ინტერაქტიული მულტიმედია
"სიკეთის ვირუსი" ბორჯომში
“ჯადოსნური თარო”, ხურჯინი, მანქანა, - პანდემიასთან ერთად ბორჯომს ვირუსივით მოედო დახმარების სხვადასხვა ფორმა, სხვადასხვა სახელით. სოცილურად შეჭირვებული ადამიანებისთვის გაერთიანდნენ სხვადასხვა ასაკის, პროფესიის, შესაძლებლობის ადამიანები. პანდემიამ ერთდროულად ბევრს წაართვა ლუკმა და ბევრსაც გაუჩინა სხვისი ხელით მიწოდებული.



„არ გაქვს? - აიღე, გაქვს? - შემოგვიერთდი”, - დებმა, თამთა და გვანცა დაუნჯიშვილებმა ამ მოწოდებით გააჩინეს ბორჯომში „ჯადოსნური თარო“. პატარა მაღაზიის “ჯადოსნურ თაროზე”, დევს უფასო პური, საიდანაც შეჭირვებულ ადამიანებს შეუძლიათ აიღონ, ვისაც თუნდაც ერთით მეტის ყიდვის შესაძლებლობა აქვს, შეუძლია დადოს. დები მეგობრებისგან, ნაცნობებისგან და უცნობებისგან ჩარიცხული თანხით, ყოველდღიურად ყიდულობენ პურს თაროზე დასალაგებლად.



„თავიდან დავიწყეთ 20 პურით, ახლა ვდებთ ხოლმე 12-ს, 13-ს, ხან 14-ს და ა.შ. გააჩნია, კვირის რომელი დღეა. ორშაბათს, მაგალითად, უფრო მეტ პურს ვდებ, რადგან ადამიანები უფრო ხშირად დადიან მაღაზიებში. თავიდან გვინდოდა ოჯახებს დავხმარებოდით, თუმცა, ჩემი მიზანია, ეს დახმარება იყოს სტაბილური. პური ყოველდღიურად გვჭირდება და მინდოდა ამ მაღაზიაში ის იმედი გაჩენილიყო, რომ აქ, ადამიანებისთვის უფასო პურია და დღის განმავლობაში შეუძლიათ ისარგებლონ. ბანერზეც ასეთი წარწერაა: „არ გაქვს, აიღე, გაქვს, შემოგვიერთდი“. ეს ქმნის იმ ჯაჭვს, რომ ერთმანეთს ვედგეთ გვერდში, მითუმეტეს პანდემიის პირობებში“, - გვიყვება თამთა დაუნჯიშვილი.




უფასო პურის აქცია ბორჯომში იანვარში დაიწყო, თუმცა „ჯადოსნურმა თარომ“ უკვე დააგროვა სიკეთის ბევრი ისტორია.




თამთა პანდემიის დროს სამსახურის გარეშე დარჩა. რესტორანი, სადაც მუშაობდა დაიხურა. მისი და, გვანცა, შავი ზღვის უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტია. ახლა მათ ერთი საზრუნავი აქვთ, - პანდემიის გამო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩენილებს დაეხმარონ.

„შემთხვევით შემოვედი ამ მაღაზიაში და გავიგე, რომ ასეთი აქცია არსებობს. ზოგჯერ ისეა, რომ პურის ფული არ გაქვს ადამიანს და ასეთი შეღავათიც რომ არის, ძალიან კარგია. დღესდღეობით ძალიან მიჭირს და მიხარია, რომ უფასოდ შემიძლია პურის წაღება მაღაზიიდან“, - ამბობს ზურაბ მწარიაშვილი.



ზურაბის მსგავსად, მაღაზიაში შესულ ყველა ადამიანს ინფორმაციას მაღაზიის თანამშრომლები აწვდიან. ბევრს მიაქვს, მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც თაროზე, პურის გარდა, სხვა პროდუქტსაც ტოვებს.

„ვინც გაიგო, მოდის, მიაქვს პური, ძალიან კმაყოფილები არიან და ყველა მადლობას გვაბარებს ორგანიზატორებთან. აქამდე რომ მოდიოდნენ, ვალად გვთხოვდნენ გაგვეტანებინა პური. ახლა, რაც ეს აქცია მოქმედებს და შეუძლიათ პური უფასოდ წაიღონ, ისეთი კმაყოფილები არიან და ისე ილოცებიან, ხოლმე, ჩვენც ბედნიერები ვართ მათი შემყურე”, - გვიყვება ცირა ნანობაშვილი, მაღაზიის თანამშრომელი.



ჯადოსნური თაროს შესახებ თამთამ და გვანცამ სოციალური ქსელის მომხმარებლებსაც უამბეს. Facebook-ზე შექმნეს ჯგუფი „გადარჩენისთვის“, სადაც გაწევრიანებულია უამრავი ადგილობრივი. ცვლიან იდეებს და იღებენ გადაწყვეტილებებს.

