დილის 7 საათია. ცივა. აპარატურას
ვამოწმებთ და ორხიდიან მანქანაში ვბარგდებით. შეფუთულები ვართ. სადაც
მივდივართ, იქ უფრო მეტად ცივა.ბორჯომი ზღვის დონიდან 800-900
მეტრზე მდებარეობს. ჩვენი დანიშნულების ადგილი კი ზღვის დონიდან 2 000
მეტრზეა. გზაც შორია, შემოვლითი. ტაბაწყურის თემი ბორჯომის
მუნიციპალიტეტია, ქალაქიდან 70 კილომეტრის დაშორებით, მაგრამ თოვლი
ექვსი-შვიდი თვით მას იზოლაციაში აქცევს. ამიტომაც, ცხრაწყაროს
უღელტეხილის ნაცვლად, გეზს ახალქალაქისკენ ვიღებთ.
150 კილომეტრიანი გზის გარკვეული მონაკვეთები უსწორმასწორო და
დათოვლილია. მოძრაობა შედარებით რთული, შესაბამისად, დამღლელია.
ბეჟანო ახალქალაქის ბოლო სოფელია. ამის შემდეგ იწყება ტაბაწყურის
თემი. გზა შედარებით სწორდება და მოასფალტებულ მონაკვეთს მივუყვებით.
ირგვლივ ყველაფერი გადათეთრებულია. გზად ტრაქტორი გვხვდება, თოვლს
წმენდს და მანქანებს გაადგილებას უადვილებს. ბორჯომის მუნიციპალიტეტის
მაღალმთიან ზონაში პირველი სოფელი ჭიხარულაა, შემდეგ ბალანთა და
მოლითი. ამ სამ სოფელში გზა ახალი მოასფალტებულია. ბოლოს ტაბაწყურში
შევდივართ. მანქანა ისევ უსწორმასწორო გზაზე გადადის. სოფლის
ღირსშესანიშნაობა, - ტბა გაყინულია.
ტაბაწყურის გაყინული
ტბა
თითქმის ყველა სახლი ერთნაირია. ყველა საკვამურიდან კვამლი
ამოდის.
სოფელი
ტაბაწყური
ქუჩები ცარიელია. სიცივე ძვალ-რბილში ატანს. თივის ზვინებს ზვინად
ადევს თოვლი. სოფლის „ბირჟა“, სადაც ადგილობრივები ნარდს აგორებენ ან
ჭადრაკს თამაშობენ, ცარიელია. ყველაფერი მიძინებულია.
სოფელი ტაბაწყური
ტუფით ნაშენები ბევრი სახლიდან ერთს მივადექით. კარს რუდიკ
ხაჩატურიანი გვიღებს. თვეებია, 34 წლის კაცი უსაქმოდ დარჩა. შეშის
ღუმელის ირგვლივ მისი შვილები და მშობლები სხედან. ცოლი იქვე
მცირეწლოვან ბავშვს აძინებს.
რუდიკთან საუბარს ვიწყებთ. გვინდა გავარკვიოთ, როგორ იმოქმედა მასზე
პანდემიამ. გვიყვება, რომ ბევრი თანასოფლელის მსგავსად, ისიც რუსეთში
დადიოდა სეზონურ სამუშაოზე. ექვსი წლის განმავლობაში, მოსკოვში
ფიზიკურად მუშაობდა. ყოველი ახალი წლის შემდეგ, ტაბაწყურში ოჯახს
ტოვებდა და რუსეთში 10-11 თვით მიდიოდა. მძიმე შრომით აღებულ ხელფასს
ოჯახს უგზავნიდა. კორონავირუსის პანდემიამ მას შრომით მიგრაციაში ხელი
შეუშალა. მას შემდეგ, რაც საზღვარი ჩაიკეტა, ბევრი თანასოფლელის
მსგავსად, დაკარგა სამსახურიც და შემოსავალიც.
