ინტერაქტიული მულტიმედია
არჩევანი სიცოცხლის რისკის ფასად, შეუსრულებელი დაპირებების ფონზე

არჩევნებამდე დარჩენილი დღეების ათვლის პარალელურად, ქვეყანაში პანდემიის შედეგებს, ინფიცირებულებს, გარდაცვლილებს, გამოჯანმრთელებულებს, აცრილებს და აუცრელებს ვითვლით.

კორონავირუსის გავრცელების პიკში მყოფი ქვეყანა თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება. ეს უკვე პანდემიის პირობებში საქართველოში ჩატარებული მეორე არჩევნები იქნება.

პანდემიური რეგულაციების  დაცვით მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია  და შეხვედრები ამომრჩეველთან.

ხალხისთვის, ტრადიციულად, არჩევნები ახალ დაპირებებს უკავშირდება. წლების განმავლობაში დამკვიდრებული პრაქტიკაა, რომ ამომრჩევლები  და “ასარჩევები” ერთმანეთს წინასაარჩევნოდ ხვდებიან. გასცემენ და ისმენენ დაპირებებს, საარჩევნო ყუთებთან აკეთებენ არჩევანს და შემდეგ ელიან, ზოგჯერ შედეგიანად,  ხშირ შემთხვევაში კი წლების განმავლობაში უშედეგოდ.

დაპირებებისა და შეხვედრების მარათონში დაბა წაღვერიც ჩაბმულია. დასახლებაში  ადგილობრივებთან ერთად  დამსვენებლები ჯერ კიდევ არიან.

წაღვერში დაახლოებით 800 ადამიანი ცხოვრობს. ზაფხულის საკურორტო სეზონზე, დაბაში დასასვენებლად ჩასული ადამიანების ხარჯზე, ეს რიცხვი ორმაგდება.აქ სტუმარს თუ მასპინძელს რომ ჰკითხოთ, რა არის დასახლების მთავარი პრობლემა, ერთ პასუხს მიიღებთ: „უხარისხო სასმელი წყალი“.

არადა, ადგილობრივები, აგერ უკვე 15  წელია, ყოველ არჩევნებზე ისმენენ დაპირებას, რომ ონკანში, გრაფიკის გარეშე წამოვა სუფთა წყალი.  ამის იმედი უკვე აღარ აქვთ.

ადგილობრივები იმასაც ამბობენ, რომ დაბისთვის ბევრი რამ გაკეთდა: გზები, პარკი, გარე განათება, მაგრამ ყველაზე მთავარი, ნომერ პირველი პრობლემა - სასმელი წყალი ისევ მოუგვარებელია. წაღვერში ისიც კარგად იციან, რომ ამ საკითხის გადაჭრა ადგილობრივი თვითმმართველობის პირდაპირი მოვალეობა არ არის,(პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს)  მაგრამ აქვე ხელებს შლიან, რისთვის ვირჩევთ, თუ მთავარი საკითხები ვერ გადაგვიჭრესო.



ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ოთარ არბოლიშვილი წაღვერის თემში ცხოვრობს. თვითმმართველობის წინა არჩევნებზე თემმა ის მაჟორიტარად აირჩია, 2 ოქტომბრს არბოლიშვილი უკვე ბორჯომის მერის სავარძლის დაკავებას შეეცდება. კითხვაზე, შეასრულა თუ არა თემისთვის ოთხი წლის წინ მიცემული დაპირებები, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ბორჯომში ასე გვპასუხობს:

„წაღვერის თემისათვის მთავარი გამოწვევა იყო წყლის სიტემისა და  მოსახლეობისათვის მისი მიწოდების პრობლემის მოგვარება. ჩემი ჩართულობის და ძალიხმევის შედეგად, ტენდერი ჩატარდა საპროექტო სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა საპროექტო ნაწილში, სადაც ასევე ჩართული ვარ. მომავალ წელს დაიწყება სათავე ნაგებობის მშენებლობა.

