ეროვნულ პარკში მომრავლებული ცხოველები და ტურისტების შემცირებული ჯგუფები
09:55 / 03.08.2021
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი
პანდემიურ სეზონს ახალი ტურისტული მარშრუტებით შეხვდა.2020 წლამდე არსებულ 12 ბილიკს,
აბასთუმანსა და ნეძვის აღკვეთილში, ხუთი მარშრუტი დაემატა. გაჩნდა
ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა, თავშესაფრების და საპიკნიკე
ადგილების სახით. ნეძვის 32 კილომეტრიანი, წრიული, პანორამული ბილიკიც
ივნისში გაიხსნა.
ზღვის დონიდან 2 000 მეტრზე მდებარე
ნეძვის აღკვეთილის ბილიკს, პანდემიის მიუხედავად, ტურისტები
გახსნისთანავე გაუყვნენ. ტერიტორია განსაკუთრებული
ბიომრავალფეროვნებით, ლანდშაფტით, ლამაზი ხედებით გამოირჩევა. მისი
დალაშქვრა როგორც ფეხით, ასევე ცხენით არის შესაძლებელი.
თითქმის ერთწლიანი, იძულებითი პაუზის შემდეგ, ბორჯომ-ხარაგაულის
ეროვნულ პარკში განსაკუთრებული მოთხოვნა საცხენოსნო ტურზეა.
ვიზიტორების ჯგუფს, გიდი უხსნის, რა მიმართულებით უნდა იმოძრაონ.
აცნობს მარშრუტის ხანგრძლოვობასა და რელიეფს.
ტურისტების ჯგუფი ისრაელიდან
ისრაელიდან ჩამოსულმა ტურისტების 19
კაციანმა ჯგუფმა, ქვეყნის სხვა ღირსშესანიშნავი ადგილების მონახულების
შემდეგ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დალაშქვრაც გადაწყვიტეს.
ცხენებით ნიკოლოზ რომანოვის ბილიკს გაუყვნენ.
„ძალიან კარგი იყო ტყეპარკი, ძალიან ლამაზი, ძალიან
ვისიამოვნეთ ცხენებით. სხვა ეროვნულ პარკში არ ვყოფილვარ, ამის
შესახებ კი ბევრი გაგვიგია ინტერნეტით, ასევე ხალხისგან და ამიტომ
მოვედით. აქ უსაფრთხოდ გვრძნობთ თავს“, - ამბობს რუვენ
ზომერი ისრაელიდან.
მოჰამედ ელ-მაჰდი ეგვიპტელია. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისა და
საცხენოსნო ტურის შესახებ მეგობრისგან შეიტყო, პანდემიას არ შეუშინდა
და ჩამოვიდა.
ეროვნულ პარკში ყველაზე მეტი სტუმარი ბოლოს 2019 წელს აღრიცხეს, 64
000-ზე მეტი. 2020 წელს სეზონი ფაქტობრივად ჩავარდა. ამ პერიოდში შიდა
ტურიზმი აქტუალური არ იყო. ახლა ეროვნულ პარკში ვიზიტორების 60%
საქართველოს მოქალაქეა, 40% კი უცხოელი.
2021 წლის მაისის მონაცემებით, მიმდინარე წელს, ეროვნულმა პარკმა 4
985 ტურისტი მიიღო. უცხოელების უმეტესობა ისრაელიდანაა - 157
ადამიანი, შემდეგ მოდის გერმანია - 75 ვიზიტორით, აშშ-დან ჩამოვიდა
52, რუსეთიდან 50 და გაერთიანებული სამეფოდან 36 ადამიანი.
ვიზიტორთა საერთო რაოდენობა გასულ 2020 წელთან შედარებით 39%-ით არის
გაზრდილი.
2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უცხოელების რაოდენობამ
13%-ით, ხოლო საქართველო მოქალაქე ვიზიტორთა რაოდენობამ 74%-ით
მოიმატა.
პანდემია და შეფერხებული
პროექტები
კორონავირუსის პანდემიის გამო, 2020 წლის მარტში, ბორჯომ-ხარაგაულის
ეროვნული პარკის ადმინისტრაციამ მუშაობა რამდენიმე თვით შეწყვიტა და
ონლაინ რეჟიმზე გადავიდა. ყოველწლიურ სამოქმედო გეგმაში იყო
საკითხები, რომელზე მუშაობასაც დისტანციურად ვერ შეძლებდნენ. ამის
გამო გარკვეული აქტივობები შეფერხებით შესრულდა.
