ინტერაქტიული მულტიმედია
ყველაფერი თავდაყირა, ანუ პანდემიური ცხოვრების 12 თვე






თებერვალი და მე


უჰანი, ჩინეთი, ვირუსი რაღაცნაირად, ძალიან შორიდან შემოდის ჩემს ცნობიერებაში. აი ისე, შენთან რომ არაფერი კავშირი აქვს, მაგრამ იცი, უბრალოდ იცი, სადღაც შორს გაჩნდა ახალი, გაურკვეველი წარმომავლობის ვირუსი, სახელად „კორონა“.

მაშინ, ერთი წლის წინ, დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩვენამდე ვერ მოვიდოდა. მაგრამ მანძილი მცირდება, დრო სწრაფად იწყებს ათვლას და ისიც მოდის, იმაზე მალე ვიდრე კოშმარულ ფანტაზიაში წარმოვიდგენდი.

26 თებერვლის მთავარი ამბავია პირველი ინფიცირებული პაციენტი საქართველოში. ჯერ კიდევ არ ვიცით, რომ ვირუსის ე.წ მეორე ტალღა, ერთ დაავადებულს ათასად აქცევს.

პირველი თათბირი ტელეკომპანია „ბორჯომის“ ოფისში ეთმობა ქცევის წესებს ვმსჯელობთ, როგორ ვაგრძელებთ მუშაობას, ჯერ კიდევ არ არის აქტუალური სიტყვები ონლაინი, კარანტინი, ლოქდაუნი, კლასტერი, თვითიზოლაცია, საწოლფონდი, ტესტი. არც პირბადეა მთავარი აქსესუარი, მაგრამ უკვე იკვეთება მისი „დაფასების“ წინაპირობა.

ერთ დღეს ბორჯომში პირბადეები ქრება. ჩვენი ჟურნალისტი, ოჯახის წევრებისთვის ძლივს ნაშოვნი რამდენიმე პირბადიდან ორს მჩუქნის. ეს მაშინვე ჩემთვის, ყველაზე ძვირფასი საჩუქარი ხდება.

გადაღებები, ყოველდღიური ურთიერთობები ადამიანებთან, მუდმივი შიში, სტრესი, დაძაბულობა, რომ დღეს თუ არა ხვალ, შენც შეუერთდები ინფიცირებულების მზარდ არმიას. მუშაობას ვაგრძელებთ, არ ვჩერდებით, ვირუსს ჩემამდე დღემდე არ მოუღწევია.


ბევრი ამბობს, რომ 2020 გამოტოვა, არ ყოფილა, ჩემთვის იყო და გამოწვევებთან ერთად ბევრიც მასწავლა, ბევრზეც დამაფიქრა, ბევრი თვისება აღმომაჩენინა საკუთარ თავში და სხვებში.

ადამიანებს თვალებით ვცნობ, ღიმილის დანახვა პირბადის მიღმა შემიძლია. დიდი ხნის უნახავი ახლობლების, აი, ძალიან რომ გენტრება და ჩახუტება გინდა, შორიდან, დისტანციურად მოკითხვას ვეჩვევი.

ასე, უცნაურად იწყება 2020 წელი.



მარტი - ცრუ განგაში ბაკურიანში


„ერთ-ერთი სასტუმროს თანამშრომელს ბაკურიანში მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა“, - ინფორმაცია ბორჯომში ელვის სისწრაფით ვრცელდება. ეს, პირველი და როგორც აღმოჩნდა, დაუდასტურებელი ვირუსის შემთხვევაა ბორჯომის მუნიციპალიტეტში.

ვიდრე სასტუმროს სიცხეაწეული თანამშრომლის ტესტის უარყოფითი პასუხი გახდება ცნობილი, მუნიციპალიტეტი იზაფრება. დამსვენებლებით სავსე ბაკურიანი დაცლას იწყებს. სოციალურ ქსელებს პანიკური და სტიგმის გამომწვევი გამოხმაურებები იპყრობს. „სად დადიოდა“, შემოგვითრია ვირუსი“, „მგონი საზღვარგარეთ ყოფილა და იქიდან აიკიდა“ - ახალგაზრდა ქალი ბევრ დაუმსახურებელ საყვედურს იღებს.

