ინტერაქტიული მულტიმედია
ინტერნეტზე წვდომის წართმეული კონსტიტუციური უფლება
პანდემიამ ცხოვრება ვირტუალურ სივრცეში გადაიტანა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ვისაც ინტერნეტი არ ჰქონდა, პარალიზებული იყო: ვერ ესწრებოდა გაკვეთილსა თუ ლექციას, ვერ მუშაობდა, ვერ ურთიერთობდა გარე სამყაროსთან. კორონავირუსის გამო დაწერსებულმა რეგულაციებმა ნათლად გამოაჩინა, რომ დაპირება საყოველთაო ინტერნეტიზაციის თაობაზე არ შესრულებულა. ასევე უდავო გახდა ქვეყანაში გლობალური ქსელის გაყვანის აუცილებლობა.



ონლაინ სწავლა და მუშაობა ინტერნეტის გარეშე


ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ მზეთამზეში მცხოვრებ თამუნა და გიორგი ტყემალაძეებს დისტანციურ სწავლებაზე გადასვლამ პრობლემები შეუქმნა. თამუნა მერვე კლასის მოსწავლეა, გიორგი კი მეექვსეკლასელია. სოციალურად დაუცველ ოჯახს ინტერნეტზე წვდომა არ აქვს. ონლაინ სწავლის პროცესში ჩასართავად თამუნა ხშირად მეზობელ თანაკლასელთან მიდიოდა, რომელიც მობილური ინტერნეტით სარგებლობდა. გიორგის კი წაღვერში უწევდა წასვლა და დაახლოებით სამი კილომეტრის ფეხით გავლა. ბავშვების დედა, მერი ბლიაძე ამბობს, რომ მასწავლებელმაც და სკოლის დირექტორმაც იცოდნენ, რომ სოფელში ინტერნეტი შეყვანილი არ არის, რის გამოც ბავშვებს ონლაინ გაკვეთილებზე დასწრების პრობლემა აქვთ.

„ბავშვები ამ პერიოდში ძალიან წვალობდნენ. ხშირად, უამინდობის გამო, ვერ მიდიოდნენ (მეზობელთან, ნათესავთან, რედ), თავს იკავებდნენ ვირუსის გამოც. ამჯერად სკოლაში დადიან, თუმცა ინტერნეტი მაინც ჭირდებათ. აუცილებელია ინტერნეტი, ისეთი საგნები აქვთ, რომ მასალის მოძიებაა საჭირო, ძალიან გვჭირდება“.


გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) და საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის ერთობლივი ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2020 წლის დეკემბერში გამოქვეყნდა, საქართველოში სასკოლო ასაკის ბავშვების 15%-ს არ აქვს სახლში ინტერნეტზე წვდომა.

კვლევაში, “რამდენ ბავშვს და ახალგაზრდას აქვს სახლში ინტერნეტზე წვდომა?“ წერია, რომ მსოფლიოში სასკოლო ასაკის მოზარდების ორ მესამედს ინტერნეტი არ აქვს. მაჩვენებელი იგივეა 15-დან 25 წლამდე ახალგაზრდებშიც. ამ ასაკის 759 მილიონ ადამიანს, ანუ 63%-ს, სახლში ინტერნეტკავშირი არ აქვს.

„საქართველოში, კორონავირუსის პანდემიის გამო, სკოლების დახურვა შეეხო დაახლოებით 661 500 ბავშვს, რომლებსაც მოუწიათ გადასვლა ვირტუალურ რეჟიმში სწავლაზე. ის ბავშვები, რომლებსაც არ აქვთ ინტერნეტზე წვდომა, შესაძლოა განათლების ხელმისაწვდომობის გარეშე დარჩნენ. ჯერ კიდევ პანდემიამდე, მზარდი იყო იმ ახალგაზრდების რიცხვი, რომლებსაც ესაჭიროებოდათ საბაზისო, ციფრული, დასაქმების შესაბამისი და სამეწარმეო უნარ-ჩვევების შესწავლა, 21-ე საუკუნის ეკონომიკის პირობებში კონკურენტუნარიანობის მისაღწევად”, - ვკითხულობთ UNICEF-ის ანგარიშში.

