ბორჯომის სოფლებში სამზადისია: ასუფთავებენ და ანიავებენ ოთახებს, მზეზეა გამოფენილი ლეიბები, საბნები და ბალიშები, აწესრიგებენ ეზოებს.
ფიჭვის და ნაძვის
ყვავილობა მაისის პირველი ნახევრიდან თვის ბოლომდე გრძელდება. ამ
დროს ჯერ სოფელი ცემი ივსება დამსვენებლებით, შემდეგ კი მიმდებარე
დასახლებები.
სადგერი, ტბა და ცემი ბორჯომიდან
ერთი მიმართულებით მდებარე სოფლებია. ჯერ სადგერში შედიხარ, შემდეგ
ტბას გაივლი და ბოლო ცემია. წიწვოვანი ხეებით გარშემორტყმულ
სოფლებს, დამსვენებლები არასოდეს აკლდა. აქ ძირითადად ოჯახებით
ჩამოდიან.
ადგილობრივები საოჯახო
სასტუმროებად მოწყობილ საკუთარ სახლებს აქირავებენ. სეზონისთვის
სამზადისი სამივე სოფელში აჭრელებულ აივნებს ეტყობა.
სოფელი ცემი, 2021
წლის მაისი
„პურის ფული აღარ აქვს ხალხს და დასვენებას ვინღა ჩივის. რაც
პანდემია დაიწყო, აღარავინ აღარ მოდის“, - ამბობს ცემში
მცხოვრები ნაზი ვარდოსანიძე, რომელსაც დამსვენებელი მეორე წელია
საერთოდ არ მიუღია.
73 წლის ქალს გული ყველაზე მეტად
იმაზე სწყდება, რომ მასთან ის დამსვენებლებიც კი ვეღარ
ჩავიდნენ, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში, მუდმივად მის სახლში
ისვენებდნენ.
„20 წელი ჩამოდიოდა ერთი
ოჯახი, ყოველ წელს ჩამოდიოდნენ ბავშვებით, პირველად გასულ წელს აღარ
ჩამოვიდნენ, წელსაც ჯერ არ ჩანან“, - ამბობს ნაზი
ვარდოსანიძე.
იმავეს ჩივიან სოფელ სადგერში.
საოჯახო სასტუმროში ლელა ქვრივიშვილი ხუთ ოთახს აქირავებს.
ლელა ქვრივიშვილი, სოფ.
სადგერი
„მაისის თვე ჩაგვივარდა,
გასულ წელს ამ დროს უფრო იყო ხალხი, ახლა არც ერთი ოთახი გაქირავებული
არ გვაქვს“, - ამბობს ლელა.
2020 წელს დამსვენებელთა
რაოდენობა სამჯერ შეუმცირდა, კიდევ უფრო მეტად -
შემოსავალი. ლელა ამბობს, რომ გასულ წელს ყველა ვიზიტორი ფასდაკლებას
და შეღავათებს ითხოვდა. დამსვენებლის დაკარგვის შიშით და ქვეყანაში
არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მასპინძლებს ფასდაკლების
გაკეთება უწევდათ. თუ 2020 წლამდე ერთი საწოლის გაქირავებიდან
25 ლარს იღებდა, პანდემიამ ეს თანხა დაახლოებით 20%-ით
შეამცირა.
ლელას ოჯახი, პარალელურად,
მეფუტკრეობას მისდევს. თაფლის რეალიზაცია გაუჭირდათ. ამ
პროდუქტზე მოთხოვნა, გასულ წლებში, ძირითადად უცხოელი
ვიზიტორებისგან მოდიოდა. ჩაკეტილმა საზღვრებმა შემოსავლის ეს წყაროც
თითქმის გაანულა.
გასული წლის გამოცდილებამ ლელას
აჩვენა, რომ სეზონის განმავლობაში სასტუმროს სრულად დატვირთვა
ილუზიაა, 4-5 თვიანი სეზონი უნდა დაივიწყოს.
„მხოლოდ აგვისტოში თუ
გაქირავდება, მეტი ვეღარ, მოლოდინი, რომ შიდა ტურიზმი გააქტიურდებოდა
და გვეშველებოდა, ვერ გამართლდა. დამსვენებელსაც ისევე გაუჭირდა,
როგორც ჩვენ“. - ამბობს ლელა.
გასულ წელს, ვირუსის გავრცელების შიშის გამო, სადგერში მცხოვრებმა ქეთევან ხაჩიძემ დამსვენებლების მიღებაზე უარი თქვა. ოჯახმა მშენებლობაც ვერ დაიწყო. არადა, სამვარსკვლავიანი სასტუმროს პროექტი უკვე მზად ჰქონდათ. ახლა ცხრაწევრიანი ოჯახი ორი პენსიონერის პენსიის იმედად არის.
„ზაფხულში 40 ლარად ვაქირავებ ოთახს, ახლა 30 ლარად, მაგრამ კაციშვილი
არ ჩანს. ნათესავმა დამირეკა და ის აპირებს ჩამოსვლას მხოლოდ“,
- ამბობს მაყვალა გეგეშიძე, რომელსაც გასაქირავებლად
ოთხი ოთახი უკვე მომზადებული აქვს.
გეგეშიძეები მხოლოდ ადგილობრივ
დამსვენებელს მასპინძლობენ. ძირითადად თბილისიდან, ბათუმიდან და
გორიდან. ოჯახები მათთან, მინიმუმ, 10 დღით რჩებოდნენ. გასულ წელს
მხოლოდ 3-4 დღით მოახერხეს დასვენება. ოთხი გასაქირავებელი ოთახი კი
ერთდროულად ვერ დაიტვირთა.
