ინტერაქტიული მულტიმედია
"მარტოხელა მშობელი" - არაფრისმომცემი სტატუსი დედებისთვის
ბალანსი პირად ცხოვრებასა და სამსახურს შორის, ზრუნვა ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე, გაუფასურებული ხელფასის მინიმალურ საჭიროებეზე გადანაწილება და უმუშევრობა, სოციალური იზოლაცია - ამ გამოწვევებთან გამკლავება განსაკუთრებით რთულია, როცა მარტო ხარ, მარტო ზრდი ბავშვებს. რას აკეთებს ამ დროს სახელმწიფო? როგორ უდგას გვერდში მარტოხელა მშობლებს?


მარტოხელა დედები


ნათია სოროკინა ორი მცირეწლოვანის დედაა. ბავშვების მამასთან ოფიციალურ ქორწინებაში არ ყოფილა და მასთან ერთად არ ცხოვრობს. თუმცა, საცხოვრისს პატარების ბებიასთან იყოფს. რთულ საარსებო პირობებში მათი შემოსავლის წყარო ბებიის პენსია და სოციალური დახმარებაა, რაც ჯამში 380 ლარს შეადგენს.

მარტოხელა მშობლის სტატუსის მისაღებად, ნათიამ თავდაპირველად იუსტიციის სახლს მიმართა. მისი განცხადება 2020 წელს დაკმაყოფილდა.



ცნობა - ნათია სოროკინას "მარტოხელა მშობლის" სტატუსის დადგენის შესახებ




სტატუსის მიღების შემდეგ, ბორჯომის მერიას მიაკითხა, სოციალურ პროგრამაში რომ ჩართულიყო და როგორც მარტოხელა მშობელს დახმარებით ესარგებლა. ბორჯომის მუნიციპალიტეტს, 2021 წლამდე, მარტოხელა მშობლებისთვის ბიუჯეტში მხოლოდ სააღდგომოდ და საახალწლოდ 100-100 ლარიანი დახმარება ჰქონდა გათვალისწინებული. 2022 წლიდან კი ბიუჯეტში ცვლილება მოხდა და ერთჯერადი დახმარება ყოველთვიური გახდა. ადგილობრივმა თვითმმართველობამ თვეში 100 ლარი განსაზღვრა მარტოხელა მშობლისთვის. ასეა დღემდე. 

ნათიას აქ უკვე წინაღობა შეხვდა. იმის გამო, რომ ბორჯომში რეგისტრირებული არ არის, მერიამ განცხადება არ დაუკმაყოფილა და სოციალურ პროგრამაში ვერცერთ წელს ვერ მოხვდა. მარტოხელა დედა, მისთვის მნიშვნელოვანი დახმარების გარეშე დარჩა.  


„სადაც ჩემ ორ პატარა შვილს სძინავს, იმ ოთახში არ არის ფანჯარა და ძალიან ცივა. არ მაქვს იატაკი, ხრეში მიყრია. მე არსად ვმუშაობ. ბავშვების მამა ალიმენტს არ იხდის, უბრალოდ, ის და დედამისი მეხმარებიან როგორც შეუძლიათ. აქამდე, სტატუსი არ მქონდა და მთავრობა არაფრით დამხმარებია. ძირითადად, ხალხი მეხმარებოდა პროდუქტით, ტანსაცმლით, თანხით და ა.შ. “.


ნათია სოროკინას და მისი შვილების საცხოვრებელი



პანდემიის დროს, ნათიას ხალხის დახმარებაც შემოაკლდა. მეგობრები, ახლობლები, რომლებიც პროდუქტით, ტანსაცმლით თუ ფინანსურად ეხმარებოდნენ, თავადაც რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. დაკარგეს სამსახური და შემოსავლის წყარო. მარტოხელა დედა, ხალხის შემწეობის გარეშე დარჩა. ნათია, თბილისში წასვლას და გამგეობისთვის მიმართვას გეგმავს.

