ONლაინ სწავლება OFFლაინ - მოსწავლეები ინტერნეტის და ტექნიკის გარეშე
17:37 / 21.12.2020
ბორჯომის მუნიციპალიტეტში სოფელი
ლარები ქალაქიდან ცხრა კილომეტრში მდებარეობს.ყველაზე პატარა დასახლება ისეა
მთებში მოქცეული, რომ იქაურობას ინტერნეტის სიგნალი ვერ სწვდება. არ
მუშაობს არც ერთი ინტერნეტპროვაიდერი. სოფელში კი დისტანციურ
სწავლებაზე გადასული სკოლის მოსწავლეები ცხოვრობენ.
კოვიდპანდემიის გამო 10 წლის ალექსანდრე შირიაევის დღის წესრიგი
შეიცვალა. მეოთხე კლასის მოსწავლისთვის მშობლები ინტერნეტპაკეტს
შეძლებისდაგვარად ყიდულობენ, თუმცა, ონლაინ გაკვეთილზე დასასწრებად
ბიჭს სხვა სოფელში უწევს წასვლა. მიუხედავად ამისა, მოსწავლეს უჭირს
გაკვეთილზე სრულყოფილად ჩართვა და მასწავლებლის მოსმენა.
„რადგან ჩვენ სოფელში ინტერნეტი არ არის, გაკვეთილების დროს
მივდივარ სოფელ ჩითახევში და იქიდან ვერთვები. ინტერნეტს მშობლები
მყიდულობენ. მასწავლებელი გაკვეთილს გვიხსნის, დავალებებსაც გვაძლევს
და ვყვებით კიდეც ონლაინში, მაგრამ ჩართვის დროს ხანდახან მიჭედავს
Teams პროგრამა. ხან კამერას ვერ ვრთავ, ხან ხმა არ მესმის, ხან
მაგდებს პროგრამა, ინტერნეტი მიჭედავს“.
ალექსანდრეს მამა შვილის განათლების ხარისხზე წუხს. ივანე შირიაევი
ამბობს, რომ მისმა უმცროსმა ვაჟმა სწავლას სერიოზულად მოუკლო და
კითხვაც ავიწყდება. მშობლის შეფასებით, ონლაინ გაკვეთილზე შეზღუდული
დროის გამო, ყველა მოსწავლის გამოკითხვა და ცოდნის შემოწმება ვეღარ
ესწრება. შესაბამისად, მოსწავლეებშიც დაიკარგა მოტივაცია. ამას
ემატება ოჯახის სოციალური პრობლემები.
„ჩვენი ხელფასებიდან გამომდინარე ,ინტერნეტის შეძენას
ყოველთვის ვერ ვახერხებთ, რადგან ხელფასი გვაქვს ცოტა, ხარჯი კი
მეტია. გვაქვს კომუნალურებიც გადასახდელი. თუ მთავრობა
გაითვალისწინებს და ინტერნეტის მხრივ დაგვეხმარება, დააყენებენ
მიმღებს ან რამეს, ისე, რომ შევძლოთ რაიონის ხალხმა ერთი პაკეტის
შეძენა და ორი ბავშვის უზრუნველყოფა, მადლობლები დავრჩებით.“
10 წლის ალექსანდრეს უფროსი ძმა დიდი ხანია სკოლის
მიღმა დარჩა. ნიკა შირიაევი ონლაინში ჩართვას უმცროსი ძმის
პარალელურად ვეღარ ახერხებს. ბორჯომის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლე
სასწავლო პროგრამას ჩამორჩა. ის სექტემბრიდან, როდესაც მის სკოლაში
სასწავლო პროცესი ე.წ. ჰიბრიდული სისტემით დაიწყო, გაკვეთილებზე
დასწრებას ნაწილობრივ მაინც ახერხებდა. სკოლაში ორშაბათობით და
სამშაბათობით დადიოდა, დანარჩენ დღეებში კი დისტანციურად ვერ
ერთვებოდა. კომპიუტერი აქვს, თუმცა არ აქვს მთავარი - ინტერნეტი.
ამბობს, რომ შერეული სწავლების დროს, სკოლამ ერთადერთი რაც შესთავაზა,
მთელი კვირის დავალებების მიცემა და მომდევნო კვირისთვის მომზადება
იყო. ბოლოს სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.
