ღონისძიების გამკაცრება კიდევ უფრო მოგვიწევს- გიორგი გახარია
ღონისძიებების გამკაცრება მოგვიწევს, მაგრამ საგანგებო მდგომარეობის
გამოცხადების აუცილებლობა ამ ეტაპზე არ არის, განაცხადა მთავრობის
ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გიორგი გახარიამ,
მისი განმარტებით, რამდენიმე სახელმწიფომ საგანგებო მდგომარეობა უკვე
გამოაცხადა.
"მაგრამ მინდა ერთ რამეს მიაქციოთ ყურადღება - ქვეყნებმა, რომლებმაც
ეს საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს, მასთან ერთად გამოაცხადეს, რას
ნიშნავს ეს საგანგებო მდგომარეობა, რა ღონისძიებების გატარებას. თქვენ
თუ დააკვირდებით იმ ღონისძიებებს, რომელიც ჩვენ უკვე გავატარეთ, ჩვენ
საგანგებო მდგომარეობა არ გამოგვიცხადებია, მაგრამ იგივე ღონისძიებები
უკვე რამდენიმე კვირაა დაწყებული გვაქვს და ვატარებთ. ამიტომ ვამბობთ,
რომ ჩვენ მივყვებით კონკრეტულ გამოწვევას ყოველდღიურად, ახალი
გამოწვევის პირობებში ამ ღონისძიებებს ვამკაცრებთ. გულწრფელად
გეუბნებით, რომ ამ ღონისძიების გამკაცრება კიდევ უფრო მოგვიწევს,
მაგრამ დღეს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობას ვერ
ვხედავ. შეიძლება ეს აუცილებლობა დადგეს ხვალ, განსაკუთრებით, იმის
გათვალისწინებით, რომ სხვა ქვეყნებში გამოცხადებული საგანგებო
მდგომარეობის ღონისძიებები ჩვენ უკვე დიდი ხანია განხორციელებული
გვაქვს", - განაცხადა გახარიამ.