პანდემიის პერიოდში საქართველოში დისტანციური სწავლების ხელმისაწვდომობის მიზნით, განათლების სამინისტრომ სამ მობილურ ოპერატორთან (სილქნეტი, მაგთიკომი, ბილაინი) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. შედეგად, საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები, 2020-2021 სასწავლო წლის ბოლომდე, შეღავათიანი და მაღალი ხარისხის მობილური ინტერნეტ პაკეტით სარგებლობენ.

ინტერნეტ პროვაიდერები მოსწავლეებსა და მასწავლებლებს 20 GB მობილურ ინტერნეტპაკეტს 10 ლარად სთავაზობენ, რაც სტანდარტულ ღირებულებასთან შედარებით 2,5-ჯერ ნაკლებია. პაკეტის მოქმედების ვადა 30 დღეა და ხელმისაწვდომია ივნისის ბოლომდე.

განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, „დარგის ექსპერტების რეკომენდაციით, 20 GB საკმარისი ოდენობაა ერთი თვის განმავლობაში ონლაინ გაკვეთილებზე დასასწრებად და ინტერნეტ რესურსების მოსაძიებლად“.

იმის გასაგებად, თუ რამდენმა ისარგებლა ამ შეღავათით, განათლების სამინისტროს მივმართეთ, რომელმაც თავის მხრივ, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის განყოფილებასთან (EMIS) გადაგვამისამართა. კონკრეტული მონაცემები არც მათ აღმოაჩნდათ.

ვინაიდან სახელმწიფო პანდემიამდე არანაირად, პანდემიის პერიოდში კი მხოლოდ შეღავათიანი პაკეტით ეხმარებოდა მოსწავლეებს, შეიქმნა საქველმოქმედო ონლაინ პლატფორმა „ჩართე“. 2017 წლიდან, საგანმანათლებლო ფონდი „Educare Georgia”ცდილობს ინტერნეტისა და ტექნოლოგიების მეშვეობით, საქართველოში მსოფლიო დონის განათლება ხელმისაწვდომი გახადოს. პროექტი ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობას აძლევს დაუფინანსოს ინტერნეტი ან კომპიუტერი სოციალურად დაუცველ უფროსკლასელებს. მაღალმთიან სოფლებში, სადაც ინტერნეტპროვაიდერი არ არის, „ჩართე“ მოსწავლეებს 3G ინტერნეტ მოდემებით უზრუნველყოფს.

„ჩართეს“სიკეთით ისარგებლა ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისის, ჭობისხევის, ბალანთის, დაბა ბაკურიანის, წაღვერის, ახალდაბის, რველის 28 სოციალურად დაუცველმა მოსწავლემ. პროექტის კოორდინატორის, მარიამ მჭედლიშვილის ინფორმაციით, პანდემიის პერიოდში ბენეფიციარების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. თუ 2020 წლის თებერვლის ბოლოს, ქვეყნის მასშტაბით, 500-მდე მოსწავლე ჰყავდათ ჩართული, ზუსტად ერთი წლის შემდეგ მათი რაოდენობა 1100-ია.

„პანდემიამ ორივე მხარეს დაანახა, საჭიროება რამდენად იდგა, გაიზარდა მომართვიანობაც და მხარდამჭერებიც უფრო მეტად გააქტიურდნენ, რადგან ნახეს, რომ მათ გვერდითაც არის ძალიან ბევრი, ვინც ვერ ერთვება გაკვეთილებზე, იმიტომ რომ ელემენტარული არ აქვს, - წვდომა კომპიუტერსა და ინტერნეტზე. პანდემიის პერიოდში აქტიურად მოგვიწია მუშაობა. მარტო კახეთის რეგიონში 250 ბავშვი ჩავრთეთ სამი თვის განმავლობაში“.