17 წლის ახალგაზრდა მე-12 კლასშია. მომავალ წელს სკოლას დაამთავრებს,
თუმცა ვერც ემზადება. ნიკა შიშობს, რომ დისტანციური სწავლისას
ჩამორჩენის გამო, გამოცდების ჩაბარება გაუჭირდება.
„სახლში ჩემი ძალებით კი ვცდილობ ვისწავლო, მაგრამ ასე
აზრი არ აქვს, ისეთ ცოდნას მაინც ვერ მივიღებ. სკოლაში სწავლის
განახლების შემთხვევაში მე ნამდვილად არ ვიცი როგორ დავეწევი
პროგრამას. თუ მე-12 კლასის დამთავრებამდე გაიხსნა სკოლა,
გავაგრძელებ, ალბათ, იქიდან, რა ცოდნაც მე მქონდა მიღებული. თუმცა, იმ
ჩამორჩენილ პროგრამას, შესაძლოა, ვერ დავეწიო, უკვე დიდი დრო გავიდა.
ძალიან ბევრი მასალა დაგროვდა ამ დრომდე, რომელიც უკვე ნასწავლი აქვთ
ჩემ კლასელებს. სამწუხაროდ, სოფლებში, სადაც ინტერნეტი არ არის,
ფაქტობრივად, ბავშვი განათლებას ვერ იღებს. გამოსავალი ქსელური
ინტერნეტია. დადგამ სახლში Wi-Fi-ს მოდემს და ჩაერთვები სასწავლო
პროგრამაში. რა თქმა უნდა, ყველა მოსწავლეს სურს მიიღოს განათლება,
თუმცა პრობლემა სწორედ ის არის, რომ სახელმწიფომ ასეთი სოფლები არ
გაითვალისწინა“ , - ამბობს ნიკა.
მარიამ კვინცხაძეც მეთორმეტეკლასელია. ინტერნეტპაკეტს თუ აქციით
შეიძენს, თვეში 20 ლარი უჯდება, აქციის გარეშე უფრო მეტი. ონლაინ
გაკვეთილებს მას შემდეგ შეუერთდა, რაც კორონავირუსის შემთხვევის
დადასტურების შედეგად სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.
„ჩვენთან, მე-12 კლასში ბევრი მოსწავლე არ დადიოდა.
როგორც ვიცი, ორ მასწავლებელს ჰქონდა დადასტურებული კორონავირუსი და
რისკი არსებობდა სკოლაში დაინფიცირების. ჩემი სკოლაში სიარული
დამოკიდებულია ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე. რაც შეეხება
ინტერნეტთან დაკავშირებულ პრობლემებს, კარგი იქნებოდა სახელმწიფოს
ფულადი დახმარება გამოეყო ოჯახებისთვის, რომ შეეძინათ ის აღჭურვილობა,
რაც საჭიროა ონლაინ ჩართვისთვის“ .
მარიამი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე რისკ ჯგუფშია.
პანდემიამ მისი მშობელი არჩევანის წინაშე დააყენა, - გაერისკა შვილის
ჯანმრთელობით თუ სწავლის ხარისხით. როდესაც გაკვეთილები ჯერ კიდევ
საკლასო ოთახებში ტარდებოდა, მარიამი სახლში დარჩა.
„როდესაც სწავლა სკოლაში განახლდება, ვნახოთ როგორი
იქნება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, იმის მიხედვით გადაწყდება
მარიამის სკოლაში წასვლის საკითხი. როგორც მშობელს, რა თქმა უნდა, არც
მე მინდა შვილი სკოლას აცდენდეს“, - ამბობს ირა
გასიტაშვილი.
სახელმწიფოს არც მარიამისთვის და არც დისტანციური სწავლის სხვა
მსურველებისთვის განათლების მისაღებად რეალური ალტერნატიული საშუალება
არ შეუთავაზებია. ჩვენს კითხვებს განათლების სამინისტრომ წერილობით
უპასუხა. რა ალტერნატივა შესთავაზა სახელმწიფომ კორონავირუსის შიშით
სახლში დარჩენილ მოსწავლეებს, სამინისტრო მოგვწერა:
„არსებულ ვითარებაში სასწავლო პროცესის წარმართვასთან
დაკავშირებით იმ სკოლებისთვის, სადაც სწავლება დასწრებით
მიმდინარეობს, სამინისტრომ შეიმუშავა დამატებითი რეკომენდაციები,
რომლებიც დაიცავს თითოეული მოსწავლის განათლების უფლებას თანასწორად,
ამავდროულად დაცული იქნება მასწავლებელთა და მოსწავლეთა უსაფრთხოება
და ჯანმრთელობა“.