ამ პერიოდში ვეღარ გაიმართა სასკოლო ჯგუფებისთვის ეკო-საგანმანათლებლო
ტურები, რაზეც მოთხოვნა 2021 წელს ისევ გაჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ
ახალი ინფრასტრუქტურა განვითარდა, პანდემიამ ხელი შეუშალა უკვე
არსებულის შეკეთებასა და მოვლას. შეფერხდა კვლევითი პროექტებიც,
რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციები ახორციელებდნენ. მკვლევარებმა
ჩამოსვლა ვეღარ შეძლეს.
პანდემიამ გავლენა იქონია ეროვნული პარკის შემოსავალზეც. ვიზიტორთა
მომსახურებაში გადახდილი თანხა დიდი არ არის, ინფრასტრუქტურის
განვითარებაზე ამით ვერ იზრუნებენ, თუმცა რაც იყო, ისიც თითქმის
გაქრა. პროექტები მეტწილად, დონორების დახმარებით ხორციელდება.
ორგანიზაციის ვებ-გვერდზე ასახული ინფორმაციის მიხედვით, ხუთი ახალი
ბილიკიდან ერთი - ნეძვის წრიული, პანორამული ბილიკი ჯამში 288 500
ლარი დაჯდა. პროექტი რამდენიმე საერთაშორისო ფონდის (GEF, UNDP, CNF,
Global Conservation) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
ეკოტურიზმის განვითარება რაც შეიძლება მეტი ადგილობრივის დასაქმებას
და აქტივობებში ჩართვას ისახავს მიზნად. მოსახლეობამ სარგებელი უნდა
მიიღოს საცხენოსნო ტურებიდან, გიდის მომსახურებიდან ან ღამის
გასათევიდან.
„ვთვლი, რომ რეგიონზე საკმაოდ დიდი გავლენა იქონია, რადგან
ჩვენთან მოსული ვიზიტორების დახარჯული თანხების ძალიან დიდი ნაწილი
სწორედ რეგიონზეა მიმართული. რა თქმა უნდა, ესეც გასათვალისწინებელია
და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ მხრივ იყო ნეგატიური გავლენა“, -
ამბობს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციული
განყოფილების უფროსი ნათია მულაძე.
პანდემიის პერიოდში შეზღუდვა დაწესდა ტურისტულ თავშესაფრებში
დარჩენაზე. შიდა რეგულაციით, ღამისთევა დასაშვები იყო მხოლოდ საკარვე
ადგილებზე. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, არ ქირავდებოდა
აღჭურვილობა.
ამჟამად პარკში ყველა სერვისი მუშაობს. ვიზიტორებს რეგულაციების დაცვა
უწევთ როგორც ვიზიტორთა ცენტრში, ასევე ეროვნული პარკის ტერიტორიაზე.
მანამდე თუ დიდი ჯგუფები იყო დაშვებული, ახლა მათი რაოდენობა
შემცირებულია.
რეინჯერი ერთადერთია, ვისზეც არავითარი გავლენა არ მოუხდენია
პანდემიას, მათ შორის არც სრული ლოქდაუნის პერიოდში.
დემურ ლაცაბიძე სამი წელია ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს
აკონტროლებს. აკვირდება ბიომრავალფეროვნებას, იღებს ცხოველების კვალს,
ებრძვის ბრაკონიერებს.
დილის 9 საათზე ველზეა და მისი პასუხისმგებლობის ქვეშ არსებულ
ტერიტორიაზე აღწერს ყველაფერს, რაც შეხვდება დღის განმავლობაში. დღეში
საშუალოდ 10-დან 20-კილომეტრამდე მანძილს გადის, რელიეფისა და ამინდის
მიუხედავად.
დემურ ლაცაბიძე ამბობს, რომ ის უკვე ბუნების ნაწილია. ამ საქმეს ასე
სცოდნია - სიყვარულით შეყოლა.
ეროვნული პარკის ტერიტორია უბნებად არის დაყოფილი. თითოეულს რამდენიმე
რეინჯერი მეთვალყურეობს. მათთვის ყველაზე რთული ბრაკონიერებთან
ბრძოლაა.
