ინტერაქტიული მულტიმედია
დეპრესია და შფოთვითი აშლილობა - პანდემიის გავლენა ბავშვების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე
“მამა მთელი დღე სახლიდან არ გადის, დადის და ხვნეშის, თუ რამეს ვკითხავ, მაშინვე ჩხუბს იწყებს. რაც უსამსახუროდ დარჩა, სახლში ყველას ეჩხუბება... ამის გამო სულ ცრემლებით ვიძინებ“, - მარიკა, 11 წლის.
„დედა სულ გაღიზიანებულია, როცა დავალების მომზადებაში დახმარებას ვთხოვ, შტერს მეძახის, უმაქნისს და არ მეხმარება, უშენოდაც ბევრი საქმე მაქვსო... რაც პანდემია დაიწყო, ძალიან გაგვიჭირდა და დედა აღარ იღიმის“, - ბაჩო, 13 წლის.

„დედა დიდი ხანია საბერძნეთშია, მე ნათესავთან ვცხოვრობ. მოხუცი, ვისაც დედა უვლიდა, გარდაიცვალა და პანდემიის გამო ახალი სამსახური ჯერ ვეღარ იშოვა, ფულს ვერ აგზავნის. ნათესავი კი ამის გამო სულ მეჩხუბება, როდის გაეთრევი ამ სახლიდანო, საჭმელსაც დღეში ერთხელ მაჭმევს... დედაჩემს უპასუხისმგებლო იდიოტს ეძახის, მე უსაქმურს. მინდა სადმე ერთ კუთხეში დავიმალო და ვერავინ მხედავდეს“, - მაკა, 14 წლის.

„ონლაინ ვერც მასწავლებელს ვუსმენ, ვერც სწავლას ვახერხებ, არ ვიცი რა მჭირს. აღარ მაინტერესებს სწავლა, მაინც არაფერი გამომდის და რა აზრი აქვს. მერე ისევ დამცინავი შეფასებები უნდა ვისმინო გაკვეთილზე. ადრე მეგობარი მოდიოდა ჩემთან და მეხმარებოდა, ახლა ისიც ვეღარ მოდის“, - მარი, 16 წლის.

მარიკა, ბაჩო, მაკა და მარი ამ ისტორიებს ფსიქოლოგს უნდა უყვებოდნენ, მაგრამ ის ბორჯომში არ არსებობს. შესაბამისად, არ არსებობენ მარიკა, ბაჩო მაკა და მარი. ეს ისტორიები მოგონილია, თუმცა რეალურის საფუძველზე. მსგავს ამბებს სხვა ბავშვები, სხვაგან, ნამდვილ ფსიქოლოგებს უყვებიან. ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ბორჯომშიც ბევრი არასრულწლოვანია, თუმცა არავინაა, ვინც მათ დაინახავს, მოუსმენს, დაეხმარება. მოზარდებმა არ იციან, რატომ იკეტებიან საკუთარ თავში, რატომ აღარ ახარებთ არაფერი, რატომ უნდათ იყვნენ უჩინარები. არაფერი სმენიათ ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ და ხშირად საკუთარ თავს მსხვერპლადაც ვერ აღიქვამენ.

„მილიარდი ბავშვი ყოველწლიურად ძალადობის მსხვერპლია. შოკისმომგვრელი მონაცემები კორონავირუსის პანდემიის პირობებში კიდევ უფრო გაიზარდა. ძალადობის პრევენციისა და მათზე რეაგირების სამსახურები ჩამოშლილია 1 მილიარდ 8 მილიონი ბავშვისთვის 100-ზე მეტ ქვეყანაში. მილიარდნახევარმა ბავშვმა სკოლების დახურვით დაკარგა დაცვა და მხარდაჭერა, რასაც ხშირად სკოლა უზრუნველყოფდა“ - ვკითხულობთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გვერდზე განთავსებულ მიმართვაში, სადაც ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ადამიანები და არა მხოლოდ ისინი, ყველა ქვეყნის ხელისუფალთ, არასამთავრობო სექტორს და სამოქალაქო საზოგადოებას ბავშვთა დაცვისკენ მოუწოდებენ.

„მსოფლიოში, ყოველ მეოთხე ბავშვს უფიქსირდება კლინიკურად გამოხატული დეპრესია, ყოველ მეხუთე ბავშვს კი შფოთვითი აშლილობა. ეს ეხება ყველა ქვეყანას, მათ შორის საქართველოს“, - ეს მონაცემები ანა არგანაშვილს, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ იურისტს წარმომადგენლობით სამეცნიერო კვლევაზე დაყრდნობით მოჰყავს.