„ზაფხულის ბოლომდე
თავისთავად გაჩერებული ვიყავით, მერე ჩამოვიდნენ და 3-4 დღით დარჩა
რამდენიმე ოჯახი. ზღვაც გვინდა და მთაცო, ამიტომ გადაანაწილეს და
რამდენიმე დღით წავიდნენ ზღვაზეც და ჩვენთანაც“.
მაყვალა გეგეშიძე დამსვენებლის მოლოდინში
პანდემიის დარტყმა ტურიზმის ინდუსტრიაზე და ფინანსური კრიზისი
კარგად გამოჩნდა ციფრებშიც. საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის შიდა
ტურიზმის მაჩვენებელი 8,3 % არის შემცირებული, არადა, 2020 წლის
დასაწყისში მთავრობა მთელ იმედს შიდა ტურიზმზე ამყარებდა. ჯერ
დათვლილი არ არის 2021 წლის სტატისტიკა.
ბოლო წლების მონაცემებს თუ
გადავხედავთ, 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, შიდა ტურიზმის
მაჩვენებელი 8,6 % -ით იყო გაზრდილი. 2020 წელს კი 8,3% - ით
შემცირდა. ეს იმას ნიშნავს, რომ პანდემიამდე შიდა ტურიზმზე გაზრდილმა
მოთხოვნამ, იმავე ტემპით უკან დაიხია.
სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების
ადგილის მართვის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, დავით მუმლაძის
ინფორმაციით, სტატისტიკა ცხადყოფს, რომ 10 წლით უკან
დავიხიეთ.
„კრიზისულ პერიოდამდე,
ტურიზმს ყველაზე სწრაფად განვითარებად სექტორებს შორის ეკავა
ადგილი. 2019 წელთან შედარებით,
ტურისტული ვიზიტები 79%-ით შემცირდა, რითიც 2011 წლამდე არსებულ
მონაცემს გაუტოლდა. საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები კი,
წინასწარი შეფასებით, 83%-ით შემცირდა, რაც წინა წელთან
შედარებით 2.7 მლრდ. დოლარიანი კლებაა, რითაც 2010 წლის მონაცემს
დაუბრუნდა.“
2020 წელის ანტიკრიზისული
გეგმაში, მთავრობა „ახალი მოთხოვნადი“ ტურისტული პროდუქტების
განვითარების შესაძლებლობაზე საუბრობდა. თეორიული პერსპექტივა
ბორჯომში რეალურად არავის უგრძვნია.
USAID–ის ეკონომიკური
უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში შემუშავებული პოლიტიკის დოკუმენტში
„ტურიზმის სექტორი საქართველოში“, ნათქვამია, რომ DMO– ები, ტურიზმის
სხვა რეგიონული და ადგილობრივი ორგანოები, კერძო სექტორის
წარმომადგენლებთან პარტნიორობით, მომხმარებელს სპეციალურ პაკეტებს
შესთავაზებდნენ. უსაფრთხო მოგზაურობის კონცეფცია გაიწერა და ისევ
ფურცელზე დარჩა.
მთავრობას არც ისეთი რეკომენდაციები გაუთვალისწინებია, როგორიცაა
ადგილობრივი ტურიზმის ვაუჩერების სქემები, რომელიც, შესაძლოა,
მოიცავდეს დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებს ან ერთგვარ მადლიერების
კამპანიას, რომელიც მადლობის ნიშნად ვაუჩერით დააჯილდოებდა ექიმებს,
ეპიდემიოლოგებს, პოლიციას, სამხედრო მოსამსახურეებსა და სხვა
პროფესიონალებს.
სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის
ხელმძღვანელი დავით მუმლაძე აღნიშნავს, რომ შიდა ტურიზმის
ხელშესაწყობად, 2020 წელს, მნიშვნელოვანი აქტივობები მართლაც
დაიგეგმა.
„განხორციელდება ტურისტული კომპანიების ინფო-ტური 2020 წელს
(USAID/ზრდის ხელშეწყობით)
შემუშავდა სამცხე-ჯავახეთის ტურიზმის განვითარების სტრატეგია და
სამოქმედო გეგმა (USAID/ზრდის ხელშეწყობით)
დაგეგმილია ინფლუენსერების ტური სამცხე-ჯავახეთში (USAID/ზრდის
ხელშეწყობით)
მიმდინარეობს მუშაობა ახალციხის ციხის კომერციალიზაციის გეგმაზე
(USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელშეწყობით)
მიმდინარეობს ტურისტული გზამკვლევების შემუშავება რეგიონში
(კულინარიული, ღვინის, სათავგადასავლო, კულტურული) (USAID ეკონომიკური
უსაფრთხოების პროგრამის ხელშეწყობით)
2020 წლის 30 სექტემბერს, სამცხე-ჯავახეთის დმო-მ დაიწყო აშშ-ის
საელჩოს დემოკრატიული კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში
გამარჯვებული პროექტის - „სამთო და ეკოტურიზმის გავითარება
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში“ განხორციელება, პროექტის ფარგლებში
მოხდება 8 საფეხმავლო ბილიკის მონიშვნა“.
ბორჯომის საკურორტო სოფლებში არც ხელისუფლების გეგმების შესახებ იციან
რამე, და არც სტატისტიკურ მაჩვენებლებს ადევნებენ თვალ-ყურს. იქ ყველა
ცვლილებას საკუთარ ცხოვრებაზე და ოჯახის ბიუჯეტზე გავლენით გრძნობენ.
აივნის მოაჯირზე გადმოფენილი ლეიბები, საბნები და ბალიშები მხოლოდ
იმაზე მეტყველებს, რომ იმედი აქვთ, გზაზე ერთი დამსვენებელი მაინც
გამოჩნდება, როგორღაც, თავისით. დოკუმენტების და მთავრობის
ძალისხმევის იქ აღარავის სჯერა.