პანდემიის პერიოდში
შეზღუდვებთან, რეგულაციებთან და ბევრ ისეთ სირთულესთან გამკლავება
მოგვიხდა, რაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის
ყოველდღიურობა იყო მანამდეც.
გადაადგილება,
აუცილებელი ნივთებისა თუ სურსათის შეძენა, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა,
მეგობრებთან ურთიერთობა - ეს ყველაფერი პრობლემად იქცა დღეს, შშმ
პირები კი „გუშინაც“ ასე ცხოვრობდნენ. სახლიდან მუშაობა ახლა
ბუნებრივი ამბავია, შშმ პირების ნაწილისთვის კი დისტანციური
საქმიანობა ყოველთვის სანატრელი იყო. მათ ეს არჩევანი არ ჰქონიათ.
პანდემიამ ყეველას ცხოვრება შეცვალა, შეზღუდული შესაძლებლობების
პირების ყოფა კი ორმაგად დაამძიმა.
დახმარება 140-დან 250 ლარამდე - დღეს შეიძლება ასე გამოვხატოთ
სახელმწიფოს ზრუნვა შშმ პირებზე. რატომ ფულით? იმიტომ, რომ ეს
ადამიანები არ გაითვალისწინეს მაშინ, როცა აკრძალეს ტრანსპორტით
მიმოსვლა, არც მაშინ, როცა დააწესეს შეზღუდვა გადაადგილებაზე (ე.წ.
კომენდანტის საათი), როცა დაიწყეს ვაქცინაცია, დისტანციურ სწავლებაზე
გადაიყვანეს სკოლები და ასე უსასრულოდ. ერთი, რაც სახელმწიფომ
პანდემიის პერიოდში გააკეთა, ექვსი თვის განმავლობაში, მცირე
ფინანსური დახმარება აღმოუჩინა შშმ პირებს და ისიც მხოლოდ გარვეულ
კატეგორიას.
ხელმისაწვდომობა ინფორმაციაზე და ჯანდაცვაზე
შშმ ქალებისთვის
16 წლის ელენე თარგამაძე
სმენადაქვეითებულია. ოჯახის წევრები მასთან ძირითადად ჟესტური ენით
ურთიერთობენ. მისი დედა, ნუკა ჩაჩანიძე ამბობს, რომ როცა პანდემია
დაიწყო, ელენეს გაუჭირდა ვითარების აღქმა, რადგან არ ფლობდა
ინფორმაციას. მოგვიანებით სახლში, იზოლაციის პირობებში, შვილს
გარკვეული ცვლილებები შენიშნა. ამბობს, რომ ელენე, სახლში გამოკეტვით,
ცხოვრებას და განვითარებას ჩამორჩა.
„თავიდან, როცა დაიწყო პანდემია, მაშინ გვეკითხებოდა,
პირბადე რატომ გვიკეთია? ყველაზე მეტად ეს აინტერესებდა და მეც
ავუხსენი, რომ ვირუსისგან თავის დასაცავად არის კარგი საშუალება.
შემდეგ, როცა ტელევიზორსაც უყურა, გაიგო რა არის კორონავირუსი, უფრო
მეტად გააცნობიერა. ახლაც, სახლიდან რომ გავდივართ, პირბადეს იკეთებს
ყოველთვის. ზუსტად ვერ გეტყვით, თუმცა შეიძლებოდა, ალბათ, რამე
გადაცემა გაკეთებულიყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის
გასაგებ ენაზე და ასე შეეძლო სახელმწიფოს ინფორმაცია მიეწოდებინა ამ
ადამიანებისთვის“.