სავსე სასტუმრო სტუმრებისგან რამდენიმე დღეში იცლება. ამ ამბის გახსენება დღემდე არ სურს სასტუმროს ადმინისტრაციას. განთავსების ობიექტები კოვიდის შეზღუდვებს გავრცელების პირველივე დღეებიდან გრძნობენ.

11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გლობალურ პანდემიას აცხადებს. ამავე თვის ბოლოს, საქართველოში საყოველთაო კარანტინი და საგანგებო მდგომარეობა ცხადდება. კომენდანტის საათი, დახურული ბაზრები, გაჩერებული ტრანსპორტი, კვების ობიექტები და უსაშველო რიგები სასურსათო მაღაზიებთან - ფანტასტიკის ფილმის სცენარი რეალობაში ინაცვლებს.

ასეა ბორჯომშიც, მოქალაქეები დაანონსებულ „ლოქდაუნამდე“ პროდუქტის და მედიკამენტების მომარაგებას ასწრებენ.






აპრილი - პირველი ინფიცირებული ბორჯომში


„ბორჯომში, დაბა ახალდაბაში ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა“
,- ინფორმაცია შოკისმომგვრელია ადგილობრივებისთვის.

ეს ინფიცირების პირველი, ამჯერად რეალური შემთხვევაა, არა მარტო ბორჯომის მუნიციპალიტეტში, არამედ მთელ რეგიონში. სამცხე-ჯავახეთი ე.წ „მწვანე ზონის“ სტატუსს კარგავს.



26 წლის სოლომონ რიკაძე, მოულოდნელად, ყურადღების ცენტში ექცევა. წითელი ხიდის საბაჟოზე დასაქმებულ ახალგაზრდას, ვირუსი ბიძაშვილისგან გადაედო, რომელიც თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში მედდად მუშაობს.

რეგიონის „პირველ ინფიცირებულს“ დღეში ასობით ზარზე უწევს პასუხი. ურეკავენ და იკვლევენ კონტაქტებს ეპიდემიოლოგები, ჯანმრთელობის მდგომარეობით ინტერესდებიან ახლობლები, უკავშირდებიან მისთვის უცნობი ადამიანები და სიმპტომებსა და შეგრძნებებზე უსვამენ კითხვებს. როცა ინფორმაცია ჯერ კიდევ მწირია, ყველა ცდილობს საკუთარი ძალებით, ინფიცირებულებისგან გაიგოს მეტი დეტალი ვერაგ ვირუსზე, რომელიც მსოფლიოს დიდ ცვლილებებს უქადის.


აუდიო ინტერვიუ სოლომონ რიკაძესთან


მაისი - ცხოვრება „ონლაინ“


რომ არა პანდემია, ალბათ, სტუდენტები და ლექტორები ჩვენს ქვეყანაში ვერსდროს წარმოიდგენდნენ, რომ გამოცდებს სახლიდან ჩააბარებენ, დასაქმებულები კი საკუთარი საცხოვრებელიდან იმუშავებენ.

თუ ჯერ კიდევ თებერვალში ადამიანები დილით სამსახურებში გარბოდნენ, საცობებში იდგნენ და დღის ერთ ნაწილს სახლში, ხოლო მეორეს სამსახურში ატარებდნენ, ახლა უკვე მათ ცხოვრებაში ჩნდება ზუმი, ონლაინ პლატფორმა, რომლის შესახებ საქართველოს და, ალბათ, მსოფლიოს უდიდესი ნაწილი ვერ შეიტყობდა, რომ არა პანდემია.

დასაქმებულების უმეტესობისთვის სახლის ერთი ოთახი ან ოთახის ერთი კუთხე ოფისად იქცა. გადიხარ სამზარეულოდან და უკვე სამსახურში ხარ.
ზუმმა შეცვალა დრესკოდი. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი დიდი ხნით შემოიდო თაროზე. საღამურზე მოცმული პიჯაკი ან პერანგი საკმარისი გახდა საქმიანი იმიჯისთვის.