ამას მოჰყვება ხუთპუნქტიანი ჩამონათვალი, რა ვითარებაში როგორ
მოქმედებს სკოლა. ერთ-ერთი პუნქტი ეხება მოსწავლის მიერ არჩეულ
დისტანციურ სწავლებას: „კონკრეტული კლასის/კლასების სინქრონულ/ასინქრონულ
სწავლებაზე გადაყვანა შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც, თუ სურვილს და
მზაობას გამოთქვამს აღნიშნული კლასის ყველა მასწავლებელი და
მოსწავლეთა მშობლების 70% მაინც.“
გამოდის, რომ „თითოეული მოსწავლის განათლების უფლებას
თანასწორად“ დაცვა მხოლოდ ფურცელზე დაწერილი სიტყვებია.
მარიამის მსგავსად, ჯანმრთელობის ან სხვა სახის პრობლემის, თუნდაც
პანდემიის შიშით შინ დარჩენილი ბავშვებისთვის სახელმწიფო არაფერს
სთავაზობს, თუ ისინი უმრავლესობაში არ არიან.
დისტანციური სწავლა არ ყოფილა სოფელ ტაძრისში მცხოვრებ და-ძმა
ბახტაძეების არჩევანი. მცირეწლოვანი მოსწავლეები, ყოველდღიურად,
ონლაინ გაკვეთილებზე მორიგეობით ერთვებიან, ისიც მეზობლის Wi-Fi-ით.
მაღალმთიან ზონაში ძირითადად SkyTel-ის ინტერნეტით სარგებლობენ,
თუმცა, ამის ფუფუნებაც ყველას არ აქვს. სოციალურად დაუცველ ოჯახში,
სადაც ორი მოსწავლეა, ერთი მობილური ტელეფონი აქვთ. თუ დროში
ემთხვევიან, გაკვეთილს ხან მარიამი აცდენს, ხან ნიკოლოზი.
ინტერნეტის და ტექნიკის გარეშე მყოფი ოჯახები სკოლამ აღრიცხა.
ისტორიის პედაგოგი, მარგარიტა სამსონიძე გვიამბობს, რომ დამრიგებლებმა
თითოეული ოჯახის პირობები შეისწავლეს და დირექტორს აცნობეს.
„ამ მოსწავლეებისთვის ჩვენ მხოლოდ ის შეგვეძლო გვეთქვა,
რომ ტელეფონშიც შეუძლიათ ეს აპლიკაცია ჩაწერონ და ჩაერთონ. ინტერნეტს
ჩვენ ვერ ვუზრუნველყოფდით თუ თავად ოჯახმა არ შეიყვანა. სკოლა
ინტერნეტს, ალბათ, ვერ შეუძენდა. თუ ბავშვს არც ინტერნეტი აქვს და არც
ტექნიკა, ამ შემთხვევაში უნდა გამოიყენო ყველა სხვა საშუალება, თუნდაც
დაურეკო ტელეფონით და უთხრა, რაღაც ინფორმაცია მიაწოდო. თუმცა,
ბუნებრივია, რომ ასეთი მოსწავლე იმ დოზით ვერ ჩაერთვება საგაკვეთილო
პროცესში, როგორც სხვები.“
ბორჯომის საგანმანათლებლო რესურს ცენტრში განმარტავენ, რომ გაზაფხულზე
დისტანციურ სწავლებაში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოსწავლეების 85%
იყო ჩართული. რესურს ცენტრის ხელმძღვანელი იზოლდა ლომიძე იმასაც
ამბობს, რომ ამ დრომდე მათთვის არცერთ მოსწავლეს ან მშობელს
დახმარების თხოვნით არ მიუმართავს.