თეონაც (პირობითი სახელია, რესპონდენტმა ანონიმურობა მოითხოვა) მარტოხელა დედაა, თუმცა სტატუსის გარეშე. დასაქმებულია კერძო სექტორში და მისი თვიური შემოსავალი 250 ლარს სცდება. ვერც საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობს, რადგან შემოსავალი ებეგრება. თეონა, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ორ შვილთან ერთად ცხოვრობს. ოფიციალურ ქორწინებაში არ ყოფილა, თუმცა შვილები მამის გვარზე არიან. სწორედ ამის გამო, ქალი, მარტოხელა დედის სტატუსს ვერ იღებს. უფროსი შვილი 20 წლის არის და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია. მეორე კი 8 თვისაა. თეონამ აქამდე დეკრეტული შვებულებით ისარგებლა და სახელმწიფოსგან 1000 ლარი მიიღო. სამსახური რომ არ დაეკარგა, საქმეს დაუბრუნდა, თუმცა პატარას დატოვება გაუჭირდა.

„სამსახურში უნდა გავსულიყავი, ბავშვის დამტოვებელი სახლში არავინ მყავს. ამიტომ, დედაჩემს ვთხოვე, რომ ჩემი 8 თვის ბავშვისთვის მიეხედა. უფროს შვილს ვერ დავუტოვებდი, რადგან ყურადღების მიქცევა მასაც სჭირდება. სამსახური რომ არ დამეკარგა, შვილების მოვლასა და გაზრდაში დედა მეხმარება. სახელმწიფოსგან არანაირი დახმარება არ მიმიღია“ - გვიყვება თეონა.






მარტოხელა მშობლის სტატუსი


მარტოხელა მშობლის შესახებ საკანონმდებლო ჩანაწერი პირველად 1995 წელს, მთავრობის 62-ე განკარგულებაში ჩნდება. ნორმატიული აქტი ადგენს მარტოხელა დედების კატეგორიებს. მოგვიანებით, განკარგულება უქმდება და მსგავსი სტატუსის განსაზღვრის წესი რეგულირების მიღმა რჩება. შესაბამისად, 2015 წლამდე არ არსებობს ჩანაწერი, რომელიც მარტოხელა დედის სტატუსს განმარტავს, არ მოქმედებს სოციალური დაცვის სისტემა და მარტოხელა დედებს სახელმწიფო სერვისებზე ხელი არ მიუწვდებათ.

საკანონმდებლო ცვლილებით, მარტოხელა მშობლის სტატუსი საქართველოში ოფიციალურად 2015 წლის 15 ივნისს სამოქალაქო კოდექსის 11911-ე მუხლით („მარტოხელა მშობელი“) განისაზღვრა. კოდექსის ჩანაწერი სტატუსის მიღების შესაძლებლობას ანიჭებს როგორც მარტოხელა დედას, ისევე მარტოხელა მამას და ადგენს სტატუსის მიღების სპეციალურ კრიტერიუმებს.უფრო კონკრეტულად, მარტოხელა მშობელი არის - მარტოხელა დედა ან მამა, რომელსაც ჰყავს რეგისტრირებული ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი და ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში არ არის შეტანილი ბავშვის მამის ან დედის მონაცემები. სტატუსის მქონე შეიძლება იყოს პირი, რომელსაც შვილად ჰყავს აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და არ იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში. ამასთან, სტატუსის მიღება შეუძლიათ იმ ბავშვის მშობლებსაც, რომელთა დაბადების მოწმობაში მამის სახელი მითითებულია დედის განცხადებით, გვარი კი დედის აქვს.




ზუსტად იმიტომ, რომ თეონას (სახელი პირობითია) შვილებს მამის გვარი აქვთ, ის მარტოხელა მშობლის სტატუსს ვერ იღებს. ოფიციალურ ქორწინებაში ის არ ყოფილა, თუმცა სტატუსის მიღებაში ეს ვერ ეხმარება.

