ინტერაქტიული მულტიმედია
სათავგადასავლო ტურიზმის პანდემიური „თავგადასავალი“
ერთწლიანი პაუზის შემდეგ, დასაწყობებული ნავები, ნიჩბები, ჩაფხუტები გადმოალაგეს და ჯგუფების საჯომარდოდ მისაღებად გაემზადნენ.


საჯომარდო აღჭურვილობა

აზარტი, ექსტრემი, ადრენალინი, - წელს ჯომარდობისას მტკვარიც ახმაურდა. წლიდან წლამდე, ამ სეზონურ ბიზნესზე დამოკიდებული ბორჯომის მუნიციპალიტეტში რამდენიმე საჯომარდო ბანაკის მეპატრონე და თანამშრომელია.



დაშვება მდინარე მტკვარზე, სოფელ ჩითახევში


„ჯომარდობა ბორჯომში“ ჩვეულ რიტმს ნელა და ვალებით უბრუნდება. დავით აბულაძემ ბანაკს მდებარეობა შეუცვალა და გასულ წელს სოფელ ლარებში განთავსდა. დამფუძნებელმა, მიწის ნაკვეთის შესაძენად ბანკიდან სესხი აიღო. პანდემიამ ყველა გეგმა წყალში ჩაუყარა. ვალი ვალად დარჩა, ინფრასტრუქტურა კი მოუწყობელი.

მიწის ნაკვეთი ფიზიკური პირისგან ქირით გვქონდა აღებული სოფელ ჩითახევში, მწვანე მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც საბანაკე სივრცე იყო მოწყობილი. პირველივე სეზონზე, საკმაოდ კარგი შემოსავალი გვქონდა, ამიტომ, გადავწყვიტეთ სეზონური სესხის საფუძველზე გვეყიდა მიწის ნაკვეთი, რომელიც ახლა გვაქვს სოფელ ლარებში. გასულ წელს შევიძინე, მაგრამ რას წარმოვიდგენდით, რომ პანდემია დაიწყებოდა. არადა, ისე გვქონდა გათვლილი, რომ პირველ ორ სეზონზე ამ სესხს დავფარავდით და კიდევ გვექნებოდა თანხა, რომ შიდა ინფრასტრუქტურა მოგვეწყო. სეზონზე გვიწევდა 12 000 ლარის გადახდა და ეს პანდემიაც ზუსტად მაგ დროს დაემთხვა"




დავით აბულაძე - "ჯომარდობა ბორჯომში/Rafting in Borjomi-ს დამფუძნებელი


ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, სახლემწიფოს მიერ სესხებზე დაწესებული შეღავათით ბანაკის დამფუძნებლებმა ვერ ისარგებლეს, სეზონურ სესხებს გადავადება არ შეხებია. ამის გამო ახალი სესხის გამოტანა მოუხდათ. შესაბამისად, საპროცენტო განაკვეთის  ოდენობაც გაეზარდათ და ჯარიმის გადახდაც მოუხდათ.

„მანამდე რვა თვე რაც გადახდილი გვქონდა პროცენტი, ისიც წყალში ჩაიყარა და საკმაოდ დიდი პრობლემები შეგვექმნა. წელს ვიმედოვნებ, რომ აღარ იქნება პანდემიის პიკი და შევძლებთ როგორც საბანაკე სივრცის მოწყობას, ასევე მუშაობას და სესხის გადახდასაც. ხუთწლიანი სესხი გვაქვს გაკეთებული. ვფიქრობ, ორ სეზონზე შევძლებთ გადახდას, თუ კარგი მუშაობა გვექნა, - ამბობს ბანაკის „ჯომარდობა ბორჯომში“ დამფუძნებელი დავით აბულაძე.


ინსტრუქტაჟი ჯომარდობის დაწყებამდე


სამაგიეროდ, „ჯომარდობა ბორჯომში“ დამფუძნებლებმა UNDP- საგრანტო კონკურსში გაიმარჯვეს და მოპოვებული 30 000 ლარით ინფრასტრუქტურის გამართვას შეუდგნენ. პანდემიის გამო ჩაშლილი გეგმების მიუხედავად, მაინც განვითარებაზე მუშაობენ და წინაც დიდი გეგმები აქვთ.