„მსოფლიოში დეპრესიისა და შფოთვის სიმპტომების სიხშირე ბავშვებსა და მოზარდებში Covid 19-ის პერიოდში“ - ნაშრომი ამ სათაურით ბავშვებში ფსიქიკური ჯანმრთელობის გაორმაგებულ პრობლემებს აღწერს. ავტორებმა 29 სხვადასხვა კვლევა შეისწავლეს, რომელშიც გლობალურად 80 879 ბავშვი მონაწილეობდა. შედეგად დაასკვნეს, რომ პანდემიის გახანგრძლივება შფოთვისა და დეპრესიის სიმპტომების მოჭარბებას იწვევს, განსაკუთრებით გოგონებსა და მოზარდების უფრო მაღალი ასაკის ჯგუფში. ამის ხელშემწყობი ფაქტორი შეიძლება იყოს ბიოლოგიური მგრძნობელობა, დაბალი თვითშეფასება, ინტერპერსონალური ძალადობისა (მოძალადესა და მსხვერპლს შორის სიტუაციურად განპირობებული ან ზოგადად არსებული უთანასწორობა) და გენდერულ უთანასწორობასთან დაკავშირებული სტრესი. კვლევა მიმდინარე წლის აგვისტოში გამოქვეყნდა.

პანდემიის დროს შემოღებულმა „ლოქდაუნმა“, ჩაკეტილობამ, ეკონომიკურმა პრობლემებმა, გაამწვავა და გაართულა ძალადობის შემთხვევები იმ სივრცეში, სადაც აქამდეც არსებობდა და შექმნა იქ, სადაც ის არ იყო. მოძალადე და მსხვერპლი ერთ ოჯახში, ერთმანეთის პირისპირ დიდი ხნით დარჩნენ. სიტუაციამ ახალი მოძალადე და შესაბამისად, მსხვერპლი გააჩინა.



„ძალიან ბევრი ბავშვისთვის სკოლა იყო თავშესაფარი, რადგან ისინი აქამდე ახერხებდნენ დისტანცირებულები ყოფილიყვნენ ოჯახში არსებული კონფლიქტებისგან, მათ მიმართ აგრესიული დამოკიდებულებისგან და ამ ერთ სივრცეში ცხოვრებამ ეს საკითხი კიდევ უფრო გაამწვავა. ახლა ვეღარც თამაშობენ, ვეღარც მეგობრებთან ერთობიან, ოთხ კედელში ჩაკეტვა კი საკმაოდ ცუდად აისახება ბავშვის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე. ბავშვებში წამოვიდა მთელი რიგი პრობლემები. ძალიან გაიზარდა დეპრესიის, შფოთვის მაჩვენებელი. მაგალითად, საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია პანიკური აშლილობის, იმატა სუიციდის მცდელობებმა“,
- გვეუბნება ფსიქოლოგი მაია ცირამუა.

სუიციდის რისკი არსებობდა იმ ბავშვებთანაც, ვისთანაც ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მუშაობდა. მათ შორის არ იყვნენ ბორჯომელები. აქ მოზარდების დეპრესიას და შფოთვას სერიოზულად არ ღიქვამენ. ძალადობის კონკრეტულ ფაქტებზეც მეზობლები თუ საუბრობენ. მუნიციპალიტეტში არც ბავშვთა უფლებების დამცველია და თუ ერთადერთ სოციალურ მუშაკს არ ჩავთვლით, არც ფსიქოლოგი, ვისაც დახმარება და ვითარების შეცვლა შეუძლია.

„დედამ შვილებზე იძალადა ფიზიკურად და გაყვანილი იყო ოჯახიდან, განარიდეს. ყველაზე პატარა სამი წლის იყო, ბავშვი, რომელზეც იძალადა. როგორც ვიცი, შვილებს ამათხოვრებდა კიდეც. პირობითიც ჰქონდა მისჯილი დედას. თუმცა, გასულ თვეში ისევ დააბრუნეს ოჯახში“, - გვიამბობს ერთ-ერთი ბორჯომელი, რომელმაც ვინაობის დასახელება არ ისურვა. მისი თქმით, მეზობლად მცხოვრებ ოჯახში პრობლემა დღითიდღე მწვავდება.