კანონით მარტოხელა მშობლის სტატუსი კაცსაც შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ, დადგენილი კრიტერიუმები, სტატუსის მიღების შესაძლებლობას თითქმის გამორიცხავს. თუმცა, 2022 წლის მაისიდან საუბარი დაიწყო იმის შესახებ, რომ მარტოხელა მშობლის სტატუსთან დაკავშირებით “სამოქალაქო კოდექსში“ ცვლილებები შედის, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უკავშირდება. კანონპროექტის მიხედვით ფართოვდება იმ პირობათა ჩამონათვალი, რომლის საფუძველზეც მარტოხელა დედისა და მარტოხელა მამის სტატუსი განისაზღვრება. ანუ:


კანონპროექტში განმარტებულია, რომ მარტოხელა დედა/მარტოხელა მამა არის პირი, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მეორე მშობლის შესახებ; ასევე, თუ არასრულწლოვანი შვილის მეორე მშობელი გარდაცვლილია, გამოცხადებულია გარდაცვლილად ან აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად; ასევე, თუ არასრულწლოვანი შვილის მეორე მშობელს ჩამორთმეული აქვს მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა.


„კანონმდებლობა არ განსაზღვრავს იმ პირთა ზუსტ და რეალურ წრეს, რომლებიც ფაქტობრივად მარტო ზრდიან არასრულწლოვან შვილ(ებ)ს. შესაბამისად, დღეს არსებული დეფინიცია არ არის ზუსტი და ობიექტური. ამასთან, კანონის დეფინიცია და კრიტერიუმები ისეა განსაზღვრული, რომ მამაკაცს, რომელიც მარტო ზრდის არასრულწლოვან შვილ(ებ)ს, მარტოხელა მშობლად არ აღიარებს. საკანონმდებლო დონეზე მარტოხელა მშობლის სტატუსის მიმღებ პირთა წრის შევიწროების გამო, მარტოხელა მშობლების შესახებ არსებული სტატისტიკური ინფორმაცია არასრული და არაზუსტია. არასრული მონაცემები, თავისმხრივ, გავლენას ახდენს მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებისთვის შესაბამისი სოციალური და სამართლებრივი გარანტიების შექმნაზე“, - ნათქვამია ადამიანის უფლებების განვითარების ფონდის ანგარიშში, რომელიც 2017 წელს გამოქვეყნდა.

ქორწინების რეგისტრაცია, ან შვილის 18 წლის ასაკის მიღწევა, მარტოხელა მშობლის სტატუსის გაუქმების საფუძველი ხდება. თუმცა, ქორწინება არ ნიშნავს, რომ შვილი მეორე მშობელს იძენს, თუ არ არსებობს შვილების ფაქტი.

ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი წლებია მარტოხელა მშობლის პრობლემებზე მუშაობს. 2017 წელს ორგანიზაციამ მათი სამართლებრივი მდგომარეობა შეისწავლა და მთელი რიგი ხარვეზებიც აღმოაჩინა. სტატუსის მიღების კრიტერიუმებში არსებულ ხარვეზებზე ორგანიზაცია საკონსტიტუციო სასამართლოში დავობს.

„საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, შესაძლებლობა გვექნება გავაგრძელოთ აქტიური მუშაობა პარლამენტთან, რათა კრიტერიუმები სწორად გაიწეროს. ამ ეტაპზე სხვა საკანონმდებლო ცვლილებაზე არ ვმუშაობთ, რადგან პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, სტატუსის კრიტერიუმების სწორი დადგენა, რათა შემდგომ შევისწავლოთ მარტოხელა მშობლების საჭიროებები. თუკი სასამართლო დაადგენს არსებული კრიტერიუმების არაკონსტიტუციურობას, მაშინ პარლამენტმა უნდა დაადგინოს ახალი კრიტერიუმები. ჩვენი ორგანიზაციის პოზიციით, სტატუსი ეკუთვნის, ქვრივებსაც, განქორწინებულებსაც, ვისთვისაც ალიმენტი არაეფექტური ბერკეტია, ფაქტობრივად მარტოხელა მშობელსაც, რომლის შვილს დაბადების მოწმობაში უფიქსირდება მეორე მშობლის მონაცემი, მაგრამ მეორე მშობელმა მიატოვა ისინი, არ ზრუნავს მასზე და ა.შ. ასევე, ბებია-ბაბუას, ახლო ნათესავს, ვინც ზრდის არასრულწლოვან მარჩენალდაკარგულ ბავშვს, ასევე საპატიმროში მყოფი პირის მეუღლეს, პატიმრის გათავისუფლებამდე“, - ამბობს ადამიანის უფლებების განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარე სალომე მეზურნიშვილი.