„ჯომარდობის გარდა, ორგანიზაციებს კორპორატიული ტურების დროს გვინდა სხვა აქტივობებიც შევთავაზოთ. ისინი ითხოვენ, ხოლმე, დახურულ სივრცეს, ბუნგალოს ან რამე მსგავს შენობას. ამიტომ, ამ თანხის 50%-ს ვუთმობთ მთლიანად ბუნგალოს მშენებლობას. 70 კვ.მ. ფართობზე, მაგარი რაღაც აშენდება. გარდა ამისა, ბანაკში იქნება ჰამაკები, საქანელები, სველი წერტილი, საშხაპეები, გასახდელები, ადგილი გამოიყოფა კარვებისთვის, სადაც შეეძლებათ დარჩენა, ღამის გათევა, მუსიკის მოსმენა და ა.შ.. ეს ყველაფერი საბანაკე სივრცის მოწყობას მოხმარდება. ბანაკში ინფრასტრუქტურა აგვისტოს მეორე ნახევრიდან მოწყობილი იქნება და უკვე სტუმრების მიღებას შევძლებთ“ - დავით აბულაძე.





ბუნგალოს მშენებლობა ბანაკში "ჯომარდობა ბორჯომში"


ინფრასტრუქტურა ნაწილობრივ მოწყობილია სოფელ ჭობისხევში განთავსებულ კიდევ ერთ საჯომარდე ბანაკში. პანდემიამ განვითარებაში ხელი „ექსტრემალური ჯომარდობა საქართველოშიც“ შეუშალა. დამფუძნებლები ბანაკის სრულად მოწყობას ჯერ კიდევ გასულ წელს აპირებდნენ, თუმცა კოვიდ-კრიზისმა მათ ხელ-ფეხი შეუკრა და შემოსავალი გაუნულა. წელს ინფრასტრუქტურის გამართვას საერთაშორისო ორგანიზაციის დაფინანსებით დაიწყეს, თუმცა პანდემიას ხელი რომ არ შეეშალა, ტურისტებს ბევრად მეტს შესთავაზებდნენ.



ბანაკი "ექსტრემალური ჯომარდობა საქართველოში" სოფელ ჭობისხევში


ამ დროისთვის ბუნგალო და ორი-სამი კოტეჯი აუცილებლად უნდა გვქონოდა, წესით. მაგრამ ეს ყველაფერი ახლა სამომავლო გეგმებია, - გვეუბნება ბანაკის ერთ-ერთი დამფუძნებელი თენგო მაისურაძე.



თენგო მაისურაძე - ბანაკის "ექსტრემალური ჯომარდობა საქართველოში" ერთ-ერთი დამფუძნებელი

მიუხედავად იმისა, რომ ბანაკში ინფრასტრუქტურის მოწყობა ჯერ არ დაუსრულებიათ, სტუმრებს გარკვეული მომსახურება უკვე შესთავაზეს. ჯომარდობასთან ერთად,  მათ შეუძლიათ გართობა საცოც კედელზე, ზიპლაინით დაშვება ბანაკის ტერიტორიაზე და ღამისთევა კარვებში.





კიდევ ერთი ბანაკი სოფელ ჩითახევში მდებარეობს. ის უკვე სრულად მოწყობილია, თუმცა პრობლემები იქაც არის.  „ჯომარდიას“ დამფუძნებელი ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქაცარავაა. 15 წელია რაც სპორტის ამ სახოების განვითარებას ცდილობს. გვეუბნება, რომ ამ ხნის განმავლობაში, 2020 წლის პანდემიური სეზონი ყველაზე რთული  „თავგადასავალი“ იყო. გაუქმდა ჯავშნები, გადაიდო საერთაშორისო ტურნირები, მოგების ნაცვლად, ბიზნესი ზარალზე წავიდა.