„ჩვენამდე არ მოსულა ინფორმაცია, რომ ინტერნეტის და
რესურსის არარსებობის გამო, ვერ მუშაობენ. პირიქით, ტექნიკურ
საკითხებზე გვიკავშირდებოდნენ, როგორ გავააქტიუროთ პროგრამა,
„ექაუნთი“ და ა.შ. ბორჯომის მუნიციპალიტეტში ახალი სკოლის მოდელში
ექვსი სკოლაა ჩართული, რომლებიც აღჭურვილია შესაბამისი ტექნიკით და
მიეცათ ადმინისტრაციებს იმის უფლება, რომ თუ მოსწავლეს ან
მასწავლებელს კრიტიკული შემთხვევა და ინდივიდუალური საჭიროება აქვს,
თხოვების ხელშეკრულებით გადასცემოდა საჭირო ტექნიკა. მე ასეთ
ინფორმაციას ვფლობ, რომ ხელმისაწვდომობა ყველას აქვს და თუ რამე
საჭიროება იქნება, ადმინისტრაცია ვალდებულია და მშობლებიც ვალდებულები
არიან, ჩაგვაყენონ საქმის კურსში“ - იზოლდა ლომიძე.
ტაძრისის და ბორჯომის №3 საჯარო სკოლებში კი გვეუბნებიან, რომ
მოსწავლეთა საჭიროებების აღრიცხვის შემდეგ ინფორმაცია განათლების
სამინისტროს მიეწოდა, ადგილობრივი რესურს ცენტის საშუალებით. სკოლების
დირექტორების თქმით, არცერთ მოსწავლეს ან მშობელს არ მიუმართავს
მათთვის რომ ესაჭიროება ინტერნეტი ან კომპიუტერი. ისინი საკუთარი
ძალებით ახერხებენ ონლაინ გაკვეთილებზე ჩართვას. საჭიროების
შემთხვევაში, დირექტორები გვეუბნებიან, რომ შეუძლიათ მიღება-ჩაბარების
აქტის საფუძველზე დროებით სარგებლობაში გადასცენ ტექნიკა. ხათუნა
ხარაზიშვილი აქვე იმასაც განმარტავს, რომ არის შემთხვევები როცა
მოსწავლეებს ეზარებათ დისტანციურ სწავლებაში ჩართვა და რესურსის
არარსებობას იმიზეზებენ.
განათლების სამინისტროს წერილობით პასუხში ნათქვამია, რომ
„მინისტრის N95/ნ ბრძანების შესაბამისად, სკოლა
ვალდებულია, უზრუნველყოს მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობის
გამოყენება, რათა არცერთი მოსწავლე არ აღმოჩნდეს დისტანციური სასწავლო
პროცესის მიღმა, ან არ ჩამორჩეს თანაკლასელებს
სწავლაში.“
ბრძანება სწორედ იმ პროცედურას გულისხმობს, რაზეც ტაძრისის სკოლის
მასწავლებელი საუბრობს, „იდენტიფიცირება მოეხდინათ იმ
მოსწავლეებისა, რომლებიც რიგი მიზეზების გამო ვერ ერთვებიან სხვა
ბავშვებთან ერთად სასწავლო პროცესში. ასეთების გამოვლენის შემთხვევაში
კი შეემუშავებინათ შესაბამისი გეგმა, თუ რა მიდგომას გამოიყენებდა
თითოეული სკოლა.“
აი აქ კი ჩიხია. სკოლამ აღრიცხა ბავშვები, მაგრამ გეგმა, რაც ამ
ბავშვებს „დისტანციური სასწავლო პროცესის მიღმა“ არ
დატოვებდა, არ არსებობს.
ბრძანება სკოლას ასევე ავალდებულებს:
„იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე ვერ ერთვება სასწავლო პროცესში,
სკოლა ამის თაობაზე ყველა შემთხვევაში ინფორმირებულია და მასთან
მიმდინარეობს ინდივიდუალური მუშაობა.
იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს წვდომა არ აქვს არცერთ
ელექტრონულ მოწყობილობასა ან ინტერნეტზე, სკოლა ვალდებულია, გამოყოს
შესაბამისი სივრცე სკოლის შიგნით, მოსწავლის ინდივიდუალური
კონსულტაციებისთვის ან მისცეს მას საშუალება, გამოიყენოს სკოლის
სივრცე და არსებული ტექნიკა. გარდა ამისა, სამინისტრომ აწარმოა მოლაპარაკებები ინტერნეტის
მომწოდებელ კომპანიებთან ქსელური დაფარვის კუთხით.“
ბრძანების აღსრულებაში სამინისტრო სკოლას აღარ ეხმარება. ინტერნეტის
მიმწოდებლებთან მისი მოლაპარაკებების შედეგიც სოფლებში არ იგრძნობა.