„ძირითადად, ფეისბუქის საშუალებით ვაზიარებთ ინფორმაციას, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამ ჯგუფში ყველაფერი არის მითითებული, ჩარიცხული თანხა რას ხმარდება და ა.შ. კარგი იქნება, თუ ბევრი ადამიანი გაწევრიანდება ჩვენს ფეისბუქ ჯგუფში „გადარჩენისთვის”.





თამთა და გვანცა სხვა სახის აქციასაც გეგმავენ. მეორადი ტანსაცმლის შეგროვებას და ღია ცის ქვეშ დარიგებას აპირებენ. სამოსი ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მსურველისთვის.

„სიკეთის ვირუსი“ შეეყარა დავით კიკაძესაც. 28 წლის ახალგაზრდა ბორჯომში ტაქსის მძღოლია. საკუთარ ავტომობილს ახლა ქველმოქმედებისთვისაც იყენებს და ბორჯომელებს ეხმარება. ვისაც გადაადგილება უჭირს, წამლებით, პროდუქტით ამარაგებს. შეჭირვებულებს კი მგზავრობის ფულს არ ახდევინებს.



დავით კიკაძემ შეიტყო, რომ სხვა ქალაქებში ტაქსის ზოგიერთი მძღოლი ეხმარებოდა თანაქალაქელებს. ოთხი შვილის მამამ გადაწყვიტა, რომ დამძიმებული ყოფის სხვებისთვის შემსუბუქება მასაც შეეძლო.




კოვიდპანდემიის პირობებში, ადამიანების დახმარებას ყველა თავისებურად ცდილობს. ქველმოქმედებაში, მეგობრებთან ერთადაა ჩართული ვახტანგ გოგოლაძეც. ისინი ჩარიცხული თანხით ყიდულობენ პროდუქტს, აგროვებენ ტანსაცმელს და მიაქვთ შეჭირვეულ ოჯახებთან.



იდეა ახალი წლის პერიოდში გაჩნდა. მეგობრებს სურდათ, საახალწლოდ სოციალურად დაუცველ 10 ოჯახს მაინც დახმარებოდნენ. ინფორმაცია სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელეს. მსურველებს შეეძლოთ სასურველი თანხა ჩაერიცხათ ვახო გოგოლაძის საბანკო ანგარიშზე, ან შეძენილი პროდუქტი ერთ-ერთ სუპერმარკეტში, სპეციალურად გამოყოფილ „ხურჯინში“ მოეთავსებინათ. იდეა რეალობად მალევე იქცა. ანგარიშზე 2400 ლარი ჩაირიცხა. თანხა გაიღეს მეგობრებმა, ნაცნობებმა, ასევე უცხო ადამიანებმა სხვადასხვა ქალაქიდან და ქვეყნიდანაც კი. აქციის ორგანიზატორებმა, შეიძინეს პროდუქტები და ექვს ოჯახს გადაუნაწილეს, დანარჩენი ოთხისთვის საკვები ხურჯინში შეგროვდა. მეგობრები დაეხმარნენ მრავალშვილიანებს, ხანდაზმულებს, შშმ პირებს.




„ასეთ საქმეში პირველად ჩავერთე. თავიდან მეგობარმა დაიწყო. ფეისბუქ გვერდი ჰქონდა შექმნილი, სადაც დებდა ინფორმაციას ოჯახების შესახებ და მეგობრები ვურიცხავდით თანხას. ერთ დღეს, მეგობარმა „პოსტის“ გაზიარება მთხოვა და როგორც კი გამოვაქვეყნე ჩემთან, ისეთი გამოხმაურება და დადებითი ემოციები მოჰყვა, რომ მოტივაცია გაიზარდა. მეც ასე შევუერთდი მეგობრებს. სიმართლე გითხრათ, თავიდან მხოლოდ საახალწლოდ ვფიქრობდით საქველმოქმედო აქციის მოწყობას, თუმცა ადამიანების აქტიურობით მოხდა ისე, რომ თანხა ახალი წლის შემდეგაც ჩაირიცხა ჩემს ანგარიშზე და გადავწყვიტეთ, გაგვეგრძელებინა ადამიანების დახმარება. სამომავლოდ, დასალაგებელია რაღაცები“.


ვახო გოგოლაძეს ეუხერხულება, თანხა მის პირად ანგარიშზე რომ ირიცხება. თითეული ლარიც კი მისთვის დიდი პასუხისმგებლობაა. ამიტომ, ცალკე ანგარიშის შექმნას აპირებს, ქველმოქმედებას უფრო ორგანიზებული და კიდევ უფრო გამჭვირვალე სახე რომ მისცეს. ვახო დისტრიბუციის თანამშრომელია. მისი მეგობრებიც მუშაობენ. დატვირთული გრაფიკის შემდეგ კი ფუნქციებს ინაწილებენ, ყიდულობენ პროდუქტს, ახარისხებენ და ანაწილებენ.



