 2000-ზე მეტი
გარდაცვალების შემთხვევით მეტი გვაქვს“.
გიორგი მელაძის განმარტებით, შობადობის ნაწილში, ევროპის ქვეყნებთან
შედარებით საქართველოში, პანდემიურ წლებში უკეთესი მდგომარეობაა.
„შობადობის შემთხვევაში იტალიაში კატასტროფული კლებაა,
ასეთივე მდგომარეობაა პოლონეთში, ირლანდიაში, რუმინეთში, ესპანეთში,
მაგრამ არის ქვეყნები, სადაც მატებაა, - ფინეთში, ნიდერლანდებში.
საქართველოს რაც შეეხება, აქ პანდემიამდეც შემცირებული იყო
ახალშობილთა რიცხვი და მე ვფიქრობ, შობადობა ჩვენთან მომდევნო წლებში
კიდევ უფრო შემცირდება, თუნდაც ამ პანდემიამ ჩაიაროს“.
საქართველოში ბოლო წლებში შემცირებულ შობადობას გიორგი მელაძე 90-იან
წლებს უკავშირებს. დემოგრაფი განმარტავს, რომ მაშინ საქართველოში
შობადობა განახევრდა. ახლა კი 90-იანებში დაბადებული ცოტა ქალი აჩენს
შვილს .
„ეს არის 20-29 წლის ქალების თაობა, შობადი კონტიგენტის
შესაძლებლობები ძალიან მწირი გვაქვს, მწირი ქალების თაობა
გვყავს“.
დემოგრაფს დამაიმედებელი პროგნოზის გაკეთება უჭირს. მიიჩნევს, რომ
საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდება, რაზეც,
რა თქმა უნდა, კოვიდპანდემიის შესაძლო გავლენასაც ხედავს. ამას
ადასტურებს ამერიკაში ჩატარებული კვლევა.
გუტმახერის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა კვლევა, რომლის ფარგლებშიც
პანდემიის ადრეულ ეტაპზე, 18–49 წლის ქალები მათი რეპროდუქციული
გეგმების შესახებ გამოკითხა. რესპოდენტთა მესამედზე მეტმა აღნიშნა,
რომ COVID-19-ის პანდემიის გამო, ან მოგვიანებით დაორსულება, ან
ნაკლები შვილის ყოლა გადაწყვიტა.
გიორგი მელაძე დარწმუნებულია, რომ საქართველოშიც იგივე სურათი
გვაქვს.
„ამ პირობებში ძალიან ბევრი წყვილი გადადებს სამომავლოდ
ბავშვის დაბადებას, ამ პირობებში ადამიანები უფრთხიან მსგავსი
გადაწყვეტილებების მიღებას. შესაბამისად, კიდევ უფრო შემცირდება
დაბადებულთა რიცხვი.
დემოგრაფიულ მეცნიერებაში არსებობს ასეთი ცნობილი მოვლენა,
დემოგრაფიული ტალღა. ახლა დაბალი შობადობის პირობებში ეს ტალღა
ჩამოყალიბდება და ახლა დაბადებული ბავშვები რომ მშობლობის ასაკს
მიაღწევენ, ეს დემოგრაფიული ტალღა რომ მიაღწევს 20-25 წლის ასაკს,
შობადობა, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო შემცირდება.
სახელმწიფომ ძალიან აქტიური დემოგრაფიული პოლიტიკა უნდა გაატაროს.
რაღაცეები კეთდება, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, სერიოზულად
საჭიროებს ეს საკითხი ყურადღებას“
პანდემიის პერიოდში დემოგრაფიული ზრდის წახალისება გადაწყვიტა
საქართველოს მთავრობამ. მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყო
სუბსიდირებული იპოთეკური სესხის პროგრამა. ის მრავალშვილიანი ან ისეთი
ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას გულისხმობს, რომლებსაც
ახალშეძენილი შვილი ან შვილები ჰყავთ. პროგრამა ასეთი ოჯახების ან
მარტოხელა მშობლების/ქვრივის მიერ აღებულ იპოთეკურ კრედიტებზე
დარიცხული საპროცენტო სარგებლის სუბსიდირებას ითვალისწინებს, სესხის
გაცემიდან 60 თვის განმავლობაში.
