ინტერაქტიული მულტიმედია
დაგროვებითი პენსია - ფინანსური ტვირთი პანდემიისას
პანდემიის პერიოდში, როცა უამრავი ადამიანი ნახევარ განაკვეთზე გადაიყვანეს, უხელფასო შვებულებაში გაუშვეს, ოჯახის წევრების ნაწილმა სამსახური დაკარგა, მაგრამ მათ დარჩათ სოციალური და საბანკო ვალდებულებები, შემოსავლის 2%-საც დიდი ფასი დაედო. ეს 2% კი სახელმწიფოს საპენსიო ფონდში მიაქვს, თან ისე, რომ 40 წლამდე ადამიანებს არჩევანის უფლებას არ უტოვებს. ალტერნატივა არ აქვს დამსაქმებლებსაც, რომლებიც თანამშრომლის ხელფასიდან ფონდში გადასარიცხ თანხას, თავის მხრივ, 2% ამატებს. ანტიკრიზისულ გეგმაში, რამდენიმე ტიპის შეღავათს შორის, ვერ მოხვდა საპენსიო გადასახადის დროებით შეჩერება. მეტიც, ადამიანების ნაწილს ჰქონდა სურვილი, ეკონომიკური კრიზისის დროს, „თავის ანგარიშზე“ უკვე დაგროვებული თანხით ესარგებლა. ფონდი ხელუხლებელი დარჩა. თუმცა ეკონომისტები და ფინანსისტები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ ხელისუფლებისთვის დიდი ცდუნებაა, დაგროვებული თანხა სათავისოდ გამოიყენოს.

ბორჯომში მცხოვრები გიორგი ოგანესიანი დაგროვებით საპენსიო სქემაში მისი ამოქმედებიდან, 2019 წლის იანვრიდან ჩაერთო. შესაბამისად, პენსიის დაგროვება 24 წლის ასაკიდან დაიწყო. სისტემაში მხოლოდ იმიტომ აღმოჩნდა, რომ კანონი უარის თქმის საშუალებას არ აძლევდა.

2019 წლის 1 იანვრიდან საპენსიო შენატანის გადახდა ევალება ყველა დასაქმებულს, მის სასარგებლოდ ყველა დამსაქმებელს და სახელმწიფოს. ამასთან, იმ დასაქმებულ პირს, რომელიც 2018 წლის 6 აგვისტოს უკვე იყო 40 წლის ან მეტის.

პირველი პენსიის აღებამდე, 41 წლის განმავლობაში, გიორგის ყოველთვიურად ხელფასის 2% ჩამოეჭრება. უკვე გამოიანგარიშა იმ ხელფასით, რაც ახლა აქვს, რა თანხის თავმოყრას შეძლებს 65 წლის ასაკისთვის. ოდენობა არც შთამბეჭდავია და მით უმეტეს, არც „უზრუნველი სიბერის“ გარანტი.

„ახლა ვარ 25 წლის. ჩემი საშუალო შემოსავალი, საქსტატის მონაცემებით, არის 960 ლარი თვეში. შესაბამისად, საპენსიო ასაკში, როდესაც ეს დანაზოგი ჩემთვის ხელმისაწვდომი იქნება, შეგროვებული მექნება 21 000 ლარიდან 22 000 ლარამდე. ამ დროისთვის 21 000 ლარი არის დაახლოებით 6 500 დოლარი, მე პენსიაზე გავალ 2060 წელს. ლარის კურსი ისე უფასურდება, ალბათ, იმ დროისთვის 21 000 ლარი შეიძლება იყოს 1000 დოლარი, უხეშად რომ ვთქვა. ამ საპენსიო რეფორმის აბსურდულობა ასეთია, დღეს მე სახელმწიფო მეუბნება, რომ 40 წელი იმიტომ უნდა ვიწვალო და ვაგროვო, რომ 65 წლის ასაკში შემიგროვებს 21 000 ლარს ანაბარზე, რომლითაც ერთკვირიან საგზურსაც ვერ ვიყიდი, რომ დავისვენო“

21 000 ლარს ერთად გიორგის არც 65 წლის ასაკში მისცემენ. ეს თანხა წლებზე გადანაწილდება და მის ფიქსირებულ სოციალურ პენსიას, სავარაუდოდ, უმნიშვნელოდ გაზრდის.

დაგროვებითი პენსიის პროგრამული გაცემა გულისხმობს დაგროვებული საპენსიო თანხის სიცოცხლის მოსალოდნელ დარჩენილ ხანგრძლივობაზე გაყოფას და ყოველთვიური პენსიის სახით მიღებას;

ერთიანად გატანა შეიძლება, თუ პირი გაწევრიანდა საპენსიო სქემაში საპენსიო ასაკამდე არაუმეტეს 5 წლით ადრე.