სოფელი ტაბაწყური
„ძროხა გვყავს და ახლა იმით ვირჩენთ თავს. არც ხელფასი
გვაქვს და არც არაფერი. მთელი წელი ოჯახში არ ვიყავი, ხოლმე, რაც, რა
თქმა უნდა, რთულია, მაგრამ რას იზამ... მუშაობის დროს, სულ
მელანდებოდა ჩემი შვილები, ცოლი, მშობლები, ოჯახი... მაგრამ, როცა
ოჯახს სჭირდება შენი გვერდში დგომა, მაშინ უნდა ადგე და წახვიდე, უნდა
გააკეთო ყველაფერი. ახლა ზოგს უშვებენ, ზოგს არა... ბილეთიც იმდენად
ძვირი ჯდება, 3000-4000 ლარი უნდა გქონდეს, რომ წახვიდე. მაგდენი რომ
მქონდეს, რა მინდა მოსკოვში? ხბოს ვიყიდი რვა ცალს, შევინახავდი და
ვიცხოვრებდი კარგად. აი, საიდან უნდა ვიშოვო 4000 ლარი? ვინ
მომცემს?“ - გვიყვება რუდიკ ხაჩატურიანი.
ეთნიკური სომხებით დასახლებულ ტაბაწყურში, რუდიკ ხაჩატურიანის
მსგავსად, სოფლის მეურნეობას ბევრი დაუბრუნდა. მესაქონლეობა
ადგილობრივების ყოველდღიურობაა, რომელსაც პანდემიამ კიდევ უფრო
მიაჯაჭვა. სოფლის სხვა ამბებსაც ხაჩატურიანების ოჯახში ვიგებთ. რუდიკს
ვეკითხები, გაიკეთებს თუ არა ვაქცინას, როცა ის ქვეყანაში შემოვა.
„3-4 დღის წინ, ფეისბუქზე წავიკითხე, რომ საქართველოში
შემოტანილი ვაქცინა არ არის ორიგინალი და უხარისხოა. მსოფლიოში,
ქვეყნების უმრავლესობამ უარი თქვა ამ ვაქცინის გამოყენებაზე და
საქართველოში მაინც შემოიტანეს. ასევე, ვიდეო ვნახე, სავარაუდოდ
ამერიკაში იყო, რომ ექიმებს უკეთებდნენ ვაქცინას და შემდეგ
იხოცებოდნენ. ზუსტად არ მახსოვს სად წავიკითხე ეს ინფორმაცია, თუმცა,
რაღაც ოფიციალური გვერდი იყო. ამ ყველაფერს სოციალურ ქსელში რომც არ
გავცნობოდი, სიმართლე გითხრათ, მაინც მეშინოდა მაგ ვაქცინის გაკეთება.
ასე რომ მე უარზე ვარ“, - გვპასუხობს ახალგაზრდა
კაცი.
ამ დროისთვის არსებული იფნორმაციით, მსოფლიოს 132-მა ქვეყანამ უკვე მიიღო 400 მილიონ დოზაზე
მეტი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა. უკვე სრულად აცრილთა
რაოდენობამ 88 მილიონს გადააჭარბა. ამ მონაცემებზე დაყრდნობით კი
შეიძლება ითქვას, რომ მას ყალბი ინფორმაცია აქვს. „ასტრაზენეკას“
ინექციაც „ორიგინალია“, ვინაიდან ვაქცინები ჯანდაცვის მსოფლიო
ორგანიზაციის ბაზაზე არსებული COVAX პლატფორმიდან ნაწილდება, მათ შორის საქართველოში.
„ასტრაზენეკას“ ვაქცინა ავტორიზებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის
მიერ, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოცდის სამი ეტაპი აქვს გავლილი. ეს კი ვაქცინის
ათასობით მოხალისეზე დატესტვას გულისხმობს. მისი ეფექტურობა 82%-ზე
მაღალია და „ასტრაზენეკათი“ უკვე 17 მილიონ ადამიანზე მეტი
აიცრა.