ძალადობის მსხვერპლი ბავშვები სტატისტიკაში და სტატისტიკის მიღმა



არ არსებობს კვლევა, რომელიც პანდემიის პერიოდში, საქართველოში და მით უფრო ბორჯომში ბავშვების ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ რაიმე ინფორმაციას მოგვცემდა. თუმცა, მოზარდებზე ძალადობის შესახებ ქვეყნის მასშტაბით არსებული მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, ბავშვის ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ჩაგვრის ფაქტი მუნიციპალიტეტშიც ბევრია. მოძალადეები, ხშირ შემთხვევაში, მშობლები არიან. სფეროს სპეციალისტების შეფასებით, ისინი შეცდომებს აღზრდის პროცესში უშვებენ, როცა შვილებთან ურთიერთობისას ძალადობას მიმართავენ. ბავშვის აღზრდის მეთოდებთან დაკავშირებით მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა საქართველოში სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, 2018 წელს ჩაატარა. შედეგები ასეთია: ბავშვების 69% ძალადობის მსხვერპლი იყო, მათგან 66% ფსიქოლოგიურ ძალადობას განიცდიდა, 3% კი ფიზიკურს. გაეროს ბავშვთა ფონდის ძალადობისაგან ბავშვთა დაცვის პროგრამის ხელმძღვანელის ნონა ციხელაშვილის განმარტებით, კვლევამ გამოკვეთა, რომ შშმ ბავშვები გაცილებით მძიმე ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნი არიან. ფაქტების შესწავლამ აჩვენა, მოძალადეები მშობლები იყვნენ. პანდემიურ წლებში ვითარება არავის გამოუკვლევია, თუმცა, უფლებადამცველები ძალადობის შემთხვევების გახშირებაზე საუბრობენ. ამას ადასტურებს სახელმწიფო სტატისტიკაც.

პანდემიის პერიოდში, ისევ, როგორც კორონავირუსის გავრცელებამდე ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებული მიმართვიანობის აღრიცხვას სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტო აწარმოებს. ბოლო სამი წლის მონაცემებს თუ შევადარებთ, დავინახავთ, რომ პანდემიურ წლებში მიმართვიანობა გაზრდილია. 2020 წელს უწყებას 31%-ით მეტმა მიმართა ვიდრე 2019-ში. მიმდინარე წლის ექვსი თვის მონაცემი კი ცოტათი ჩამოუვარდება გასული წლის ჯამურ სტატისტიკას. ბორჯომში აჭარბებს კიდეც.





ძალადობის ფაქტებზე რეაგირება შინაგან საქმეთა სამინისტროს ევალება. თუმცა, უწყებაში დამოუკიდებელი ცხელი ხაზი, სადაც ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს ან მათ გულშემატკივრებს შეტყობინებების დატოვება შეეძლებათ, არ არსებობს. ოჯახში მომხდარი დანაშაულის შესახებ სტატისტიკა შსს-ს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. თუმცა, უწყებას გასული წლის ინფორმაცია ნაწილობრივ აქვს განახლებული, მიმდინარე წელი კი ვებგვერდზე საერთოდ არ არის ასახული, რაც უწყების დამოკიდებულებას საკითხის მიმართ ნათლად ასახავს. ბოლო მონაცემები 2020 წლის იანვარი-ივნისით თარიღდება. 2019-2020 წლების სტატისტიკა ასეთია:

2019 წელი - ძალადობის 4 911 შემთხვევა, აქედან 114 ფაქტი სამცხე-ჯავახეთში;
2020 წლის იანვარი-ივნისი - ოჯახში ძალადობის 2607 ფაქტი , აქედან სამცხე-ჯავახეთში 74 შემთხვევა.
ბავშვებზე ძალადობა მონაცემებში გამოყოფილი არ არის.

„ახლა არის სრული კოლაფსი, განსაკუთრებით ჯანდაცვის სისტემაში და განსაკუთრებით სოციალური მომსახურების სფეროში. ვერ ვიტყვით, რომ აქამდე რამეს აკეთებდა სახელმწიფო და ახლაც აბსოლუტურად არაფერს აკეთებს. როდესაც ასეთ კრიზისულ პერიოდში, შენ არ გაქვს წინასწარ გაიდლაინები ამ კრიზისის მართვის, მაშინ შეუძლებელია ბრძნული გადაწყვეტილებები მიიღო. ერთადერთი ბერკეტი, რაც გვაქვს, ეს არის შემაკავებელი ორდერი, დაპატიმრება მოძალადის. არის შემთხვევები, როცა მაგალითად ბავშვზე ძალადობის მსხვერპლი პასუხს აგებს კანონის წინაშე, თუმცა შემდგომში ამ ადამიანებთან არავინ მუშაობს და შესაბამისად, ეს პრობლემა ისევ პრობლემად რჩება“, - ამბობს ფსიქოლოგი მაია ცირამუა.