ჩემი თემის ამომრჩევლებს დავპირდი შიდა საუბნო გზების მოწესრიგებას, რაც თითქმის შესრულდა კიდეც. წაღვერის თემში შემავალ სოფლებში რამოდენიმე ჩიხია დარჩენილი სარეაბილიტაციო, რომელიც უახლოეს პერიოდში გაკეთდება. მქონდა დაპირება დაბა წაღვერში მდებარე კულტურის სახლის რეაბილიტაციზე, რომელიც უკვე დასრულებულია. განხორციელდა წაღვერში მდებარე სკვერის სრული რეაბილიტაცია, სადაც მოეწყო მცირე ზომის კალათბურთის მოედანი, დაპირებისამებრ, წაღვერის ყველა სოფელში მოეწყო მცირე ზომის საფეხბურთო მოედანი, გაკეთდა და მოეწყო გარე განათების ქსელი.“

თუ ოთხი წლის წინ, ოთარ არბოლიშვილის დაპირებების ადრესატი მხოლოდ წაღვერის თემის ოთხი სოფლის მოსახლეობა იყო და ანგარიშვალდებულიც მათ წინაშე იყო,  ახლა ამომრჩევლის რაოდენობა და დაპირებების მასშტაბები გაიზარდა. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი იმ სამ საკითხს ასახელებს, რაც გამარჯვების შემთხევაში მისთვის პრიორიტეტული იქნება.

„პირველი და ვფიქრობ, აუცილებელი საკითხი ბორჯომში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები იმ მოქალაქეების საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფა იქნება, რომლებსაც არა აქვთ საკუთარი სახლი, ან ცხოვრებენ რთულ და არაადეკვატურ პირობებში. ამისათვის გადაწყვეტილი გვაქვს საერთო საცხოვრებელი სახლის აშენება, გავამახვილებ ყურადღებას, რომ ტერიტორია სახლის ასაშენებლად უკვე შერჩეულია.

მეორე და ასევე მნიშვნელოვანი საკითხი ქალაქში არსებული საყრდენი კედლების და ჯებირების მოწყობა-რეაბილიტაციაა. მოგეხსენებათ ქალაქი ბორჯომი ტერიტორიულად განაშენიანებულია და ყველა ქუჩას ესაჭიროება საყრდენი კედლის გამაგრება.  აღნიშნული პრობლემის მოგავრებით არა მხოლოდ ქალაქის იერსახე, არამედ იმ მოქალაქეების პრობლემაც მოგვარდება, რომელთა საცხოვრებელი სახლი სწორედ ამ კედლებზეა განთავსებული.

და ბოლოს, ჩემი მერობის შემთხვევაში აქტიურად ვითანამშრომლებ ენერგეტიკის ასევე ეკონომიკური და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და მოვაგვარებ გაზიფიცირების პრობლემას იმ ტერიტორიაზე, სადაც ჯერ კიდევ ვერ სარგებლობს მოსახლეობა ბუნებრივი აირით."

მუნიციპალიტეტში უგაზოდ დარჩენილ სოფლებს, ბუნებრივ აირს წლებია პირდებიან, მაგრამ 8 სოფელი ამ დრომდე ბუნებრივი აირით ვერ სარგებლობს.

მმართველი პარტიის მსგავსად, მერობის კანდიდატი დაასახელა ბორჯომში „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“. გივი ჯოლბორდი ბორჯომელია, თუმცა პირველი პოლიტიკური განაცხადი მერობის კანდიდატობით გააკეთა. მთავარ გამოწვევად საკურორტო ქალაქში უმუშევრობას ასახელებს, თუმცა როგორ აპირებს ამ  და ბორჯომში არსებულ სხვა პრობლემებთან  გამკლავებას, არ გვიმხელს.

„ეს საკითხი საარჩევნო ბუკლეტში იქნება გაშლილი“, - წერილობით გვპასუხობს გივი ჯოლბორდი. წერილშივე გვწერს, რომ   საქართველოში ყველაზე პრობლემურად ეკონომიკის, ჯანდაცვის და განათლების სფეროები მიაჩნია.

