ინტერაქტიული მულტიმედია
კულისებს მიღმა გაზაფხულია
თოჯინებიდან, პიანინოდან, მაგიდებიდან მტვერი გადაწმინდეს, სკამებზე გადაფარებული ნაჭერი აიღეს და იფიქრეს, რომ რაღაც ბრუნდება, ის, რაც პანდემიამ ერთი წლის წინ წაართვა. 15 მარტს ბორჯომის მუნიციპალიტეტში ახმაურდა თოჯინების სახელმწიფო თეატრი, სამუსიკო სკოლა, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი, კულტურის სახლები... ზოგი თითქმის ერთი წელი ონლაინ რეჟიმზე იყო გადაწყობილი, ზოგიც უბრალოდ სახლში იჯდა და ელოდა, როდის მოხსნიდნენ შეზღუდვებს, რომელიც საყვარელ საქმეს დაუბრუნებდა.


„მოწყენილი თოჯინები“

„ჩემი დარბაზი, ვაიმე, როგორ მომენატრა“ - ემოციას ვერ მალავდნენ, ერთწლიანი პაუზის შემდეგ, ბორჯომის თოჯინების სახელმწიფო თეატრში შეკრებილი მსახიობები. მოიარეს დარბაზი, საცავში მოინახულეს „მოწყენილი თოჯინები“, ჩამოსხდნენ დისტანციის დაცვით და სამომავლო გეგმებზე ისე გააგრძელეს საუბარი, თითქოს გუშინ შეწყვიტეს. ისედაც ბევრი გაცდენილი დროის დაკარგვას აღარ აპირებენ. რეპეტიციებს დაწესებული რეკომენდაციების დაცვით გააგრძელებენ.
იძულებით შესვენებამდე, ახალციხის თეატრიდან რეჟისორი ლექსო ჩემია მიიწვიეს და გოგოლის „შეშლილის წერილები“ დადგეს. სპექტაკლის მაყურებლების წინაშე წარდგენა ვეღარ მოასწრეს. ახლა სწორედ ამ დადგმით აპირებენ სეზონის გახსნას, პრემიერამდე კი რეპეტიციებს. „ამ პერიოდში საკმაოდ ბევრი იდეა დაგროვდა განსახორციელებელი და დიდი ნაბიჯებით უნდა დავეწიოთ ამ ჩამორჩენას“, - გვეუბნება შალვა გოგოლაძე, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.




ბორჯომის თოჯინების სახელმწიფო თეატრმა, კორონავირუსის პანდემიის გამო, მუშაობა 2020 წლის დასაწყისში შეწყვიტა. 23 თანამშრომელი დროებით სახლში დაჯდა. რამდენიმე სპექტაკლი ზაფხულში, ქუჩაში გამართეს. მაყურებელი არ აკლდათ. პანდემიის გამო, გასართობ ღონისძიებებს მოწყურებული ადამიანები 50-მდე ადგილს სრულად ავსებდნენ.


„ერთი პატარა პრობლემა რაც გვქონდა, ეს იყო, რომ მანქანების მიმოსვლა და ხმაური ხელს გვიშლიდა. ალბათ, ეს პრობლემაც შეიძლებოდა მოგვარებულიყო, მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით, რომ ის 40 წუთი პოლიციის თანამშრომლებს ჩაეკეტათ პატარა მონაკვეთი, რომელიც რეალურად ხელს არავის შეუშლიდა, ვინც ტრანსპორტით გადაადგილდება, იმიტომ, რომ არის სხვა გზებიც“, - ამბობს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.




სპექტაკლების ჩვენება ღია სივრცეში


თეატრის დასი ღია სივრცეში მუშაობას და უფრო მეტი სპექტაკლის ჩვენებას აპირებდა, თუმცა გაგრძელება ვეღარ შეძლეს. სასცენო კონსტრუქციის, განათებისა და აპარატურის ყოველდღე გარეთ გამოტანას და აწყობას მინიმუმ ორი საათი სჭირდებოდა. რთული იყო ამ ყველაფრის ალაგებაც.