ძალადობის შემთხვევები კიდევ უფრო გაამწვავა კოვიდპანდემიამ. უფლებადამცველების თქმით, პანდემიურ პერიოდში ოჯახში ძალადობის მაჩვენებელი გაიზარდა, თუმცა მიმართვიანობა შემცირდა. ამას ახსნა აქვს, პანდემიამ მსხვერპლებს, ჩაკეტილობის გამო, გარკვეულ სერვისებზე წვდომა შეუზღუდა. იზოლაცია სტრესულია ყველასთვის და განსაკუთრებით ბავშვებისთვის. მოზარდები საკუთარ პრობლემებთან და მოძალადეებთან ერთად ჩაკეტილები აღმოჩდნენ.









ბავშვები პანდემიური რეალობაში


პანდემიის პირობებში ძალადობა არ არის ერთადერთი ფაქტორი, რაც ბავშვებს ფსიქოლოგიურ სტრესს აყენებს, იწვევს დეპრესიას და შფოთვას. ბორჯომელი მიხეილ დევიძე ერთ-ერთია იმ არასრულწლოვნებს შორის, ვინც კორონავირუსი გადაიტანა. მიუხედავად იმისა, რომ კარგად ინფორმირებული იყო და ვირუსის შედარებით მსუბუქი ფორმა შეხვდა, მაინც ღელავდა. მისთვის ყველაზე ემოციური, ახლობლებისგან დისტანცირება იყო.

„კორონავირუსის შესახებ ინფორმაცია მქონდა სატელევიზიო საშუალებებიდან, სოციალური სივრციდან. ბევრს ვსაუბრობდით ამაზე ოჯახსა და სკოლაში. ვიცოდი, რომ ვირუსი, რომელსაც კორონას ეძახდნენ, საკმაოდ საშიში იყო. ფსიქოლოგიურად ვემზადებოდი. თავს ვიცავდი პირბადის ტარებით, ხელების ხშირი დაბანით, სოციალური დისტანციის დაცვით. დიდ დროს ვატარებდი სახლში, როცა სწავლა დისტანციურად მიმდინარეობდა. ბუნებრივია, განვიცადე, რადგან შესაძლებელი იყო ვირუსის გართულება, თუმცა ყველაფერი მსუბუქი ფორმით განვითარდა. იზოლაცია დედასთან და უმცროს ძმასთან ერთად გავატარე. მენატრებოდა ოჯახის სხვა წევრები და მეგობრები. კორონავირუსმა ჩვენი ცხოვრების წესი შეცვალა. გვენატრება მეგობრებს ერთმანეთი, ასევე, სკოლის სივრცეში ერთად ყოფნა. ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი შეიცვლება და კარგად იქნება“.





მიხეილ დევიძე ერთადერთი არ არის, ვისაც კორონავირუსმა და იზოლაციამ ცხოვრების წესი შეუცვალა.

მალიდა პერანიძე ორი არასრულწლოვნის დედაა. მშობელი შვილების ხასიათისა და ქცევის იმ ცვლილებებზე საუბრობს, რაც პანდემიის დროს შენიშნა. 12 და 14 წლის მოზარდები იზოლაციის დროს ტექნიკაზე დამოკიდებულები და ასოციალურები გახდნენ.

„ჩემი შვილები უფრო მეტად ჩაიკეტნენ საკუთარ თავში. ხშირად უნდოდათ ოთახში მარტო დარჩენა საკუთარ თავთან. უფრო მეტად დამოკიდებულები გახდნენ კომპიუტერზე და ტელეფონზე. ჩემი ბიჭი, რომელიც ტელეფონს საერთოდ არ ეკარებოდა, დღესდღეობით ძალიან მიჭირს ჩამოვაშორო მობილურს. ეს გამოიწვია იმან, რომ ხშირად უწევდა ონლაინ გაკვეთილების გამო კომპიუტერთან და ტელეფონთან ყოფნა, აქედან გამომდინარე ინტერესიც გაუმძაფრდა. გართულდა მათი კვების რეჟიმიც და საკონტროლებელი გამიხდა ესეც. ფაქტობრივად, სულ ჭამდნენ და წონაშიც საგრძნობლად მოიმატეს და ამაზეც ძალიან ვნერვიულობდი. მეგობრებთან ურთიერთობის შეზღუდვა მათთვის იყო დამთრგუნველი. ონლაინ გაკვეთილების გამო, სწავლის მიმართ მათ არასერიოზული დამოკიდებულება გაუჩნდათ და ხშირად მიწევდა შეხსენება, რომ ეს იყო მნიშვნელოვანი და სავალდებულო. ძალიან რთული იყო მათთვის ამ ყველაფერზე ფეხის აწყობა. თუმცა, გარკვეულწილად პრობლემები დავძლიეთ“.