ბავშვებთან ინდივიდუალურად არავინ მუშაობს. ტაძრისის სკოლა ინტერნეტით
და ტექნიკით აღჭურვილია, თუმცა სახლის პირობებში პედაგოგებიც საკუთარი
კომპიუტერით და პირადი სახსრებით შეძენილი ინტერნეტით ატარებენ ონლაინ
გაკვეთილებს. მარგარიტა სამსონიძე გვიყვება, რომ მასწავლებელს ახლაც
შეუძლია გავიდეს და სკოლიდან ჩაატაროს დისტანციური გაკვეთილი. ის
წუხს, რომ ინტერნეტს ხარვეზებიც ახლავს, რაც ბავშვებთან ონლაინ
კომუნიკაციას ართულებს. თავდაპირველად, დისტანციური სწავლება
მათთვისაც რთული იყო. შემდეგ, განათლების სამინისტრომ ახალი სასწავლო
პროგრამა შესთავაზა.
„როდესაც გაზაფხულზე პირველად დისტანციურზე გადავედით, ჩვენც
არ ვიყავით მზად. პარალელურად გვიტარდებოდა ჩვენც ონლაინ ტრენინგები.
ჯერ მესენჯერით დავიწყეთ გაგზავნა გაკვეთილების და შემდეგ ნელ-ნელა
გადავედით Teams პროგრამაზე, რადგან ეს არის სამინისტროს მიერ
შემოთავაზებული ერთადერთი პლატფორმა და ამას უნდა ავყოლოდით ყველა.
იმის შემდეგ, გავერკვიეთ, გავიგეთ და ბევრ რამეს ვსწავლობთ კიდევ
ნაბიჯ-ნაბიჯ. ახლა ასე თუ ისე ავეწყეთ. პროგრამა ტექნიკურად
გამართულია, მაგრამ არის შემთხვევები როცა მოსწავლე მეუბნება, რომ
პროგრამამ გამომაგდო, ან გაკვეთილზე საერთოდ ვერ შემოდის. მეუბნება,
რომ ვცდილობ შემოსვლას, მაგრამ არ მიშვებს. ვფიქრობ, ეს, ალბათ,
ხარვეზია, ან შეიძლება ჩვენი ინტერნეტის ბრალია, ზუსტად არ ვიცი“.
ბორჯომში იყო კიდევ ერთი პრობლემა, მიუხედავად იმისა, რომ სკოლები
მოემზადნენ ადგილზე სწავლებისთვის, გაითვალისწინეს სამინისტროს
რეკომენდაციები, შეიძინეს სადეზინფექციო ხსნარები, დისტანციით
განალაგეს მაგიდები, ინფიცირების საფრთხე მაინც არსებობდა. ეს კი
რეგიონებში დისტანციური სწავლების მიზეზი არ გახდა.
„საფრთხის წინაშე ვიყავით პედაგოგები, რადგან მოსწავლეებს
პირბადე არ უკეთიათ და ჩვენც ისევე „წინა ხაზზე“ ვიყავით ვირუსთან,
როგორც ექიმები. ბავშვების უმრავლესობა სკოლებში არ დადიოდა, მშობლებს
ეშინოდათ და არ უშვებდნენ. ჩვენ კი სკოლამდე მისვლა საზოგადოებრივი
ტრანსპორტით გვიწევდა და ეს კიდევ უფრო დიდი საფრთხე იყო. შესაძლოა,
იმ ტრანსპორტში სიმპტომიანი მგზავრი იმყოფებოდა და ჩვენც მათთან ერთად
ვმგზავრობდით, იმიტომ, რომ სკოლამდე მივსულიყავით და გაკვეთილი
ჩაგვეტარებინა, მუდმივ საფრთხეში ვიყავით“ - გვიყვება
პედაგოგი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.
ტაძრისის სკოლის მასწავლებელი მარგარიტა სამსონიძე ფიქრობს, რომ
პირისპირ სწავლა უსაფრთხო იყო, ვინაიდან ყველა რეკომენდაციას
ზედმიწევნით იცავდნენ. თუმცა, სასწავლებელში ბავშვების რაოდენობა
მაინც მკვეთრად შემცირდა.
