ინტერაქტიული მულტიმედია
შიმშილის შიში და პროტესტი ცარიელ ბაკურიანში
ბაკურიანის დათოვლილ სიმშვიდეს
ქალაქის ცენტრში ადგილობრივების ხმაური არღვევს. 25-მდე გაბრაზებული
ადამიანი საკუთარ გასაჭირზე მორიგეობით, ხან კი რამდენიმე ერთ ხმაში
საუბრობს.
არიან ქალებიც და კაცებიც.
ადამიანები, რომლებსაც იმედი ჰქონდათ, რომ ამ ზამთარს, ავად თუ
კარგად, ტურისტების ხარჯზე გადააგორებდნენ. ლოინა მეტრეველიც ამ
მოლოდინით ცხოვრობდა, მაგრამ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით,
წელს, 15 დეკემბერს ბაკურიანში სეზონი არ გაიხსნა. ლოინას საოჯახო
სასტუმროც სხვებივით გაჩერებულია. ამიტომ ის, დაბის სხვა
მცხოვრებლებთან ერთად, ითხოვს შეზღუდვების მოხსნას, სესხის გაყინვას,
კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას.
ლოინა ერთდროულად 15-20 სტუმრს
მასპინძლობს. ამის 15 წლიანი გამოცდილება აქვს. ბოლო სამი წელია
კოტეჯებსაც აქირავებს. ახლა დამსვენებლები საერთოდ არ ჰყავს.
ხუთსულიანი ოჯახი კი ამ შემოსავალზეა დამოკიდებული. 33 წლის ქალი
სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვს. სურს, რომ მთავრობამ ბანკებთან
სესხის გაყინვაზე და არა გადავადებაზე უშუამდგომლოს. კოვიდპანდემიის
და ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების შედეგად, ლოინა მეტრეველის
წლიური შემოსავალი გასულ წელთან შედარებით, ხუთჯერ
შემცირდა.
„აქამდე თუ შემოსავალი
იყო 10 000, ახლა არის 2 000. როცა მომატებულია გაზი, დენი, წყალი,
გათბობა ხომ უნდა ჩავრთოთ? დამსვენებელი არის, არ არის, არ აქვს
მნიშვნელობა. წყალი უნდა ჩავრთოთ, სისტემა უნდა ჩაირთოს. თუ არ
ჩავრთავთ, გაიყინება. რითი უნდა გადავიხადოთ, როცა დამსვენებელი არ
შემოდის? სიტყვაზე, სესხი მაქვს 60 000 ევროში, სეზონზე შემქონდა 10
000, ახლა რითი შევიტანო, თუ ვერ ვიმუშავებ? გადავადება არ გვაწყობს,
რადგან ახლა თუ მაქვს 10%-ში, მერე მექნება 15 %-ში.“
ბაკურიანში გაჩერებულია დიდი თუ პატარა სასატუმრო, საბაგირო გზა,
თხილამურების, ციგების თუ ბურანების გაქირავების სერვისი. დაბაში,
სადაც თითოეული ოჯახის შემოსავალი ტურისტებზე იყო დამოკიდებული, არ
იციან, როგორ გამოიზამთრებენ. ინეზა მელიქიძე სახლში დამსვენებლებს,
სათხილამურო ტრასებზე კი მოსწავლეებს იღებდა. სრიალისთვის საჭირო
ინვენტარსაც თავადვე აქირავდებდა, მეუღლე კი კვადრო-ტურებს აწყობდა.
ამ შემოსავლით ირჩენდა თავს ათსულიანი ოჯახი. ახლა ყველა მათი ბიზნესი
გაიყინა. ოჯახს ბანკის ვალის შიში აქვს. არც ის ანუგეშებთ, რომ 31
იანვრის შემდეგ ბაკურიანი გაცოცხლდება და მუშაობის გაგრძელებას
შეძლებენ. ასეც რომც მოხდეს, სეზონი მაინც ჩავარდნილია.
„31 იანვარს
რომ გახსნიან, ვის რად უნდა? თოვლი აღარ იქნება ბაკურიანში. ისევ
საკუთარი თავებისთვის ხსნიან, რომ თვითონ ჰქონდეთ შემოსავალი, თორემ
ჩვენ მერე აღარანაირი შემოსავალი აღარ გვექნება. რითი ვიარსებოთ?