მალიდა პერანიძე ფიქრობს, რომ კოვიდპანდემიის გამო შეცვლილი ყოველდღიურობა, შესაძლოა, მალე მისი შვილების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახოს. ამ რეალობის ფონზე, დედამ გადაწყვიტა, საკუთარი ძალებით ეცადა მათი დახმარება.

„გადავწყვიტე შემენარჩუნებინა მაქსიმალური სიმშვიდე, არ მეგრძნობინებინა მათთვის ის სტრესული სიტუაცია, რაც იყო ქვეყანაში, შევეცადე მომექცია ინფორმაციულ ვაკუუმში. ჩვენ ოჯახში არ ვსაუბრობდით გარდაცვალებაზე, ან კოვიდით გამოწვეულ სტრესზე, ვცდილობდი გვესაუბრა უფრო შემეცნებით და გასართობ თემებზე, თეატრზე, ხელოვნებაზე და ა.შ. აგრეთვე, ვეცადე მათთვის შემენარჩუნებინა ჩვეული რეჟიმი, დაძინების და გაღვიძების გრაფიკი, გარკვეული დრო უნდა დაგვეთმო კითხვისთვის, ყოველდღიურად ადრე ვაღვიძებდი და მიუხედავად იმისა, რომ არსად იყვნენ წასასვლელები, გამყავდა ჰაერზე სასეირნოდ, იქ ვვარჯიშობდით და გარკვეული ფიზიკური აქტივობებით ვკავდებოდით. ეს ვაქციეთ რუტინად და მიმაჩნია, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლის იმ თანადგომას, რასაც იმ მომენტში შვილს გაუწევს. მიმაჩნია, რომ შემდგომში ადვილად დაძლევენ იმ პრობლემებს და სირთულეებს და არ აისახება მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, თუმცა თუ მათ არ ექნებათ ეს გარკვეული თანადგომა მშობლების მხრიდან, შესაძლოა სერიოზული კვალი დაატყოს მათ ფსიქიკას“, - გვეუბნება მალიდა პერანიძე.





მშობლების თანადგომა და სწორი მიდგომა რომ აუცილებელია შვილებთან ურთიერთობისას, ამას ფსიქოლოგებიც ხაზს უსვამენ. მათი შეფასებით, აღზრდის პროცესში მშობლები ხშირად უშვებენ შეცდომებს, რაც ძირითად შემთხვევაში კონფლიქტის მიზეზი ხდება.

„ზოგადად, ჩვენი მენტალიტეტიდან გამომდინარე, ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ ძალადობას ბევრ რამეს არ ვეძახით, რადგან ეს დასჯის ფორმად მიგვაჩნია. თითოეული ბავშვი ინდივიდუალურია და შესაძლოა, რომელიმეზე მძიმე გავლენა იქონიოს თუნდაც იმ წამორტყმამ, კუთხეში დაყენებამ და ასე შემდეგ. ასეთი პრაქტიკა საგანმანათლებლო დაწესებულებებშიც არის და ამ დროს შესაძლოა, ბავშვს ფსიქოლოგიური პრობლემები დაეწყოს, მაგალითად, მეტყველების პრობლემა, აზრის გამოხატვის პრობლემა და ასე შემდეგ“, - გვეუბნება ბორჯომის დღის ცენტრის ფსიქოლოგი რუსუდან ვასილცევი.

ამ ფონზე, ბორჯომში ფსიქოლოგების საჭიროება კიდევ უფრო ნათელი გახდა. საერთო პროფილის ფსიქოლოგი ნატალია თაბუნიძე მშობლებს შვილებთან დაკავშირებით რჩევებს ხშირად აძლევდა, თუმცა პანდემიის პერიოდში მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზარდა.