ვაქცინაციასთან დაკავშირებით გავრცელებული ყალბი ინფორმაციის
საპირწონედ რუდიკ ხაჩატურიანისთვის და სხვა მაცხოვრებლებისთვის, არც
ხელისუფლებას მიუწოდებია ინფორმაცია და არც რაიმე კამპანია დაწყებულა
ქვეყანაში. ასე რომ, მისნაირად ბევრი ფიქრობს.
ვაქცინის თემას წამლების საჭიროება მოჰყვება. ადგილზე არც აფთიაქია და
არც ამბულატორია მუშაობს. წამლებს მოსახლეობა საკვებივით
იმარაგებს.
ბალანთასა და ტაბაწყურის ამბულატორიებიდან ერთი ახლადაშენებულია,
მეორე კი გარემონტებულ-აღჭურვილი. ამბულატორიამდე გაუკვალავი თოვლი
დევს. იქ თითქმის არავინ დადის, ექიმი სამ თვეში ერთხელ ამოდის
ბორჯომიდან, ექთნები კი პაციენტებს ან საკუთარ სახლში იღებენ ან მათ
აკითხავენ.
სოფელ ტაბაწყურის
ამბულატორია
ტაბაწყურიდან ჭიხარულაში გადავდივართ. ზამთრის სუსხს აქაც
დაუცარიელებია სოფლის ქუჩები. ამ დროს, სახლის ეზოში გამოსულ კაცს
ვხედავთ. მხითარ უნანიანი გულთბილად გვესალმება და სახლში გვეპატიჟება
ფინჯან ყავაზე.
მხითარ უნანიანი -
ტაბაწყურის მკვიდრი
საუბარს შინ ვაგრძელებთ. სამზარეულოში მისი შვილი და მეგობარი
გვხვდებიან. განიხილავენ აქაურს და იქაურს, პანდემიას თუ საკუთარ
გასაჭირს. კორონავირუსზე კითხვას ვსვამ და უცებ ირკვევა, რომ
მასპინძელმა ამ ზამთარს მძიმედ იავადმყოფა. დარწმუნებულია, რომ COVID
19 გადაიტანა. სიმპტომები ამაზე მიუთითებს, თუმცა ტესტი არ
გაუკეთებია. ძალიან რომ გაუჭირდა, ერთი საათის გზა გაიარა
ახალქალაქამდე და ექიმთან ჩავიდა. ტესტის გაკეთება არც იქ შესთავაზეს.
უკან დანიშნულებით გამოუშვეს. ოჯახის სხვა წევრებმა ვირუსი შედარებით
მსუბუქად გადაიტანეს.
სოფელში ეჭვი ბევრს აქვს, რომ კორონა შეხვდა, თუმცა ტესტით
დადასტურებული ერთი შემთხვევაც არ ახსენდებათ. ასეა მაღალმთიან ოთხივე
სოფელში.
ტაბაწყური - ტბაში
შეჭრილი სოფელი
ტაბაწყურის თემში, კორონავირუსზე მხოლოდ პედაგოგების გატესტვა დაიწყო,
როცა სწავლა კვლავ სკოლებში განახლდა. პანდემიის პერიოდში სასწავლო
პროცესი აქ ისედაც სკოლებში მიმდინარეობდა. შეზღუდვა მაღალმთიან ზონას
ორჯერ შეეხო. ონლაინ რეჟიმზე პირველად გასულ წელს, მარტში, შემდეგ კი
დეკემბერში გადავიდნენ. ინერნეტის პრობლემა არ ჰქონიათ. ოთხივე
სოფელში NETCOM-ის ინტერნეტი ოჯახებს თვეში საშუალოდ 30 ლარი უჯდება.
სამაგიეროდ სხვა პრობლემა აქვთ, საბავშვო ბაღი არც ერთ სოფელშია.