ორგანიზაციის მონაცემებით, დღეს საქართველოში 78 000-მდე სოციალურად დაუცველ მოსწავლეს, მათ შორის დაახლოებით 20,000 უფროსკლასელს, არ აქვს ინტერნეტი. მათგან 95% ცხოვრობს გლობალური ქსელის დაფარვის ზონაში, თუმცა ხელმოკლეობის გამო ვერ იხდის ინტერნეტის საფასურს.

მოსწავლეების გარდა, ინტერნეტი ესაჭიროებათ სხვადასხვა სფეროში დასაქმებულებს, მათ შორის თვითდასაქმებულ მოქალაქეებსაც. თენგო მაისურაძე ჭობისხევში ცხოვრობს. გლობალური ქსელი არც მის სოფელშია. მოსახლეობა ძირითადად მობილური ინტერნეტით სარგებლობს. ცხრა წელია, რაც ჯომარდობით არის დაკავებული. 2019 წლიდან, მეგობრებთან ერთად საჯომარდო ბანაკს ამუშავებს. ინტერნეტის საშუალებით იღებს ტურისტებს, ჯავშნებს, რეკლამას უკეთებს ტურებს. მობილურ ინტერნეტს უჩივის, შეფერხებით მუშაობს და საქმეს უფუჭებს.

ხარისხიანი ინტერნეტი ესაჭიროება მის მეუღლესაც. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ამჟამად დისტანციურად სწავლობს. ლექციებს მობილურ ინტერნეტთან დაკავშირებული კომპიუტერით ერთვება, რაც სიჩქარეს და ხარისხს აგდებს.

„ეს არა მარტო ჩვენი პრობლემაა, არამედ სოფლის 80-90%-ს ესაჭიროება ინტერნეტი. ასევე ტურისტები მოდიან, რჩებიან, ღამეს ათევენ და ინტერნეტი არ აქვთ ელემენტარული. ტურიზმის განვითარებასაც უშლის ხელს და მოსახლეობის წინსვლასაც“, - ამბობს თენგო მაისურაძე.



საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი



2020 წლისთვის, საქართველოს მოსახლეობის 90%-ზე მეტს ინტერნეტზე წვდომა უნდა ჰქონოდა. ქვეყანაში საყოველთაო ინტერნეტიზაციის დაპირება ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა 2014 წელს გასცა. 2015 წელს დასახელდა 400-ზე მეტი სოფელი, სადაც ოპტიკური ქსელი უნდა გაეყვანათ.

2015 წლის 21 ივლისს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში ა(ა)იპ „ოუფენ ნეტი“ დაფუძნდა, რომელსაც საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის (ოპტიკური კაბელ(ებ)ის, საკანალიზაციო არხების, ბოძების, ჭების, კოლოფების, ტერმინალური მოწყობილობების, შენობა-ნაგებობების, მონაცემთა გადაცემის აპარატურის და სხვა დამხმარე მოწყობილობების ერთობლიობა) განვითარება დაევალა.

2016 წლის თებერვალში, მთავრობის წევრების განცხადებით, ქვეყანაში მაღალსიჩქარიანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის გაყვანას ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ფონდი „ქართუ“ დააფინანსებდა.





2016 წლის 28 ივლისს საქართველოს მთავრობის დადგენილებით ( #375), ქვეყანაში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგია დამტკიცდა.

საყოველთაო ინტერნეტიზაციის დაპირება „ქართული ოცნების“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების, საარჩევნო პროგრამაშიც მოხვდა. 8 000 კილომეტრიანი ოპტიკური ქსელის გაყვანასა და 2 000-მდე დასახლებულ პუნქტში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის შეყვანაზე გამოცხადებული 20 მილიონიანი ტენდერი ჩაიშალა, ინტერნეტიზაციის პროექტი შეჩერდა.

2019 წელს, ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი, კერძო სექტორის კრიტიკის გამო შეფერხდა. 2020 წლის იანვარში მთავრობამ ფართოზოლოვანი ქსელის განვითარების 2020-2025 წლების ეროვნული სტრატეგია დაამტკიცა. პროექტს ამჯერად Log In Georgia ჰქვია და ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განმარტებით, მას „მსოფლიო ბანკი“ 40 მილიონი დოლარით დააფინანსებს.