თუ მონაწილეს მიენიჭება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი.

თუ მონაწილე დატოვებს საქართველოს და წარმოადგენს სხვა სახელმწიფოში კანონიერი, მუდმივი ცხოვრების უფლების დამადასტურებელ, სათანადოდ დამოწმებულ დოკუმენტს.

სხვა შემთხვევაში პროგრამის დატოვება შესაძლებელი არ გახლავთ საპენსიო ასაკამდე.



2019 წელს 40 წლის რომ ყოფილიყო, საპენსიო სქემას აუცილებლად დატოვებდა და საკუთარი ფინანსების თუ დანაზოგის განკარგვაში სახელმწიფოს არ ჩარევდა. გიორგი მიიჩნევს, რომ პირადი საჭიროებები თვითონ უკეთ იცის. საჭიროებებმა კი თავი კორონავირუსის პანდემიის დასაწყისშივე იჩინა.

საპენსიო რეფორმის ამოქმედებიდან ზუსტად ერთი წლის თავზე, პირველი გამოწვევა გაჩნდა - კორონავირუსის პანდემია. ეს გლობალური პრობლემა შეეხო ყველას და შეეხო ყველანაირად. ადამიანებს შეერყათ ჯანმრთელობა, შეუმცირდათ ხელფასი, უარეს შემთხვევაში, დაკარგეს სამსახური და ამ ფონზე დარჩათ საბანკო ვალდებულებები.
გიორგი მათ შორის აღმოჩნდა, ვისაც რამდენიმე თვით სამსახურთან, შესაბამისად, შემოსავალთან გამომშვიდობება მოუხდა.

„პანდემიამ გვაჩვენა ე.წ ფინანსების კრიტიკული მართვის საჭიროება. ვხედავდი ადამიანებს ჩემ გარშემო, როგორ ყიდდნენ ქონებას, ოქროს ალომბარდებდნენ, ზოგმა მანქანა გაყიდა. მე პანდემიის დასაწყისში 5-6 თვის განმავლობაში დავკარგე სამსახური და ამ თვეების განმავლობაში, ჩემს ფინანსებს 1 ლარიც კი არ დამატებია. ვერ ვისარგებლე სახელმწიფოს 200-და 300 ლარიანი დახმარებებით მხოლოდ იმიტომ, რომ გორის უნივერსიტეტის კოლეჯიდან, სადაც ლექციებს ვკითხულობდი, თებერვალში ჩამერიცხა 38 ლარი. ბუნებრივია ამ კრიზისის დროს მინდოდა ის მიზერული თანხა, რომელიც მაშინ უკვე მქონდა დაგროვებული საპენსიო ანგარიშზე, გამომეყენებინა, მაგრამ ამის შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, არ მომეცა. ის პერიოდი ჩემთვის იყო როგორც ფინანსური, ისე ფსიქოლოგიური წნეხი.“


დასაქმებულების მსგავსად, პანდემიის პერიოდში, შეღავათებით ვერ ისარგებლეს დამსაქმებლებმაც. ყველაზე მეტად ამ დროს პატარა ორგანიზაციებს გაუჭირდათ. ბორჯომში მოქმედ ერთ-ერთ შპს-ში (ორგანიზაციას არ ვასახელებთ დამსაქმებლის თხოვნით) 16 ადამიანია დასაქმებული. როცა პანდემია დაიწყო, ონლაინ მუშაობაზე გადასვლის პარალელურად, ორგანიზაციის ხელმძღვანელს რამდენიმე თანამშრომლის უფასო შვებულებაში გაშვება მოუხდა. საპენსიო ფონდში თანამშრომლების ხელფასებიდან 2% და ორგანიზაციიდან დამატებით 2% რომ არ ეხადა, ერთ თანამშრომელს მაინც შეინარჩუნებდა.