20 წლის ანი კაპანაძეც სმენადაქვეითებულია. მის დედობილს ორგანიზაცია
World Vision-ის მიერ ჩატარებულ ტრენინგზე აუხსნეს, თუ როგორ უნდა
მიეწოდებინა ინფორმაცია სმენადაქვეითებული ადამიანისთვის. იქ ნანახი
ვიდეორგოლები ჰიგიენური ნორმების დაცვის შესახებ, მარინამ ანის
გაუზიარა. ასე გააგებინა, რა ხდებოდა და როგორ დაეცვა თავი. ვინაიდან
ანი მინდობით აღზრდაშია, სახელმწიფო მას და მისი ოჯახის წევრებს
კორონავირუსზე პერიოდულად ტესტს უკეთებს. მარინა ჰყვება, რომ ანისთვის
ყველაფრის ახსნა თავად უწევს. ტელევიზიით ან სხვა საშუალებებით ამ
ადამიანებს ინფორმაცია მათთვის გასაგებად არ მიეწოდებათ.
„სანამ საავადმყოფომდე მივალთ, გზაში ვუხსნი, რომ უნდა
მივიდეთ სამედიცინო ცენტრში, გავიკეთოთ ტესტირება, ვახვედრებ, რომ
ცხვირში და პირში უნდა ჩაუდონ ჩხირები, სიცხეს გაუზომავენ სანამ
შევალთ, ხელები უნდა დავიმუშაოთ და ასეთ ინფორმაციას ვაწვდი. იქ კიდევ
თუ რამეში დახმარება დასჭირდებოდა, მე ვეხმარებოდი. თვითონ კითხვები
ჰქონდა იმის შესახებ, საავადმყოფოში სხვა შესასვლელით რატომ
შევდივართო, ექიმები იქ რომ ეკიპირებულები გვხვდებოდნენ, ცოტა
გაკვირვებას იწვევდა მასში, მეც ვუხსნიდი შესაბამისად. ანი სკოლაში
რომ არ დადის, პირბადეს ვერ ეგუება, მე კი ვეუბნები რომ ეს
აუცილებელია და უნდა გაიკეთოს“
პირბადესთან შეგუება უჭირს 25 წლის მარიამსაც, რომელსაც გონებრივი
ჩამორჩენა აქვს. დედა ამბობს, რომ პანდემიის პერიდში შვილის
დამორჩილება განსაკუთრებით გაუჭირდა.
„ცოტა მიჭირს მარიამის დამორჩილება, ჯიუტია. პირბადის
გაკეთებაზე ვკამათობთ ხშირად, სუნთქვა მიჭირსო, მეუბნება და იხსნის,
ხოლმე, მაგრამ ბოლოს შენიშვნებს მაინც ემორჩილება“, -
გვეუბნება მერი გოგალაძე.
ანიმ, მარიამმა და მათმა დედებმა კორონავირუსი გადაიტანეს. შედარებით
მსუბუქ ფორმებში იავადეს და საავადმყოფოში გადაყვანა არ დასჭირვებიათ.
მათ გაუმართლათ, ვინაიდან შშმ პირები მაღალი რისკის კატეგორიას
განეკუთვნებიან. კლინიკაში რომ მოხვედრილიყვნენ, კორონავირუსს სხვა
სახის პრობლემებიც დაემატებოდა.
ორგანიზაციის „ხელი ხელს“ თბილისის სახლების კოორდინატორი ლალი
ბუჩაშვილი იმ პერიოდს იხსენებს, როცა მათი სამი ბენეფიციარი კლინიკაში
მოხვდა. სამედიცინო ცენტრში არ არსებობდა ინტერნეტი, შესაბამისად,
პაციენტები ვერ ახერხებდნენ ვერანაირ ურთიერთობას გარე სამყაროსთან.
ორგანიზაციას შშმ პირებისთვის ინტერნეტპაკეტების შეძენა მოუწია.
მათთან დაკავშირება კი არა მხოლოდ ბენეფიციარებს, სამედიცინო
პერსონალსაც სჭირდებოდა, რათა ცენტრის წარმომადგენლები შშმ პირებთან
ურთიერთობაში დახმარებოდნენ. ბუჩაშვილის განმარტებით, პანდემიის
პირობებში, სახელმწიფო ამ მხრივ მოუმზადებელი იყო.
