ინტერაქტიული მულტიმედია
შშმ ბავშვების რეგულაციებით გართულებული ცხოვრება სახელმწიფოს ყურადღების მიღმა
“მინდოდა დავმორჩილებოდი
მასწავლებელს, მაგრამ ისე იცვლებოდა ჩემს ცხოვრებაში რაღაცები, რომ
ვერ გამოვთქვამ სიტყვებით.
პასუხს ვუბრუნებდი,
თუმცა აგრესიას არ გამოვხატავდი არც ოჯახის წევრებთან და არც
პედაგოგებთან. არ ვარ ეგეთი ბავშვი, რომ ენა შევუბრუნო ვინმეს,
გულიანი ვარ“, - ემოციურად გვიყვება 17 წლის ნაზი
ვეშაპიძე პანდემიურ იზოლაციაში განცდილს. გოგონა ბორჯომის დღის
ცენტრის, „თებეს“ ბენეფიციარია. სკოლაში მე-9 კლასამდე იარა. სწავლა
საკუთარი გადაწყვეტილებით შეწყვიტა. მისი ერთადერთი გასართობი ადგილი
ახლა „თებეა“. ქვეყანაში, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს,
როცა დღის ცენტრი დაიკეტა და სახლში იზოლირება მოუწია, გაღიზიანდა,
ონლაინ სწავლებამ კი „გონებრივად გადაღალა“. იმავე მდგომარეობაში
აღმოჩდნენ ნაზის სხვა მეგობრები დღის ცენტრიდან.
ნაზი ვეშაპიძე , 17 წლის
„ყველაზე მეტად
მაწუხებდა, როცა ჩემ გარშემო ადამიანებს კორონა ჰქონდათ, ვეღარ
გავდიოდი გარეთ და სულ სახლში ვიყავი ჩაკეტილი. ცენტრში მინდოდა
მოსვლა, მაგრამ დაკეტილი იყო. შემეცვალა ხასიათი. ვბრაზდებოდი და აღარ
ვემორჩილებოდი უკვე ცენტრში დაბრუნების შემდეგ მასწავლებელს. ძალიან
ვღიზიანდებოდი, რადგან თვალები და ტვინი მეღლებოდა“
ხასიათის ცვლილებაზე გვიყვება 13 წლის ფრიდონ
ბანცაძე. ის „თებეში“ გახსნის დღიდან დადის. დროებით სახლში ჩაკეტვამ
და ტექნიკაზე დამოკიდებულებამ ძალიან გადაღალა. ღამით სეირნობა და
სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა უნდოდა, თუმცა შეზღუდვების გამო, არ
შეეძლო.
„სულ ჩაკეტილი და იზოლირებული რომ ვიყავი, გარეთ ვერ
გამოვდიოდი, ამიტომ სულ ვიყავი ტელეფონში, კომპიუტერში შემძვრალი, ან
ტელევიზორს ვუყურებდი. არ მინდოდა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა და
ძალიან უხასიათოდ ვიყავი. ონლაინ ჩართვები მაინც კარგი იყო. რას
ვისურვებდი პანდემიის შემდეგ და კომენდანტის საათი რომ მოიხსნება,
საღამოს სიარულს შევძლებ. ასევე, ვისურვებდი, ბავშვებთან ურთიერთობას
და თამაშს თავისუფლად“.
ფრიდონ ბანცაძე, 13
წლის
შვილებში მომხდარი ცვლილებებს
ხედავდნენ მშობლებიც. სხვაობა განსაკუთრებით მაშინ გამოჩნდა, როცა
ბავშვები იზოლაციის შემდეგ ცენტრში დაბრუნდნენ. მერი მახარაშვილი
„თებეს“ მზარეულია. მისი შვილი ამავე ცენტრის ბენეფიციარი. 17 წლის
ანის გადაადგილება უჭირს, რაშიც დედა ეხმარება. მერი, შვილთან და სხვა
ბავშვებთან დისტანციის დაცვას ვერც სახლში და ვერც ცენტრში
ახერხებს.
