ინტერაქტიული მულტიმედია
მცირე ბიზნესის მოთხოვნებს აცდენილი ანტიკრიზისული გეგმა - ვის როგორ დაეხმარა მთავრობა
ადამიანები, რომლებმაც წლების წინ, ოჯახის სარჩენად მცირე ბიზნესი წამოიწყეს 2020 წელს გადაუხდელი საბანკო ვალდებულებებით და განულებული შემოსავლით აღმოჩდნენ. კორონავირუსის პანდემიამ მათი აწმყო დაამძიმა, მომავალი კი ბუნდოვანი გახადა.

საოჯახო სასტუმრო „ჯულიეტა“, 20 წლის წინ, ერთ-ერთი პირველი გაიხსნა ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკურორტო სოფელ ცემში. ხუთი ნომრით დაწყებული საოჯახო ბიზნესი 15 ნომრიან სასტუმრომდე გაიზარდა. საქმეში ჩართულ მთელ ოჯახს ერთდროულად 50 დამსვენებლის მიღება შეუძლია. სრული დატვირთვის დროს დამატებით ორ ადამიანს ასაქმებდნენ.

2020 წლის ზაფხულში მხოლოდ რამდენიმე ოჯახს უმასპინძლეს. შიდა ტურიზმმა ვერ იმუშავა. სასტუმრო ახლაც ნახევრადაა დატვირთული. ხათუნა ურჩაძე ამბობს, რომ მიზეზი პანდემიაა. ტურისტებმა ჯავშნები მას შემდეგ გააუქმეს, რაც ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევებმა მოიმატა.

ხათუნამ გასულ წელს სესხი ვერ გადაიხადა. თანხის შეგროვება წელსაც უჭირს. ბანკი კვლავ წამოვა თუ არა დათმობაზე, ჯერ არ იცის. ერთადერთი დახმარება, რითიც ისარგებლა, ექვსი თვის განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან სესხის სუბსიდირება იყო. ამბობს, რომ მისთვის ყველა სახის დახმარება მისაღებია.

„ჩემთვის რეალური დახმარება ის იქნება, რომ, სანამ ასეთი პანდემიაა, სანამ მართლა რეალურად გაჩერებულია და ნახევრად ძალით მუშაობს ტურიზმი, გაჩერდეს ის ძირი თანხა იმ ნიშნულზე და პროცენტის მხრივ მოხდეს, ვთქვათ, ექვსი თვის კი არა, მთლიანი წლის 80%-ის სუბსიდირება. ეს იქნება ჩვენთვის მართლა რეალური დახმარება და რომ ამუშავდება ბიზნესი, ყოველთვის ვიხდიდით და არც მერე გაგვიჭირდება”.

საოჯახო სასტუმროს მეპატრონისთვის კიდევ ერთი პრობლემა საკვებ პროდუქტებზე მომატებული ფასებია. „ჯულიეტას“ ნომრის ღირებულება სამჯერად კვებასთან ერთად განისაზღვრება. სურსათის ფასების მკვეთრი ზრდის ფონზე სასტუმროში დასვენება ძველი ტარიფით არის შესაძლებელი.

„ამ სფეროში ჩვენი დახმარება ის არის, რომ ფასები იყოს სტაბილური. 100%-ით არის მომატებული ყველაფერი და ვერ ვუმკლავდებით. შენ როცა ვერ უწევ თანხას, იმიტომ რომ მოსახლეობა იგივე კრიზისშია, ვერ გეწევა, ვერ გიხდის იმიტომ, რომ იმათაც შეეხო ეს. ორ-სამჯერ მეტი ჯდება, რომ პროდუქტი შემოიტანო და ადამიანი გამოკვებო. ეს ორი თემაა ძირითადად ჩვენი პრობლემა“.