„ყველაზე დიდი გამოწვევა ინტერნეტის პერიოდული ხარვეზია, რაც ხშირად კითხვის ქვეშ აყენებს შეხვედრის ჩატარებას. არანაკლები გამოწვევა იყო ორ ძაღლთან ერთად ონლაინ ოფისის აწყობა“, - გვიყვება სახალხო დამცველის მოადგილე ეკა სხილაძე.

გარკვეული დრო დამჭირდა შეცვლილ რეალობასთან ადაპტირებისთვის. საიდან ვერთვები, რა მაცვია, როგორია ფონი. ერთი სახალისო ისტორია მახსენდება; საჯარო დისკუსიას ვუძღვებოდი და კაფედან მომიწია ჩართვა. ძალიან ცოტა დრო მქონდა და ფონს არ დავაკვირდი. შეხვედრის მიმდინარეობისას კოლეგამ მომწერა, კედელზე ფონად აბაზანის ფოტო გაქვს და იქნებ გადაჯდეო.
ყველაზე მთავარი გამოწვევა დროის შეგრძნებაა. თითქოს პანდემიასთან ერთად დროის აღქმა დავკარგეთ. მქონია შემთხვევა, ხუთი შეხვედრა ჩამინიშნავს მიმდევრობით და იმის დრო არ მქონია, საჭმელი მეჭამა. თუმცა აქ უნდა ვახსენოთ ონლაინ შეხვედრის „სიკეთეებიც“, როგორიცაა შეხვედრის დროს ყავის ჭიქით წვნიანის დალევა, პარალელურად საჭმლის კეთება და სხვა.“

სპენსერი და ცუცა ეკას ოჯახის ოთხფეხა წევრები არიან. ერთ-ერთი სირთულე მათთან ერთად, ერთ სივცეში მუშაობა აღმოჩნდა. შეხვედრის დროს ძაღლები ყეფდნენ ან კადრში „ძვრებიან“.

„სპენსერმა სერტიფიკატიც კი მიიღო, სახალხო დამცველის სტრატეგიის შემუშავებაში გაწეული წვლილისთვის, რაც ძირითადად ყეფასა და ორცხობილების ჭამაში გამოიხატებოდა. ყველა შეხვედრას ვიწყებ ბოდიშით, რომ შესაძლოა ჩემმა ძაღლმა აქტიურობა მოინდომოს“.

ეკასთან ძაღლები, სხვებთან ბავშვები, ის, რაც ადრე შეხვედრების კურიოზებში ხვდებოდა, პანდემიის დროს ჩვეულებრივ ამბად იქცა. ოჯახის წევრებთან ერთად მუშაობა ბევრს უჭირს. ნაწილისთვის კი ეფექტურიცაა. დაიზოგა ტრანსპორტის და საწვავის თანხა, დრო.



ივნისი - სამედიცინო პერსონალის გართულებული ცხოვრება


პანდემია და კორონავირუსი ცვლის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ყოველდღიურობას. ირღვევა საზღვრები, ირევა გრაფიკი და მორიგეობა, მუშაობს ყველა ვისაც ვირუსი არ აქვს. საგანგებო რეჟიმზე გადადის მთელი სამსახური.

„სტაციონარში ადგილი არ არის“, „პაციენტი ვერ გადაგვყავს“, „დამძიმდა“ „გართულდა“ - მისამართზე გასვლისას მსგავსი გამოწვევების წინაშესულ მალე დადგება ყველა ეკიპაჟი.

ბორჯომის სამედიცინო ცენტრის 51 თანამშრომლიდან, ნახევარმა ვირუსი უკვე დაამარცხა. ისინი დაავადებულ კოლეგებს ეხმარებიან რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებში. პაციენტები გადაჰყავთ ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა ქალაქში. სპეციალური დამცავი საშუალებებით მგზავრობა საათობით უწევთ.