„სკოლაში არ
დადის ჩემი შვილი. ეს ცენტრი ერთადერთია, სადაც გამოდის. სახლში,
იზოლაციაში რომ მოვექეცით. ონლაინ სწავლებაში კი იყო ჩართული, თუმცა
მოწყენილი იყო. აქ უფრო მეტი საშუალებაა. მაგალითად, ფიზიოოთახია,
რომელიც აუცილებელია ანისთვის. ჩემს შვილს თითქმის ყოველ ნაბიჯზე
სჭირდება დახმარება. ყოველთვის უნდა ვყავდე გვერდით, ასეთ დროს კი
დისტანციის დაცვა შეუძლებელია. როცა ცენტრი დაკეტილი იყო, ანის
განსაკუთრებით ენატრებოდა აქაურობა, ბავშვები. მოსვლის პირველივე დღეს
იყო ჩახუტება, ემოციები. ძალიან თბილები არიან. რთულია აუხსნა და
გააგებინო, რომ ახლოს ყოფნა და მოფერება პანდემიის დროს არ შეიძლება.
იმდენად უყვართ ჩახუტება, რომ მოგდევენ ხელებგაშლილები“.
მერი მახარაშვილი შვილთან,
ანისთან ერთად
პანდემიურ იზოლაციაში შვილს
მნიშვნელოვან ცვლილებებს ატყობდა გაიანე დალბანდიანიც. 13 წლის
კარინამ, დამოუკიდებლად ჭამაზეც უარი თქვა და რაიმე მომსახურების
მიღებაზეც.
კარინა
დალიბანდიანისთვის რთული იყო სარეაბილიტაციო კურსის ონლაინ რეჟიმში
გავლა. პანდემიამ მას ამ მომსახურების მიღების შესაძლებლობა
ფაქტობრივად წაართვა. ფიზიოთერაპიის კურსის ჩატარება ონლაინ რეჟიმში
გაუჭირდა სპეციალისტსაც. სალომე თაბუნიძე უკვე ორი წელია „თებეს“
ფიზიოთერაპევტია. ბენეფიციარებს მასაჟს უკეთებს, სარბენ ბილიკსა და
ველოსიპედზე ავარჯიშებს. პანდემიის დროს ამ პროცედურების ჩატარება
დისტანციურად მოუწია, რასაც გარკვეული სირთულეები ახლდა.
„თავიდან მეც გამიკვირდა, როგორ უნდა ჩამეტარებინა
ფიზიოთერაპია ონლაინში? თუმცა, შემდეგ გამოსავალი ვიპოვე. ვარჯიშებს
ვაკეთებინებდი სხვას, ვიღებდი ამის ვიდეოს და ვუგზავნიდი, რომ აი,
ახლა ასე გავაკეთოთ და ა.შ. ასევე, ბავშვებისგან მომდიოდა თავიანთი
ვიდეო, თუ როგორ ჰქონდათ გაკეთებული ვარჯიში სახლის პირობებში და ასე
ვავარჯიშებდი. დისტანციურად ნამდვილად გამიჭირდა, რადგან ხანდახან
სწორად ვერ აკეთებდნენ მოძრაობებს. უბრალო ილეთი არის ბუქნები, ხომ
ყველა აკეთებს? თუმცა, არის რაღაც რაც შეიძლება სწორად ვერ გააკეთო
სახლში, მშობელთან და პირისპირ მე უფრო მიადვილდება ამ შეცდომების
გამოსწორება“.
„თებეს“
ხელმძღვანელი ირმა ცოცხალაშვილი ამბობს, რომ ცენტრმა ბენეფიციარებს
ფიზიოთერაპევტის მომსახურება შინ შესთავაზა. თუმცა, მშობლების
უმრავლესობას პანდემიის დროს სპეციალისტის სახლში მიღების
შეეშინდა.
„ჩვენი ფიზიოთერაპევტი, მშობლის თანხმობით, დადიოდა
ერთ-ერთ ბენეფიციართან სახლში და იქ უწევდა შესაბამის დახმარებას.
ფიზიკური საჭიროება ჰქონდა მას და სარგებლობდა ამ მომსახურებით.
ზოგადად, მშობლებს ეშინოდათ და თვითონ არ ჰქონდათ სურვილი, რომ
ადგილზე მისულიყო სპეციალისტი. თორემ, ჩვენ ყველანაირად შეგვეძლო, ეს
მომსახურება შეგვეთავაზებინა. გარდა ამისა, ჩვენი მხრიდან,
ორგანიზაციამ შეუძინა ტელეფონები, ვისაც არ ჰქონდა საშუალება.
მოვუგვარეთ, რომ შეძლებოდათ ინტერნეტში
ჩართვა“.
ფიზიოთერაპევტმა ბავშვებთან მუშაობა
უკვე რამდენიმე თვეა, ცენტრში განაახლა. სალომე თაბუნიძე ამბობს, რომ
აქამდე მიღწეულ შედეგზე მუშაობა ხელახლა უწევს.