ხელისუფლებამ ხათუნას და ხათუნასნაირებს დახმარება შესთავაზა. ტელეკომპანია „ბორჯომი“ დაინტერესდა, რადმენად ეფექტიანად ასახა ანტიკრიზისულ გეგმაში სახელმწიფომ მცირე ბიზნესის საჭიროებები.


მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ეფექტი

პანდემიის პერიოდში საქართველოს მთავრობამ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა რამდენიმე ეტაპად წარმოადგინა.
გეგმის მეოთხე ეტაპი (27.11.2020) მოქალაქეებთან ერთად, კერძო სექტორის მხარდაჭერას გულისხმობს. ბიზნესის დახმარების პაკეტი 515 მილიონი ლარით განისაზღვრა.

ტელეკომპანია „ბორჯომი“ დაინტერესდა: ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში რა თანხა დაიხარჯა მცირე ბიზნესის ხელშეწყობაზე, ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცირე ბიზნესის რამდენმა წარმომადგენელმა ისარგებლა დახმარებით? - ამ კითხვებზე ვერც ფინანსთა და ვერც ეკონომიკის სამინისტროდან მივიღეთ პასუხები, ამიტომ ვეცადეთ გარკვეული სურათი თავად შეგვექმნა.

სტატისტიკურ ბიზნესრეესტრში ბორჯომის მუნიციპალიტეტში 100 სასტუმროა რეგისტრირებული. რა სახის დახმარებით ისარგებლეს და რამდენად ეფექტიანად მიაჩნიათ მთავრობის ხელშეწყობა საოჯახო ტიპის სასტუმროს მეპატრონეებს, - ამის გასაგებად ჩვენ მცირე ბიზნესის 16 წარმომადგენელს დავუკავშირდით. გამოკითხვის შედეგად, ყველაზე დიდ პრობლემად საბანკო ვალდებულებები გამოიკვეთა. ინდ. მეწარმეების უმეტესობამ სესხი გადაავადა, თუმცა გაზრდილი პროცენტით უკმაყოფილოები არიან.

მიმდინარე წელს მთავრობა კერძო სექტორს, როგორც არსებული სესხების რესტრუქტურიზაციაში, ასევე ახალი სახსრების მოზიდვაში უნდა დახმარებოდა. ამ შეღავათისთვის ბიუჯეტიდან 100 მლნ ლარი გამოიყო.

გაგრძელდა სასტუმროების საბანკო სესხების პროცენტის სუბსიდირება. თუმცა ამ ექვსთვიანი პროგრამის შესახებ, ჩვენ მიერ გამოკითხულთა ნაწილი ინფორმირებულიც არ იყო. ნაწილის აზრით კი - სესხების გადავადების და შემდგომ დამატებითი პროცენტის გადახდის ნაცვლად, ჯობდა ხელისუფლებას ბანკებთან ეშუამდგომლა და საბანკო ვალდებულებები დროებით შეეჩერებინა.

დახმარება, რომლითაც საოჯახო სასტუმროებმა პანდემიის პერიოდში ისარგებლეს, უმუშევრად დარჩენილ თანამშრომლებზე სახელმწიფოს მიერ ექვსი თვის განმავლობაში გაცემული 200 ლარიანი დახმარებაა. ასეთი 16 საოჯახო სასტუმროდან ორი იყო. მცირე ბიზნესის სამი წარმომადგენელი გვეუბნება, რომ, როგორც თვითდასაქმებულებმა, ერთჯერადი 300 ლარიანი დახმარება მიიღეს, რაც საკმარისი არ იყო.

„დეკემბერში მთავრობისგან მივიღე ერთჯერადად 300 ლარი და აქამდე უნდა მყოფნოდა. რატომღაც არ მეყო...“ გვეუბნება ეთერ არჯევანიძე.