ივლისი - გაკოტრებული ტურიზმი


ჩაკეტილი საზღვრები, შეწყვეტილი ფრენები და ქვეყანა მხოლოდ შიდა ტურიზმის იმედად, - ისიც რეგულაციების დაცვით. ასეთია ზაფხულის მეორე თვე საქართველოში. ვიზიტორებზე და ზაფხულის საკურორტო სეზონზე დამოკიდებული ბორჯომი უცხოელი ტურისტების გარეშე რჩება. ბორჯომში საოჯახო სასტუმროების ნაწილი დამსვენებლებს ვერ იღებს, რეგულაციებს ვერ აკმაყოფილებენ. ნაწილი კი საკუთარი და ოჯახის წევრების ჯანმრთელობის გაფრთხილების მიზნით, უარს ამბობს მუშაობაზე. შემოსავალს კარგავენ გიდები, ტუროპერატორები, მომსახურების სფეროში დასაქმებული ათასობით ადამიანი.

„2020 წელს, ჩემი გეგმები ოცნებებად იქცა“, - ამბობს ანა წიქარიშვილი, რომელიც 2015 წლიდან, ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, თითქმის ყოველ შაბათ-კვირას ტურებს გეგმავს და მეგობრებთან ერთად მოგზაურობს. გასულ წელს “სახლში დარჩა“.

„ყველაზე მოთხოვნადი ტურისტული ადგილები აღმოჩნდნენ სრულ „ლოკდაუნში“. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენთვის ყველაზე რთული ზაფხული-შემოდგომის სეზონი იყო. თითქოს შევეგუეთ ერთფეროვნებას და ის ყველაფერი, რაც პანდემიამდე იყო: ახალი ადგილების აღმოჩენით, უცნობი ისტორიული ძეგლების და წარმოუდგენელი ბუნებრივი ლანდშაფტების ნახვით გამოწვეული ემოციები და შთაბეჭდილებები, სამუდამოდ წარსულში დავტოვეთ, ახალი გეგმები კი ჯერ არ გვაქვს, არა და ზაფხულამდე სულ ორიოდე თვეა დარჩენილი" - ამბობს ანა




ბორჯომისგან განსხვავებით, აქტიურია სეზონი ქვეყნის დასავლეთ ნაწილში. ცხელ ზაფხულში, ლოქდაუნგადატანილმა და სახლებში გამოკეტილმა მოსახლეობამ ზღვისპირეთს მიაშურა. შეკრებები, რესტორნები, ბარები, შესუსტებული მონიტორინგი და შედეგიც არ აყოვნებს. ჩნდება აჭარის კლასტერები და მთლიანად წითლდება რეგიონი.

ოპტიმისტური მოლოდინი არ მართლდება. შიდა ტურიზმი საერთაშორისოს ვერ ანაცვლებს. ექსპერტები და სფეროში ჩართული სპეციალისტები ამბობენ, რომ საქართველოში ტურიზმის სფერო გაკოტრებულია. ქვეყანაში ვიზიტორების რაოდენობა 81%-ით მცირდება.


აგვისტო - აკრძალული რიტუალები


კორონავირუსის გავრცელება საქართველოში სარიტუალო ღონისძიებებზეც მოქმედებს. მთავრობის გადაწყვეტილებით, იკრძალება ქელეხებზე, საიუბილეო საღამოებზე და ქორწილებზე თავშეყრა. იხურება სარიტუალო დარბაზები. ბორჯომში გაზაფხულიდან (23 მარტი) მუშაობას წყვეტს ყველა დარბაზი, სადაც მსგავსი ღონისძიებები იმართებოდა. რამდენიმე ე.წ. დაკრძალვის „კლასტერის“ გაჩენის შემდეგ, მოკრძალებული ხდება როგორც დაკრძალვის რიტუალი, ისე სამძიმარზე მისული ადამიანების რაოდენობა.

საქმე კიდევ უფრო რთულდება შეყვარებულებისთვის. მათ ოცნების დათმობა უწევთ. წყვილები არჩევანის წინაშე დგებიან: ან ქორწინების გაურკვეველი ვადით გადადება უწევთ, ან უარი საოცნებო წვეულებაზე და რეგულაციების დაცვით, მხოლოდ ორი მოწმის თანხლებით ურთიერთობის დაკანონება.