„როდესაც სტაციონარში ხვდებიან ჩვენი მცხოვრებლები და
ნებისმიერი შშმ პირი, სამედიცინო პერსონალი მათ მისაღებად არ არის
მზად. ეს ადამიანები კი დამოკიდებულები არიან ექიმის პიროვნულ
განწყობაზე, გულისხმიერებაზე. მე ვთვლი, რომ სახელმწიფოს აუცილებლად
უნდა გადაემზადებინა ექიმები, რომ შშმ პირებს შესაბამისად გაუწიონ
მომსახურება. ეს არა მხოლოდ კოვიდის გამო. პრობლემა დიდი ხანია
არსებობს. როცა პირს რაიმე სახის შეზღუდვა აქვს, მიგყავს ექიმთან და
ექიმს ეშინია მასთან ურთიერთობის, აქ უკვე კოვიდის მართვაზეც აღარ
არის საუბარი. ვთვლი, რომ ეს პირველი საკითხია, რომელიც პრიორიტეტული
უნდა იყოს ექიმებისათვის. ამ ადამიანებმა თავი გარიყულად არ უნდა
იგრძნონ და მომსახურების მიღების გარეშე არ უნდა დარჩნენ“.
მოძრაობა „ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის“ დირექტორიც მიიჩნევს,
რომ ჯანდაცვის სისტემაში არსებული ეს პრობლემები ახალი არ არის და
საკითხი მწვავე იყო კოვიდპანდემიამდეც. ორგანიზაციამ ჯანდაცვის
ხელმისწავდომობა თბილისის იმ 16 ჰოსპიტალში შეისწავლა, სადაც ყველაზე
მაღალი მიმართვიანობაა. გიორგი ახმეტელმა დაასკვნა, რომ ამ სამედიცინო
დაწესებულებებს საერთოდ არ აქვთ მზაობა, შშმ პირებს ადეკვატური
მომსახურება გაუწიონ. არის ინფრასტრუქტურული პრობლემები, საჭიროა
მომსახურე პერსონალის, პირველ რიგში ექთნების გადამზადება. მათ უნდა
ჰქონდეთ ადეკვატური მიდგომები მოწყვლად ჯგუფთან მუშაობის დროს. გიორგი
ახმეტელის აზრით, სახელმწიფოს დახმარება, დიდწილად, არაეფექტურია.
„მე თვითონაც ეტლით მოსარგებლე ვარ და ეტლები, რომლებსაც
სახელმწიფო უალტერნატივოდ გვირიგებს, რასაც ვაუჩერიზაცია ჰქვია და
რისი განაღდებაც სინამდვილეში ერთ ორგანიზაციაში შეგვიძლია, არის
ყოვლად გამოუსადეგარი. მეც და თითქმის ყველა სოციალიზირებული პირი,
ძვირადღირებულ ეტლზე ვსხედვართ და გამოდის, რომ რასაც უალტერნატივოდ
გვთავაზობენ, სხვა არის. მწოლიარე ადამიანს რომელსაც ეტლს აძლევენ,
ჰგონია, რომ ამით გარეთ გამოვა, თუმცა, როცა ხვდება,რომ იმ ეტლით
გარეთ ვერ გადაადგილდება, იწყებს ფულის შეგროვებას სხვა ეტლის
შესაძენად. ბევრი ასეთი პრობლემური დეტალია და ეს გამოწვევები
პანემიის დროს კატასტროფულად აისახა“.
ის, რომ შშმ პირებს კვლავ მოუწიათ ბრძოლა სხვადასხვა სახელმწიფო თუ
კერძო სერვისით/მომსახურებით სარგებლობისთვის, ომბუდსმენმაც ასახა
ანგარიშში.