გამოკითხულთა უმრავლესობას ხელისუფლებისთვის დახმარება არ უთხოვია. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ კერძო ბიზნესს კრიზისულ პერიოდში სახელმწიფო ვერ შეეხიდება, რადგან თავადაც უჭირს. ნაწილი კი პირიქით, ხელისუფლებისგან უფრო ეფექტიან ფინანსურ თანადგომას ელოდა. რამდენიმე საოჯახო სასტუმროს მფლობელი აღნიშნავს, რომ ერთჯერადი ფულადი დახმარების ნაცვლად, ჯობდა ხელისუფლებას ქალაქის განვითარებზე ეზრუნა, რაც ტურისტებს და ახალგაზრდებს მოიზიდავდა და ეკონომიკას აამუშავებდა. ეს, თავისმხრივ, მცირე ბიზნესის დამოუკიდებლად მუშაობას განაპირობებდა.

სასტუმროების უმრავლესობაში დამსვენებელთა რაოდენობა თითქმის 80%-ით შეუმცირდა. კრიზისულ პერიოდში მათი მიღება მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში შეძლეს. საოჯახო სასტუმროების ნაწილი ამ დრომდე დახურულია.

„საოჯახო სასტუმრო გვაქვს. აქამდე თუ 12 თვე ვმუშაობდით, პანდემიის გამო, მხოლოდ თვენახევარი ვიმუშავეთ. ხალხი არ იყო“, - ამბობს სულხან გოგინაშვილი.

საოჯახო სასტუმროების გარდა, ბორჯომში პრობლემები შეექმნათ პურის საცხობებსაც. ფქვილის ღირებულების ზრდამ პურ-პროდუქტების გაძვირება გამოიწვია. ეს კი ყველა ოჯახზე აისახა. სახელმწიფოს მიერ ხორბლის ფქვილის სუბსიდირებამ ფასი ვერ დაარეგულირა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი მოსახლეობას აიმედებდა, რომ პურის ფასი არ გაიზრდებოდა, თუმცა ამაოდ. საშუალოდ, თუ 450-500 გრამიანი პური 2020 წლის ნოემბერში 70 თეთრი ღირდა, 2021 წლის ივლისში მისი ფასი 90 თეთრია.





მცირე მეწარმე მზია დილებაშვილი 50 კილოგრამიან ტომარაში პანდემიამდე თუ 48 ლარს იხდიდა, ახლა იმავე წონის ფქვილს 66 ლარად ყიდულობს.

თავდაპირველად პური არ გააძვირა. ზარალის ნაწილობრივ ასანაზღაურებლად ჯერ ცელოფნის პარკი ფასიანი გახადა. მოგვიანებით იძულებული გახდა პურის ღირებულებაც გაეზარდა.

„ხალხი გვეცოდებოდა, როგორ უნდა გაგვეძვირებინა. ძალიან გაგვიჭირდა. ვიფიქრე, გამოსწორდებოდა (ვითარება), მაგრამ უარესობისკენ წავიდა. უფრო გაძვირდა ფქვილი. ხალხი კი გვეცოდებოდა, მაგრამ იძულებულები გავხდით, ან უნდა დამეკეტა ან უნდა გამეძვირებინა პური და გავაძვირეთ, 1.20 ლარი გავხადეთ“.

მზია დილებაშვილს საშუალება არ აქვს, ფქვილი ერთდროულად დიდი რაოდენობით შეიძინოს და ნაწილ-ნაწილ ყიდულოს. ივლისის პირველ ნახევარში ტომარაში 65 ლარს იხდიდა, მეორეში ისევ 66-ს. სესხის სამი თვით გადავადებით ისარგებლა. ერთადერთი შეღავათი ეს იყო.

„შეღავათი რომ ვიგრძნო, ფქვილის ფასს უნდა დააკლონ. ფქვიზლე იყო სუბსიდირება, მაგრამ მაინც ძვირად ვყიდულობდი“.

მზიას საცხობის დაკეტვა არ უნდა. საქმის აწყობაზე ბევრი იწვალა. ბანკიდან სესხი აიღო და დღეს გაჭირვებით იხდის. ახლა კომუნალურ გადასახადებსაც ვერ უმკლავდება.