ბექა გასიტაშვილი და ანა აგლაძეც ცხოვრებაშ ყველაზე მნიშვნელოვან არჩევანს აკეთებენ.

ბექა: „ ერთმანეთი ორი წლის წინ გავიცანით. მაშინ ვერ წარმოვიდგენდით, რომ ჩვენი ქორწინება ასეთი იქნებოდა. როდესაც პანდემიამ პიკს მიაღწია და Covid-19 ის გამო, მთელი ქვეყანა პარალიზებული აღმოჩნდა, მე თბილისში ჩავრჩი, ანა კი ბორჯომში იყო. ძალიან გაგვიჭირდა ამ პერიოდის გადალახვა. შორი მანძილი და ტელეფონზე მიჯაჭვულობა რთული აღმოჩნდა. იმის მოლოდინში, რომ ყველაფერი გამოსწორდებოდა, ლოკდაუნის საფრთხე გაიზარდა, გადავწყვიტეთ ჯვარი დაგვეწერა. ასეც მოვიქეცით, ჯვრისწერიდან რამდენიმე დღეში კი რეგულაციები კიდევ უფრო გამკაცრდა. შეიძლება ითქვას, მოვასწარით, მაგრამ როგორი ოცნებაც გვქონდა, ისეთი ქორწილი არ გვქონია“.

ანა: „მთელი ცხოვრება მინდოდა, რომ ჩემი ქორწილში ყოფილიყვნენ მეგობრები, ნათესავები. მექნებოდა დიდი და ძალიან ლამაზი საქორწინო ცერემონია, მაგრამ რეალობა სულ სხვა აღმოჩნდა, დავრჩით მხოლოდ მე ბექა და ჩვენი მეჯვარეები“.






სექტემბერი - სასწავლო პროცესის დიდი გამოწვევები


15 სექტემბერს, ქვეყნის დიდი ქალაქებისგან განსხვავებით, ბორჯომის სკოლებში სწავლა იწყება. სასწავლებელში მალევე ჩნდება ვირუსის კერები და ნაწილობრივ დისტანციური რეჟიმი. ონლაინ სწავლებაზე გადადის ჯერ დაავადებულის კლასი, კიდევ რამდენიმე ტესტის დადებითი პასუხის შემდეგ, იხურება სკოლა. ასეა ამ დრომდე.

არაპროგნოზირებადი სასწავლო წელი და მოუმზადებელი სისტემა უამრავ გამოწვევას ქმნის განათლების სფეროში.

უინტერნეტო დასახლებები, ტექნიკის გამოყენების არასაკმარისი უნარები, ერთი ტელეფონი და სამი მოსწავლე ოჯახში, "მას ინტერნეტმა გაჭედა", "ხმა არ ისმის", "ვერ შემოვდივარ", "გამომაგდო" - ეს ონლაინსწავლების რეალობაა.




"დაწყებით საფეხურზე, პატარებს სწავლისთვის თვალსაჩინო საყრდენი ესაჭიროებათ. ისინი უკეთ ითვისებენ მაშინ, როცა თვალით ხედავენ, ხელით ეხებიან, ასწავლიან, სწავლობენ, ურთიერთობენ, მსჯელობენ, კამათობენ და მაინც, რა არის დისტანციურ სწავლებაში ისეთი, რაც მოწონებას იმსახურებს? პატარებს ხშირად აქვთ წარუმატებლობის შიში და საზოგადოებაში ყოფნისას ვერ გამოხატავენ ხმამაღლა თავიანთ მოსაზრებას. შევნიშნე, რომ ასეთი ბავშვები უფრო გახსნილები არიან ონლაინ სწავლებისას", - ამბობს ბორჯომის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი ირმა ყეინაშვილი. მასწავლებელი შიშობს, რომ მცირე სიკეთესთან ერთად, პანდემია ბავშვებზე მძიმე კვალს დატოვებს.