სოფელი
ჭიხარულა
ჭიხარულას დათოვლილ გზას მივუყვებით. ჩვენსკენ მომავალი
ჩანთაგადაკიდებული ქალი გამოჩნდა. ველოდებით. ჰაიკანუშ უნანიანი
ბალანთის საჯარო სკოლის მასწავლებელი აღმოჩნდა. არ დაგვზარდა,
სიცივეში გაგვიჩერდა და საუბარი გაგვიბა. 32 წელია დაწყებითი კლასის
მოსწავლეებს ასწავლის, თუმცა 60 წლის პედაგოგს დისტანციურ სწავლებაზე
გადასვლა გაუჭირდა. ტექნოლოგიურ ლაბირინთში გზის გაკვლევაში დირექტორი
დაეხმარა. ტექნიკით და ინტერნეტით კი სკოლა უზრუნველყოფილია. ჩართვის
დროს, ბავშვებს მშობლები ეხმარებოდნენ და ასე ნელ-ნელა აუწყეს ფეხი
პანდემიურ გამოწვევას.
„32 წელია ვმუშაობ სკოლაში და ეს ჩემთვის იყო ძალიან დიდი
სიახლე. მარტში, როცა პირველად გადავედით დისტანციურზე, ეტაპობრივად
შემოვიდა TEAMS პროგრამა და ნელ-ნელა ავითვისეთ ჩვენც. ამ
პროგრამამადე „ფეისბუქით“ ვკონტაქტობდით მოსწავლეებთან. პროგრამა
შედარებით რთული იყო, თუმცა ეს სირთულე ჩვენმა დირექტორმა მარტივად
გადამალახინა. ისე კარგად ამიხსნა ტექნიკური დეტალები, რომ მეც
გავერკვიე დროულად. ჩემი ასაკის ქალისთვის რთული იყო და დამჭირდა
ახსნა. ვინც ტექნიკას აქამდე ფლობდა, იმ პედაგოგებისთვის, რა თქმა
უნდა, შედარებით მარტივი იყო“, - გვიყვება ჰაიკანუშ
უნანიანი.
ჰაიკანუში, ასაკიდან გამომდინარე, პანდემიისას რისკ-ჯგუფს
მიეკუთვნება. ამიტომაც ვინტერესდები, რას ფიქრობს ის COVID-19-ის
საწინააღმდეგო აცრაზე.
„თუ საჭიროება იქნება და ყველა გაიკეთებს ვაქცინას, განზე
ვერც მე გავდგები. ამ შემთხვევაში, მეც გავიკეთებ“.
ვინტერესდები, თუ ვაქცინაზე სოფელში უარს ბევრი იტყვის, მაშინ როგორ
მოიქცევა.
„ამ შემთხვევაში, საკითხი ჩემი ჯანმრთელობის
მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული. თუ ხელი ჯანმრთელობამ არ შემიწყო,
ხომ ვერ გავიკეთებ? ვნახოთ, როგორ იქნება“, - მოკლედ
გვპასუხობს ჰაიკანუში და გვემშვიდობება.
ჰაიკანუშ უნანიანი -
ბალანთის სკოლის პედაგოგი
ისევ ტაბაწყურში ვბრუნდებით. ღამე იქ უნდა გავათიოთ. შებინდებამდე
მაღაზიაში შევლას ვგეგმავთ. სოფელში სურსათის რამდენიმე მარკეტია.
მდგომარეობა თითქმის ყველგან ერთნაირია. ერთ-ერთი სავაჭრო ობიექტი
სოფლის ცენტრში უკვე 10 წელია არსებობს. აქ თითქმის ყველაფერი
იყიდება: პროდუქტი, ალკოჰოლური, გაზიანი სასმელები, სხვა ბევრი
წვრილმანი, ყველაფერი, რაც კი შეიძლება მოსახლეობას დასჭირდეს.
მაღაზიაში მისულებს ადგილობრივები გვხვდებიან თუმცა, არაფერს
ყიდულობენ. მარკეტი ერთგვარი თავშეყრის ადგილია, ლაპარაკობენ,
ერთმანეთს დღის ამბებს უზიარებენ.