„ევროპულ საქართველოს“ ბორჯომში მერობის კანდიდატი არ ეყოლება.



„ჩვენ
მხარს ვუჭერთ კოორდინირებული ოპოზიციის მიერ წარდგენილ კანდიდატს გივი ჯოლბორდს. სამ თემში  დავასახელეთ მაჟორიტარობის კანდიდატები და საზოგადოებას წარვუდგინეთ 29 ადამიანით დაკომპლექტებული პარტიული სია. ასევე, ჩვენთან პროპორციულ სიაში გვაქვს შიდა პარტიული კონკურენცია, რაც იმას ნიშნავს, რომ ცალკეულ თემში აღებული ხმების პროცენტული რაოდენობით ლიდერი კანდიდატები მოხვდებიან საკრებულოში სიის ნომრის მიუხედავად“, - ამბობს „ევროპული საქართველოს“ ბორჯომის ორგანიზაციის თავმჯდომარე ბაქარ შირაძე.


„კერძო საკუთრების უფლების დარღვევა“
- ეს „ევროპელების“ ბორჯომის ორგანიზაციის თავმჯდომარისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.

„პირველ რიგში უნდა მოგვარდეს კერძო საკუთრების უფლების დარღვევა. დარჩენილ სოფლებში გაზიფიცირება, ინტერნეტი და კომუნუკაციები. უნდა იყოს დაცული კერძო საკუთრების უფლება, რომელიც შეეხება იდენტობას, გაფორმებას თუ ხელოვნურად, ბიუროკრატიულად გაჭიანურებულ უამრავ პრობლემას და კიდევ ყველა იმ სოფლისთვის, რომელსაც ეკუთვნის მაღალმთიანი სოფლის სტატუსის მინიჭება

ამომრჩეველთან შეხვედრის საკუთარი სტრატეგია აქვთ პარტიებს. თუმცა ერთზე ყველა თანხმდება, -  ქვეყანაში არსებული უმძიმესი ეპიდემიოლოგიური ვითარების მიუხედავად, არჩევნები არ უნდა გადაიდოს.


„საარჩვენო კამპანიის წარმოებას დიდი სიფრთხილით ვეპყრობით და კოვიდრეგულაციების დაცვით, კარდაკარის პრინციპით ვცდილობთ მოსახლეობის ინფორიმირებას. მაქსიმალურად ვცდილობთ არ მოვაწყოთ ხალხმრავალი შეკრებები მოქალაქეთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე“, - ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი გივი ჯოლბორდი.

„რა თქმა უნდა, რთულია  და გარკვეულწილად პრობლემებს ქმნის ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა წინასაარჩევნო კამპანიის დროს, თუმცა მაქსიმალურად ვიცავთ იმ რეგულაციებს, რომლებიც დაწესებულია ქვეყანაში. სხვა გზა ნამდვილად არ გვაქვს. მთელი მსოფლიო და არა მხოლოდ ჩვენი ქვეყანა ნელ-ნელა სწავლობს კოვიდ ვირუსთან ერთად ცხოვრებას“, - ამბობს „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ოთარ არბოლიშვილი, რომელიც საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს მართავს.

ტელეკომპანია „ბორჯომი“ დაინტერესდა, აპირებს თუ არა მოსახლეობა არჩევნებზე წასვლას. ხალხი როგორც ბორჯომში, ასევე სოფლებში გამოვკითხეთ. უმეტესობა ფიქრობს, რომ, არჩევნებზე მისვლა აუცილებელია და მოქალაქეობრივი ვალი კოვიდპანდემიის პირობებშიც უნდა მოიხადონ.



მოქალაქეებს ბორჯომიდან არ ეთანხმება სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, რომელმაც მთავრობას არჩევნების გადადებისკენ და დისკუსიისკენ მოუწოდა.