"საგაკვეთილო პროცესში გამორთული გვაქვს მიკროფონი. საუბრობს ერთი და ისმენენ სხვები, რაც ცოტა რთულია გაკვეთილზე. ასეთი გარემო საშუალებას აძლევს მოსწავლეებს იმუშაონ მშვიდად და დამოუკიდებლად. ჩემთვის მისაღებია სწავლების შერეული მოდელი. თეორიული მასალა - ონლაინ, პრაქტიკული - საკლასო ოთახში. პანდემია უდავოდ დიდ გავლენას მოახდენს მოზარდების ფსიქო- ემოციურ და ფიზიკურ განვითარებაზე. სხვა ყველაფერი მოგვარებადია, გაუმართავი ტექნიკა, ინტერნეტი, ტელეფონი თუ ლეპტოპი".

განათლების სისტემაში, საქართველოში, ნახევარ მილიონზე მეტი ბავშვია ჩართული. განსაკუთრებით რთულია 2020 სასწავლო წელი პირველკლასელებისთვის. ონლაინ ირეკება "ბოლო ზარი" ბორჯომის სკოლებში. 



ოქტომბერი - არჩევნები


2020 წელს ჩასატარებელი სხვადასხვა დონის არჩევნები თუ რეფერენდუმი 50-ზე მეტმა ქვეყანამ გაურკვეველი დროით გადადო. საქართველო იმ 19-ში ხვდება, ვისაც პანდემია ამაში ხელს არ უშლის.

"არ გადაიდება, ჩატარდება რეგულაციების დაცვით", – მთავრობა ადამიანების ჯანმრთელობით რისკავს.

"ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ პოლიტიკურ პროცესებს და არჩევნებს არანაირი საფრთხე არ ემუქრება და ვერც დაემუქრება. მოვემზადოთ ყველა 31 ოქტომბრისთვის", - ამბობს მთავრობის მეთაურმა გიორგი გახარია. ქვეყანაში პირველად იმართება არჩევნები შერეული სისტემით.

საქართველოში არჩევნები და წინასაარჩევნო პერიოდი ვირუსის მეორე ტალღის პიკს ემთხვევა.

ქვეყანაში აკრძალულ თავშეყრებს, ხალხმრავლობას და დაწესებულ სხვა შეზღუდვებს წინასაარჩევნო კამპანიაზე გავლენა არ აქვს.

არის შეკრებებიც და კარდაკარიც. ახალ საზღვრებში მოქცეულ და გამსხვილებულ ბორჯომი, ადიგენი, ასპინძა, ახალციხის მაჟორიტარულ ოლქში, დეპუტატობის მსურველთა უპრეცენდენტო რაოდენობა, 14 კანდიდატი რეგისტრირდება.



კენჭისყრის პროცესი პირბადეებით, სადეზინფექციო ხსნარების გამოყენებით, თერმოსკრინინგით და საარჩევნო შენობების ინტენსიური დასუფთავება-დეზინფექციით მიდის.

ამ ფონზე, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ბორჯომს ბიზნესიდან მმართველ პარტიაში გადაბარგებული ანტონ ობოლაშვილი წარმოადგენს.

ოპოზიცია არჩევნების შედეგებს უნდობლობას უცხადებს და ბოიკოტის რეჟიმში გადადის. მანდატები ასე ნაწილდება: "ქრთული ოცნების" 90 დეპუტატთან ერთად საკანონმდებლო ორგანოში ადგილს დაიკავებდა "ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" 36 დეპუტატი. "ევროპულმა საქართველომ" 5 მანდატი მოიპოვა, "სტრატეგია აღმაშენებელმა", "ლელომ", "პატრიოტთა ალიანსმა" და "გირჩმა" 4-4 მანდატის მოპოვება შეძლეს. 2 დეპუტატით შევიდა საკანონმდებლო ორგანოში "მოქალაქეები" , ერთი მანდატი აქვს "ლეიბორისტულ პარტიას".


ნოემბერი - მძიმე პერიოდი ბორჯომის ეპარქიაში

უნდა მივიდეს თუ არა მრევლი 19 აპრილს, აღდგომას ტაძრებში? ზრდის თუ არა, ერთი კოვზით ზიარების რიტუალი ვირუსის გადადების საფრთხეს? შესაძლებელია თუ არა ტაძარში მიუსვლელად სახლში ლოცვა? - ამ საკითხებზე მსჯელობა და "სახლში დარჩენის" მომხრე-მოწინააღმდეგების არგუმენტების ჭიდილი საქართველოში აპრილში იწყება. მოახლოებული აღდგომის დღესასწაული, საგანგებო მდგომარეობაში მყოფ ქვეყანაში ახალ გამოწვევებს აჩენს.