Log In Georgia-ს საპილოტე რეგიონად ოზურგეთის მუნიციპალიტეტი შეირჩა. სამუშაოებს, რომელიც 10 მილიონ ლარად არის შეფასებული, შპს „პარვუს ჯგუფი“ ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 80 000 000 დოლარია.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში, კორონავირუსის პანდემიის გამო, ქვეყანა დისტანციურ სწავლასა თუ მუშაობის რეჟიმზე იყო გადასული. ონლაინ განათლება და სოფლებში ინტერნეტის არარსებობის საკითხი მწვავედ იდგა. მაშინ ბორჯომი-ახალციხე-ადიგენი-ასპინძის მაჟორიტარულ ოლქში დეპუტატობის კანდიდატს ვკითხეთ, რამდენად იცნობდა ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებულ პრობლემებს და შედიოდა თუ არა მის გეგმებში სოფლების ინტერნეტიზაციის საკითხი. ანტონ ობოლაშვილმა გვითხრა:

„ჩემი უპირველესი ამოცანა არჩევნების შემდგომ იქნება, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტების ყველა სოფელში იყოს წვდომა ხარისხიან ინტერნეტზე. ყველა სოფელსა და ქალაქში უნდა გვქონდეს მაღალი სიჩქარის ინტერნეტი. არა მარტო ონლაინ სწავლებისთვის არამედ, ინფორმაციული წვდომისთვის. აუცილებელია მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი ყველა სოფელში. იმედი მაქვს, რომ პანდემიას მალე გავაცილებთ და აღარ იქნება ონლაინ რეჟიმში სწავლების გაგრძელების საჭიროება“.

პანდემია გრძელდება, ქვეყანაში მესამე ტალღა დაიწყო, ინტერნეტიზაციის საკითხი კვლავ აქტუალურია. საპარლამენტო არჩევნებიდან ექვსი თვის შემდეგ, ისევ დავუკავშირდით სამცხის მაჟორიტარ დეპუტატს და ვკითხეთ, დაინტერესდა თუ არა ინტერნეტიზაციის პრობლემით, დააყენა თუ არა საკითხი პარლამენტში და რა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას აპირებს.

“სამწუხაროდ, დამოკიდებულები ვართ „მაგთიკომსა“ და „ენერგო პროს“ შორის შეთანხმებაზე. მათ შორის არის „ტარიფიკაციის“ საკითხი. „მაგთიკომი“ მიყვება „ენერგო პროს“ ბოძებზე კომუნიკაციების გაყვანას. ამ ეტაპზე, ეს ორი კომპანია ერთმანეთთან არის ტარიფების შეთანხმების პროცესში. სადაც არის „ენერგოპროს“ ბოძები, იქ თანხმდება ახალი ტარიფები, სადაც არ არის ბოძები, ბოჭკოვანი კაბელის მიწისქვეშ გაყვანა დაკავშირებულია დიდ ინვესტირებასთან. ამიტომ აქაც მოლოდინში არიან „ენერგო პროს“ დაგეგმარებასთან. სამწუხაროდ, ეს რეალობა გვაქვს ამ ეტაპზე. დამოკიდებული ვართ ამ ორი კომპანიის ერთმანეთთან შეთანხმებაზე. იმ სოფლებს, სადაც „სილქნეტი“ შედის, პანდემიიდან გამომდინარე, შეჩერებული აქვთ სამუშაოები. ალბათ, დაკავშირებულია გარკვეულწილად ფინანსებთან, ეს რეალობაა ამ ეტაპზე. „მაგთიკომთან“ ვადებზეც მქონდა საუბარი, ამ წელს რა მოხერხდება და რომელ სოფლებში შევა ხარისხიანი ინტერნეტი, სამწუხაროდ, ვერ გვაიმედებენ, არიან მოლოდინის რეჟიმში და ჩვენც გვამყოფებენ მოლოდინის რეჟიმში“, - ასეთია ანტონ ობოლაშვილის პასუხი.