საქართველოს მთავრობის #716-ე (30.11.2020) „ხორბლის ფქვილის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების მიხედვით, პროგრამის პოტენციური ბენეფიციარი საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური ან იურიდიული პირი იყო, რომელიც პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილს ყიდდა. პროგრამის ფარგლებში, მასთან შესაძლებელი იყო სუბსიდირების შესახებ ხელშეკრულების გაფორმება. პროგრამის ფარგლებში, რომელიც 2020 წლის 1 დეკემბრიდან 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით მუშაობდა, ბენეფიციარი ვალდებული იყო 50 კილოგრამიანი ტომარა სუბსიდირებული პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილი 53 ლარზე მეტად არ გაეყიდა.

მიუხედავად ამისა, ქვეყანაში პურზე ფასის მატება 2020 წლის დეკემბრიდან დაიწყო და თითოეული მოქალაქის ჯიბეზე აისახა.

სტატისტიკურ ბიზნესრეესტრში, 2021 წლის ივლისის მონაცემებით, ეკონომიკური საქმიანობისთვის (ფაქტობრივი მისამართით) ბორჯომში 2521 აქტიური სუბიექტია რეგისტრირებული. აქედან 40 პურის მწარმოებელია. ჩვენ ათზე მეტს დავუკავშირდით და დავინტერესდით, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, კონკრეტულად ვინ რა დახმარებით ისარგებლა.

ხორბლის ფქვილის საუბსიდირების პროგრამით ჩვენ მიერ გამოკითხულ საცხობების მეპატრონეებიდან მხოლოდ ერთმა, შედარებით დიდმა, საწარმომ ისარგებლა. მცირე მეწარმეებს, რომლებიც ყოველდღიურად ორ-სამ ტომარა ფქვილს იყენებენ, შეღავათი არ შეეხო. ფქვილის შეძენა გაძვირებული ტარიფით - 66-67 ლარად უწევდათ.

გაზრდილი ფასის გამო შეუმცირდათ რეალიზაცია. პურის ძველი ღირებულება მხოლოდ დიდი საწარმოების ნაწილმა, ფქვილის სუბსიდირების ხარჯზე შეინარჩუნა. მეწარმეებს გაუძვირდათ მარილი, საფუარი, შესაფუთი მასალა, კომუნალური გადასახადები.
ერთადერთი შეღავათი, რითიც მცირე მეწარმეებმა ისარგებლეს, სამი თვით სესხის გადავადება იყო. თუმცა ამბობენ, რომ ჯობდა არ ესარგებლათ. საბოლოოდ, მეტი პროცენტის გადახდა მოუხდათ. გამოკითხულთაგან არცერთს შეხებია სესხის სუბსიდირების პროგრამა, რომელიც სესხის პროცენტის სახელმწიფოს მიერ 80%-ის დაფინანსებას გულისხმობდა.

მხოლოდ ორი მათგანი გათავისუფლდა საშემოსავლო გადასახადისგან.

პრობლემა, რომელიც ყველა პურის მწარმოებელს აერთიანებს, ფქვილზე გაზრდილი ტარიფია. მცირე მეწარმეები ამბობენ, რომ სახელმწიფოს მათთვის ყველაზე მთავარი - ფქვილის ფასი უნდა შეენარჩუნებინა. ასევე, გაეყინათ სესხის პროცენტი და არ გაეძვირებინა ენერგომატარებლები. რეალური დახმარებაც ეს იქნებოდა.

სახელმწიფომ პურის მცხობელებს არც რეგულაციების დაწესებისას გაუკეთა შეღავათი. მეწარმეთა ნაწილმა გვითხრა, რომ ღამის საათებში მუშაობისას საშვის აღება ვერ შეძლეს. უწყებიდან უწყებაში გადამისამართების გამო ადრესატამდე ვერ მივიდნენ.