სოციალური დახმარების ლაბირინთი


როგორ ეხმარება სახელმწიფო მარტოხელა მშობლებს და კორონავირუსის პანდემიის დროს დამატებით რა შეღავათი გაუწია მოწყვლად ჯგუფს, - ამ კითხვებით ჯანდაცვის სამინისტროს მივმართეთ. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში გადაგვამისამართა. აქ კი გვითხრეს, რომ დახმარების საკითხი მათ არ ეხება. სააგენტოში განგვიმარტეს, რომ პანდემიის დროს, სოციალური პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებს დაეხმარნენ და მათ შორის მარტოხელა მშობლებს. სხვადასხვა კატეგორიიდან რამდენი იყო მარტოხელა მშობელი და რა სახის დახმარება გაეწიათ მათ, ამაზე სააგენტოში ვერ გვპასუხობენ, ჩაშლილი ინფორმაცია არ არსებობს. აქ კიდევ ერთხელ გადაგვამისამართეს. ამჯერად ადგილობრივ თვითმმართველობასთან.

ვიდრე ბორჯომის მუნიციპალიტეტს მივმართავდით, ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროს ადგილობრივ სოციალურ სამსახურშიც გადავამოწმეთ. გვითხრეს, რომ მათ არც მარტოხელა მშობლების აღრიცხვა ეხებათ და არც მათი დახმარების საკითხი.

გაირკვა, რომ „ყველა გზა“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამდე მიდის. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტმა წერილობით გვიპასუხა, რომ "ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 70 მარტოხელა დედა თვეში ფულად დახმარებას იღებს 100 ლარის ოდენობით".


ეს ის შემწეობაა, რომლის სოციალურ პროგრამაში ნათია სოროკინა ვერ მოხვდა. 

რაც შეეხება პანდემიის დროს სოციალურ პროგრამას მარტოხელა მშობლებისთვის, მერიას მათთვის საჭიროებებზე მორგებული დახმარება არ გაუწევია. ადგილობრივ თვითმმართველობაში გვითხრეს, რომ პროდუქტი ადგილზე მიჰქონდათ იმ ოჯახებში, რომლებმაც მათ ცხელ ხაზზე დარეკეს და დახმარება ითხოვეს. კატეგორიების მიხედვით დახმარებები მერიაში არ ყოფილა.

"პანდემიის პერიოდში, ბორჯომის მერიამ, ბიზნესის ხელშეწყობით, ადგილობრივი მოსახლეობის დასახმარებლად გასცა სასურსათო პაკეტები. დახმარების მიმღებ პირთა შორის იყვნენ მარტოხელა მშობლებიც“,
- ნათქვამია ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის წერილში.

ეს დახმარება არც ნათია სოროკინას და არც თეონას (სახელი შეცვლილია) მიუღია. გამოდის რომ, პანდემიის პერიოდში დახმარების ფორმა არ შეცვლილა.

2021 წლის ბორჯომის ბიუჯეტი დაახლოებით 21 მილიონი ლარით, 2022 წლის ბიუჯეტი კი 24 მილიონი ლარით, 2023 წლის ბიუჯეტი კი 28 მილიონი ლარით განისაზღვრა. პრიორიტეტი ყოველწლიურად ინფრასტრუქტურაა. შესაბამისად, ყველაზე მეტი თანხა ამ მიმართულებით იხარჯება. სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებიდან გამომდინარე, 2021 წელს, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე 70 მოქალაქეზე ჯამში 14 000 ლარი დაიხარჯა. ანუ, წელიწადში 2-ჯერ, საახალწლოდ და სააღდგომოდ ერთჯერადი ფულადი დახმარების 100 ლარის გაცემის შემთხვევაში. 

2022 წელს კი შემწეობა გაიზარდა ბიუჯეტში და 84 000 ლარი შეადგინა. ანუ, 70-მა მარტოხელა დედამ თვეში 100 ლარი მიიღო მუნიციპალიტეტისგან. იგივენაირადაა განსაზღვრული 2023 წელსაც. 