სასცენო კონსტრუქციის აწყობა თეატრის ეზოში


პანდემიის პერიოდში, პატარა მაყურებლებს სპექტაკლებს ვირტუალურადაც სთავაზობდნენ. თოჯინების თეატრის ფეისბუქგვერდზე, პერიოდულად, პანდემიამდე გადაღებულ ვიდეოებს ტვირთავდნენ. 



სპექტაკლის დისტანციური ჩვენება


კორონავირუსის პანდემიის გამო, თეატრი ფინანსურადაც დაზარალდა. მათი ბიუჯეტი ბილეთებიდან მიღებულ შემოსავალზეა დამოკიდებული. წელიწადში ერთხელ კულტურის სამინისტრო აფინანსებს, რითიც რეჟისორის მოწვევას ახერხებენ.

თეატრში საშუალო ანაზღაურება 300 ლარია. ხელფასები მერიის ბიუჯეტიდან ფინანსდება და პანდემიის პერიოდში არ შეფერხებულა.

„იმდენად დაბალი ანაზღაურებაა თეარტში, ხელით გვიჭირავს თანამშრომლები. ფიზიკურად ძნელია იარსებო 250 ლარით. მითუმეტეს, როცა გასამმაგდა ფასები და რთულია ამ თანხით იარსებო ადამიანმა, თუ არ გაქვს დამატებითი შემოსავალი“, - ამბობს შალვა გოგოლაძე.



ბავშვები კულტურული ცხოვრების მიღმა


სპექტაკლებთან ერთად ბორჯომში, თითქმის ერთი წლით მიიძინეს ბავშვების დამატებითმა აქტივობებმაც. კულტურისა და ხელოვნების ცენტრში, 2020 წლის 15 მარტიდან, ყველა წრე დროებით დაიკეტა, მათ შორის სახალხო თეატრიც. სექტემბერში გახსნა შეძლეს და რეპეტიციებიც აღდგა. რეგულაციების სრული დაცვით მუშაობა განაახლეს ქორეოგრაფიულმა სტუდიებმა. თუმცა, ეს ყველაფერი დროებითი აღმოჩნდა. ნოემბერში, ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესებისთანავე, მუშაობა ისევ შეწყვიტეს. დისტანციურად კი არცერთ წრეს არ უმუშავია.



კულტურის და ხელოვნების ცენტრის საკონცერტო დარბაზი

„ბავშვების გადინება არ მომხდარა, მაგრამ სექტემბერში რომ დავიწყეთ მუშაობა, იმ რაოდენობის ბავშვები არ ყოფილან, რაც გვყავდა მანამდე. როგორც ვიცით, მონდომებულები არიან მშობლები და ერთი სული აქვთ როდის განახლდება სასწავლო პროცესი და ველოდებით უფრო მეტ ბავშვს. მშობლების შიში იყო უფრო რაოდენობის შემცირება“, - ამბობს თამარ თაგვაძე, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი.

ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში 10 სტუდია და 88 თანამშრომელია. პანდემიის პერიოდში ანაზღაურებას 100%-ით იღებდნენ. ამ მხრივ პრობლემა მხოლოდ ქორეოგრაფებს შეექმნათ, რომლებიც საშტატო განაკვეთის გარდა, ხელფასს მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით იღებენ. სამუშაო პროცესის აღდგენა აქ ეტაპობრივად, 15 მარტიდან დაიწყო.

მიძინების ისტორიაში გამონაკლისი არ ყოფილა მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი, თუმცა აქ სხვაგვარი საქმე ჩქეფდა პანდემიაში. 2020 წელს შენობას სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. ხუთი ათეული წლის შემდეგ, პირველად განახლდა ინვენტარი, ავეჯი და ტექნიკა. სამუშაოებზე, ბორჯომის ბიუჯეტიდან, 410 832 ათასი ლარი დაიხარჯა. მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში ხელოვნების 12 დარგს 145 მოსწავლე ეუფლება. მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში ახლა კონტინგენტის ზრდას ელიან.



მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის განახლებული საკლასო ოთახი

პანდემიის დროს ორმაგი „დატვირთვით ცხოვრობდა“ სამუსიკო სკოლა: გაკვეთილები - ონლაინ, სკოლაში კი ათწლეულების ნანატრი რემონტი. სამუშაოზე 444 177 ათსი ლარი დაიხარჯა. განახლდა საკონცერტო დარბაზი, საკლასო ოთახები. შეიძინეს ინვენტარი და ინსტრუმენტები, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობა.



სამუსიკო სკოლის განახლებული საკონცერტო დარბაზი


სკოლას, ახალდაბის, წაღვერის და ბაკურიანის სამუსიკო სკოლის განყოფილებების ჩათვლით, 375 მოსწავლე და 30 პედაგოგი ჰყავს. პანდემიის გამო, ბავშვებს მეცადინეობაზე უარი არ უთქვამთ. კვირაში ორჯერ, საკონკურსოდ კი უფრო ხშირადაც ონლაინ მეცადინეობდნენ.

სკოლის წარჩინებული მოსწავლეები მონაწილეობას იღებდნენ ონლაინ გამართულ საერთაშორისო კონკურსებსა და ფესტივალებში, როგორც საფორტეპიანო, სავიოლინო, ასევე საგუნდო კლასი. შედეგიც თვალსაჩინოა: პირველი, მეორე ადგილები და ლაურეატის წოდება.

ლიზი ხაჩიძეც რამდენიმე თვე დისტანციურად მეცადინეობდა პედაგოგ მარინა რატიანთან. ონლაინ კონკურსში მონაწილეობაც მიიღო და გაიმარჯვა კიდეც.





„სკოლა ერთ-ერთი მოწინავეა, როგორც რეგიონის ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით. ბავშვების წარმატებები სკოლის მაღალკვალიფიციური პედაგოგების შედეგია“, - გვეუბნება პედაგოგი მარინა ბიბილაშვილი.

15 მარტიდან მოსწავლეები და პედაგოგები სწავლას და მუშაობას განახლებულ სკოლაში შეუდგნენ. რთული ონლაინ რეჟიმის შემდეგ ეს ემოციური დაბრუნება იყო.


პანდემიური დაფინანსება


ბორჯომის ბიუჯეტში კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეებზე გამოყოფილი თანხა 2021 წლის ბიუჯტში, გასულ წელთან შედარებით შემცირებულია.

კორონავირუსის პანდემიის გამო, 2020 წლის მარტის შემდეგ, ბორჯომში კულტურული ღონისძიებები არ გამართულა, შესაბამისად, არ დახარჯულა ამ მიზნით ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა. გასულ წელს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, კულტურისა და სპორტის სფეროებზე, ასევე ახალგაზრდობის საქმისთვის 2 983 300 ლარი იყო განსაზღვრული. ეს თანხა 493 500 ლარით შეიკვეცა, საიდანაც 335 000 გზების რეაბილიტაციის ხარჯს დაემატა, 158 500 ლარი საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა მიზნობრივ პროგრამას (covid-19) მოხმარდა.

2021 წელს ადგილობრივ ბიუჯეტში კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეებზე გამოყოფილი თანხა 2 760 400 ლარს შეადგენს. კულტურული ღონისძიებებისთვის აქედან 174 000 ლარია განსაზღვრული. თანხის დანარჩენი ნაწილი თეატრების, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებული კულტურის სახლების, სამუსიკო სკოლების, ა(ა)იპ-ებში დასაქმებულების ხელფასებსა და სხვა ადმინისტრაციულ ხარჯებს მოხმარდება.

ბორჯომის თოჯინების სახელმწიფო თეატრში უკვე ემზადებიან პრემიერისთვის. დაბალი ხელფასებისა და შემცირებული ბიუჯეტის მიუხედავად, დაბრუნება უხარიათ სამუსიკო სკოლებში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში, კულტურის სახლებში და იმედი აქვთ, რომ პანდემია კვლავ არ წაართმევს კულისებს მიღმა შესულ გაზაფხულს.



Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.