ინტერაქტიული მულტიმედია
ექიმების პირად სახსრებზე დამოკიდებული ჯანდაცვა სოფლად
ტაბაწყურში სჯერათ, რომ კორონავირუსით ჯერ კიდევ პირველი ტალღის დროს იავადეს. მაშინ ქვეყანაში შიდა გავრცელება არ იყო, თუმცა სომხეთიდან ან რუსეთიდან შინ დაბრუნებულებს, თეორიულად, ვირუსის „ჩამოტანა“ შეეძლოთ. ამის მტკიცებულებად არც ტესტის პასუხები არსებობს და არც ექიმის ჩანაწერი. ტაბაწყურში, ბალანთაში, ჭიხარულასა და მოლითში პანდემიის პერიოდშიც კი, ექიმს იშვიათად ხედავენ. ბორჯომის მაღალმთიანი ზონის ოთხი სოფელი კვლავ სამედიცინო დახმარების გარეშე რჩება და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციის დეფიციტს განიცდის.



ტესტი არ გაუკეთებია, მაგრამ დარწმუნებულია, რომ კოვიდ 19-ით დაინფიცირდა და ვირუსი უკან მოიტოვა. ასია ანტონიანი ბალანთის სკოლის ახალგაზრდა პედაგოგია. მაღალი ტემპერატურისა და ყნოსვა-გემოს დაკარგვის შემდეგ, ბორჯომის მაღალმთიან სოფელ ჭიხარულადან 112-ში დარეკა.

„სასწრაფოს რომ დავუძახეთ გვითხრეს ბორჯომს ამ დროისთვის ორი სასწრაფოს ბრიგადა ჰყავს, თუ მდგომარეობა რთული არ არის, არ წამოვა, თვითონ ჩამოდით ბორჯომში და ტესტი გაიკეთეთო“.

ამასობაში, ვირუსის სიმპტომები ასიას მამას გამოუვლინდა. ტესტის გასაკეთებლად ბორჯომამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვერ იმგზავრებდა, საჭესთან დაჯდომაც გაუჭირდა. მამა-შვილმა ტესტი ვერ გაიკეთა. ანტონიანების ინფიცირებული ოჯახი სოფლის ექთნის იმედად აღმოჩნდა.

ადგილობრივმა ექთანმა ასიას უთხრა, რომ პაციენტებთან პირისპირ კონტაქტის უფლება არ აქვს და სატელეფონო რეკომენდაციით შემოიფარგლა. ასიას დედამ რჩევების მისაღებად სომხეთში მეგობარ ექიმს დაურეკა.

25 წლის მასწავლებელს წარმოდგენაც უჭირს, რა შეიძლებოდა მომხდარიყო, ოჯახის რომელიმე წევრს მდგომარეობა რომ გართულებოდა. თვითდადასტურებულმა ვირუსმა შედარებით მსუბუქი ფორმით, ვიტამინებისა და პარაცეტამოლის ფონზე ჩაიარა. ასიას სოფლის ექიმთან არ უსაუბრია. როგორც იცის, ის ექთანმა საქმის კურსში ჩააყენა. ჭიხარულას ექიმი ადგილობრივი არ არის და სოფელში ორ-სამ კვირაში ერთხელ ადის.

ექიმი ადგილზე არ ჰყავთ არც ჭიხარულას მეზობელ სოფლებში.





„ჩვენ ავადმყოფობის უფლება არ გვაქვს, ავად რომ გავხდეთ ვინ მოგვხედავს, ექიმი არ გვყავს“, - ამბობენ ტაბაწყურში. ბორჯომიდან 72 კილომეტრით დაშორებულ მთის სოფელში ძირითადად ეთნიკური სომხები ცხოვრობენ.

ბორჯომის მაღალმთიანი ზონის ოთხ სოფელს ორი ამბულატორია, ორი ექიმი და სამი ექთანი ემსახურება. ბალანთაში, ჭიხარულაში, ტაბაწყურსა და მოლითში რეალურად მხოლოდ ადგილობრივი ექთნები მუშაობენ. ექიმები ბორჯომიდან სოფლებში რეგულარულად ასვლას პანდემიის პირობებშიც ვერ ახერხებენ. ისინი სოფლებს, უკეთეს შემთხვევაში, სამ კვირაში ერთხელ სტუმრობენ.