ნინო ლომჯარიას მიაჩნია, რომ არჩევნები ვითარებას კიდევ უფრო დაამძიმებს და შექმნილ სიტუაციაში შესაძლო გამოსავლად ხედავს არჩევნების გადადებას, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გზით.

ვფიქრობ, არჩევნების გადადება-არგადადების საკითხი, ეს არ არის წმინდად პოლიტიკური საკითხი, უფრო მეტად ეს არის ეპიდემიოლოგიური საკითხი და ადამიანის უფლებების საკითხი. ეპიდემიოლოგები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები საუბრობენ იმაზე, რომ ჯანდაცვის სექტორი გადატვირთულია იმდენად, რომ მათ არათუ კოვიდპაციენტების მიღება, არამედ გადაუდებელი დახმარების გაწევაც უჭირთ და უგვიანდებათ.

ლომჯარიას ეთანხმება ა.ო „ღია სივრცე კავკასიის“ თავმჯდომარე ირმა პავლიაშვილი. იურისტი მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებებზე ამახვილებს ყურადღებას. პავლიაშვილი განმარტავს რომ გასათვალისწინებელია ინფიცირების მასშტაბები და ახალი დელტა შტამის ლეტალური შედეგები.

„მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილი არჩევნები გადაიდი,  იყო ქვეყნები სადაც არჩევნების გადადებაზე უარი ითქვა, მათ რიცხვს მიემატება  საქართველოც.  არჩევნების ჩატარება რისკთან არის დაკავშირებული. უნდა შეფასებულიყო არსებული მდგომარეობა, მძიმე შედეგები, ის რომ ვაქცინაციის პრობლემა გვაქვს და კრიტიკული მასა ჯერ კიდევ არ არის საქართველში აცრილი. თუმცა მეორე მხარეს არის პოლიტიკურად მგრძნობიარე სიტუაცია. რაც გამოიწვია 2020-ის საპარლამენტო არჩევნების კრიზისმა. ჩემი აზრით, ფართო კონსესუსი უნდა შემდგარიყო ყველა ჩართულ მხარეს შორის, გააზრებულიყო ყველა ის ლეგიტიმური მიზანი, რა მიზნითაც გადადება აუცილებელი იყო. ორივე კონსტიტუციური უფლებაა, არჩევნების ჩატარებაც და ჯანმრთელობის უსაფრთხოებაც, ჩემი აზრით ეს ყველაფერი კარგად რომ გაანალიზებულიყო, არჩევნები გადაიდებოდა, მაგრამ დღეს ვიმყოფებით იქ, სადაც ვიმყოფებით და არჩევნები ჩატარდება 2 ოქტომბერს. ამ შემთხვევაში უნდა ანალიზდებოდეს ყოველდღიური სტატისტიკა და აუცილებელია დავიცვათ მთელი რიგი უსაფრთხოების ზომები, რასაც გვეუბნება საერთაშორისო სტანდარტი. ახლა მთავარია კოვიდინფიცირებულმა პაციენტებმა კონსტიტუციური უფლება არ დაკარგონ და შეეძლოთ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა“.

ფაქტია, არჩევენბი ჩატარდება. ახლა მთავარი ის არის, რას დაიჯერებს და რას არა მოსახლეობა, ვის ანდობს პრობლემების მოგვარებას და მუნიციპალიტეტის განვითარებაზე ზრუნვას.  თუ  გავითვალისწინებთ გასული წლის საპარლამენტო არჩევნებს, რომლის შემდეგადაც ვირუსის გავრცელება ქვეყანაში გაორმაგდა, საკითხავია, უღირს თუ არა ამომრჩეველს კიდევ ერთხელ გაიაროს გზა სახლიდან - საარჩევნო ყუთამდე. მით უფრო  „დელტა“ შტამის გავრცელების ფონზე და მაშინ, როცა ქვეყანა ყოველდღიურად 50-მდე  მოქალაქეს კარგავს.

დღეს საქართველოში ინფიცირების 662  შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 34 ადამიანი.

2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებამდე 12  დღე რჩება.

 

 

Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.