ხელისუფლებას მოსახელობის ინტერნეტით უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI). ორგანიზაციამ კვლევა 2020 წელს აწარმოა.

„მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ დროულად და ეფექტურად უზრუნველყოს საქართველოს მასშტაბით ინტერნეტიზაცია, როგორც ინფრასტრუქტურის განვითარების, ასევე საზოგადოებაში მედია წიგნიერების ამაღლების თვალსაზრისით. IDFI კიდევ ერთხელ მოუწოდებს ხელისუფლებას მიიღოს ციფრული უთანასწორობის აღმოფხვრისთვის საჭირო ზომები, განახორციელოს კონსტიტუციით დაკისრებული პოზიტიური ვალდებულება და უმოკლეს ვადაში უზრუნველყოს საქართველოს მოსახლეობა ინტერნეტით“.

კვლევაში „ინტერნეტის ხელმისაწვდომობისა და გამოყენების ტენდენციები საქართველოში“ ნათქვამია, რომ საერთაშორისო ტელეკომუნიკაციების კავშირის (ITU) 2018 წლის მონაცემებით, მეზობელ და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, ინტერნეტზე ყველაზე დაბალი ხელმისაწვდომობა უკრაინის და საქართველოს მოქალაქეებს აქვთ.


მონაცემები კვლევიდან „ინტერნეტის ხელმისაწვდომობისა და გამოყენების ტენდენციები საქართველოში“ - IDFI


„ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის გარეშე დღეს შეუძლებელია კომუნიკაცია, სერვისების მიღება, გარკვეული პერიოდი სკოლები დისტანციურ სწავლების რეჟიმზე იყვნენ გადასული. ამ კუთხით საქართველოში მართლაც გვაქვს გამოწვევები, განსაკუთრებით სოფლებში. ჩვენ ორგანიზაციას მიაჩნია, რომ არა მარტო ინტერნეტი, არამედ ციფრული მმართველობა უნდა იყოს წახალისებული, რაც იმას ნიშნავს, რომ არა მარტო ინტერნეტი უნდა გავხადოთ ყველასთვის ხელმისაწვდომი, არამედ ხელი უნდა შევუწყოთ და წავახალისოთ ზოგადად ელექტრონული სერვისების დანერგვა, ასევე ციფრული განათლებაც. რადგან ერთია რომ ინტერნეტზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს, მაგრამ მეორეა, რომ რამდენად გამოიყენებს მომხმარებელი ინტერნეტს. აქედან გამომდინარე, თუ გვინდა, რომ შევქმნათ თანამედროვე სახელმწიფო, ინტერნეტი და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება ზოგადად უნდა იყოს ერთ-ერთი პრიორიტეტი ქვეყნისთვის“, - ამბობს IDFI-ის წარმომადგენელი თეონა ტურაშვილი.

2016 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის ადამიანის უფლებათა საბჭომ ინტერნეტზე წვდომა ადამიანის ძირითად უფლებად გამოაცხადა.

„ინტერნეტი XXI საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტია ინფორმაციის გამჭვირვალობის, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და მოქალაქეების აქტიური მონაწილეობის ხელშესაწყობად დემოკრატიული საზოგადოებების მშენებლობაში“.

მსგავსი ჩანაწერი 2018 წელს საქართველოს განახლებული კონსტიტუციის მე-17 მუხლშიც შევიდა.





საქართველოში კორონავირუსის პანდემიის მესამე ტალღა დაიწყო. საკოორდინაციო საბჭო ორგანიზაციებს მოუწოდებს მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ. არ არის გამორიცხული, ონლაინ გაგრძელდეს სასწავლო პროცესიც. ამ დროს, 2021 წლის იანვრის მონაცემებით, სამცხე-ჯავახეთში ინტერნეტზე წვდომა მოსახლეობის 61.9%-ს აქვს.



Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.