მოსახლეობის მოთხოვნა, ადგილზე მუდმივად ჰყავდეთ ექიმი, ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა.
ე.წ. ზედა ზონაში მცხოვრებლები ნაკლებად ინფორმირებულები არიან, და არსებულ რეგულაციებსაც არ იცავენ. მთელი დღის განმავლობაში ოთხივე სოფელი მოვიარეთ. ქუჩაში, „ბირჟებზე“, მაღაზიებში, არსად, არც ერთ ადგილობრივს პირბადე არ უკეთია.




ინტერვიუები ჩაწერილია 13 ნოემბერს.


ტაბაწყურში  პირბადით ერთადერთი ადამიანი შეგვხვდა. გვითხრა, რომ ასთმა აქვს და პანდემიის დაწყებიდან თავს იცავს.

მეშინია და იმიტომ ვატარებ, ჯანმრთელობას ვუფრთხილდები, აქაურებს არ სჯერათ ვირუსის და ამბობენ ეგ რაღაც თამაშიაო“.

ოთხ სოფელში ექიმებზე მეტად ექთნები ეიმედებათ. სუსანა აკოფიანი  ტაბაწყურელ პაციენტებს ამბულატორიის ნაცვლად, საკუთარ სახლში, როგორც  ამბობს, „რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ მკურნალობს. თუ პაციენტი მასთან ვერ მიდის, დღე-ღამის ნებისმიერ დროს, მათ თავად აკითხავს. ასეა უკვე 45 წელი.

სოფლის ექთანი ვარაუდობს, რომ ადგილობრივების ნაწილმა კორონავირუსი გაზაფხულზე ისე გადაიტანა, არც ტესტი გაუკეთებია  და არც კლინიკებში წასულა სამკურნალოდ. პანდემიის პირობებშიც, სოფლის მთავარ იმედს, პირველადი საჭიროების მედიკამენტების შესაძენად მგზავრობა საათობით უწევს.




ტაბაწყურის ამბულატორია, სადაც ექიმი და ექთანი ერთად უნდა მუშაობდეს, მუდმივად გამოკეტილია. წლებია  იქ  მედპერსონალს არ უმუშავია თუმცა უკვე ორჯერ გაარემონტეს. გასულ წელს აშენდა ახალი ამბულატორია ბალანთაში, სადაც ამ დრომდე სასმელი წყლის და კანალიზაციის პრობლემა აქვთ. ელემენტარული ჰიგიენის დასაცავად იქ წყალს მედიკოსები ეზიდებიან. მაღალმთიანი ზონის ორივე ამბულატორია დაკეტილი დაგვხვდა.



ბალანთის ექიმი ოლიკო ლომიძე ბორჯომში ცხოვრობს. სოფელში სიარული მისთვის სერიოზული გამოწვევაა. ორ-სამ კვირაში ერთხელ  ადის და ექთნის ოჯახში რამდენიმე დღით რჩება.

ეს არის ძალიან მტკივნეული თემა ჩვენთვის. ყოფილა შემთხვევა, რომ მოვმზადებულვარ, წავსულვარ და ტრანსპორტი არ ყოფილა. სერიოზულად გვაფერხებს უტრანსპორტობა წასვლაზეც და წამოსვლაზეც. თუ მოაგვარებს გამგეობა ტრანსპორტის პრობლემას, მე ყოველ კვირასაც ავალ სოფელში.“

ოლიკო ლომიძე სადეზინფექციო საშუალებების და ერთჯერადი დამცავი ნივთების სიმწირეზეც ამახვილებს ყურადღებას.

ჰიგიენის საშუალებები ნამდვილად არ გვაქვს. მედიკამენტების მხრივ პრობლემები არ არის. პირბადეები ძალიან ცოტა გვაქვს უკვე, თითქმის აღარ გვაქვს. ერთჯერადი ხალათიც იმიტომ არის ერთჯერადი, რომ გამოვიყენოთ და გადავაგდოთ.“

მართალია, ჭიხარულელების ნაწილი ამტკიცებს, რომ  კორონავირუსი გადაიტანა, ადგილობრივი ექთანი რიფსიმე გვარწმუნებს, რომ სოფელში ჯერ ინფიცირების შემთხვევა არ ყოფილა.

არ არის ჩვენთან კოვიდი, აქ ვარ სოფელში და არ ყოფილა შემთხვევა.“

საეჭვო სიმპტომების გამოვლენისას, რიფსიმე პაციენტებს შინ აკითხავს.

