ბორჯომის მაღალმთიან სოფლებში
მცხოვრები ქალების ყოველდღიურობა, ერთფეროვანი და დამღლელია. მათი
უმეტესობა კი მხოლოდ ოჯახშია „დასაქმებული“.ასე ამბობენ ქალები, რომლებიც
ბორჯომიდან 70 კილომეტრის დაშორებით, მაღალმთიან სოფლებში ტაბაწყურში,
მოლითში, ბალანთასა და ჭიხარულაში ცხოვრობენ. ეს სოფლები ძირითადად
ეთნიკური სომხებით არის დასახლებული.
გოგონების ნაწილი უმაღლეს განათლებას იღებს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში
ადრეულ ასაკში თხოვდება და მიღებული განათლების გამოყენებას და
დასაქმებას ვეღარ ახერხებს. არიან გამონაკლისებიც.
ამ მულტიმედია მასალაში, გაგაცნობთ ქალებს, ბორჯომის მაღალმთიანი
სოფლებიდან. მოგიყვებით მათ გამოწვევებზე, მიღწევებზე და
სურვილებზე.
რაია
ხაჩატრიანი - ტაბაწყურის შესასვლელში, ერთ-ერთ ეზოში სარეცხს
ფენს. 26 წლისაა და ამ სოფელში ახალქალაქიდან გათხოვდა. ოჯახი 20 წლის
ასაკში შექმნა. ახლა ერთ შვილს ზრდის და ოჯახს უვლის. ქართულად კარგად
საუბრობს, რაც ამ მხარეში იშვიათობაა.
„ახალქალაქში, ჩემ ოჯახში
ქართველი გოგო ცხოვრობდა, ქართულს ასწავლიდა სკოლაში და მეც ქართული
მასთან ურთიერთობით ვისწავლე. ყველაზე მეტად გული იმაზე მწყდება, რომ
განათლება მივიღე და ვერ ვმუშაობ. ახალქალაქში უნივერსიტეტი
დავამთავრე, ოფის მენეჯერი ვარ, მაგრამ აბა აქ სად უნდა ვიმუშაო. ახლა
ბავშვიც წამოიზარდა, ერთადერთი ადგილი სადაც დასაქმებაა შესაძლებელი
სკოლაა. იმედი მაქვს აქ მაინც შევძლებ მუშაობის დაწყებას“ -
გვიყვება რაია.
გვიამბობს, რომ მისი ყოველი დღე სახლის საქმეებით და ოჯახის მოვლით
შემოიფარგლება. ხანდახან სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე სეირნობს და
თან კენკრას კრეფს. ახლა ყველაზე მეტად უნდა რომ სამსახური
ჰქონდეს.
მარია აკოფიანი, კარინა
მინასიანი და ლაურა მარქარიანიერთ ოჯახში ცხოვრობენ. კარინა ოჯახის პატარა
რძალია, ლაურა მისი დედამთილი, ხოლო მარია კი ლაურას დედამთილი და
დიდი ოჯახის ყველაზე ასაკიანი წევრია.
ჩვენთან საუბარს 22 წლის კარინა
იწყებს - „აქ მარტო წვალებაა, ვწვალობთ და ვშრომობთ. აქ
საინტერესო არაფერი ხდება“
კარინა წალკაში ცხოვრობდა, მომავალმა მეუღლემ 16 წლის ასაკში მოიტაცა.
17 წლის იუბილე უკვე დაოჯახებულმა, მეუღლის ოჯახში აღნიშნა. ახლა 2
ბიჭის დედაა.
„მე გათხოვებამდე სტილისტის კურსები გავიარე, ვფიქრობდი ამ
მიმართულებით დავსაქმდებოდი მომავალში, მაგრამ აბა აქ სად უნდა
დავსაქმდე. სილამაზის სალონი კი არა, საბავშვო ბაღიც კი არ არის,
ბავშვები რომ ვატაროთ. 4 სოფელია და არცერთი საბავშვო ბაღი.“
- გვიყვება კარინა.
მარია ბებო და მისი უფროსი რძალი კი ძირითადად ოჯახის საქმეებით არიან
დაკავებული. ბებო უმცროს რძალს, ბავშვების გაზრდაში ეხმარება. ლაურა
კი დილიდან საღამომდე, უამრავი საქმით არის დატვირთული. დიდი ოჯახი,
ოთხფეხა პირუტყვის მოვლა, დასამუშავებელი მიწები, ეს ყველაფერი მისი
ყოველდღიურობაა.