მაღაზიის მეპატრონესთან კომუნიკაცია გვიჭირს. არმენ აკოფიანმა ქართული
ენა არ იცის. მაღაზიაში მყოფი ადგილობრივი “თარჯიმნის” ფუნქციას
ითავსებს. ნათარგმნი პასუხებით ვიგებთ, რომ სურსათის მაღაზიაში,
მკაცრი შეზღუდვების დროს მთავრობის რეკომენდაციებს ითვალისწინებდნენ,
აკონტროლებდნენ პირბადის მოხმარებას, დისტანციის დაცვას, ჰქონდათ
თერმოსკრინინგი. ვითარების შემსუბუქებასთან ერთად, თავს მეტი
თავისუფლება მისცეს. მომარაგების ამბავსაც ვეკითხები. ზაფხულში, კარგი
ამინდის შემთხვევაში, დისტრიბუციის მანქანები სოფელში მოდიან და
ადგილზე ხდება პროდუქციის შეძენაო, გვიყვება მეპატრონე. ზამთარში,
მკაცრ კლიმატურ პირობებში, თავად ჩადიან ახალციხეში, ახალქალაქში ან
თბილისში და პროდუქცია მოაქვთ. პანდემიის დროს, იმარაგებენ იმდენს,
რამდენის გაყიდვასაც შეძლებენ.
„პანდემიის დროს გაყიდვებმა მოიკლო. დაახლოებით 30%-ით
შემცირდა. შემოტანილი პროდუქტი რომ არ გაგვფუჭებოდა, შესაბამისად ცოტა
შემოგვქონდა. რეალობას მოვერგეთ. მირჩევნია თვეში ორჯერ წავიდე, რომ
არ გამიფუჭდეს პროდუქტი, ვიდრე ვიზარალო. აქ მაცივრებიც მაქვს და
შესაბამისი რაოდენობა მომაქვს. პანდემიის დროს, ციტრუსი იყიდებოდა
ძალიან ბევრი, ამბობდნენ სასარგებლოაო, C ვიტამინი ხომ იყო საჭირო და
ამიტომ იყიდებოდა. ერთი პერიოდი მოთხოვნა იყო ფქვილზე, მაკარონზე,
ბურღულეულზე. შემდეგ მიხვდა ხალხი, რომ დეფიციტში არ იყო ეს პროდუქტი,
არც ამის საშიშროება იქმნებოდა და მოუკლეს შეძენას. თავიდან აქაც იყო
პანიკა, თითქოს შიმშილობა იწყებაო და მაგ დროს, იმატა გაყიდვებმა,
შემდეგ გადაიარა და დამშვიდდა ხალხი“, - გვიყვება არმენ
აკოფიანი, მაღაზიის მეპატრონე.
არმენ აკოფიანი -
მაღაზიის მეპატრონე
საუბარში ირკვევა, რომ ჩვენი მოხალისე „თარჯიმანი“ სამარშრუტო ტაქსის
მძღოლია. „ახლა ჩემგან რა გაინტერესებთ?“,
ღიმილით მეკითხება არამაის მურადიანი. პოზიტიური და კომუნიკაბელური 56
წლის მძღოლი, ბოლო 10 წლის განმავლობაში, ბორჯომი-ტაბაწყური,
ტაბაწყური-ბორჯომის მიმართულებით ყოველდღიურად მოძრაობდა. ახლა
კვირაში მხოლოდ ორ რეისს ახერხებს. სხვა დროს მისი კუთვნილი
ტრანსპორტი სოფელშია გაჩერებული.