შარშანდელი წელი, ჩათვალეთ, რომ როგორც ბიზნეს წელი, არ არსებობდა. ბოლო 15 წლის განმავლობაში, რაც ჩვენ ამ ბიზნესით ვართ დაკავებული, ეს იყო პირველი წელი, როდესაც კომპანიამ მინუსით დახურა ფინანსური წელი. პანდემიით შექმნილ პრობლემებს ტურიზმი გრძნობს ყველაზე მეტად, რადგან ადამიანები იწყებენ თანხის დაზოგვას, დასვენებაზე და ფულის გადახდაზე აღარ ფიქრობენ, ჩერდება ყველაფერი. სხვა ბიზნესსაც აღარ ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენთან ეთანამშრომლათ, დაეჯავშნათ ტურები თანამშრომლებისთვის და .. ყველა გეგმა ჩაიშალა. შარშან, სულ სამჯერ მოგვიწია ნავის წყალზე ჩატანა, წარმოგიდგენიათ?! გასულ წელს ბანაკი პრინციპულად გავხსენი, თუმცა თავიდანვე ვიცოდი, რომ ვერ ვიმუშავებდით. წესით, როგორც ბიზნესმენს, ეს არ უნდა გამეკეთებინა, - გვეუბნება დავით ქაცარავა.




დავით ქაცარავა - ბანაკის "ჯომარდია"-ს დამფუძნებელი; საქართველოს ჯომარდობის ფედერაციის თავმჯდომარე


სახელმწიფოს მოლოდინი, რომ შიდა ტურიზმი გადაარჩენდა საერთაშორისო ტურიზმზე დამოკიდებულ ბიზნესს, მცდარი აღმოჩნდა. საჯომარდო ბანაკების დამფუძნებლებს მიაჩნიათ, რომ შიდა ტურიზმით არსებობა წარმოუდგენელია, რადგან ფასებთან ერთად   მიდგომების შეცვლაც უწევთ. ეს კი ბიზნესისთვის არამომგებიანია.

შიდა ტურიზმზე, არა მხოლოდ ჯომარდობა, არამედ ვერც ერთი ბიზნესი ვერ აეწყობა. იშვიათად, რომ ოჯახებმა მოისურვონ ჯომარდობა და თუ მოდიან, მაქსიმალურად ვუკეთებ შეღავათს. ჩვენი კომპანია ასევე ცდილობს იყოს პასუხისმგებლიანი ბიზნესი. გვქონდა ასეთი შემთხვევაც, დაგვიკავშირდნენ შშმ პირების, უსახლკარო და მზრუნველობა მოკლებული ბავშვები რომ ეჯომარდებინათ და გარკვეული ფასდაკლება გვთხოვეს. თუმცა, ჩვენმა კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მათ უფასოდ ვაჯომარდებთ და ერთ თეთრსაც არ გადავახდევინებ. რა თქმა უნდა, ამ პანდემიის ფონზეც ვიზიარებთ სოციალურ პასუხისმგებლობას. ყველაფერი ხომ ფულით არ განისაზღვრება, - ამბობს „ჯომარდობა ბორჯომშის“ დამფუძნებელი დავით აბულაძე.




დავით აბულაძე - ბანაკის დამფუძნებელი და ინსტრუქტორი


შიდა ბაზარი არის ძალიან მწირი და არ არსებობს შიდა ტურიზმის კულტურა. შიდა ტურიზმი ესეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, განსაკუთრებით მაშინ, როცა მოსახლეობის 80% დაბალშემოსალიანია და არ შეუძლია დახარჯოს თანხა შიდა ტურიზმის ბაზარზე, ეს არის წმინდა წყლის პოპულიზმი, რომ თითქოს რაღაცას აკეთებენ. სინამდვილეში, რაც უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, იზრუნოს ტურიზმის გაცოცხლებაზე, შიდა ტურიზმს შანსი არ აქვს ჩაანაცვლოს და იმუშაოს. ამის თეორიული შანსიც არ არსებობს. ის რაც იყო აქამდე, აწი იქნება უფრო მწირი. მოსახლეობის შემოსავლები ამ ერთი წლის განმავლობაში შემცირდა, გაიზარდა ხარჯები, გაძვირდა ცხოვრება, ლარი დასუსტდა, ასე რომ, შიდა ტურიზმი იმ ნიშნულსაც ჩამოცდა, რა ნიშნულზეც იყო 2019 წელს. ხსნა არის სიტუაციის სწორად მართვა, რასაც ვერ ვხედავთ. კრიზის მენეჯერები ვერ არიან შესაბამის სიმაღლეზე, - ამბობს დავით ქაცარავა.