ამ ქალებისგან განსხვავებით, უკვე
დასაქმებულია 14 წლისირინა მარტიროსიანი.
თვლის, რომ ახალგაზრდები აქაურობას,
აქ არსებული რთული ცხოვრების გამო ტოვებენ და რუსეთში ან სომხეთში
მიდიან საცხოვრებლად და სამუშაოდ. გადაწყვიტა, რომ ჯერ სასკოლო და
შემდეგ უმაღლესი განათლება მიიღოს, ბევრი ენა ისწავლოს და
პროფესიონალი გიდი გახდეს. იქამდე კი ეს საქმიანობა უკვე შეითავსა და
მთის სოფლების სტუმრებს მეგზურობას უწევს, შესაბამისი ანაზღაურების
სანაცვლოდ.
ოცნებაც აქვს, უნდა უმაღლესი განათლება მიიღოს, შემდეგ ისევ საკუთარ
სოფელს დაუბრუნდეს. ტაბაწყურის ტბაზე კი კაფე გახსნას, მეტი ვიზიტორი
მოიზიდოს და რაც შეიძლება მეტ ადამიანს გააცნოს ბორჯომის მაღალმთიანი,
ტაბაწყურის ტბის პირას გაშენებული მშობლიური სოფელი.
ნათია მელიქიძე - 28
წლისაა და სოფელ ბალანთაში ცხოვრობს. სკოლა ამავე სოფელში დაამთავრა,
შემდეგ ახალქალაქში თექის დამუშავება ისწავლა, მაგრამ ბალანთაში
ნასწავლი ხელობა ვერ გამოიყენა. ოჯახს მიწების დამუშავებაში და
ბოსტნეულის მოყვანაში ეხმარება, პარალელურად სახლის, ყოველდღიურ
საქმესაც აკეთებს. ქალაქში ცხოვრებაზე ოცნებობს.
„აქ წვალება მეტია, რთულია
ბალანთაში ცხოვრება. ქალაქში ალბათ უფრო საინტერესო იქნება, მეტი
ადგილია დასაქმებისთვის, გართობისთვის. იქ უფრო საინტერესოდ
ვიცხოვრებდი ალბათ“ - ამბობს გულდაწყვეტილი და კარტოფილის
ნარგავებს სარეველა ბალახს აშორებს.
ასეთია ქალების ყოფა ბორჯომის
მაღალმთიან სოფლებში. ოჯახი, შვილები, სახლის საქმე და ოცნება
უკეთეს მომავალზე.
საქართველოში, რომ დამკვიდრებულია
უთანასწორო დამოკიდებულებები ქალების საზოგადოებრივ ცხოვრებაში
მონაწილეობისა და მათი ლიდერობის მიმართ, ამას გაეროს ერთობლივი
პროგრამა „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში მომზადებული
კვლევის ანგარიშიც ნათელს ჰფენს.
"ქვეყანაში კარიერული
წინსვლისას, ქალებს მეტი სირთულე ხვდებათ. პასუხად კითხვაზე: თუ რას
მიიჩნევენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობისას ყველაზე დიდ
წინააღმდეგობად, ქალებმა საკუთარი ოჯახური მოვალეობები
დაასახელეს.
შვილებზე ზრუნვის თაობაზე
საუბრისას გამოვლინდა, რომ რესპონდენტები მათ მოვლას, ძირითადად,
ქალების მოვალეობად მიიჩნევენ.
გენდერული ნორმები
კვლავაც ახდენს გავლენას ოჯახური ვალდებულებების განაწილებაზე და
ქალებს სხვა შესაძლებლობების გამოყენებაში უშლის ხელს." -
ვკითხულობთ კვლევის ანგარიშში.
მაშინ როცა შვილებზე ზრუნვის პასუხისმგებლობა, ოჯახში შრომა, მიწის
დამუშავება, ოთხფეხა პირუტყვის მოვლა და მოსავლის მოყვანა ძირითადად
ქალებს ეკისრებათ, გასაკვირი არ არის, რომ მაღალმთიან სოფლებში
ქალების „დასაქმების“ ერთადერთ ადგილად საკუთარი ოჯახი
რჩება.