ინტერაქტიული მულტიმედია
21-ე საუკუნის ბორჯომის სოფლები ბუნებრივი აირის გარეშე - რას ამბობენ კანდიდატები




8 სოფლის მთავარი ნატვრა


საკირეში მცხოვრები ნარიზი ელიკაშვილი,  31 წელია დასახლებაში ბუნებრივი აირის შეყვანას ელოდება. ზუსატად ამდენი წელია, რაც გორიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტში გათხოვდა. წლებია ელოდება, როდის შეიცვლება მისი ყოველდღიური რუტინა და როდის შეძლებს იმ ელემენტარულ პირობებში ცხოვრებას, როგორშიც ბორჯომის გაზიფიცირებულ სოფლებში ცხოვრობენ, როგორსაც მთავრობა მათ არაერთხელ დაჰპირდა.

ზაფხულის ცხელ დღეებში ეზოში, გახურებულ შეშის ღუმელთან უწევს პურის ცხობაც, სადილის და ზამთრის მარაგის მომზადებაც. დიდი ოჯახის დიასახლისი, წლების განმავლობაში ღუმელთან დაკარგულ დროზე, ენერგიაზე და ჯანმრთელობასთან ერთად, ფინანსებზეც საუბრობს. ელ. ენერგიის და საშეშე მერქნის გამოყენება ოჯახს ძვირი უჯდება.




საკირის მსგავსად, ბუნებრივი აირი არ აქვს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის კიდევ 7 სოფელს (დვირი,დგვარი, ტაძრისი,ქვაბისხევი, ჩითახევი, ჭობისხევი,ლარები). სულ 8 სოფელში 4 000-მდე ადამიანი ცხოვრობს. აქდან ნახევარზე მეტი ქალია. უგაზობა სოფლებში ქალებს განსაკუთრებით აწუხებთ და ნომერ პირველ პრობლემად მიიჩნევენ.

ამ სოფლებში, წლების წინ ბუნებრივ აირთან ერთად, არც მოასფალტებული გზები იყო, არც გარე განათებები და არც რიტუალების სახლები. ეტაპობრივად ეს პრობლემები მოგვარდა, ერთადერთი რასაც ამ დასახლებებში, 90-იანი წლებიდან დღემდე ნატრობენ ბუნებრივი აირია.





გაჩეხილი ტყე და გავლენა გარემოზე


იმის გამო, რომ დასახლებებში, ბუნებრივი აირი ამ დრომდე არ აქვთ, 8 სოფელში მცხოვრები ყველა ოჯახი, ზამთარში გასათბობად შეშას იყენებს. ზაფხულში კი ელ. ენერგიის მაღალი ტარიფის გამო, უმეტესობას ისევ საშეშე მერქნის გამოყენება უწევს.




ეს იმას ნიშნავს, რომ ოჯახები მთელი წლის განმავლობაში შეშას საჭიროებენ. საშეშე მერქანს კი დასახლებებთან ახლოს მდებარე ტყეებში ჭრიან. წლის განმავლობაში ერთი ოჯახი საშუალოთ 10-15 კუბამეტრ საშეშე მერქანს მოიხმარს.

შეშას იყენებენ გასათბობად ამ სოფლებში არსებული საჯარო სკოლების და საბავშვო ბაღების უმეტესობაც.



რატომ არ შეჰყავთ ბორჯომის სოფლებში გაზი?

„სოკარ ჯორჯია გაზი“ ეს არის კომპანია რომელიც ბორჯომის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი აირის მოწოდებაზეა პასუხისმგებელი. კომპანიაში გვითხრეს, რომ ქვეყნის მასშტაბით, გაზიფიცირების გარეშე დარჩენილ დასახლებულ პუნქტებში, ბუნებრივი აირის შეყვანას, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ახორციელებს.

„შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ არის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანია და, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, ვალდებულია განახორციელოს კომპანიის სალიცენზიო არეალის ფარგლებში, გაზგამანაწილებელ ქსელზე, ახალი მომხმარებლების მიერთება, ასევე ჩაატაროს ყველა აუცილებელი მოქმედება, რაც დაკავშირებულია მის მფლობელობაში არსებული გაზგამანაწილებელი ქსელის მოვლა-პატრონობასთან და საჭიროების შემთხვევაში - რეაბილიტაციასთან.“ - გვითხრეს კომპანიაში.


გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ვებ. გვერდზე ვკითხულობთ, რომ გაზიფიცირების სამწლიანი (2019-2021) გეგმის ფარგლებში, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას, მთავრობის განკარგულებით, დაევალა, ქვეყნის მასშტაბით, მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგების მიზნით, 384 დასახლებულ პუნქტში არსებული, 88 363 აბონენტის ბუნებრივი გაზით მომარაგებისთვის, განახორციელოს გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები.
ამ დროისთვის მიმდინარე პროექტებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის 8 სოფელი საერთოდ არ იძებნება.

როდის დაიწყება და იგეგმება თუ არა საერთოდ ბორჯომის სოფლების გაზიფიცირება? - ამ კითხვით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მივმართეთ. ათ დღიანი ლოდინის და დაპირების მიუხედავად, უწყებამ კითხვაზე არ გვიპასუხა.

საქართველოს მთავრობამ კი, 31 ოქტომბრის არჩევნებამდე, ორი დღით ადრე, ქვეყნის 211 დასახლების გაზიფიცირების გეგმა დაამტკიცა.
გეგმის მიხედვით, მთავრობა გვპირდება 2021-2024 წლებში 211 გაზიფიცირებულ სოფელს და დაახლოებით 33 000 ოჯახს.

იგულისხმება თუ არა, კიდევ სამი წლით გახანგრძლივებული გაზიფიცირების გეგმაში, ბორჯომის 8 სოფელი, ისევ უცნობია.

იქამდე კი, ვიდრე მთავრობა, გეგმის სრულ და დაკონკრეტებულ ვერსიას გაასაჯაროვებს, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, დეპუტატობის კანდიდატების დაპირებებში, 8 სოფლის გაზიფიცირების თემამ არაერთხელ გაიჟღერა.


უშედეგო დაპირებები

როგორც ჩანს, ოცდამეერთე საუკუნეში, ცივილიზაციის მნიშვნელოვანი კომპონენტის, ბუნებრივი აირის შეყვანა ბორჯომის სოფლებში, მთავრობისთვის არარენტაბელური და ნაკლებად პრიორიტეტულია.

ასე იყო მაშინაც, როდესაც, სხვადასხვა დროს, ხელისუფლებაში მოსვლის მსურველები, ბორჯომის უგაზოდ დარჩენილ სოფლებს, არჩევის და ხმის მიცემის სანაცვლოდ დასახლებებში ბუნებრივი აირის შეყვანას პირდებოდნენ და ასეა დღესაც.

2020 წლის 31 ოქტომბრის, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ბორჯომი, ადიგენი, ასპინძის დეპუტატობის კანდიდატები დაპირებებს ახლაც, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებშიც უხვად გასცემენ. მოსახლეობასთან შეხვედრების დროს, არ ავიწყდებათ არც უგაზო სოფლების გაზიფიცირებაზე საუბარი. თუმცა კონკრეტულად რა გეგმა აქვთ 8 სოფლის მრავალწლიანი პრობლემის გადასაჭრელად ვერ ასახელებენ, აქვთ მხოლოდ ზოგადი მოსაზრებები
.




რას ამბობენ დეპუტატობის კანდიდატები სამცხეში?