პანდემიის შესაძლო გავლენა ბიზნესზე

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წელს აქტიური საქმიანობა 34 266-მა ბიზნეს სუბიექტმა შეწყვიტა. უწყებისთვის უცნობია, რა გახდა ამის მიზეზი.





ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის შესრულების და მის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობა შეისწავლა. ანგარიშში მიმოხილულია 2020 წლის დეკემბრის მდგომარეობით საქართველოს პირველადი ანტიკრიზისული გეგმა და მისი შესრულება.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ „2020 წელს საქართველოს ეკონომიკა მოსალოდნელია 6%-მდე შემცირდეს“.

ანალიზის მიხედვით, ანტიკრიზისულმა გეგმამ მოსახლეობას და ბიზნესს პანდემიის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური პრობლემები შეუმსუბუქა. თუმცა, გარკვეული დახმარების პროგრამები მცირე მოცულობის იყო და შეიძლებოდა ამ შეღავათის მოცულობის და მიზნობრივი სეგმენტის ზრდა.

IDFI-ს მკვლევარი გივი ადეიშვილი ანტიკრიზისული გეგმის მიმოხილვის ავტორია. მკვლევარი ამბობს, რომ ანტიკრიზისული გეგმისთვის გამოყოფილმა სამნახევარმა მილიარდმა, ქვეყნის ვალის ტვირთი განსაკუთრებით გაზარდა. თანხა მაქსიმალურად ეფექტიანად უნდა გადანაწილებულიყო, რაც არ მოხდა.

„სამწუხაროდ, საქართველოს არა აქვს ის შემოსავალი და ის ბიუჯეტი, რომ უზრუნველყოს ერთ წელიწადში ასე მკვეთრად შემცირებული ეკონომიკის დანაკარგების ანაზღაურება. ამიტომ, რა თქმა უნდა, არ იყო საკმარისი, ეფექტურობა. გარკვეული პროგრამების იყო დაბალი და სასურველია, გაზრდილიყო. ეს იყო შესაძლებელი, იმ დანახარჯებით რაც განხორციელდა. გარკვეულ ჯგუფებზე, გარკვეული დახმარებები იყო არაეფექტური. შეიძლებოდა, გაზრდილიყო ეფექტურობა თუმცა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ მკვეთრად დახმარების მოცულობა ვერ გაიზრდებოდა იმიტომ, რომ გაიზარდა ვალის ტვირთი და ეს ჩვენისთანა განვითარებადი ქვეყნისთვის საკმაოდ რთულია რომ უფრო მეტი ვალი აგვეღო და ამის ხარჯზე მომხდარიყო პანდემიის ფონზე მიღებული დანაკარგების დაკომპენსირება“.

უცნობია ანტიკრიზისული გეგმის შემუშავებისას საქართველოს მთავრობამ გაიარა თუ არა კონსულტაცია მცირე ბიზნესის წარმომადგენლებთან და შეისწავლა თუ არა მათი საჭიროებები. ხელისუფლების შესაბამისი უწყებებისგან ტელეკომპანია „ბორჯომმა“ კანონით დადგენილ ვადებში პასუხი ვერცერთ კითხვაზე ვერ მიიღო. ჩვენს მიერ გამოკითხული რესპონდენტების პასუხების მიხედვით კი შეგვიძლია დავასკვნათ: ბიზნესზე გამოყოფილი 515 მილიონი ლარიდან ბორჯომში რეგისტრირებულ მცირე მეწარმეებს თითქმის არაფერი შეხვდათ. დახმარება ვერც მათ საჭიროებებს პასუხობდა. დღითიდღე გაძვირებული ტარიფებისა და მოსალოდნელი რეგულაციების ფონზე კი არსებობა, შესაძლოა, კიდევ უფრო გაუჭირდეთ.


Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.