„რამდენიმე კვირის წინ, შვიდი ზარი განხორციელდა ჩემს მობილურ ტელეფონზე, რომ კერძოდ ამეყვანა და მემუშავა ბავშვებთან, რადგან ბავშვები ძირითადად დაკავებულები არიან ტელეფონით, კომპიუტერით, სახლში ვერ სთავაზობენ შესაბამის აქტივობებს, რაც შემდგომში იწვევს სხვადასხვა ტიპის გამოვლინებას. პრობლემაა მაშინაც, როცა მშობლები მუშაობენ, დროს ვერ ატარებენ შვილებთან და მათ ნაცვლად ბავშვებთან არიან ბებიები, ან დამხმარე აღმზრდელები“, - ამბობს ნატალია თაბუნიძე, რომელსაც უარის თქმა უწევს ბავშვებთან ინდივიდუალურ მუშაობაზე.





სახელმწიფოს „ფართოდ დახუჭული თვალები“


ბორჯომის სოციალურ სამსახურს ჰყავს სოციალური მუშაკი, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს. პანდემიის დროს გართულებულ ბავშვთა ფსიქო-სოციალურ პრობლემებზე საუბრისგან მან თავი შეიკავა. თუმცა, კითხვებზე წერილობით გვიპასუხა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ. წერილში ნათქვამია, რომ 2021 წელს სააგენტოში დასაქმებული სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების რაოდენობა გაიზარდა. ეს სავარაუდოდ არ ასახულა ბორჯომის მუნიციპალიტეტზე.

„პანდემიის პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ სოციალური მუშაკები თავიანთ ფუნქციებს ასრულებდნენ დისტანციურად, გადაუდებელ შემთხვევებზე და ძალადობის შესახებ ინფორმაციის შემოსვლისთანავე, გადიოდნენ შემთხვევის ადგილზე და ახორციელებდნენ კანონით დადგენილ ქმედებებს. სააგენტოს ფსიქოლოგის მომსახურების მიწოდება ხდებოდა დისტანციურად, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, ისინიც შემთხვევის ადგილზე ახორციელებდნენ მომსახურებას. სააგენტოს მოთხოვნით და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, ორგანიზაცია "საქართველოს ბავშვები" ახორციელებდა ფსიქოლოგიური მომსახურების პროექტს, რომლის ძირითადი მიზანი იყო სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვების, აღმზრდელების/მიმღები მშობლების დახმარება ახალი კორონავირუსისგან გამოწვეულ სტრესთან გამკლავებაში და კრიზისული მდგომარეობის დაძლევაში“, - ნათქვამია წერილში.


სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ინფორმაციით, მათთან დასაქმებული სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები პერმანენტულად გადიან სწავლება/გადამზადებას ძალადობასთან დაკავშირებულ საკითხებში. UNICEF-ისა და World Vision-ის მხარდაჭერით კი სოციალური მუშაკები კომპეტენციას იმაღლებენ. პანდემიის პერიოდში ბავშვებზე განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე კი სააგენტომ გვიპასუხა, რომ ძალადობისგან დაცვის მექანიზმისა და არსებული მომსახურებების შესახებ მომზადდა ვიდეორგოლი, რომელიც განთავსდა სატელევიზიო სივრცეში.

კიდევ ერთი, რაც პანდემიის დაწყებისას ამოქმედდა, ცხელი ხაზია. გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, სააგენტოში შეიქმნა და დღემდე მუშაობს ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზი - 111. სააგენტოს ინფორმაციით, 2020-2021 წლებში, ცხელ ხაზზე (111), ბავშვზე ძალადობის სავარაუდო ფაქტთან დაკავშირებით 2 452 შეტყობინება შევიდა. მიმართავდნენ ფსიქოლოგიური დახმარების მიღების მიზნით, ადიქტურ ქცევასთან დაკავშირებით, სოციალურ, ჯანდაცვის, განათლების, სამართლებლივ საკითხებზე. გაეროს ბავშვთა ფონდის ძალადობისაგან ბავშვთა დაცვის პროგრამის ხელმძღვანელის, ნონა ციხელაშვილის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, რომ ცხელი ხაზი არ შემოიფარგლებოდეს მხოლოდ ინფორმაციის მიღებით და შესაძლებელი გახდეს დახმარების მომენტალური გაწევა.