„საპენსიო დაბეგვრაზეც რომ იგივე შეღავათი დაწესებულიყო პანდემიის პერიოდში, როგორც ეს საშემოსავლო გადასახადზე დააწესა მთავრობამ, 4 %-ით ნაკლები დანახარჯი ექნებოდა ჩვენს ორგანიზაციას, რაც ერთი თვის განმავლობაში მინიმუმ 280 ლარს დაგვიზოგავდა. ეს შესაძლებლობას მომცემდა, კიდევ ერთი თანამშრომლის ხელფასი გამეცა და იძულებითი უფასო შვებულება არ გამომეყენებინა.
არჩევანის შესაძლებლობა მაინც მოგვცემოდა - ანუ ვისაც შეეძლო დაებეგრა 2%+2% -ით ხელფასი, ან ეს თანხა ორგანიზაციას გამოეყენებინა ისევ თანამშრომლების ხელფასების გასაცემად. მით უმეტეს, რომ ამ 280 ლარის თვითღირებულება, თუნდაც 5 წლის შემდეგ, გაცილებით ნაკლები იქნება, ვიდრე დღეს არის“,
- ამბობს დამსაქმებელი ბორჯომიდან.


საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 1226 ლარს შეადგენდა. ამ თანხის 2%  48 ლარია. ეს იმას ნიშნავს, რომ პანდემიისას სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის საპენსიო ფონდში თანხის ჩარიცხვა დროებით რომ შეეჩერებინა, ერთი ადამიანი 48 ლარს დაზოგავდა. ეს კი ოჯახისთვის ერთი თვის პურის ფულია. თუ ოჯახში რამდენიმე წევრი მუშაობს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ თითქოსდა ძალიან მცირე 2%-ით, ის კომუნალური გადასახადების გადახდას შეძლებდა.

საპენსიო სქემაში სულ 1 159 000 მოქალაქეა ჩართული. მათგან 116 916 ადამიანი პანდემიური წლის განმავლობაში, 2020 წლის ივნისიდან, 2021 წლის ივნისამდე დაემატა. სახელმწიფოს ანტიკრიზისულ გეგმაში, სხვა შეღავათებთან ერთად, მოქალაქეებისთვის საპენსიო გადასახადი, 2% რომ არ ჩამოეჭრათ, სქემაში ჩართული საშუალოშემოსავლიანი ოჯახები ამ თანხას საკუთარი კეთილდღეობისთვის უკეთ გამოიყენებდნენ, ვიდრე ამას სახელმწიფო აკეთებს.


როგორ განკარგავს საპენსიო სააგენტო ფონდში არსებულ თანხას

საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ სააგენტოს ანგარიშებზე თავმოყრილი თანხის განკარგვა და ინვესტირება სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს ოთხ უცხოელ ექსპერტს ანდო. საინვესტიციო საბჭოს წევრები, ხუთი წლის ვადით, პარლამენტმა დაამტკიცა.
საინვესტიციო საქმიანობის გრძელვადიან გეგმებს 2020 წელს მიღებული საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი განსაზღვრავს.

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, საინვესტიციო სამსახურის ამოცანა მოქალაქეების მიერ დაზოგილი და სააგენტოში აკუმულირებული თანხის მაქსიმალური გაზრდაა.
2023 წლამდე ინვესტირება დაბალრისკიან აქტივებში უნდა განხორციელდეს. შესაბამისად, საპენსიო სააგენტომ, 2020 წლის მარტში 560 000 000 ლარი საქართველოში მოქმედ ბანკებში დეპოზიტებზე განათავსა. ამ თანხას წლიურად 11% სარგებელი უკვე დაერიცხა.

საპენსიო სააგენტო ფულს რვა კომერციულ ბანკში აგროვებს. ამოქმედებიდან დღემდე, ორწელიწადნახევარში, საინვესტიციო საქმიანობის შედეგად, ანგარიშებზე დაგროვებული თანხა 166 000 000 ლარით გაიზარდა.

საპენსიო სააგენტომ ტელეკომპანია „ბორჯომის“ კითხვებს წერილობით უპასუხა. წერილში განმარტებულია, რომ 2019 წელს სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობა არ განუხორციელებია, ვინაიდან საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი დამტკიცებული არ იყო.

„საპენსიო ფონდში აკუმულირებული საპენსიო შენატანების 100% განთავსებულია ლარში, აქედან 70.6% სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და ვადიან ანაბრებზე, ხოლო 29.4% სსიპ საპენსიო სააგენტოს მიერ, კომერციულ ბანკებში გახსნილ ისეთ მიმდინარე ანგარიშებზე, რომლებზეც ხდება საპროცენტო სარგებლის დარიცხვა.“ - ნათქვამია საპენსიო სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წერილში.

აქტივების საერთო მოცულობა შეადგენს 1,548,282,941.56 ლარს, ხოლო საპენსიო შენატანებზე დარიცხული სარგებლის ოდენობა შეადგენს 172,615,238.90 ლარს.