„წელს, სმენის პრობლემის მქონე აბიტურიენტებს შეფერხება
შეექმნათ ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებისას, რამდენადაც მათ
საჭიროებებზე მორგებული პირობები არ იყო შექმნილი. დისკრიმინაცია
გამოიკვეთა ზოგადსაგანმანათლებლო საფეხურზეც. ასევე, შშმ სტუდენტების
საჭიროებები არ შეუსწავლია ყველა უმაღლეს სასწავლებელს. მიმდინარე
საანგარიშო პერიოდში, სახალხო დამცველმა საპენსიო ასაკს მიღწეული
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ დისკრიმინაციულად შეაფასა
რეგულაცია, რომელიც ასაკის გამო პენსიითა და შეზღუდული შესაძლებლობის
გამო სოციალური პაკეტით ერთდროულად სარგებლობას
გამორიცხავს“
კიდევ ერთი პრობლემური საკითხია ვაქცინაცია. მიუხედავად იმისა, რომ
საქართველოში Covid-19 ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის მიხედვით,
ჯანდაცვის სექტორის მუშაკების შემდეგ, ხანგრძლივი მოვლის
ბენეფიციარები და პერსონალი უნდა აცრილიყო, სახელმწიფო ისე გადავიდა
ხანდაზმული ადამიანების, შემდეგ კი 55 წელს გადაცილებული მოქალაქეების
ვაქცინაციაზე, შშმ პირები არავის გახსენებია. არც ამ გადაწყვეტილების
ახსნა მიიჩნია საჭიროდ ვინმემ.
საქართველოში Covid-19 ვაქცინის დანერგვის
ეროვნული გეგმა
„ხელი
ხელს“ ორგანიზაციის თბილისის სახლების კოორდინატორი ამბობს, რომ მათი
საცხოვრისის ბენეფიციარებს აცრის დიდი სურვილი აქვთ. რატომ გამოტოვა
ხელისუფლებამ მოწყვლადი ჯგუფი, ბუჩაშვილი დაზუსტებით ვერ ხსნის.
„ვფიქრობ, პირველი ვაქცინა როცა შემოვიდა და იმ დროს
ასტრაზენეკა ერთადერთი იყო, ახალციხეში მომხდარმა ფაქტმა, ალბათ,
შეაშინა სახელმწიფო და ვეღარ გარისკა ყველაზე მოწყვლადი ჯგუფის
ვაქცინაცია, ეს არის ჩემი სუბიექტური აზრი. ახლა კი, როცა სრულიად
ამოვარდნილები ვართ და არც კი ვიცით სად ვართ, სახელმწიფო არაფერს
ამბობს. თუ ვინმე აიცრა, ისიც ჩვენი ძალისხმევით. ასტრაზენეკას
შემდეგ, ქვეყანაში შემოვიდა ფაიზერიც, სინოფარმიც, სინოვაკიც, მაგრამ
ისე გამოდის, რომ ჩვენ ამოვვარდით. გულწრფელად გეტყვით, ეს არის
დანაშაული ამ ადამიანების მიმართ, როცა არ უკეთებ ვაქცინას. ეს იმ
ფონზე, როცა ამ ადამიანებს ისედაც აქვთ ქრონიკული დაავადებები და
არიან საერთო საცხოვრისში, სადაც ყველაზე დიდი საშიშროება არის
ვირუსის გავრცელების კუთხით“.
ვაქცინაციის პროცესში შშმ პირები ამ დრომდე რომ ვერ ჩაერთნენ,
პანდემიის დროს კი მათი ჯანმრთელობის დაცვის კუთხით, გარკვეული
გამოწვევები რომ გამოიკვეთა, ამაზე სახალხო დამცველიც საუბრობს.