„შიში იყო მშობლებში, შვილებს არ უშვებდნენ სკოლაში. იკლო
მოსწავლეების რაოდენობამ. იყო კლასები, სადაც 19-დან ხუთი მოსწავლე
ესწრებოდა, ზოგან იყო, რომ 11 მოსწავლეც ესწრებოდა 23-დან. მშობლების
მოთხოვნაც იყო, რომ სკოლა გადასულიყო დისტანციურზე, მაგრამ მე ვერ
გეტყვით რეალურად ეს გახდა თუ არა დისტანციურზე გადასვლის
მიზეზი.“
ინტერნეტზე, ტექნიკურ აღჭურვილობაზე ხელმიუწვდომლობა, ინფიცირების
შიშით სკოლაში სიარულზე უარი, - ეს ის მიზეზებია, რაც, სპეციალისტების
აზრით, განათლების ხარისხზე უარყოფითად აისახება. ამ საკითხებზე
ომბუდსმენმაც არაერთხელ გაამახვილა ყურადღება ანგარიშებში.
„მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში, მოსწავლეების და
სტუდენტების დაახლოებით 94% დარჩა განათლების მიღმა ან შეფერხებით
მიეწოდება განათლებასთან დაკავშირებული სერვისები. ხოლო
საქართველოსნაირ დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში დაახლოებით 99%-ია
გავლენა მოსწავლეებსა და სტუდენტებზე. 2020 წლის მონაცემებით,
საქართველოში დაახლოებით 20% არ სარგებლობს ინტერნეტით, ხოლო 35%-ზე
მეტს არ აქვს წვდომა კომპიუტერთან. ხოლო ვისაც აქვს ინტერნეტი,
კვლევების მიხედვით, სარგებლობენ ძირითადად სოციალური ქსელებისთვის.
ეს არის ოფიციალური სტატისტიკა და აქ მოყვანილი ციფრები ეყრდნობა
საქართველოს სტატისტიკის სამსახურის და კომუნიკაციების მარეგულირებელი
ეროვნული კომისიის მონაცემებს“, - აცხადებს სახალხო
დამცველის მოადგილე ეკა სხილაძე.
სახალხო დამცველის მოადგილის შეფასებით, პანდემიის გავლენა მომავალ
წელს უფრო შესამჩნევი იქნება. პრობლემების შესამცირებლად სახელმწიფომ
უნდა შეისწავლოს საჭიროებები და დაეხმაროს მოსწავლეებს, პედაგოგებს,
მშობლებს, გაითვალისწინოს მათი მოთხოვნები.
„იმ ფონზე, როდესაც პანდემიის შედეგად ხალხმა დაკარგა
სამსახური, მათთვის რთული იქნება ინტერნეტის თუ სხვა საჭიროებების
საკუთარი ხარჯებით შეძენა, ამიტომ არის საჭირო სახელმწიფომ შეისწავლოს
მათი საჭიროებები და უზრუნველყოს ისინი განათლების მიღების პროცესში
შესაბამისი რესურსით. გაეროს რეკომენდაცია არის შემდეგი, რომ
განათლების სისტემას უნდა ჰქონდეს მჭიდრო კომუნიკაცია ჯანდაცვის
სექტორთან. რეგიონიდან თუ რომელიმე მუნიციპალიტეტში მაღალია
ინფიცირების შემთხვევები, მაშინ იქ სკოლები უნდა გადავიდნენ
დისტანციურ სწავლებაზე და ყველგან ერთნაირი მიდგომა არ უნდა
ვრცელდებოდეს. შესწავლილი უნდა იყოს მშობლების, მოსწავლეების
საჭიროებები, რამდენად საფუძვლიანია მათი მოთხოვნები და უნდა მოხდეს
მათი გათვალისწინება. პროცესში ჩართული უნდა იყოს ყველა მხარე.
პანდემიის ფონზე, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მომავალ წელს სამწუხაროდ
გაიზრდება სწავლის მიტოვების მაჩვენებელი“ , - ამბობს
ეკა სხილაძე.