რისკი და უნდობლობა

„ძალიან დიდი რისკია ინფლაცია. გვართმევენ ფულს, შემდეგ სადღაც ინახავენ, თან ინფლაცია მიდის ქვეყანაში, შეიძლება ეს ფული მომავალში ისე გაუფასურდეს, რომ ზარალში ვიყოთ”, - ამბობს ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი. მას მიაჩნია, რომ საინვესტიციო საბჭოს მუშაობა, რაც ციფრებში ჩანს, არც თუ ისე ეფექტურია.

„ორწელიწადნახევარია, რაც ფონდში თანხის დაგროვება მიმდინარეობს. ახლა, როგორც ამბობენ, ფონდში დაგროვებულია მილიარდნახევარი, დაახლოებით. ამ ხნის განმავლობაში მოგება დაგროვდა 160 მილიონი, ეს არის დაახლოებით 20%. 20% ორწელიწადნახევარში სულ არ არის ფანტასტიკური შედეგი“.

გიგა ბედინეიშვილი ხსნის, რომ წელიწადში 6-7%-იანი შემოსავლის მიღება, მაშინ, როცა ქვეყანაში ლარი 6-7%-ით უფასურდება, ძალიან ცუდი შედეგია. მით უფრო, რომ ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთი, ანუ ინფლაციის კონტროლის მექანიზმი, 9%-ით არის განსაზღვრული.

ტელეკომპანია „ბორჯომი“ დაინტერესდა, როგორია საინვესტიციო საბჭოს წევრების შრომის ანაზღაურება და რა თანხას ვუხდით ჩვენი ჯიბიდან საბჭოს თითოეულ წევრს ყოველთვიურად. საპენსიო სააგენტომ გვიპასუხა, რომ ეს ინფორმაცია „საჯარო არ არის“.

ჩვენ ასევე ვიკითხეთ, როგორია საპენსიო სააგენტოს წლიური ბიუჯეტი და იქ დასაქმებული ადამიანების შრომითი ანაზღაურება. საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელის, გიორგი დანელიას წლიურმა შრომითმა ანაზღაურებამ, 2019 წელს, 180 000 ლარი შეადგინა, ანუ თვიურად ის 15 000 ლარს იღებდა. 155 000 ლარი იყო მისი წლიური შემოსავალი 2020 წელს.

სააგენტოს თავმჯდომარის შრომის ანაზღაურებისგან განსხვავებით, სააგენტოს წლიური ბიუჯეტი 2020 წელს გაიზარდა. თუ 2019 წელს სააგენტომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 874 247 ლარი მიიღო. 2020 წელს ამ თანხას ნახევარ მილიონზე მეტი დაემატა და 2 485 468 შეადგინა.

გიგა ბედინეიშვილი მიიჩნევს, რომ მთავრობის მიმართ ნდობა დაბალია, ხოლო საპენსიო ფონდში მობილიზებული თანხა ნებისმიერი ხელისუფლებისთვის, დიდი ცდუნებაა.

„ისტორიას თუ გადავხედავთ, სამწუხაროდ, მთავრობებს როდესაც დასჭირდათ ფული, ამ ქოთანში ხელი ჩაყეს. ბევრი შემთხვევები ყოფილა, როდესაც გაკოტრებულა ასეთი ფონდები. მთავრობას გამოუყენებია მაშინ, როდესაც სხვა სახსრები არ ჰქონდათ. ეს არის ვარაუდი და არ მინდა მტკიცებით ფორმაში ვისაუბრო, მაგრამ ეს არის კიდევ ერთი რეზერვი მთავრობის ხელში და თუ დასჭირდა, შეუძლია ისე გამოიყენოს, როგორც უნდა“.


ირღვევა თუ არა სქემაში სავალდებულო წესით ჩართული ადამიანების უფლებები

ეკონომიკურ რისკებზე მეტად, დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში ადამიანის უფლებების დარღვევას ხედავს არასამთავრობო ორგანიზაციის "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" გამგეობის თავმჯდომარე. ედუარდ მარიკაშვილმა ორგანიზაციის სახელით და ასევე, როგორც კერძო პირმა, საპენსიო სისტემაში 40 წლამდე მოქალაქეების სავალდებულო ჩართულობა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.

სარჩელში ნათქვამია, რომ საპენსიო სქემაში მონაწილეობის ვალდებულება არღვევს საკუთრების კონსტიტუციურ უფლებას და საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ აიძულებს მას „დაზოგოს თანხა პირადი კეთილდღეობისთვის“.