ვიცვამ ხალათს, ხელთათმანებს, ვიკეთებ პირბადეს და ისე მივდივარ. პირბადეები და ხელთათმანები ჩვენმა ექიმმა ამოგვიტანა. 11 ნოემბერს იყო ჩვენთან მოსული, აი ერთჯერადი ხალათები კი გვიჭირს. ერთი თეთრი ხალათი მაქვს და პაციენტთან რომ მივდივარ, იმის მერე ვრეცხავ და ისევ ვიყენებ, ახლა ერთჯერადი ხალათი აღარ მაქვს.“

როგორ უნდა მოიქცეს მაღალმთიანი სოფლის ექთანი გართულებული შემთხვევის დროს, ზუსტად ვერ გვპასუხობს. იმას კი გვიდასტურებს, რომ სოფელში სასწრაფო არ მიდის.

ბოლოს ორი-სამი შემთხვევა გვქონდა, კოვიდი არ იყო, ისე გაურთულდათ მდგომარეობა აქაურებს, წნევა ჰქონდა ერთს, ფილტვების ანთება, მაგრამ სასწრაფო არ მოვიდა და ისინი თვითონ წავიდნენ ახალქალაქში“, - გვიყვება რიფსიმე.

კორონავირუსის პანდემიის გამოცხადებიდან, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ახალი პროტოკოლი არაერთხელ დაამტკიცა. ჭიხარულის ექთანმა კი გადამზადება მხოლოდ ერთხელ, გაზაფხულზე, სამდღიან ტრენინგზე გაიარა. ახლა გვეუბნება, რომ სწავლის დრო არ აქვს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის  სოფელ დვირს და ქვაბისხევს ორი ამბულატორია და სამი მედიკოსი ემსახურება. ქვაბისხევში ექიმი კვირაში ერთ დღეს ატარებს, დანარჩენი ოთხის განმავლობაში  დვირის მოსახლეობას ემსახურება.

იზოლდა ლომიძე პანდემიის მეორე ტალღის დროს  თვითონაც დაინფიცირდა. ექიმმა ვირუსი  უსიმპტომოდ გადაიტანა და რომ არა ტესტის დადებითი პასუხი, ვერც დაიჯერებდა ინფიცირების ფაქტს. პაციენტებს იზოლაციაში მყოფიც მართავდა. ყველაზე რთულ ამოცანად  ჯანდაცვის პროტოკოლით გათვალისწინებულ, დისტანციურ ურთიერთობას მიიჩნევს. პაციენტები მაინც მიდიან ამბულატორიაში და   ფილტვების მოსმენას ან სხვა სახის დახმარებას სთხოვენ.





პირველი ტალღის დროს გამგეობამ რომ მოგვცა სადეზინფექციო ხსნარები, ის გვაქვს ისევ შემორჩენილი და ჩვენ თვითონაც შევიძინეთ. პაციენტებიც რომ მოდიან და არ აქვთ ნიღაბი, ჩვენ ვაძლევთ, მაგრამ ჩვენც ძალიან მცირე რაოდენობით გვაქვს და, ალბათ, შევიძენთ ისევ, როცა გამოგველევა“.

ექიმი მძიმე პაციენტთან სასწრაფო დახმარების დაგვიანების შემთხვევას იხსენებს. მის გადასარჩენად იზოლდა ლომიძეს პირადი კონტაქტების გამოყენება დასჭირდა. პაციენტებზე ზრუნვის პარალელურად, იზოლდა ლომიძე ონლაინ ტრენინგებსაც ესწრება.

ტრენინგი კვირაში ორჯერ, საღამოს საათებში გვაქვს და ძირითადად სახლიდან ვერთვებით. ბოლო ტრენინგებზე ახალი პროტოკოლი გაგვაცნეს და გვასწავლეს როგორ ვმართოთ პაციენტი ბინაზე, როგორც მძიმე, ისე მსუბუქი შემთხვევა.“

პაციენტებთან მუდმივ სატელეფონო კავშირზე მყოფი ექიმები მობილურის ბალანსსაც საკუთარი ხარჯით ავსებენ.