„თუ შემოვიდა ისეთი საკითხები, რომლებსაც დღეს ვერ ვპასუხობთ, გვსურს სამომავლოდ ადვოკატირება გავუწიოთ სხვა უწყებებთან და ჰქონდეს დახმარების ფუნქციაც. ასევე, მნიშვნელოვანია, ბავშვზე მორგებული საჭიროებებით იყვნენ აღჭურვილები ოპერატორები, რომ ადგილზე შეძლონ ბავშვი საუბარში შემოიყვანონ და მათ შეძლონ პირველადი ფსიქოლოგიური დახმარების აღმოჩენა და იცოდნენ, როგორ მოიქცნენ კრიზისულ სიტუაციებში. გვინდა აქტიური მოსმენა უფრო მეტად გაძლიერებული იყოს მათი მხრიდან. რა თქმა უნდა, სერვისებთან დაკავშირება, ინფორმაციების მიღება და არსებული ფუნქციებიც უნდა დარჩეს. ჩვენი დიდი სურვილია, ცხელი ხაზის ნომერი ისეთივე ცნობილი გახდეს, როგორიც 112-ია“, - ამბობს ნონა ციხელაშვილი.




UNICEF-ის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ბავშვთა მიმართ ძალადობის შემცირებისა და მოზარდების ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნების მიზნით სახელმწიფომ პრევენციის და რეაგირების მიმართულებით უნდა იმუშაოს.

„პრევენციის მიმართულებით მნიშვნელოვანია პოზიტიური მეთოდები, უნდა გაძლიერდნენ მშობლები. თუ მშობელი იყენებს იმ მეთოდს, რომელიც არის ძალადობრივი და მას არ მოაქვს პოზიტიური შედეგი, მაშინ მას უნდა ვასწავლოთ მისი ალტერნატივა, მაშინ რა გამოიყენოს აღზრდის პროცესში, ხომ? ამიტომ, აუცილებელია პროგრამები, რომლის საშუალებითაც მშობელი შეძლებს განვითარდეს. ასევე, ყველა ბავშვმა უნდა იცოდეს, რას ნიშნავს ძალადობა და ვის უნდა მიმართოს ასეთ შემთხვევაში და რა საშუალებით. მაგალითად, ცხელი ხაზი, რა ნომერზე უნდა დარეკოს და რა კუთხით გამოიყენოს. რაც შეეხება რეაგირებას, ერთი არის ის, რომ ყველა პროფესიონალი, რომელსაც ბავშვთან შეხება აქვს, იყენებს პოზიტიურ მიდგომებს, ბავშვებთან ურთიერთობის პროცესში. მეორე - მათ უცდიან, როდის ამოიცნონ ძალადობის შემთხვევები. სწორი რეაგირების ნაწილში უკვე ერთვება ყველა უწყება, რომელიც პასუხისმგებელია ბავშვთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე და ასეთი არის თითქმის ყველა უწყება ქვეყანაში, მუნიციპალურ თუ ეროვნულ დონეზე. მათ უნდა ჰქონდეთ შიდა პოლიტიკის დოკუმენტები ისეთი შინაარსის, რომ თითოეულმა მისმა დასაქმებულმა იცოდეს, როგორ ამოიცნოს ძალადობის ფაქტები და თუ ასეთი შენიშნა, ვის ატყობინებს, როგორ ატყობინებს და რა როლი რჩებათ მათ ამ შემთხვევის მართვის პროცესში. მესამე, აუცილებლად უნდა ვთქვათ იმ სოციალური ნორმების გადაფასება, რომელიც ხელს უწყობს დღეს ძალადობას. ის მიდგომა, რომ ბავშვი უნდა გაზარდო მტრულად, რომ გამოგადგეს. მკაცრი ხელი და მკაცრი მეთოდები აუცილებელია ბავშვის სწორად აღსაზრდელად, ეს უნდა გადაფასდეს. ეს არის, ხოლმე, საფუძველი, ძალადობის შემთხვევების მაღალი მაჩვენებლის“, - ამბობს ნონა ციხელაშვილი.

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი ანა არგანაშვილი მიიჩნევს, რომ სისტემა პანდემიას მოუმზადებელი შეხვდა. მისი აზრით, ქვეყანაში უკვე ბევრ ბავშვს სჭირდება დახმარება. ფსიქიკური სერვისების არარსებობა მძიმე ტვირთად დააწვა მოზარდებს. უფლებადამცველის შეფასებით, საქართველოში თითქმის ყველაფერი სპონტანურად ხდება და წინასწარ შემუშავებული გეგმა არ არსებობს.