„დავა მოიცავს კონსტიტუციურ არგუმენტებს. ამ შემთხვევაში მოწინააღმდეგე არის პარლამეტი. ვითხოვთ გაუქმდეს კანონის სავალდებულო ელემენტი, რაც არღვევს ჩვენს კონსტიტუციურ უფლებებს. ორი მიმართულებით ვდავობთ, როგორც დასაქმებული და როგორც დამსაქმებელი. დასაქმებულთან მიმართებაში ეს არის ისეთი ჩარევა საკუთრების უფლებაში, სადაც სახელმწიფო ჩვენს კეთილდღეობაზე ზრუნვის მოტივით გვიზღუდავს უფლებებს“.

ედუარდ მარიკაშვილი მიიჩნევს, რომ საპენსიო ფონდში მილიონების დაგროვება ხელისუფლებას აწყობს. მიუხედავად იმისა, რომ სარჩელი კონსტიტუციური არგუმენტებით არის გამყარებული, ფიქრობს, რომ მთავრობა მის ხელში დაგროვებულ ფულს არ დათმობს.


„ჩვენი არგუმენტები არის მყარი, სხვა შემთხვევაში არ ვიდავებდით. მეორე მხარეს არის ძალიან დიდი ინტერესი, მილიარდ ნახევარზე მეტია უკვე დაგროვებული და ჩაშვებულია ბრუნვაში. დიდი სახელმწიფო ინტერესია, რომ ამ სქემამ, ამ ფორმით გააგრძელოს მოქმედება. თავიდან უფრო მარტივი იქნებოდა ამ სქემის გაჩერება ვიდრე ახლა. როდესაც ჩნდება ეს ე.წ „გრძელვადიანი ფული“. ყველა ხელისუფლება შეეცდება ეს თანხა ჰქონდეს, როგორც რეზერვი და რაც შეიძლება მეტი დაგროვდეს“.


საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი განხილვის პროცესშია. მოპასუხეს, ანუ საქართველოს პარლამენტს ლევან ღავთაძე წარმოადგენს. საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, რომელიც მიმდინარე წლის მაისში გაიმართა, ფინანსთა სამინისტროს თანამშრომელმა ბევრ ქვეყანაში არსებულ სამსვეტიან საპენსიო სისტემაზე ისაუბრა. მისი განმარტებით, პირველი სვეტი ე.წ. სოციალური პენსიაა. ამჟამად, საქართველოს მოქალაქეები სწორედ ამ სახის პენსიას იღებენ და მისი ოდენობა, მოპასუხის თქმით, „არც დამაკმაყოფილებელია და არც დამსახურებული“. მეორე სვეტი დასაქმებულების მხრიდან სავალდებულო დაგროვებას გულისხმობს, რასაც მოჰყვება მესამე სვეტი, სადაც დაგროვება ნებაყოფლობითია.

„მეორე სვეტი, რომ ნებაყოფლობითი ყოფილიყო, რეფორმის განხორციელება დადგებოდა კითხვის ნიშნის ქვეშ. ბიუჯეტი არის ამოწურვადი რესურსი და მას არ შეუძლია დადგეს ფისკალური რისკის (ფინანსური და სხვა ზარალის შესაძლო საფრთხე) ქვეშ.

საპენსიო სააგენტოს სახით და იქ აკუმულირებული თანხით, ქვეყანაში პირველად შეიქმნა ლარის გრძელვადიანი რესურსი.

პარლამენტის პოზიციით, ის კონკრეტული მუხლები, რომლებზეც ეს საპენსიო სქემა დგას, არის კონსტიტუციური და სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს არც ერთ ნაწილში“,
- ამტკიცებს ლევან ღავთაძე.


ეკონომისტები და ფინანსისტები გამოსავალს კერძო საპენსიო ფონდების არსებობაში ხედავენ. ეს მოქალაქეებს არჩევანის შესაძლებლობას და მეტი დაცულობის გარანტიას მისცემს.



სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის „სოციალური კონტრაქტი“, დაგროვებითი პენსიის სახით, ცალმხრივად გაფორმდა. ცალმხრივია აქტივების განკარგვის უფლებაც. ამ „კონტრაქტით“ დასაქმებულებს, უზრუნველი ხანდაზმულობის მოტივით, ყოველთვიურად ხალფასიდან ჩამოჭრილი 2%-ით ფონდის თანხის გაზრდა ევალებათ. ამ ეტაპზე არსებული რისკების ფონზე ბედნიერი სიბერე არ ჩანს. პანდემიის გამო შექმნილი კრიზისის დროს კი დასაქმებულებს და მცირე ზომის კომპანიებს კვლავ არ აქვთ არჩევანი - დროებით მაინც გაეთიშონ სქემას.


Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.