ბანაკი "ჯომარდია" სოფელ ჩითახევში


საჯომარდო საქმეში კიდევ ერთი შეუთავსებლობაა პანდემიასთან. „ექსტრემალური ჯომარდობა საქართველოშის“ დამფუძნებლები ამტკიცებენ, რომ კოვიდრეგულაციების გათვალისწინება ჯომარდობის დროს შეუძლებელია.  ნავზე პირბადის გამოყენებას ვიზიტორებს არ სთხოვენ, რადგან მდინარეზე დაშვების დროს ჩაფხუტთან ერთად მისი გაკეთება შეუძლებელია. იმის გამო, რომ ნავზე ექვსი ადამიანი ჯდება, ორ მეტრიანი დისტანციის დაცვაც ვერაფრით ხერხდება. ბანაკებში, ჯომარდობის დაწყებამდე და შემდეგ, ინვენტარს დეზინფექციას უტარებენ, მონაწილეები კი თერმოსკრინინგს გადიან. PCR ტესტს ან აცრის საბუთს არ ითხოვენ. სახელმწიფოს ეს არ დაუწესებია.  ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ შეზღუდვების დაწესებამდე, ხელისუფლებას მათთან კონსულტაცია არ გაუვლია და არ უკითხავს, სპორტის ამ სახეობისთვის რა სახის შეზღუდვები იქნებოდა გამართლებული.

ცალსახად იღებენ გადაწყვეტილებას და გვიდებენ რეგულაციას, რომ ეს ასე უნდა გააკეთო. ჩვენ არ დაგვიძახეს და არ გვკითხეს, როგორი სპეციფიკაა ნავზე. რა მანძილი არის, რამხელაა ნავი, რამდენ ადამიანს სვამთ, 2, 4, 6 თუ 8 და .. დღესაც კი არ არსებობს მკაფიო განსაზღვრება ჯომარდთან მიმართებაში და ამას ჩვენ თვითონ ვარეგულირებთ. გვაქვს კონკრეტული სპეციფიკაციის ნავები და ვცდილობთ ეს რეგულაციები გადმოვიტანოთ აქ. ახლა რომ წავიდეთ და ვკითხოთ შესაბამის მარეგულირებელ ორგანოს, რა რეგულაციები გაქვთ ჯომარდთან მიმართებაში, ვერ გეტყვიან. ჩვენ აქ ვსვამთ ექვს ადამიანს, ხუთ მეტრიან ნავზე და დაახლოებით ერთ მეტრამდე გამოდის დისტანცია. გარდა ამისა, დასხდომისას ერთმანეთთან ზურგით არიან და არ აქვთ ერთმანეთთან პირისპირ კომუნიკაცია და ვირუსის გადაცემის საშიშროება არ არსებობს. რეალურად, ვირუსი კი არა, ჩვეულებრივი გაციებაც კი არ გვახსოვს. პირიქით, ჩვენგან წასული ადამიანი უფრო მეტად ჯანსაღდება. მთავრობის ეს რეგულაციები კი სინამდვილეში, არსებულ რეალობასთან მძიმე თანხვედრაშია. ხელისუფლებამ ვერანაირი ნაბიჯი ვერ გადადგა ისეთი, რომ ჩვენ გვეგრძნო ზრუნვა, შვება. მთავრობა ვერ დაგვეხმარა ბიზნესს, არც დღგ მოხსნა, არც რაიმე გადასახადი შეგვიმსუბუქა, არ დაგვიწესა არანაირი შეღავათი, კომუნიკაციაში, ფაქტობრივად, არ შემოდის და ყველაფერს წყვეტს ერთპიროვნულად. ეს საბოლოო ჯამში, აისახება ბიზნეს მოლოდინზე, დაგეგმვაზე.





ჯომარდობა მდინარე მტკვარზე


„ჯომარდიას“ არსებულ რეალობაზე უწევს მორგება. მიუხედავად, კრიზისული წლისა, სეზონი მაინც სიახლით დაიწყეს. გახსნეს საბავშვო ბანაკი საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოზარდებისთვის.  არასრულწლოვნებისთვის ეწყობა  გასართობი, შემეცნებითი აქტივობები, ისინი ეშვებიან მდინარეზე და სასიამოვნოდ ატარებენ დროს.