ომბუდსმენის 2020 წლის
ანგარიშში წერია, რომ სახეზე იყო სისტემური
პრობლემები
„წვდომა სამედიცინო დაწესებულებებსა და სერვისებზე,
სამედიცინო პერსონალთან კომუნიკაციის სირთულე. დამატებით ბარიერებს
ქმნიდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვა, არაადაპტირებული
სამედიცინო სერვისები, შშმ პირთა პრიორიტეტული ტესტირების მოქნილი
სისტემის არარსებობა, სარეაბილიტაციო მიზნობრივი პროგრამების
(პირისპირ რეაბილიტაცია-თერაპია) შეჩერება, რამაც სხვადასხვა
შეზღუდვის მქონე პირთა მხრიდან მიღწეული დადებითი შედეგების დაკარგვის
რეალური საფრთხე შექმნა. ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე წვდომისას
გამოვლენილი ხარვეზების ფონზე, მნიშვნელოვანია, რომ არსებული
სოციალური ბარიერების გამო, შშმ პირები არათანაბარ მდგომარეობაში არ
აღმოჩნდნენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის განაწილების
პროცესშიც“.
სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობასა და შშმ პირების
ვაქცინაციასთან დაკავშირებით კითხვები ჯანდაცვის სამინისტროს
წერილობით გავუგზავნეთ. უწყებიდან პასუხი არც კანონით განსაზღვრულ
ვადაში და არც მოგვიანებით მიგვიღია.
სახელმწიფოს უსამართლო მიდგომა შშმ
პირების მიმართ
ბორჯომის მერიის ინფორმაციით,
უწყებას, დახმარების თხოვნით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18-მა
სრულწლოვანმა და 79-მა არასრულწლოვანმა პირმა მიმართა. ადგილობრივ
თვითთმართველობაში გვეუბნებიან, რომ ზუსტ სტატისტიკას არ აწარმოებენ
და მხოლოდ მიმართვის შემთხვევაში ეხმარებიან. შშმ პირთა სოციალური
პროგრამის შესახებ კი ბორჯომის მუნიციპალიტეტის წერილობით პასუხში
ნათქვამია:
"ბორჯომის მერიის სოციალური პროგრამის ფარგლებში, 18 წელს
ზევით შშმ პირები კვარტალში ერთხელ იღებენ დახმარებას 100 ლარის
ოდენობით. გარდა აღნიშნული დახმარებისა შშმ პირები (მათ შორის
ბავშვები) სარგებლობენ ყველა იმ პროგრამით (მათ შორის სტაციონარული და
მედიკამენტური დახმარების პროგრამებით) რაც გათვლილია ბორჯომში
რეგისტრირებულ ყველა მოქალაქეზე. პანდემიის პერიოდში, სოციალური
პროგრამების განხორციელება არ შეფერხებულა და შშმ პირები აღნიშნული
პროგრამებით შეუფერხებლად სარგებლობდნენ. რაც შეეხება ფსიქოლოგისა და
ლოგოპედის კონსულტაციებს, ასევე, ფიზიოთერაპიის კურსს, ბორჯომის
მუნიციპალიტეტში მოქმედებს დღის ცენტრი „თებე“ და ადრეული
განვითარების ცენტრი „ხედვა, ზრუნვა, მხარდაჭერა“, რომელთა
მხარდამჭერი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაა და მათ კომუნალურის და
ტრანსპორტირების ხარჯებს უნაზღაურებს. პანდემიის პერიოდში,
ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერით, ბორჯომის მერიამ შშმ პირებზე,
მედიკამენტების შესაძენად გასცა 80 ლარიანი ვაუჩერები. ვაუჩერები
მიიღეს შშმ პირთა დღის ცენტრ „თებეს“ 30 ბენეფიციარმა და ადრეული
განვითარების ცენტრის „ხედვა,ზრუნვა, მხარდაჭერა“ 28 ბენეფიციარმა.
ასევე, ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერით, ბორჯომის მერიამ დახმარების
სახით სასურსათო პაკეტები და ვაუჩერები დაარიგა. დახმარების მიმღებ
პირებს შორის იყვნენ შშმ პირები. ხოლო, აღდგომის დღესასწაულზე, 18
წელს ზევით, 262 შშმ პირის დასახმარებლად 100 ლარი გაიცა. 100 ლარი
მიიღო 26 მაისს, 31-მა შშმ ვეტერანმა“.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ბორჯომის ადგილობრივ სამსახურში
გვეუბნებიან, რომ მუნიციპალიტეტში სხვადასხვა კატეგორიის 916 შშმ
პირია აღრიცხული, რომლებიც სოციალური პაკეტით სარგებლობენ. სამსახურის
უფროსის, მანანა ჩხეიძის ინფორმაციით, ისინი ყოველთვიურად
სახელმწიფოსგან სხვადასხვა ოდენობის ფულად დახმარებას (პენსიას)
იღებენ.