„ბოლო პერიოდში ორი უზრუნველყოფა წავაგეთ სასამართლოში: ერთით ვითხოვდი COVID 19-სგან ბავშვების უკეთ დასაცავად განათლების სამინისტროსთვის სამოქმედო გეგმების შემუშავების დავალებას და მეორეთი, ბავშვთა სუიციდის პრევენციის სამოქმედო გეგმის შემუშავების დავალებას მთავრობისთვის. ორივე მოთხოვნის შუამდგომლობა იყო მრავალგვერდიანი აღწერა ბავშვთა სიცოცხლის გადარჩენის და ჯანმრთელობის დაცვის საჭიროების. ორივე შემთხვევაში სასამართლოებმა მხოლოდ ერთ აბზაციანი მსჯელობით გვითხრეს უარი: თქვენი მოთხოვნა ზედმეტად ზოგადია და ვერ დავაკმაყოფილებთო“, - ამბობს ანა არგანაშვილი.

ფსიქოლოგი მაია ცირამუაც ფიქრობს, რომ ფსიქოლოგიური სერვისების დანერგვის კუთხით საქართველო სრულიად მოუმზადებელი შეხვდა პანდემიას. კრიზისების მართვის გარკვეული სქემები კი ყველა პასუხისმგებლიან სისტემას უნდა ჰქნდეს.

„მაგალითად, ჩვენ სივრცეში, ფსიქოლოგიური სერვისების დანერგვა უფრო გვიან მოხდა, გარკვეული ქვეყნები ამ კუთხით უფრო მობილიზებულები იყვნენ. ჩვენ მერე დავიწყეთ ონლაინ ან სატელეფონო ფსიქოლოგია. ამას თავისი ქცევის წესები აქვს, რომელიც უკვე არსებობდა სხვა ქვეყნებში, იმ შემთხვევებისთვის მზად იყვნენ, თუკი საჭიროება იქნებოდა. ჩვენ კი არაფერი არ გვქონდა. ჩვენ, ფაქტობრივად, თან ვაშენებთ და თან ხანძარს ვაქრობთ. ყველა პასუხისმგებლიანი სახელმწიფო, სადაც ადამიანის უფლებები წამყვანია, სადაც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ სოციალურ სერვისებს, ფსიქიკურ ჯანმრთელობას, ამ ადამიანებს ამაზე უკვე ჰქონდათ ნაფიქრი. რადგან მათ უკვე სწორად იმუშავეს, ჩატარდა კვლევები, დაიდო გაიდლაინები იმის შესახებ, თუ როგორ იმუშაო პანდემიის დროს, რა რეკომენდაციები მისცე ოჯახებს, ბავშვებს და ა.შ. ამას აკეთებდნენ ჩვენი უცხოელი კოლეგები. ჩვენს ქვეყანაში ბავშვი ახლა სხვა გამოწვევების წინაშეა, ვიდრე აქამდე იყო“, - ამბობს მაია ცირამუა.

ახალი კორონავირუსის პირობებში ბავშვები რომ ახალი გამოწვევების წინაშე არიან, ამას სახელმწიფოც აღიარებს, თუმცა არ ეხმარება მოზარდებს ამ სირთულეებთან გამკლავებაში. სახელმწიფო უწყებებს იმდენად მწირი მონაცემები აქვთ ბავშვთა პრობლემებზე, მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, რომ ვერც გამოსავალს შესთავაზებენ. ამ მიმართულებით საქართველოში არანაირი კვლევა არ ჩატარებულა. არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მოთხოვნილი სამოქმედო გეგმა კი სასამართლომაც არ მიიჩნია საჭიროდ. ბავშვები საკუთარი პრობლემების და მოძალადეების პირისპირ, ძირითადად, მარტო არიან. პანდემია კი დღითიდღე ართულებს ვითარებას. წარმომადგენლობით სამეცნიერო კვლევის დასკვნაში, „მსოფლიოში დეპრესიისა და შფოთვის სიმპტომების სიხშირე ბავშვებსა და მოზარდებში COVID-19-ის პერიოდში“ წერია, რომ საჭიროა COVID-19 პანდემიის მენტალურ ჯანმრთელობაზე გრძელვადიანი ეფექტის კვლევა. კორონავირუსის პერიოდში და მას შემდეგ შეგროვებული მონაცემები უკეთ დაგვანახებს კრიზისის გავლენას ბავშვებისა და მოზარდების ფსიქიკაზე. ფაქტია, საქართველოში ეს პრობლემა დღეს პირველხარისხოვანი არ არის. სახელმწიფო ფართოდ ხუჭავს ამაზე თვალებს.



Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.