ბანკში მაქვს აღებული 170 000, როგორ გადავიხადო? ჩემი შემოსავალი ის
იყო, რომ სეზონზე 10-15 ათასს თუ გამოვიმუშავებდი, ახლა პურის ფულს
ვეღარ ვშოულობთ და ბანკზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. (მთავრობას)
მივმართავ მთელი ბაკურიანის მოსახლეობის სახელით, დაგვრთონ ნება, რომ
ვიმუშაოთ, ან გაგვიყინონ ბანკის სესხები, გადავადება არ გვინდა.“
ლაშაც მწვრთნელია, 30 წლიანი
გამოცდილებით. ის ბაკურიანის სპორტსკოლაში მუშაობს. სახლსაც
აქირავებს, მაგრამ ტურისტების გარეშე დარჩენილს, ახლა მისი გათბობის
საფასურის დაფარვაც კი უჭირს.
„სპორტსკოლაში ხელფასი
მაქვს 240 ლარი, რაში უნდა მეყოს ეს ხელფასი? სიგარეტის ფულია. ხალხს
რომ ჰგონია მდიდრები ვართ, ის დამსვენებელი რომ მიდის, ჩვენი სახლი
ხანდახან ხელახლა სარემონტოა, ზოგი შპალერს აახევს ბავშვები თუ ჰყავთ,
ზოგი რაღაცას გატეხავს და ეგეც ხომ ზარალია. ჩვენი გასაჭირი ხომ უნდა
გაითვალისწინონ, პარლამენტი ხომ ავირჩიეთ, კიდევ ხომ მოვა
არჩევნები?!“
გიორგი ბურდული კურორტის პატარა
სტუმრებს პონებით ასეირნებს. როგორც ამბობს, პირველი იყო, ვინც
საქართველოში და კერძოდ ბაკურიანში, პონი შემოიყვანა. ოთხი ჰყავს და
ოთხივეზე დიდი მოთხოვნა იყო. შინაური ცხოველების დახმარებით, სეზონზე,
დღიურად 70-80 ლარს შოულობდა. მეუღლეც ტურისტულ სექტორში იყო
დასაქმებული. ახლა ხუთსულიანი ოჯახის რჩენა და პონების შენახვა
უკიდურესად გაუჭირდა.
„ასეთი არეულობა შევარდნაძის დროს, უშუქობის დროს არ იყო.
მოკვდა ყველაფერი. მაშინ როცა არაფერი იყო, ხალხი და სიმშვიდე მაინც
იყო. ეხლა ყველა მხრიდან გვიშლიან, გვზღუდავენ.“
ემა ბარბარიანმა, რომელიც
თხილამურებსაც აქირავებდა და კერძო სახლებსაც ალაგებდა, როგორც
თვითდასაქმებულმა, მთავრობის ერთჯერადი ფულადი დახმარებით ისარგებლა.
თუმცა, ერთხელ აღებულ 300 ლარს მისთვის დიდი შეღავათი არ
მოუტანია.
„ბანკში 15 000-ს ვიხდი მარტო ზამთრის სეზონზე, ზაფხულის
მე არ მაქვს. მარტოხელა ქალი ვწვალობ, ვმუშაობ, მაგრამ ახლა როგორ
ვიშოვო ფული? რომ გამიჭირდა კარანტინის პერიოდში და შემოსავალი არ
იყო, ის 300 ლარი მე რას მიშველიდა? კიდევ კარგი ოქრო მქონდა,
დავალომბარდე და ახლა ვიხდი ოქროს გადასახადს.“
ბაკურიანელები ამბობენ, რომ
მთავრობამ არ გაითვალისწინა თითოეული ადგილობრივი ოჯახის სრულად
სათხილამურო ტურიზმზე დამოკიდებულება. კურორტზე შემოსავლის არავითარი
სხვა წყარო არ არსებობს. ამიტომ, მათი აზრით, ბაკურიანის სრულ
პარალიზებას, რეგულაციების მკაცრი კონტროლი აჯობებდა.
„ადამიანი ისედაც ეკიპირებულია ზამთრის ფორმით და
პირბადესაც გაიკეთებდა. თუ დისტანციის დაცვა შესაძლებელია
სუპერმარკეტებში, სალონებში, ესთეტიკის ცენტრებში, ჩვენც დავიცავდით
დისტანციას. რამდენიმე საბაგიროა და გადავნაწილდებოდით, სიცხის
გაზომვაც შეიძლებოდა. ამ სქემის ჩამოყალიბება შეიძლებოდა ძალიან
მარტივად. ბილეთები შეიძლება გაიყიდოს ონლაინ, დღესდღეობით ხომ
ყველაფერი ონლაინ იყიდება“, - ამბობს ლოინა
მეტრეველი.