მურადიანი ა(ა)იპ ბორჯომის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამსახურთან
ხელშეკრულებით თანამშრომლობს. ზამთრის პერიოდში, როდესაც ბაკურიანიდან
მიმავალი გზა იკეტება, ერთადერთი სამოძრაო ახალქალაქიდან რჩება. შორი
გზით ბორჯომამდე წასვლა ადგილობრივებს ძვირი უჯდებათ. არამაისი
გვიყვება, რომ პანდემიის დროს, შემცირდა როგორც მგზავრობის რაოდენობა,
ასევე ფინანსები. მურადიანების ოჯახი კი ამ შემოსავალზეა
დამოკიდებული. დეკემბერში საერთოდ ვერ იმუშავა. როგორც
თვითდასაქმებულმა, ერთჯერადად მიიღო მთავრობის 300 ლარიანი დახმარება.
სულ ეს იყო...
„ჩემი მანქანა 16 ადგილიანია, დისტანციის დაცვის გამო
მიწევს განახევრებული რაოდენობის ანუ რვა ადამიანის დაჯენა. თუმცა, ამ
პანდემიის დროს ეს რვა მგზავრიც არ მყავს ხშირად. არის დღეები, როცა
20 ლარის ზარალი მაქვს, ხანდახან არის დღეები, როცა 30 ლარის მოგება
მაქვს. ხან ასეა, ხან ისე... პანდემიამდე ყოველდღიურად დავდიოდი, ახლა
კვირაში ორჯერ, ორშაბათს და ხუთშაბათს. დილის 7 საათზე გავდივარ და 10
საათზე უკვე ბორჯომში ვარ. შემდეგ, ბორჯომიდან 4 საათზე უკან
ვბრუნდები და ტაბაწყურში სამ საათში ვარ. მგზავრობის მსურველთა
მოთხოვნაც შემცირებულია, ხალხი ცდილობს ხშირად არ გადაადგილდეს,
ტრანსპორტირებაც ძვირი უჯდება. ბაკურიანიდან 7ლარი ღირს და ახლა
მხოლოდ ახალქალაქიდან არის შესაძლებელი ბორჯომში გამგზავრება, გზა
შედარებით გრძელია და 12 ლარი ჯდება მგზავრობა“, -
გვიყვება არამაის მურადიანი.
არამაის მურადიანი -
მძღოლი
ტაბაწყურში მცხოვრები ჰაიკანუშ სანდაძე
ერთდროულად რამდენიმე პროფესიას ითავსებს. სოფლის ცენტრში მდებარე
სილამაზის სალონი ერთადერთია მაღალმთიან ზონაში და მას ოთხი სოფლის
მოსახლეობა აკითხავს. 24 წლის ახალგაზრდა, ტორტებსაც აცხობს. ჯერ
კიდევ ოთხი წლის წინ, საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოაწყო სალონიც და
საცხობიც. არის როგორც სტილისტი, ასევე მცხობელი. ორივე ბიზნესი,
მისთვის შემოსავლის წყაროა. ისევე როგორც ყველას, პანდემიამ ხელი
ჰაიკანუშსაც შეუშალა. მისი სილამაზის სალონი, კრიზისულ პერიოდში
დროებით დაკეტილი იყო. გაუჭირდა არსებული რეგულაციების
დაცვა.
ტაბაწყურის თემი სასტუმროებით და დასასვენებელი კომპლექსებით არ
გამოირჩევა. სოფელში მხოლოდ რამდენიმე ადგილია, სადაც ღამისთევაა
შესაძლებელი. ამიტომაც გადაწყვიტა ანდრუშ ირიციანმა ტაბაწყურში
საოჯახო სასტუმროს აშენება. პროექტის ხორცშესხმა, „ენპარდის“
თანადაფინანსებით, 2017 წელს დაიწყო და 2019 წლის მიწურულს დაასრულა.