ამ საკითხში ყველა მუნიციპალიტეტს ერთნაირი მიდგომა არ აქვს. ადამიანის უფლებების განვითარების ფონდმა სრულად შეისწავლა საქართველოში არსებული 75 ადგილობრივი თვითმმართველობის მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქების 2017 წლის ბიუჯეტები, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები. კვლევის შედეგად ირკვევა, რომ 75-დან მხოლოდ 25 მუნიციპალიტეტს აქვს 2017 წლის ბიუჯეტში მარტოხელა მშობლებისთვის სპეციალური სოციალური ან ჯანდაცვის პროგრამა განსაზღვრული. ანგარიშიდან ირკვევა, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტს, 2017 წელს, მარტოხელა მშობლებზე სამი სახის დახმარება ჰქონდა: ფულადი, კვებით უზრუნველყოფა და სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებული დახმარება.

რომელ მუნიციპალიტეტს რა პროგრამა ექნება მარტოხელა მშობლების დასახმარებლად, ან სულაც ექნება თუ არა, ცენტრალური ხელისუფლება არ აკონტროლებს. შესაბამისად, არც თვითმმართველობაა ანგარიშვალდებული.


„საქართველოში არ არის ერთიანი მიდგომა და არ არსებობს სპეციალური პროგრამა მარტოხელა მშობლისთვის, რომელიც გავრცელდებოდა საქართველოს ყველა რეგიონში მცხოვრებ მარტოხელა მშობელზე. დისკრიმინაციას მარტოხელა მამების მიმართ პრაქტიკაშიც ვხვდებით. ზოგ მუნიციპალიტეტში მარტოხელა მშობლისთვის განკუთვნილი შეღავათებითა და დახმარებებით სარგებლობა მხოლოდ მარტოხელა დედებს შეუძლიათ“, - ნათქვამია ფონდის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.


ერთადერთი კანონი, რომელიც უშუალოდ განსაზღვრავს მარტოხელა მშობლის სოციალურ გარანტიას და მთელ საქართველოს მოიცავს, საგადასახადო კოდექსია. კოდექსის მიხედვით, მარტოხელა დედას, კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული 3 000 ლარამდე შემოსავალი არ ებეგრება. კანონპროექტში ასახული ცვლილებებით, ეს საგადასახადო შეღავათი მარტოხელა დედის გარდა, ასევე მარტოხელა მამაზეც გავრცელდება. ანუ, თუ მარტოხელა მშობლის თვიური ხელფასი 250 ლარზე მეტია, სახელმწიფოს ეს ერთადერთი შეღავათიც არ შეეხება. თეონას შემთხვევაშიც (სახელი პირობოთია) ასეა. ნათია სოროკინას კი ეს შეღავათი იმიტომ არ ეხება, რომ უმუშევარია და მათი საარსებო წყარო პენსია და სოციალური დახმარებაა.



საერთაშორისო გამოცდილება


ნინა ბექაურმა მარტოხელა დედის სტატუსი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ავტომატურად მიიღიო. ოთხი შვილის დედას სტატუსმა ვერ აგრძნობინა სახელმწიფოს რაიმე სახის მხარდაჭერა. ოთხი წლის წინ, ნინამ შვილებთან ერთად, მშობლიური ქვეყანა დატოვა.

ნინა ჯერ საფრანგეთში ცხოვრობდა, ახლა გერმანიაშია. სწავლობს და მუშაობს. გვიყვება, რომ ორივე ქვეყანა მარტოხელა დედებს ხელშეწყობის არაერთ პაკეტს სთავაზობს. ევროპაში, მარტოხელა მშობელს შეღავათი აქვს კომუნალურ გადასახადებზე, ბინის გადასახადზე, ფინანსური დახმარებაა 18 წლამდე ბავშვებისთვის. გარდა ამისა, მარჩენალდაკარგულ ბავშვებს გარკვეული თანხა ემატებათ. სტატუსიდან გამომდინარე, დახმარებას თავად ნინაც იღებს. ასეთია მარტოხელა დედის სოციალური პაკეტი ევროპაში.