საბავშვო ბანაკი სოფელ ჩითახევში


დავით ქაცარავა ცდილობს, ბიზნესი პანდემიურ რეალობას მოარგოს. დაიწყეს ფასების კორექტირება, ახალი პროდუქტების შექმნა, დაამუშავეს საინტერესო შეთავაზებები მომხმარებელისთვის გართობის სტიმულის მისაცემად. თუმცა არ იციან, რა იქნება ხვალ...

სამომავლოდ ვფიქრობ, რომ ორგანიზაციებს შორის შეჯიბრებაც მოვაწყოთ წამახალისებელი. ბოლოს შეიძლება შესაბამისი სიგელებით დავაჯილდოვოთ. ტურნირების დაგეგმვაც შეიძლება. იდეები ბევრია, ვნახოთ რა იქნება... - გვეუბნება დავით აბულაძე.



დავით აბულაძე - "ჯომარდობა ბორჯომში/Rafting in Borjomi-ს დამფუძნებელი

ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების ფონზე, გარკვეული შეზღუდვები წესდება. მაგალითად: ტრენინგები, კონფერენციები ვეღარ გაიმართება ისე, თუ მონაწილეებს პისიარ ტესტის უარყოფითი პასუხი არ ექნებათ. სათავგადასავლო ტურიზმისთვის მსგავსი შეზღუდვები დაწესებული არ არის. ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ ინფორმირებული არავინ არის. ტელეკომპანია „ბორჯომი“ დაუკავშირდა როგორც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ასევე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას. მიუხედავად ლოდინისა და არაერთი შეხსენებისა,  კითხვებზე პასუხები ვერც ერთი უწყებიდან მივიღეთ. იგეგმება თუ არა რაიმე რეგულაციების შემოღება სათავგადასავლო ტურიზმის სფეროში და როგორ დაეხმარება სახელმწიფო ამ ბიზნესს, ვერ გავარკვიეთ. კითხვებზე ვერ გვპასუხობს ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტიც. დავით ქაცარავა ინფორმაციულ ვაკუუმშია. ის მიიჩნევს, რომ ხელისუფლება რეგულაციების დაწესებაში არათანმიმდევრულია.

ძალიან ბუნდოვანია ყველაფერი და არაპროგნოზირებადი. როდესაც ჩვენ ვადარებთ სხვა ქვეყნების მოდელებს ამ პანდემიური სიტუაციის მართვის სქემებს, ვხედავთ, რომ ძალიან არაპროფესიონალურად ხდება ამ პროცესების მართვა. ხდება ისე, რომ პირველ რიგში ზიანდება ეკონომიკა და შესაბამისად მოსახლეობა, რომელიც ისედაც ჩამოშლის პირას მყოფ ეკონომიკაზეა დამოკიდებული. სახელმწიფო იღებს დამაზიანებელ რეგულაციებს, გვიანდება ვაქცინაცია, იმ მასშტაბით რაც უნდა იყოს, არ არის. უამრავმა სხვა ქვეყანამ დაასრულა ვაქცინაცია, გახსნა ეკონომიკა, ხალხმა მოიხსნა პირბადეები და .. ჩვენ ძალიან ჩამოვრჩებით ამ პროცესებს და ეს ყველაზე მეტად აისახება ბიზნეს სექტორზე



საჯომარდო აღჭურვილობა

საჯომარდო სეზონი, ამინდის გათვალისწინებით, ოქტომბრამდე გრძელდება. სათავგადასავლო ტურიზმის წარმომადგენლებს სამუშაოდ ორი თვე რჩებათ, თუმცა რა პირობებში მოუწევთ მდინარეზე დაშვება, ჯერ არავინ იცის. არც ის არის გამორიცხული,  ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, ისევ ნავების, ნიჩბების და ჩაფხუტების ალაგება-შენახვა მოუხდეთ. კიდევ ერთი ლოქდაუნის შემთხვევაში კი ამ პატარა ბიზნესმა, შესაძლოა, საქმიანობის გაგრძელება ვეღარ შეძლოს.

Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.