აპრილში (19 აპრილის მონაცემებით) საქართველოში ინფიცირების 394 დადასტურებული შემთხვევაა, გარდაცვლილია ოთხი ადამიანი.
კომენდანტის საათისა და მრევლის გადაადგილების შეზღუდვის გამო, აღდგომის ღამის ლიტურგიას ბორჯომში რამდენიმე საათის დაგვიანებით, 19 აპრილის დილას, ბორჯომისა და ბაკურიანის ეპიკოპოსი ლაზარე (სამადბეგიშვილი) აღავლენს.

ნოემბერში მეუფე კორონავირუსს ემსხვერპლა. სასულიერო პირს თანმხლები დაავადებები ჰქონდა. ვირუსმა შეიწირა ბორჯომში კიდევ ერთი მოძღვარი, დეკანოზი ზურაბი (პაპიძე).

მეორე ტალღის დროს დაავადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა მკვეთრად იმატებს. რთული დღეებია ერისთვის თუ ბერისთვის. ბორჯომის წმ. ილია წინასწარმეტყველის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოანე ხეცურიანი ჰყვება, რომ რთული გადაწყვეტილებების მიღება უწევთ.





დეკემბერი - პარალიზებული ზამთრის კურორტი


2020 წლის ბოლოს, მაშინ, როცა ზამთრის კურორტებზე თოვლის მოსვლას და სეზონის დაწყებას ელიან, მთავრობა "ლოკდაუნს" (28 ნოემბრს) კიდევ ერთხელ აცხადებს.
გაჩერებულ ზამთრის კურორტზე დასაქმებული ათასობით ადამიანი უმუშევარი რჩება.



დაბა ბაკურიანში ჩერდება სასტუმროები, კვების ობიექტები, საბაგირო გზები, ვეღარ მუშაობენ ინსტრუქტორები, ბურანების, ცხენების თუ თხილამურების გამქირავებლები. სამთო ტურიზმში ჩართულ მცირე ბიზნესს გადაუხდელი საბანკო ვალდებულებები აწვება მხრებზე. ბაკურიანელები უიმედო, გაურკვეველი და ბუნდოვანი მომავალის პირისპირ რჩებიან.

ბაკურიანში სეზონურად მუშაობს 47 წლის ელიზა გოგოლაძეც.





იანვარი - სინათლე გვირაბის ბოლოს

წლის ბოლოს, მსოფლიოში ჩნდება მეცნიერების ერთწლიანი მუშაობის შედეგი, -ვაქცინა. ეს არის სინათლე და იმედი გვირაბის ბოლოს.

პრემიერობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს მოსახლეობის 60 % -ის აცრას წლის ბოლომდე გვპირდება. მიმდინარე კვირაში კი მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების მნიშვნელოვნად შემსუბუქებას.

„უნდა ვისწავლოთ ცხოვრება კოვიდთან ერთად“ - ეს ყველაზე აქტუალური ფრაზაა 2020 წლის დასაწყისში. ხოდა, ვისწავლეთ, ვიცხოვრეთ და დავასრულეთ ყველაზე რთული, არაპროგნოზირებადი, გამოწვევებით და დანაკარგებით სავსე წელი კოვიდთან ერთად.

დღეს ბორჯომში კორონავირუსით ინფიცირების ნოლი შემთხვევაა, არცერთი ახალი კოვიდდადებითი პაციენტი სამცხე-ჯავახეთში.
კოვიდი უკან იხევს, 147-მდე შემცირდა ინფიცირებულთა რიცხვი ქვეყანაში.

ერთი წლის განმავლობაში, საქართველოში აღრიცხული 268 502 ინფიცირების შემთხვევიდან COVID-19 - ს 3 447 ადამიანი ემსხვერპლა.

პანდემიის მეორე წლის ათვლას ასე ვიწყებთ...










Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.