„გერმანიაში, ბავშვის დაბადების შემდეგ, მარტოხელა მშობლები, როგორც წესი, იღებენ 14 თვის სრულფასოვან მშობელთა დახმარებას ისე, რომ ბავშვის მშობლებს თავად არ სჭირდებათ შვებულების აღება. როგორც წყვილებისთვის, ისე მარტოხელა მშობლებისთვის, მშობლის შემწეობის ოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მაღალი იყო მათი შემოსავალი ბავშვის დაბადებამდე ერთი წლის განმავლობაში. გარდა ამისა, მარტოხელა მშობლებს შეუძლიათ მოითხოვონ ბავშვის მოვლის ხარჯების ორი მესამედი. საქართველოში კი ერთი წელია დეკრეტი და 600 ლარს ერთჯერადად უხდიან. როგორც მახსოვს, ასე იყო, თუ არაფერი შეიცვალა. სამწუხაროდ, საქართველოში არ იმიჯნება მარტოხელა სხვებისგან, იქ ყველასთვის ერთია კანონი“ .

პანდემიის დროს სახელმწიფო ყველა კატეგორიის ოჯახს თანაბრად დაეხმარა. თითოეულ ბავშვზე გათვალისწინებული იყო 300 ევრო. ასევე, მთავრობა, ყველა ოჯახს ეხმარება ფინანსურად და საკვებით. მარტოხელა მშობლების მხარდასაჭერად ევროპაში არა მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურები, არასამთავრობო ორგანიზაციებიც აქტიურად მუშაობენ.

„სამი წელი საფრანგეთში ვიცხოვრე, ერთი წელია გერმანიაში ვიმყოფები და ორივე ქვეყანა, მარტოხელა დედებს ხელშეწყობის არაერთ პაკეტს სთავაზობს. არამარტო მოქალაქეებს, ასევე "ეთხონჟეებს", "აუსლენდერებს", ანუ, უცხოელებსაც ანალოგიურ დახმარებას უწევს და შეიძლება ითქვას, რომ უფრო მეტსაც კი. პირობითად, საარსებო მინიმუმი საფრანგეთს აქვს 1400 ევრო. შენ გაქვს ხელფასი 800 ევრო, მაშინ სახელმწიფო დაგეხმარება 600-ით. ან თუ გაქვს 1300, მთავრობა დაგეხმარება 100-ით. საარსებო მინიმუმს არ ჩამოგაცდენენ და ამის დაანგარიშება ყოველთვიურად ხდება. ვინც სამსახური დაკარგა, ხელფასის 60 % უხდიან, პლიუს „ქინდერგელდ“, ემატება ბავშვების დახმარება. მოგეხსენებათ, ევროპაში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია არსებობს. მარტოხელა მშობლებს არამხოლოდ სახელმწიფო, არამედ ეს ორგანიზაციებიც უწვდიან დახმარების ხელს. არ აქვს მნიშვნელობა, რა საკითხი გაწუხებს. როდესაც მიმართავ ამა თუ იმ ორგანიზაციას, გამორიცხულია ხელმოცარული გამოგიშვან. თითოეულ პრობლემას ზედმიწევნით განიხილავენ და შესაბამის დახმარებას უწევენ“, - გვიყვება ნინა ბექაური.

მარტოხელა მშობლის შესახებ ქართული კანონმდებლობა და სოციალური პაკეტები უცხოეთის ქვეყნებს ადამიანის უფლებების განვითარების ფონდმაც შეადარა. მოძიებული პრაქტიკისა და კანონმდებლობის მიხედვით, მარტოხელა მშობლად მიიჩნევა პირი, რომელიც მასთან მცხოვრები არასრულწლოვნის ერთადერთი მეურვეა. ეს განმარტება აფართოებს სტატუსის მქონე პირთა წრეს და მასში შედიან არამხოლოდ ბავშვის ბიოლოგიური მშობელი ან შვილებელი, არამედ ნებისმიერი პირი, რომელიც არასრულწლოვანის მეურვეა.