ლოინას აზრს იზიარებს ინეზა მიქელაძეც. სრულიად შესაძლებლად მიაჩნია
ყველა რეგულაციის, მათ შორის დისტანციის დაცვა საბაგიროზე. ის
ხელისუფლების სხვა ნაბიჯებსაც აკრიტიკებს და ამბობს, რომ კომუნალური
გადასახადების სუბსიდირების პროგრამა არაეფექტურია. ბაკურიანში,
მკაცრი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ბუნებრივი აირის იმ
განსაზღვრული ოდენობით მოხმარებას, რასაც სახელმწიფო აბონენტებს
უფარავს, ვერავინ შეძლებს. ანუ, აბონენტებს, რომლებიც თვეში მოიხმარენ
200 კუბური მეტრის ჩათვლით ბუნებრივ აირს, სახელმწიფო უფარავს
გადასახადს.
„რომ შემოიღეს 200 კუბი უნდა დაწვას და ისე გადაიხდის
მთავრობაო, მაგ ზღვარში ვერავინ ჩაეტევა. კი, ბატონო, მაშინ გააკეთონ
ასე, 200 კუბი დაგვიფინანსონ, დანარჩენს ჩვენ გადავიხდით“
ბაკურიანში ბევრს არც შეშის ფული
აქვს და არც ბუნებრივი აირის გადახდა შეუძლია. ადგილობრივები შიშობენ,
რომ გამოზამთრება სიცივესა და შიმშილში მოუწევთ. ვითარების ასე
გართულებას არ ელოდნენ, ამიტომ ამბობენ, რომ თუ ახლა პროტესტს 100
კაცი გამოთქვამს, მალე 1000 გამოვა გარეთ. სურთ ხმა ადგილობრივ
ხელისუფლებას მაინც მიაწვდინონ და უთხრან, რომ ითხოვენ:
* ზამთრის კურორტზე
დაწესებული შეზღუდვების მოხსნას;
* სეზონური სესხების გაყინვას;
*კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას ბაკურიანში არსებული კლიმატის
გათვალისწინებით.
„მთელი ბაკურიანის
სახელით ვამბობ, საარსებო დახმარება მაინც გაგვიწიონ, რაღაცით
ვიარსებოთ და არ ჩავიხოცოთ მოსახლეობა და ბიუჯეტზე რომ აქვთ პრობლემა,
ახლა რომ ბიუჯეტში არაფერი შეუვათ, მერე მიხვდებიან და გამოჩნდება
ბაკურიანი იყო თუ არა შემოსავლიანი და ხალხი იხდიდა თუ არა
გადასახადებს“, - ამბობს ემა ბარბარიანი.
ბაკურიანში, მაღალი კლასის
სასტუმროებიც და რესტორნებიც დახურულია. ობიექტების უმრავლესობაში
მისულებს, ადგილზე არავინ დაგვხვდა.
Bakuriani Inn-ს, რომელიც ერთ-ერთი საკარანტინე სასტუმრო იყო, ეს
სტატუსი გაუქმებული აქვს და დახურულია.
ბაკურიანელების სამი მთავარი მოთხოვნით სხვადასხვა უწყებას მივმართეთ.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში გვითხრეს, რომ საკითხი მათ
კომპეტენციაში არ შედის და ცენტრალურ ხელისუფლებას ეხება. ტურიზმის
ეროვნული ადმინისტრაციიდანაც ეკონომიკის სამინისტროში
გადაგვამისამართეს. ეკონომიკის სამინისტროს კითხვებით წერილობით 21
დეკემბერს მივმართეთ. 25 დეკემბრისთვის დაპირებული პასუხები ვერ
მივიღეთ. ბაკურიანელების დღეს არავის ესმის. არადა, კურორტზე, სადაც
ამ დროს, განსაკუთრებით ახალი წლის დღეებში, ხალხი ერთმანეთს გვერდს
ვერ უვლიდა და დიდი ჟრიამლი იდგა, დღეს მხოლოდ გაბრაზებული და
შეშინებული ხალხის ხმა ისმის.
გააზიარეთ :