„მკვეთრად გამოხატული 264 შშმ პირია (პირველი ჯგუფი),
რომლებიც ყოველთვიურად იღებენ ფულად დახმარებას 250 ლარის ოდენობით.
მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირი არის 568 ადამიანი, რომლებზეც
გათვალისწინებულია ყოველთვიურად 140 ლარი. ხოლო, 18 წლამდე შშმ პირთა
რაოდენობა 84-ს შეადგენს და მათი ყოველთვიური დახმარებაც 250
ლარია“, - ამბობს მანანა ჩხეიძე.
შშმ პირების მიმართ ყურადღება ანტიკრიზისულ გეგმაშიც არასამართლიანად
აისახა. სახელმწიფო, ექვსი თვის განმავლობაში, თვეში 100 ლარით
დაეხმარა მხოლოდ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირებსა და შშმ ბავშვებს, რაშიც 2020 წელს, ჯამში 26 000 000 ლარი
დახარჯა. პროგრამის მიღმა დარჩნენ სხვა ჯგუფების შშმ პირები. 2021
წლის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, იგივე დახმარება, იმავე
პირობებით, 27 000 000 ლარით განისაზღვრა.
„სოციალურად დაუცველი
ოჯახებისა და შშმ პირების დახმარების პროგრამებზე დახარჯულმა თანხებმა
გამოყოფილ ბიუჯეტს გადააჭარბა, რაც დახმარების უფრო მაღალ მოთხოვნაზე
მიუთითებს. იმის გათვალისწინებით, რომ პანდემიამ გაზარდა სოციალურად
დაუცველების რიცხვიც, მიზანშეწონილია ამ პროგრამებზე გამოყოფილი
ბიუჯეტის გაზრდა. ასევე, სასურველია ბენეფიციარების წრე გაიზარდოს და
უფრო მეტი შშმ პირი მოიცვას“, - წერია ინფორმაციის
თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ მომზადებულ
ანტიკრიზისული გეგმის მიმოხილვაში.
სახელმწიფოს არასამართლიანი მიდგომა სახელმწიფო
აუდიტმაც გამოკვეთა. უწყების 2020 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ
სამინისტრო, ახორციელებს სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის
პროგრამას, რომლის ქვეპროგრამა არ ითვალისწინებს ზრდასრული შშმ
პირების მომსახურებას. მათთვის კი ეს სერვისი არანაკლებ
მნიშვნელოვანია. სარეაბილიტაციო მომსახურებით ვერ სარგებლობენ
მხედველობისა და სმენის დარღვევის მქონე შშმ პირები, თუ მათ სხვა
თანხმლები დაავადებაც არ აქვთ, რაც მათი ქვეპროგრამაში ჩართვის
საფუძველია. ანგარიშში ასევე ვკითხულობთ:
„სოციალური
რეაბილიტაციის პროგრამაში გათვალისწინებულია სურდოთარჯიმნების
მომსახურება სმენის დარღვევების მქონე შშმ პირებისთვის, თუმცა
პროგრამა საქართველოს მასშტაბით ითვალისწინებს მხოლოდ 10 თარჯიმნის
მომსახურებას, საქართველოს 64 მუნიციპალიტეტსა და დედაქალაქში.
მსგავსი მხარდამჭერითი სერვისი არ არის გათვალისწინებული
უსინათლოებისათვის, კერძოდ, ცენტრალურ დონეზე არ ფინანსდება
უსინათლოების გამყოლით მომსახურების პროგრამა და პროგრამა
უსინათლოებისათვის ითვალისწინებს მხოლოდ უსინათლოთა ხელჯოხებით
უზრუნველყოფას“.