„პანდემიამ ის გავლენა მოახდინა, რომ ცენტრში ძალიან
მოდუნებულები დაბრუნდნენ, ეზარებათ უკვე ჩემთან შემოსვლა, ვარჯიში.
მაგრამ, დავიწყეთ ნელ-ნელა ამუშავება და შევუდგებით საქმეს. თბილად და
მხიარულად ვიღებ ბავშვებს, არ ვარ მათთან მკაცრი და იმ დღეს, ერთი
ბავშვი რომ შემოვიდა, მეუბნებოდა, მას, რა სიყვარულის სუნია თქვენს
ოთახშიო, და ეს სიყვარულის სუნი როგორია, არ ვიცი“, -
ღიმილით გვიყვება სალომე.
ფიზიოთერაპევტი სალომე თაბუნიძე
ბენეფიციართან ერთად
თითქმის ერთწლიანი იზოლაციის შემდეგ,
ცენტრში დაბრუნება ყველასთვის ემოციური იყო. „თებემ“ მუშაობა
დეკემბერში, რეგულაციების დაცვით განაახლა. მოზარდების ერთმანეთისგან
დისტანცირება დღემდე უჭირთ. ზოგიერთი პირბადეს ვერ იყენებს. 40-მდე
ბენეფიციარს შორის ნახევარზე მეტი 18 წლამდე ბავშვია. დღის
განმავლობაში, სხვადასხვა აქტივობაში არიან ჩართულები. წერა, კითხვა,
სწავლა, ხატვა, თამაში, დასვენება - ასეა გაწერილი მათი განრიგი.
ზრდასრულები კი ძირითადად ხელსაქმით არიან დაკავებულები. მუშაობენ
მინანქარზე, სპეციალური ლაზერის აპარატის დახმარებით ამზადებენ
ხელნაკეთ ნივთებს.
ხელნაკეთ ნივთებზე მუშაობა დღის
ცენტრში
ბავშვებთან ხელახლა მუშაობის დაწყება
და შედეგებზე ხელახლა ზრუნვა მოუწია ფსიქოლოგსაც. რუსუდან ვასილცევი
ბენეფიციარების ემოციურ, სოციალურ, შემეცნებით უნარებს, ძლიერ და სუსტ
მხარეებს აფასებს. შემდეგ, თითოეულ ბენეფიციარს არგებს გეგმას,
მუშაობს მათთან და მონიტორინგს აწარმოებს. ცენტრში დაბრუნების მერე,
მოზარდებს სოციალური აქტივობების აღდგენის საშუალება მიეცათ, თუმცა,
მათ ნაწილთან რეგრესი შესამჩნევია.
„მათი მხრიდან, უფრო მეტად შფოთვა წამოვიდა,
გაღიზიანებადობა იყო მაღალი. ერთ-ერთის მაგალითით რომ ვისაუბრო,
გამოხატავდა აგრესიულ ქცევას, ოჯახის წევრების მიმართაც. ჩვენ,
მაქსიმალურად ვიყავით მობილიზებულები და ვცდილობდით რეაგირებას.
ყველაზე დადებითი მხარე იყო ის, რომ მშობლები იყვნენ ძალიან აქტიურად
ჩართულები და ეს იყო პოზიტიური გავლენა პროცესში. ჩვენ გვყავს ერთი
ბენეფიციარი, რომელსაც დღემდე აქვს ინფიცირების შიში. უჭირს
ტრანსპორტში ჩაჯდომა და გადაადგილება. ეს განპირობებულია იმითაც, თუ
როგორი დამოკიდებულება აქვს ოჯახს და რას ისმენს იქ. შესაძლოა,
ოჯახშიც არსებობს ანალოგიურად მოაზროვნე წევრი და მასთან პოულობს
საერთო ენას. ვინც საპირისპიროს ეუბნება, შესაძლოა, მისი არ სჯეროდეს.
ახლა ვდგამთ იმ ნაბიჯებს, როგორ დაძლიოს შიში და მოვიდეს ტრანსპორტით
ჩვენამდე“.
ფსიქოლოგი რუსუდან ვასილცევი
ბენეფიციართან ერთად
საბოლოოდ რა კვალს დატოვებს ბავშვებზე იზოლაცია, კომუნიკაციის
ნაკლებობა და განცდილი შიში, ფსიქოლოგმა ჯერ არ იცის. ამ ეტაპზე რასაც
ახერხებს, ინდივიდუალურად ეხმარება ჩაკეტილობისა თუ შიშის
დაძლევაში.