„სტატუსის მქონე პირის ინდივიდუალურ ქეისზეა დამოკიდებული. ვისაც შემოსავალი არ აქვს, იღებს ფინანსურ დახმარებას, უზრუნველყოფილია კვალიფიკაციისა და პროფესიის ასამაღლებელი ტრენინგების დაფინანსებით. ვინც მუშაობს, აქვთ საგადასახადო შეღავათები. ასევე მარტოხელა მშობლები იღებენ სამედიცინო სერვისებზე დახმარებას და ა.შ“, - გვეუბნება ადანიანის უფლებების განვითარების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე სალომე მეზურნიშვილი.



სტატისტიკა


ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში 4500 ქალი ატარებს მარტოხელა დედის სტატუსს. ბორჯომის მუნიციპალიტეტში ეს სტატუსი 70 ქალს აქვს მინიჭებული. თუმცა, ციფრები რეალობას არ ასახავს. შვილს მარტო გაცილებით მეტი მშობელი ზრდის. სტატუსის მინიჭების საკითხზე იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს წერილობით მივმართეთ, შემდეგი კითხვებით: რამდენი განაცხადი შემოვიდა მიმდინარე წელს, მარტოხელა მშობლის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით და რამდენს ეთქვა უარი? რა შემთხვევაშია პასუხი უარყოფითი, მარტოხელა მშობლის სტატუსის მინიჭებაზე და განმეორებით რა შემთხვევაში შეუძლიათ მოგმართონ? სტატუსის მინიჭების არსებული წესი რამდენად მორგებულია ყველა კატეგორიის მარტოხელა მშობელზე, არსებობს თუ არა რაიმე ხარვეზი სტატუსის კრიტერიუმებში და თუ იგეგმება მისი წესის ცვლილება?

საჯარო ინფორმაცია 10 კალენდარული დღის ვადაში უნდა მიგვეღო. თუმცა, უწყებისგან პასუხი ვადის გასვლის შემდეგაც არ მიგვიღია. შესაბამისად, ჩვენთვის უცნობია ეს ინფორმაცია.


საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო მონაცემებით, ქვეყნაში, ყოველი მეორე ქორწინება გაყრით სრულდება. განქორწინების შემდეგ რამდენი მამა იხდის ალიმენტს, მონაცემები არ იძებნება.


ბავშვები და სახელმწიფო


რა ჯდება ბავშვის საჭიროებები საქართველოში? კონკრეტულად ეს მონაცემი ჩვენ ვერც ერთ მონაცემთა ბაზაში ვერ ვიპოვეთ. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2018 წლის დადგენილებით (N684) ნათესაურ მინდობით აღზრდაში განთავსებული ბავშვისათვის სახელმწიფო თვეში 200 ლარს იხდის, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სახელმწიფოს გათვლებით, საშუალოდ, თანხის ეს ოდენობაა საჭირო, თვიურად ბავშვის მინიმალური საჭიროებებისთვის.

ვებგვერდზე americanprogress.org, 2020 წლის 20 სექტემბერს გამოქვეყნდა კორონავირუსის პანდემიის დროს ბავშვზე ზრუნვის ღირებულება, რაც ჯანმრთელობის და უსაფრთხების გაზრდილ მოთხოვნებსაც გულისხმობს. პრე-პანდემიურ პერიოდთან შედარებით, ხარჯი 47%-ით მეტია.

2020 წლის აგვისტოში, მთავრობამ გადაწყვიტა, 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ერთჯერადი დახმარება, 200 ლარი გამოეყო. თანხის მიღება, პროგრამაში შესაბამისი მონაცემების შეყვანის შემდეგ, ნებისმიერ მსურველს შეეძლო. პანდემიის პერიოდში, ბავშვები სახელმწიფოს მხოლოდ ერთხელ, ამ ფორმით, საარჩევნო კამპანიის დროს გაახსენდა. მარტოხელა დედები კი ვერანაირი ფორმით ვერ მოხვდნენ ვერც ანტიკრიზისულ გეგმაში და ვერც სახელმწიფოს თვალსაწიერში, ვერც ფინანსური და ვერც პანდემიით მოტანილი ყოფითი პრობლემებით, რაც მათთვის, თუნდაც, სამსახურში გარკვეულ შეღავათებს უზრუნველყოფდა. მარტოხელა დედები კვლავ "მარტოხელები" დარჩნენ თავიანთ პრობლემებთან ერთად.








Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.