განათლების პოლიტიკის სპეციალისტი სიმონ ჯანაშია ფიქრობს, რომ
ინტერნეტის ხელმისაწვდომობაზე და ქსელის გაფართოებაზე ერთობლივად
შეეძლოთ ემუშავათ განათლების და ეკონომიკის სამინისტროებს,
ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობით. სახელმწიფოს შეეძლო
ტექნიკით აღეჭურვა მოსწავლეები, რომლებსაც ონლაინ გაკვეთილებისთვის არ
აქვთ კომპიუტერი, ტელეფონი. მასწავლებლები მოემზადებინა დავალებებისა
და გაკვეთილების ტელეფონით ჩაბარებისთვის. ჯანაშიას შეფასებით,
გაზაფხულიდან მოყოლებული, დისტანციური სწავლების პოლიტიკის
თვალსაზრისით არაფერი გაუმჯობესებულა. ერთადერთი პოზიტიური ცვლილება
ის არის, რომ მასწავლებლებს მეტი გამოცდილება დაუგროვდათ. ეს კი
სახელმწიფოს დამსახურება არ არის. სიმონ ჯანაშია დისტანციურ
სწავლებაზე სახელმწიფოს პასუხისმგებლობასა და საჯარო სკოლების
შეზღუდულ თავისუფლებაზეც საუბრობს.
„დისტანციური სწავლების ინფრასტრუქტურა არის სამინისტროს
პასუხისმგებლობა. ამიტომაც ცდილობს სახელმწიფო, რომ არ გადაიყვანოს
სკოლა დისტანციურ სწავლებაზე და ეს გახდეს მშობლების პასუხისმგებლობა.
ანუ, მშობელი თუ ბავშვს სკოლაში არ გაუშვებს, ამის პასუხისმგებლობას
მშობელს აკისრებს. ჩემი აზრით, ეს არის სერიოზული პოლიტიკური
პრობლემა. იმის მაგივრად, რომ სახელმწიფო, რომელსაც ჩვენ ვაფინანსებთ,
ზრუნავდეს ჩვენი პრობლემების მოგვარებაზე, ცდილობს ეს პრობლემები ისევ
ჩვენ მოგვაგვარებინოს. ცხადია, უნდა უზრუნველყოს დისტანციური
სწავლების პირობები, შერეული სწავლების მეთოდებიც შეეძლო დაენერგა,
დაერიგებინა პირბადეები იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც არ შეუძლიათ
მათი რეგულარულად შეძენა, ასევე სადეზინფექციო საშუალებები და ა.შ.
ზოგადად, ძალიან ბევრი შეზღუდვა აქვთ სკოლების დირექტორებს.
სამინისტრო სკოლებს არც ავტონომიას აძლევს და არც იმ ინსტრუმენტებს
აცნობს, თუ როგორ იმოქმედონ ასეთ კრიტიკულ შემთხვევებში.
წარმოიდგინეთ, სანამ სკოლა შეუთანხმდება სამინისტროს, გადავიდეს თუ
არა დისტანციურზე, ამასობაში შეიძლება გავრცელდეს ვირუსი ამ
სკოლაში“.
სკოლების დამოუკიდებლობასთან,მათ შორის სახსრების განკარგვასთან
დაკავშირებით სამინისტრო წერილში გვპასუხობს:
„საჯარო სკოლა არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი და,
შესაბამისად, თავად განკარგავს ბიუჯეტს გონივრულად და
რაციონალურად.“
საჯარო სკოლის ადმინისტრაციების წარმომადგენლები კი გვეუბნებიან, რომ
გადაწყვეტილებების ნაწილი სამეურვეო საბჭოსთან თანხმდება, ნაწილი კი
განათლების სამინისტროსთან. რაც შეეხება რესურსის განკარგვას.
მიუხედავად იმისა, რომ სკოლები ამ დრომდე დისტანციურ რეჟიმში
სწავლობენ, მათ გარკვეულ კატეგორიას კომუნალური გადასახადების
საფასურს განათლების სამინისტრო ფარავს, მაღალმთიან ზონებში არსებული
სკოლების შემთხვევაში კი სოფლის სტატუსიდან გამომდინარე,
გამოთავისუფლებულები არიან გადასახადებისგან. გარდა ამისა,
სკოლებისთვის თოთოეულ მოსწავლეზე განკუთვნილია ვაუჩერი. მაგალითად:
2018 წლის მონაცემებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თითოეულ ბავშვზე
ქვეყანაში საშუალოდ 1 123 ლარია გამოყოფილი. ბორჯომში, სკოლების
დირექტორები კი გვპასუხობენ, რომ ამ ვაუჩერზე დარიცხული თანხის
გამოყენება კანონით არის განსაზღვრული და ამ ჩარჩოებს ვერ გაცდებიან.
შესაბამისად, მოსწავლის საჭიროებებზე მორგებულ გადაწყვეტილებას სკოლა
ამ ვითარებაში ვერ იღებს.