„თებეს“ ყველა ბენეფიციარს კერძო ტრანსპორტი ემსახურება, რითიც
ინფიცირების რისკს ამცირებენ. იგივე შესაძლებლობა პანდემიის
პირობებში, არ აქვთ იმ შშმ ბავშვებს, რომლებიც ცენტრის გარდა, საჯარო
სკოლაში დადიან.
არასამთავრობო ორგანიზაციის "ცვლილებები თანაბარი უფლებებებისათვის"
თავმჯდომარე ამბობს, რომ პანდემიის დროს სახელმწიფოს დახმარება არ იყო
შესაფერისი და შშმ ბავშვების საჭიროებებზე მორგებული. თომა კაკაბაძის
თქმით, მთავარობა არ იძლეოდა იმის საშუალებას, რომ კონტაქტური
ყოფილიყო რეაბილიტაცია ან აბილიტაცია. შეზღუდვების პირობებში,
მათთვის, ფაქტობრივად, არც ერთი სერვისი იყო ხელმისაწვდომი.
„სახელმწიფოს გამორჩა ეს ადამიანები. შეიძლება რისკი იყო
ვირუსის გავრცელების, მაგრამ რაღაც პროტოკოლი შეიძლება მოეფიქრებინათ,
რომლის დაცვითაც შეიძლებოდა სერვისის მიწოდება. ასევე პრობლემა იყო,
როცა მანქანაში ორ ადამიანზე მეტის დაჯდომა არ შეიძლებოდა, მანდ
მოთხოვნა იყო პირბადის მოხმარება და არ გაითვალისწინეს გონებრივი
შეზღუდვის მქონე შშმ პირები, რომლებიც ვერ იგებენ, რატომ უნდა ჰქონდეს
სახეზე პირბადე მორგებული. ავტობუსებში, თუ პირბადეს არ გაიკეთებდნენ,
აჯარიმებდნენ ან არ უშვებდნენ. მეორე ტალღის ბოლოსკენ კი მოიფიქრეს ეგ
და მერე გაითვალისწინეს. შეცვალეს მიდგომა. თუმცა, პირველი ტალღის
დროს არ იყო გათვალისწინებული მათი საჭიროებები. რეალურად, შშმ პირები
სხვადასხვა მიმართულებით და სფეროში გამორჩა ხელისუფლებას და
გადაწყვეტილების მიმღებ პირებს არ უფიქრიათ ამ
ადამიანებზე“.
დღის ცენტრის "თებეს"
ბენეფიციარები
შშმ ბავშვები გამორჩა
განათლების სამინისტროსაც. პანდემიის გამოცხადებიდან წელიწადზე მეტი
გავიდა და მხოლოდ ახლა მუშავდება სპეციალური დადგენილება, რის
მიხედვითაც სასწავლო პროცესი შშმ ბავშვების საჭიროებებზე უფრო
მორგებული გახდება.
„გახსოვთ, ალბათ, შარშან გაზაფხულზე ყველაფერი
სპონტანურად წამოვიდა და გზადაგზა იხვეწებოდა ყველაფერი. ახლა, როცა
მიმდინარეობს ჩვეულებრივი სასწავლო პროცესი, მათი საჭიროებიდან
გამომდინარე, მშობელს ეძლევა უფლება, გააკეთოს განაცხადი და
ინდივიდუალურად განვიხილოთ მისი დისტანციურად ჩართვის და სახლში
დარჩენის საშუალება. აქამდე ამის შესაძლებლობა არ იყო. მანამდე, როცა
რამე შემთხვევა იყო, ყველა ერთიანად გადადიოდა დისტანციურზე. ამიტომ,
თუ მშობელს ეშინია, რომ მისი შვილი ვერ შეძლებს სკოლაში თავის დაცვას,
სკოლის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, მას აქვს სრული უფლება
მოითხოვოს ინდივიდუალური დისტანციური სწავლება. ონლაინ სწავლების
დროს, თუკი ყველა ამ რეჟიმში იქნება, შშმ ბავშვებისთვის განსხვავებული
მიდგომა არ იქნება, რომ არ მოხდეს მათი გამორჩევა, ამას კრძალავს
ინკლუზიური განათლება“, - ამბობს ბორჯომის
საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი იზოლდა ლომიძე
ბორჯომის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლაში 3556 მოსწავლე სწავლობს.
მათგან სპეციალური საჭიროების მქონე 58-ია, რომლებთანაც 18 სპეციალური
მასწავლებელი მუშაობს.