ფინანსების 50% თავად გაიღო. ხუთნომრიანი სასტუმრო 20 ადამიანზეა
გათვლილი. თუმცა, ახალ ობიექტს არც გახსნა და არც სტუმრების მიღება
დასცალდა. მკაცრი შეზღუდვების შემოღებამდე, მხოლოდ ორი ოჯახის მიღება
შეძლო და მას შემდეგ სასტუმროს კარის დაკეტვა მოუწია. ანდრუშს
ვურეკავთ და მისი ბიზნესის ბედით ვინტერესდებით. მაშინვე სასტუმროს
დათვალიერებას გვთავაზობს. ტბის პირას მდგარი შენობიდან ულამაზესი
ხედი იშლება. ყველაფერი სისუფთავით ბზინავს. ანდრუშმა სასტუმროს
რეკლამა ინტერნეტში განათავსა. მომავალს მაინც იმედით უყურებს და
სტუმრებსაც მალე ელის.
საოჯახო სასტუმრო
ტაბაწყურში
საოჯახო სასტუმრო
ტაბაწყურში
„სასტუმროს გახსნა დაგეგმილი იყო 2020 წლის გაზაფხულზე,
მაგრამ მაგ დროს დაემთხვა პანდემია და ვერ ვიმუშავეთ. მანამდე ჩემს
სახლს ვაქირავებდი და სტუმრები მყავდა, როგორც ადგილობრივები, ასევე
უცხოელები. 70-80%-ით შემცირებულია ვიზიტორების რაოდენობა. სისუფთავეც
არის, რეკომენდაციებსაც ვიცავთ, მაგრამ ვერ ვმუშაობთ მაინც.
ნოემბრიდან იანვრის პერიოდში საერთოდ დაკეტილი იყო სასტუმრო, ვინც
დამირეკა, უარი ვუთხარი მიღებაზე. სამომავლოდ გეგმებიც მქონდა, ჯერ არ
ვიტყვი კონკრეტულად რა, თუმცა, სასტუმრო ბიზნესის განვითარება
მინდოდა, რაშიც ხელი პანდემიამ შემიშალა. მსურს, როცა სტუმარი მოვა,
თავისუფლად და კომფორტულად იგრძნოს თავი, ყველაფერი წესრიგში დახვდეს.
იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება და შევძლებ ბიზნესის
გაფართოებას“, - გვიყვება ანდრუშ ირიციანი.
საოჯახო სასტუმრო
ტაბაწყურში
პანდემიამ და ორმაგმა იზოლაციამ დროებით უმუშევარი დატოვა პატარა გიდი
ტაბაწყურიდან.
14 წლის ირინა მარტიროსიანი სოფელ ტაბაწყურის გიდია, სამი წლის
გამოცდილებით. სტუმრებისთვის მშობლიური ადგილების გაცნობას ტბით
იწყებს. ტურისტებს წინაპრების მონაყოლს უამბობს და არა ინტერნეტში
ამოკითხულს. სტუმრებისგან ინფორმაცას თვითონაც იღებს და გაგებულის
საკუთარი თვალით ნახვა სურს. მომსახურების საფასურს არ ითხოვს, თუმცა,
ტურისტები ფულს მაინც ჩუქნიან. ირინა ამ თემში ერთადერთია, რომელიც
მაღალმთიანი ზონის ღირსშესანიშნაობებს, სტუმრებს აცნობს. პანდემიამ,
მასსა და ტურისტებს შორის დამაკავშირებელი გზა კიდევ უფრო ჩაკეტა.
პატარა გიდი იმედოვნებს, რომ კრიზისი დროებითია.
ბორჯომის მაღალმთიანი სოფლების პრობლემებზე თემის რწმუნებულებთან
გასაუბრებას ვგეგმავ. ახლახან, ტაბაწყური და მოლითი რაშიდ
ხაჩატურიანმა ჩაიბარა, ბალანთა და ჭიხარულა კი ამაიაკ უნანიანის
ზონაა. სატელეფონო საუბარში, მერის ორივე წარმომადგენელი ხაზგასმით
აღნიშნავს, რომ ჯანდაცვაზე, ექიმზე ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით
პანდემიის დროს, მაღალმთაში მთავარი გამოწვევაა. ყოველდღიურ, ყოფით
პრობლემებს კი შედარებით მარტივად უმკლავდებიან.