მოქმედებს თუ არა აღნიშნული პროგრამა
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო სერვისების განვითარების
სააგენტოს პრეს-სამსახურში გვეუბნებიან, რომ ადამიანური რესურსის
გადამზადება ეტაპობრივად მიმდინარეობს და ამ მომსახურებით სარგებლობა
მალე ბორჯომშიც იქნება შესაძლებელი.
შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ არ არსებობს შშმ პირებისთვის
განკუთვნილი სოციალური პროგრამების განვითარების ერთიანი სტრატეგია,
რომელიც ფულადი დახმარებების და სოციალური მომსახურებების
განვითარებას როგორც ცენტრალურ დონეზე, ასევე რეგიონებში
გაითვალისწინებდა. მუნიციპალიტეტების უმეტეს ნაწილში სახელმწიფო
სერვისები არ მიეწოდებათ და შშმ პირების დახმარება მხოლოდ ფულადი
სოციალური პაკეტით შემოიფარგლება.
შშმ პირები და
პანდემია
დიდი
ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკის სამსახურის კვლევის მიხედვით, შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირები უფრო ხშირად აღნიშნავენ, რომ
კორონავირუსმა მათ ცხოვრებაზე სხვადასხვა გზით იმოქმედა, ვიდრე
შეზღუდვის არმქონე ადამიანები. ყველაზე დიდი განსხვავება შემდეგ
სფეროში გამოვლინდა:
ჯანდაცვა - თანაფარდობა
ასეთია: შშმ პირები 35% - შეზღუდვის არმქონე პირები 12%;
ჯანდაცვის იმ სფეროებზე ხელმისაწვდომობა, რაც კორონავირუსს არ
უკავშირდება - შშმ პირები 40%, შეზღუდვის არმქონე პირები
19%;
კეთილდღეობა - 65% - 50%-თან შედარებით;
სურსათზე, მედიკამენტებზე და აუცილებელ ნივთებზე წვდომა -
თანაფარდობა ასეთია: 27% - 12%-თან.
საქართველოში მსგავსი
საკითხით არავინ დაინტერესებულა. საუბარი ზედმეტია რაიმე კვლევაზე,
რომელიც ცხადყოფს, რომ პანდემიამ ამ მოწყვლად ჯგუფს კიდევ უფრო
დაუმძიმა ცხოვრება. თუმცა, დიდი ბრიტანეთისგან განსხვავებით,
შესაძლოა, ჩვენს ქვეყანაში შშმ პირებს ნაკლებად ეგრძნოთ სახელმწიფოს
მოუმზადებლობა პანდემიის პერიოდში, ვინაიდან მათი ცხოვრება
პამდემიამდეც მძიმე იყო. ისინი სახელმწიფოსთვის მანამდეც დაკარგულები
იყვნენ.
ერთი რამ ფაქტია, პანდემიის შედეგად, დანარჩენმა მსოფლიომ შშმ პირების
სამყაროში შეაბიჯა. მოქალაქეებმა საკუათარ თავზე იწვნიეს, რას ნიშნავს
ცხოვრება შეზღუდვებით. ყველასთვის პრობლემად იქცა გადაადგილება,
სურსათზე, მედიკამენტებზე, აუცილებელ ნივთებზე წვდომა, ჯანდაცვის
ხელმისაწვდომობა, მეგობრებთან ურთიერთობა. ეს მსოფლიოსთვის
დღევანდელობაა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის კი
გუშინდელი დღეც და აწმყოც. ამ დროისთვის სახელმწიფომ ეს ვერ
გააცნობიერა, თუმცა, არის შანსი, პანდემიამ ამ ფორმით უკეთესად
დაანახოს ყველას, მათ შორის ხელისუფლებას, როგორ ცხოვრობენ და რა
უჭირთ შშმ პირებს.