შშმ ბავშვების ინტერესები სახლემწიფოს ვაქცინაციის დროსაც გამორჩა.
კორონავირუსის პანდემიის პერიოდში შშმ პირები რისკ-ჯგუფს
განეკუთვნებიან. დაბალი იმუნიტეტის გამო, მათი აცრის საკითხი დღის
წესრიგში მალევე უნდა დამდგარიყო. მართალია, 18 წლამდე ბავშვების
იმუნიზაცია ჯერ დღის წესრიგში არ დგას, თუმცა ზუსტად იმიტომ, რომ
მოზარდებთან სკოლასა თუ დღის ცენტრებში შეუძლებელია დისტანციის დაცვა,
ბენეფიციარების უსაფრთხოებისთვის, საქართველოში COVID 19 ვაქცინის დანერგვის ეროვნული
გეგმის მიხედვით, ჯანდაცვის სექტორის მუშაკების შემდეგ,
ხანგრძლივი მოვლის დაწესებულების ბენეფიციარები და პერსონალი უნდა
აცრილიყო. თუმცა, სახელმწიფო ისე გადავიდა შემდეგ კატეგორიაზე, ჯერ 75
წლიდან ზემოთ, მოგვიანებით კი 55 + ასაკის მოქალაქეების ვაქცინაციაზე,
რომ შშმ პირების გამოტოვებაზე განცხადებაც კი არ
გაუკეთებია.
ამ თანმიმდევრობის და კატეგორიების დაკონკრეტება ვთხოვეთ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის
სამსახურის ხელმძღვანელს. ნინო მამუკაშვილმა კითხვა უპასუხოდ
დატოვა.
„მე ამ თემაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ და გეგმაში ყველაფერი
დეტალურადაა გაწერილი. როგორც კი დაიგეგმება, თვითონ სპიკერები
გამოაცხადებენ და იტყვიან ყველაფერს დეტალურად, დანარჩენი წერია
გეგმაში“
ფაქტია ისიც, რომ შშმ პირები და მათი
მეურვეები არ არიან საკმარისად ინფორმირებულები ვაქცინაციის
აუცილებლობაზე და არც აცრისთვის არიან მზად. 13 წლის კარინას დედა,
გაიანე დალიბანდიანი, რომელიც ამავე დროს დღის ცენტრის თანამშრომელია
და სხვა ბავშვებთანაც უწევს ახლო კონტაქტი, ვაქცინის გაკეთებას არ
აპირებს.
„შეიძლება საშიში იყოს, რაღაცაზე იმოქმედოს, შეიძლება
გულზე იმოქმედოს. არ ვიცი, ვერ გეტყვით. კარინას დაუნის სინდრომი
აქვს, სხვა არაფერი. პატარაობიდან, ყველა აცრა აქვს ჩატარებული,
მაგრამ ამ აცრას ვერ გავუკეთებ, არ ვიცი რატომ. ახალციხეში ის ექთანი
რომ დაიღუპა, გავლენა იქონია ამ ამბავმაც. არც ერთი ვაქცინის
შემთხვევაში არ მაქვს აცრის სურვილი, მე ახლა მაქვს გულზე პრობლემა და
ვერ ავიცრები, ჩემთვის არ შეიძლება, რადგან აცრები გულზე მოქმედებს.
მე საბუთიც მაქვს და ექიმმა მითხრა, რომ არ შეიძლება ჩემთვის“.
დედა-შვილი, გაიანე და კარინა
დალიბანდიანები
გაიანეს მსგავსად, დღემდე უმრავლესობამ არ იცის, რატომ უნდა გაიკეთოს
ვაქცინა. „თებეს“ წარმომადგენლის განმარტებით, ცენტრში აცრებთან
დაკავშირებით ინფორმაციას ბენეფიციარებსაც და თანამშრომლებსაც
აწვდიან. ვაქცინაციის მიმართ დღის ცენტრში არსებული განწყობა ნათელს
ხდის, რომ მიწოდებული ინფორმაცია საკმარისი არ არის. ხელისუფლებამ კი
არც მათ ინფორმირებაზე იზრუნა და შშმ პირები, ისევე, როგორც მათზე
მზრუნველი ადამიანები გამოტოვა მათივე გეგმით გათვალისწინებულ
იმუნიზაციის სქემაში. პანდემიის პერიოდში სახელმწიფოს ზრუნვა შშმ
ბავშვებზე მხოლოდ მწირი სოციალური დახმარებებით
შემოიფარგლებოდა.
გააზიარეთ :