„ტყეს დისტანციურად ვერ დაიცავ, თუ იქ არ იყავი“, -
ამბობს დემურ ლაცაბიძე. რეინჯერი იხსენებს, რომ პანდემიის დასაწყისში
სამართალდარღვევის ფაქტებმა ცოტათი იმატა.
„რომ ჩაიკეტა ქალაქები, სოფლად ჩამოვიდა ხალხი, დაუბრუნდნენ
ძველ ადგილ-მამულებს, ყველამ მოინდომა ტყეში გასეირნება. ხშირ
შემთხვევაში ეს დისკომფორტს გვიქმნიდა და ხშირად იყო შემთხვევები, რომ
არ იცოდა მოსახლეობამ, ეს თუ ეროვნული პარკი და მისი საზღვარი იყო. ეს
თავიდან იყო, შემდეგ ჩვეულებრივ რეჟიმში ვართ პანდემიის დაწყების
დღიდან დღემდე. იგივე მოვალეობები გვაქვს და იგივე მარშრუტებს
გავდივართ“.
პანდემიის პერიოდში, პარკის ტერიტორიაზე კოტეჯები აღარ ქირავდებოდა და
ვიზიტორებიც აღარ იყვნენ.ერთი შეხდვით ამ დიდმა დანაკლისმა დიდი
სიკეთე მოუტანა ბიომრავალფეროვნებას. ცხოველები ისეთ ადგილებში
გამოჩნდნენ, სადაც მანამდე არასდროს უნახავთ.
„თითქოს ამოისუნთქა ბუნებამ, დაეტყო ძალიან. ცხოველები უფრო
მეტად შეინიშნებოდა. უფრო გათამამდნენ. გამოდიოდნენ ისეთ ადგილებში,
სადაც მანამდე არ გვხვდებოდნენ. უფრო სიახლოვეს ჩამოდიოდნენ. პირიქით,
ცხოველებისა და ბიომრავალფეროვნების კუთხით დადებითად იმოქმედა
პანდემიამ“, -ამბობს დემურ ლაცაბიძე.
ცხოველების კადრები ფოტოხაფანგიდან
ცხოველთა სიმრავლეს ფოტოხაფანგებიც
ასახავდნენ. ცხოველები იქ, სადაც პანდემიამდე თვეში სამ-ოთხჯერ
ჩნდებოდნენ, ახლა ყოველ მეორე დღეს „იღებენ ფოტოებს“. რეინჯერებს
მტაცებელი ცხოველიც ხშირად შეხვედრია, თუმცა თავდასხმის საშიშროება არ
ყოფილა.
ეროვნულ პარკში ცხოველები არც ტურისტებს დასხმიან თავს. აქ
ვიზიტორებისთვის განსაკუთრებული საფრთხე ტყეში დაკარგვაა, ისიც იმ
შემთხვევაში, თუ მარკირებას არ გაყვებიან და გზიდან გადაუხვევენ. ამ
დროს ტურისტმა 112-ზე ან ვიზიტორთა ცენტრში უნდა დარეკოს, რომ
რეინჯერი დაეხმაროს.
„ჰგონიათ, რომ ყველგან მივლენ და ეს არაფერია. მიმდებარე
სოფლის სინათლეს რომ ხედავენ ჰგონიათ, ახლოს არის, მაგრამ ეს ახლო
შეიძლება 15-20 კილომეტრი იყოს მინიმუმ“, - გვეუბნება
რეინჯერი.
სალაშქრო და საცხენოსნო, საგანმანათლებლო, შემეცნებითი, ველო და
ზამთარში თოვლის ფეხსაცმელების ტური - ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული
პარკი ვიზიტორებს ნაირფეროვან არჩევანს სთავაზობს. 2021 წელს კიდევ
ორი ახალი ბილიკის გაიხსნება - დასათვალიერებელიც მეტი იქნება და
კომფორტიც, თუმცა პარკი 2019 წლის მონაცემებიდანაც კი ძალიან შორს
არის. პანდემიამ ერთი მხრივ ტყეში ცხოველები მოამრავლა, მეორე მხრივ
კი ამ ცხოველების, ბუნებისმოყვარულების რაოდენობა მკვეთრად
შეამცირა.