ზურაბ ჩილინგარაშვილი, ევროპული საქართველოს დეპუტატობის კანდიდატი სამცხეში - „2020 წელია და ბორჯომის სოფლებს არ ჰქონდეს გაზი ეს უკვე დანაშაულია. ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაბერილი შტატების შემცირება და გამოთავისუფლებული თანხები, მომცემდა შესაძლებლობას მეზრუნა ამ პრობლემის გადაწყვეტაზე. ასევე სახელმწიფოს წინაშე ვალდებულია ის კომპანია, რომელიც გაზის მიმწოდებელია, რომ მოახდინოს გაზიფიცირება. ეს უნდა მოხდეს იმ ამოღებული თანხებით, რომელსაც ბორჯომში მოსახლეობისგან იღებს ეს კომპანია“

ვაჟა ჩიტაშვილი, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატობის კანდიდატი - „ჩვენ, ნაციონალურ მოძრაობას გვადანაშაულებდნენ ბიზნესზე ზეწოლაში,ზეწოლა კი არა ეს იყო თხოვნა. სოკარის ხელმძღვანელობასთან გვქონდა თხოვნა, რომ ამა თუ იმ სოფელში დაეჩქარებინათ გაზიფიცირება და გრაფიკში ჩასმა. ახლა მიმწოდებელი ფირმა „თავისუფალია“, შეიძლება ასე ითქვას და არ აწყობს გაიყვანოს მაგისტრალი მოშორებულ სოფლებში, ურჩევნია რუსთავში ან თბილისში, ერთ კორპუსში შეიყვანოს გაზი და მიიღოს იმდენივე აბონენტი, რამდენსაც ერთ კონკრეტულ სოფელში მიიღებდა.
ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს საკითხის კარგად შესწავლა და ადგილობრივი თუ ცენტრალური ბიუჯეტის ამ პროცესში წილობრივი ფინანსური მონაწილეობა.
რომ არა ჩვენი ხელისუფლებიდან წასვლა 2012 წელს, ეს პრობლემა ალბათ უკვე მოგვარებული იქნებოდა“

დავით გოგიჩაიშვილი, პატრიოტთა ალიანსის დეპუტატობის კანდიდატი სამცხეში - მე პარლამენტში ვალდებული ვიქნები მივიღო კანონპროექტი, წავახალისო ის კერძო კომპანია, რომელიც აპირებს გაზიფიცირებას სოფლებში. ამით დაიზოგება ხე-ტყეც. მე ღიად ვისაუბრებ პარლამენტში და მოვახდენ სტიმულირებას იმ კომპანიის, რომელიც ვალდებულია გააკეთოს გაზიფიცირება სოფლებში.

ანტონ ობოლაშვილი, ქართული ოცნების დეპუტატობის კანდიდატი - აუცილებელია ამ სოფლების გაზიფიცირება, თუ არ გვექნება ეს სოფლები გაზიფიცირებული, ვერ ვისაუბრებთ ვერც სოფლის მეურნეობის და ვერც ტურიზმის განვითარებაზე. მე ძალ-ღონეს არ დავიშურებ, ვიშრომებ ჩვენს მოსახლეობასთან ერთად, რომ დროულად მოხდეს გაზიფიცირება. მე ვპირდები მოსახლეობას გვერდში დგომას და გულწრფელობას.

ბორჯომი,ადიგენი, ასპინძა, ახალციხის მაჟორიტარულ ოლქში, დეპუტატობისთვის 13 კანდიდატი იბრძვის. 31 ოქტომბერს გახდება ცნობილი რომელი მათგანი მოიპოვებს ხალხის ნდობას და დეპუტატის მანდატს საკანონმდებლო ორგანოში.

რაც მთავარია შეასრულებს თუ არა ბორჯომის 8 სოფლისთვის მიცემულ დაპირებას. ისარგებლებს თუ არა დასახლების 4000 მცხოვრები ბუნებრივი აირით მომდევნო 4 წლის განმავლობაში.თუ ისევ „გადავადდება“ გაზიფიცირება ახალი დეპუტატობის კანდიდატების, ახალ დაპირებებამდე.









Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.