ჩვენ ვცდილობთ გავარკვიოთ, რამდენმა ოჯახმა მიმართა ამ დახმარებისთვის
სახელმწიფოს და ინფორმაციის მიღებისთანავე სტატია განახლდება.
შობადობის და დემოგრაფიის წახალისების სოციალური პროგრამა აქვს
ბორჯომის მუნიციპალიტეტსაც. 10 წელზე მეტია, რაც ადგილობრივი
ბიუჯეტიდან ყოველთვიურა დახმარებას იღებენ ოთხი და მეტშვილიანი
ოჯახები - მინიმალურ 200 ლარს და 50 ლარს ყოველ მომდევნო შვილზე.
ბორჯომის მერია სხვა სახის წამახალისებელ ერთჯერად კომპენსაციასაც
გასცემს. ახლადდაქორწინებულებს 150 ლარი გადაეცემათ, ყოველ პირველ
ახალშობილზე ოჯახი 150 ლარს იღებს, მეორე შვილზე 200 ლარს, მესამეზე
300-ს, ხოლო მეოთხეს შეძენისას ერთჯერადი დახმარება 1000 ლარია.
2021 წლის ბიუჯეტის ამ მიმართულებებზე 279 200 ლარია
გათვალისწინებული. დახმარებას იღებს100 მრავალშვილიანი ოჯახი.
დამატებითი რესურსი ამ მიმართულებით ადგილობრივ ხელისუფლებას არ
გამოუყია.
დემოგრაფიული გამოწვევების წინაშე საქართველო პანდემიამდეც იდგა. 2016
წელს ხელისუფლებამ პირველად გაიაზრა პრობლემა და პარლამენტმა მიიღო
„საქართველოს დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფცია“. ამას წინ
უსწრებდა საკანონმდებლო ორგანოს კიდევ ერთი დადგენილება: „საქართველოს
მოსახლეობის დაბერების საკითხებზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფცია“.
ეს ორი დოკუმენტი განსაზღვრავს ამჟამად ქვეყნის დემოგრაფიულ
კურსს.
კონცეფციის პრიორიტეტული
სფეროებია:
- 1 შობადობა, სქესობრივი
და რეპროდუქციული ჯანმრთელობა;
- 2 ავადობა და
სიკვდილიანობა;
- 3 მიგრაცია;
- 4 მოსახლეობის სტრუქტურა
და მოსახლეობის დაბერება.
კონცეფციის მიზნების მისაღწევად საქართველოს მთავრობამ 2017-2030
წლების დემოგრაფიული უსაფრთხოების სტრატეგიაც დაამტკიცა.
მაშინ, ალბათ, ხელისუფლება ვერც კი წარმოიდგენდა, დამატებით რა
გამოწვევებს შექმნიდა 2020 წელს მსოფლიოში გამოცხადებული კოვიდ 19-ის
პანდემია. კონცეფციით გათვალისწინებული ამოცანების გარდა, დემოგრაფიულ
კრიზისთან გასამკლავებლად ახლა გაცილებით მეტი ძალისხმევაა
საჭირო.
ყურადსაღებია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებიც, რომელიც
ასევე პანდემიამდეა გამოქვეყნებული.
„არსებული დემოგრაფიული ტენდენციების შენარჩუნების შემთხვევაში, 2050
წლისათვის საქართველოს მოსახლეობა 3 186 000-მდე, ხოლო 2100 წლისათვის
2 367 000 ადამიანამდე შემცირდება“.
ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ტენდენცია გაგრძელდა, ყოველ 50 წელიწადში
ქვეყანა ერთი მილიონი მოქალაქით შემცირდება. პანდემიის მეხუთე ტალღის
დროს კი, როცა დღითი-დღე იზრდება გარდაცვლილთა რაოდენობა, უკიდურესად
რთულად მიდის კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის პროცესი და ამას თან
ერთვის ეკონომიკური კრიზისი, ბავშვის გაჩენის რესურსი მცირდება და
შიში მხოლოდ ძლიერდება.
გააზიარეთ :