ჩვენი როლი თითქოს უფრო მოკრძალებულია და წესით უნდა გადავამისამართოთ პაციენტი, მაგრამ მუდმივად გვიწევს კომუნიკაცია როგორც ტელეფონით, ასევე პირისპირ. უფასო სატელეფონო მომსახურება არ გვაქვს. ძალიან გვიჭირს ჰიგიენის ერთჯერადი საშუალებები. ერთხელ გამგეობამ გამოგვიგზავნა, ერთხელ 112-ის ადგილობრივი სამსახურისგან მივიღეთ, ჩვენც ვყიდულობთ, სხვა გზა არ არის, - გვიყვება ტბის თემის ექიმი ქეთევან კალანდაძე.




ბორჯომის მუნიციპალიტეტში არსებული თორმეტივე სოფლის ამბულატორიის შენობა ბორჯომის მერიის ბალანსზეა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დაქვემდებარებაში არიან სოფლის ექთნები და ექიმები. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს ხშირად უწევთ მათი დახმარება, ზამთარში შეშით, გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში ტრანსპორტით, ინტერნეტის უზრუნველყოფით.

ასე, გამოზოგილი ჰიგიენის და დამცავი საშუალებებით მუშაობენ ბორჯომში სოფლის ექიმები და ექთნები, ვისაც მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლი ევალებათ.

ეპიდემიოლოგი მაია ბუწაშვილი პირველადი ჯანდაცვის მთავარ  პრობლემებად მიიჩნევს იმას, რომ ექიმებს არ აქვთ ბერკეტი და ეფექტური საშუალებები მოზღვავებული პაციენტების სამართავად.

ძალიან დატვირთულები არიან და არც ისე ადეკვატურად დატრენინგებულები. პრაქტიკული უნარ-ჩვევები არ აქვთ და ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან ამ მხრივ. ეს მათი ბრალი არ არის. არის დიდი ზეწოლა პაციენტების მხრიდან. სულ ლაპარაკია, რომ ადამიანებს ჰქონდეთ ჟანგბადის საზომი აპარატები, ასე სოფლის ექიმი უფრო მარტივად მიხვდება, რომელი პაციენტი მძიმდება. ახლა მათ თუ პაციენტი სტაციონარში გადაჰყავთ საყვედურობენ, ზედმეტად რატომ გადაჰყავთ, თუ ბინაზე მძიმდება, საყვედურობენ, რომ დროულად ვერ ამოიცნო დამძიმებული პაციენტი.“

მაია ბუწაშვილი ერთ-ერთია, ვინც ოჯახის ექიმებს ონლაინ ტრენინგებს უტარებს. ტრენერი ამბობს, რომ ექიმების გადამზადება გვიან დაიწყო და ძირითადად  დისტანციურად მიდის, რაც არაეფექტურია.

მაგალითად, ვერ ხერხდება სიმულაციები, მოდელირება და ინსცენირება. შესაძლებლობა არ არის უფრო ინტერაქტიული იყოს ტრენინგი. მეტი სავარჯიშო ვერ კეთდება. ფაქტობრივად, ლექციის ხასიათი აქვს.“

რატომ არ აქვთ სოფლის ექიმებს საჭირო რაოდენობის დამცავი და სადეზინფექციო საშუალებები? რას აკეთებს ჯანდაცვის სისტემა,  ვირუსთან ხშირად შიშველი ხელებით მებრძოლი  პერსონალის დასაცავად? რა თანხა იხარჯება სოფლის ექიმების ანაზღაურებაზე და აღჭურვაზე? რატომ არ იცვლება დაფინანსება და მხარდაჭერა პანდემიის პირობებში? - ამ კითხვებზე პასუხებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისგან  10 დღის განმავლობაში ველოდით, მგრამ უწყებას ეს დრო უარის სათქმელად დასჭირდა. მიზეზად მოუცლელობა და ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება დაგვისახელეს.

ბორჯომის სოფლებში მედპერსონალს მალე სადეზინფექციო და დამცავი საშუალებები სრულად ამოეწურება. მაღალმთიან ზონაში თოვლი  ქალაქთან დამაკავშირებელ გზას ჩაკეტავს. ბორჯომიდან და ბაკურიანიდან დასახლებებში სასწრაფო ვეღარ მივა. ექიმები კი სოფლებამდე  ახალქალაქის შემოვლითი გზით თუ მიაღწევენ. მათი ვიზიტები იქ კიდევ უფრო იშვიათი გახდება. კორონავირუსი კი უკან არ იხევს.

 

 

Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.