„გზებთან დაკავშირებით, არანაირი პრობლემა არ არის.
ტრაქტორი ჰყავს სოფელს და მუდმივად იწმინდება გზები, რომ ახალქალაქში
წასვლა შეძლონ ადგილობრივებმა. ყველაზე პრობლემატური საკითხია ექიმის
არარსებობა. იცით, როგორ პირობებში გვიწევს ყოფნა? ექიმის პრობლემას
ჯერ არ ვიცით როგორ მოვაგვარებთ, კვალიფიციური კადრია საჭირო, რომელიც
მუდმივად იქნება სოფელში. ამ კუთხით, მე მაქვს ხშირი კომუნიკაცია
ბორჯომის მუნიციპალიტეტთან. რაც შემიძლია ვაკეთებ“, -
გვპასუხობს ტაბაწყურის თემის რწმუნებული რაშიდ ხაჩატურიანი.
„გზების გაწმენდაზე პრობლემა საერთოდ არ გვაქვს. ბორჯომის
მუნიციპალიტეტის დაფინანსებით, დასუფთავების სამსახური აგვარებს ამ
საკითხს. ტრაქტორი სოფელშია, საწვავს ასხამენ, ხელფასს უხდიან მძღოლს.
როცა თოვლია, სულ იწმინდება გზები. მთავარი პრობლემა ექიმია. ამხელა
ამბულატორია ააშენა მუნიციპალიტეტმა, ყველაფერი წესრიგშია, ინვენტარი,
გათბობა, მაგრამ ადგილზე მხოლოდ ექთნები არიან, ექიმები არ გვყავს.
პრობლემა ის არის, რომ ვინ ამოვა და იცხოვრებს აქ მუდმივად. ყველა
ქალაქისკენ მიიწევს. ამ საკითხზე მუნიციპალიტეტთან კომუნიკაცია
მუდმივად მაქვს, თვითონაც უნდათ, რომ მოაგვარონ, მაგრამ ჯერ-ჯერობით
არაფერი გამოდის“, - გვეუბნება ამაიაკ უნანიანი,
ბალანთის რწმუნებული.
სოფლის რწმუნებულებს შრომით მიგრაციაზეც ვეკითხები. მეუბნებიან, რომ
ეს მოსახლეობის გადარჩენის და დაგროვებული ვალების გადახდის ერთადერთი
იმედია, ამიტომ იმედით უყურებენ შეზღუდვების შემსუბუქებას. ფიქრობენ,
რომ ნელ-ნელა, მეზობელ ქვეყნებთან საზღვრები გაიხსნება და
ადგილობრივების ნაწილი შეძლებს რუსეთში და სომხეთში სამუშაოდ
წასვლას.
სოფელი
ტაბაწყური
დილას ისევ ადრე ვდგებით. ძალიან ცივა, თუმცა ჰაერი გამჭვირვალეა და
ფილტვებს, თითქოს, ბოლომდე ავსებს. დილის საქმე უკვე ყველას მოლეული
აქვს: ბოსელი მოვლილი, საქონელი დაპურებული, ყველი ამოყვანილი. მიწაზე
მუშაობას აქ გვიან იწყებენ. ახლა მარტია, გაზაფხული, თუმცა ბორჯომის
მაღალმთიან ოთხ სოფელში ზამთარი აპრილის ბოლომდე გრძელდება. მიწაზე
მუშაობა აქაურობას ცოტათი გამოაცოცხლებს, ტბაც გალღვება და ზოგჯერ
თევზსაც დაიჭერენ. ჩვენ კიდევ რამდენიმე საინტერესო ადამიანს
ვხვდებით, მაგრამ ეს უკვე სხვა ისტორიაა, სხვა დროს მოსაყოლი. ვტოვებთ
პანდემიის და ზამთრის გამო, ორმაგ „ნაჭუჭში“ ჩაკეტილ მაღალმთიან ზონას
და ბორჯომისკენ ვეშვებით.