„სამუშაო დღეებში მეგობრებს 6 საათის შემდეგ ვუერთდებოდი და სანამ მე სამსახურიდან გამოვიდოდი, ერთ-ერთს ფული უკვე განაღდებული ჰქონდა, ან პროდუქტს ყიდულობდა. დარჩენილ საქმეს მე ვაგრძელებდი და ვასწრებდით ასე... თანხა ჩემ პირად ანგარიშზე ირიცხება და ძალიან ბევრმა ჩემთვის უცნობმა ადამიანმა ჩარიცხა ფული. რამდენიმე მათგანი ემიგრანტიც იყო. გადავწყვიტე, მადლობის ნიშნად, იმ ადამიანების სახელები და გვარებიც დამეწერა სოციალურ ქსელში, რომლებმაც თუნდაც ერთი ლარი ჩარიცხეს. ვფიქრობ, იმ შეჭირვებულ ოჯახებსაც უნდა სცოდნოდათ, პატარა ქალაქში ვინ იკლებს თანხას ან პროდუქტს მათ დასახმარებლად“.



ოჯახებში მიტანილმა სიხარულმა, ვახოს საშუალება არ მისცა საქმე მიეტოვებინა. ის და მისი მეგობრები ამჟამად თანხას, ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები, მრავალშვილიანი ოჯახისთვის აგროვებენ. იდეები ბევრი აქვთ, გეგმას ახლა აყალიბებენ.





კორონავირუსის პანდემიის პერიოდში გააქტიურდა წითელი ჯვარიც. 18 წელზე მეტი ასაკის 10 ადგილობრივი ახალგაზრდა საერთო იდეის გარშემო გაერთიანდა. სტუდენტებმა და დასაქმებულებმა ფუნქციებიც გადაინაწილეს. იმ პერიოდში, როდესაც შეზღუდული იყო შიდა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, სოფლად მცხოვრები მოხალისეები ქალაქამდე ფეხით მიდიოდნენ.



პირველ რიგში, დაიწყეს საინფორმაციო კამპანიები ცნობიერების ამაღლების კუთხით, COVID-19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად. დახმარება გაუწიეს ბორჯომში, სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა მომსახურების ცენტრს რიგების რეგულირებაში. მოქალაქეების მიერ დისტანციის დაცვას აკონტროლებდნენ მაღაზიებშიც.

ერთ-ერთ სუპერმარკეტში მოეწყო წითელი ჯვრის კუთხე, სადაც მომხმარებლებს შეეძლოთ პირველადი მოხმარების პროდუქტი და ჰიგიენური მოხმარების საშუალებები მათთვის დაეტოვებინათ. შეგროვებულ კალათებს, მოხალისეები ახარისხებდნენ და ხანდაზმულებისთვის სახლში მიჰქონდათ.



„კორონავირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი რისკ ჯგუფი, ხანდაზმული ადამიანები არიან, რადგან მათ აქვთ გადაადგილების და პროდუქტებით მომარაგების პრობლემა. სწორედ ამიტომ, წითელი ჯვრის ბენეფიციარები არიან სოციალურად დაუცველი მარტოხელა და ხანდაზმული ადამიანები 70 წელს ზემოთ. მსოფლიოში, ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად, საქართველოს წითელი ჯვრის მობილიზება მალევე დაიწყო და 39-ივე ფილიალი, მოხალისეობრივ საქმიანობაში აქტიურად ჩაერთო. რა თქმა უნდა, გამონაკლისი არ იყო ბორჯომის ფილიალიც. ჩვენ ისევ ვაგრძელებთ მოხალისეობას, საინფორმაციო კამპანიების ჩატარებას და რეგულარულად ვეხმარებით, სოციალურად დაუცველ მარტოხელა მოხუცებს, საკვები პროდუქტებით“ - ამბობს წითელი ჯვრის ბორჯომის ფილიალის კოორდინატორი ხათუნა ბაგაური.



2021 წელს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტიდან, რომელიც 20 მილიონ 850 ათასი ლარით განისაზღვრა, სოციალურ პროგრამებზე გათვალისწინებულია 2 118 000 ლარი. კორონავირუსის გავრცელების პირველი ტალღის დროს (2020 წლის გაზაფხული), მერიის მიერ წერილობით მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დახმარება 6371 ოჯახმა მიიღო, ჯამში დაიხარჯა 305 648 ლარი. მუნიციპალიტეტს ამაში ბიზნესი დაეხმარა.

მოხალისეებისთვის დახმარების მთხოვნელთა რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, სოციალური პრობლემები ბორჯომში ძალიან ბევრ ოჯახს შეექმნა. ბიუჯეტში გამოყოფილი თანხა ვის, რამდენად და რა პირობით გასწვდება, ჯერ უცნობია. სოციალურად დაუცველები, მრავალშვილიანები, ხანდაზმულები, დევნილები, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები მაინც კეთილი ადამიანების იმედად რჩებიან.




Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.