ბაკურიანის საკარანტინე ზონებში ამჟამად 175 ადამიანია გადაყვანილი
ბაკურიანში დღეს ორი საკარანტინე ზონა მოეწყო. 175 ადამიანი ორ
სხვადასხვა სასტუმროში გადანაწილდა. ერთ-ერთ სასტუმროში ამჟამად
მოთავსებულია 147 მოქალაქე.
არსებული ინფორმაციით, ისინი ძირითადად, რუსეთიდან, საბერძნეთიდან და
თურქეთიდან შემოვიდნენ საქართველოში. სასტუმროში დარჩენილია 17
თავისუფალი ნომერი და საჭიროების შემთხვევაში მოხდება მათი ათვისებაც.
სასტუმროს თანამშრომლის თქმით, არცერთ მათგანს კორონავირუსია ეტაპზე
არ დადასტურებია.
"147 ადამიანია ამჟამად მოთავსებული, დარჩენილია 17 თავისუფალი ოთახი
და თუ საჭიროება იქნება, მოხდება მათი ათვისებაც. მოქალაქეებმა
გადმოკვეთეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი და ლარსის სასაზღვრო
პუნქტი. ისინი ძირითადად იყვნენ რუსეთში, საბერძნეთში, თურქეთში" -
აცხადებს ტელეკომპანია "ბორჯომთან" საუბრისას, სასტუმროს მიმღების
ერთ-ერთი თანამშრომელი.
რაც შეეხება ბაკურიანში მეორე საკარანტინო ზონას. მეორე
სასტუმროში განთავსდა 28 ადამიანი და როგორც სასტუმროში
გვითხრეს, დღის ბოლომდე ელოდებიან კიდევ 37 პირის დამატებას.
"მივიღეთ 28 ადამიანი და დღის ბოლომდე სავარაუდოდ 37 მოქალაქე კიდევ
დაგვემატება. მთლიანობაში გვაქვს 61 ნომერი. ამ ადამიანებმა
გადმოკვეთეს ლარსის სასაზღვრო პუნქტი და მოხდა მათი გადმოყვანა ჩვენს
საკარანტინო ზონაში. სასტუმრო არის მთლიანად სარანტინე სივრცედ
მოწყობილი" - აცხადებს ერთ-ერთი სასტუმროს მენეჯერი.
შეგახსენებთ, ბაკურიანში ორი საკარანტინე ზონა დღეს დაემატა. კიდევ
ერთი სივრცე ახალციხის ერთ სასტუმროშიც მოეწყო, რომელიც ავტოსადგურის
მიმდებარე ტერიტორიაზეა. სამცხე-ჯავახეთში, მე-4 საკარანტინე ზონა
აბასთუმანში ფილტვის ცენტრია.