გვყავს ერთი მძიმე პაციენტი - მარინა ეზუგბაია
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო
დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში
კორონავირუსით ინფიცირებული
ერთი მძიმე პაციენტი წევს, რომლის მდგომარეობა არ უმჯობესდება, თუმცა
არც უარესდება.
მისივე თქმით, გარდა ამისა, არის 4 დადასტურებული პნევმონია,
დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა კი მსუბუქია.
„ჯერჯერობით, რჩება უცვლელი სიტუაცია, გვყავს ერთი მძიმე
პაციენტი. მისი მდგომარეობა სტაბილურია. ჯერჯერობით, კლინიკური და
ლაბორატორიული მონაცემებით, მდგომარება არ უმჯობესდება, მაგრამ
თვალხილულად, არ უარესდება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სტაბილური
სიტუაციაა და იმედი გვაქვს, რომ ასე გაგრძელდება. დანარჩენ
შემთხვევებში გვაქვს 3 პაციენტის დადასტურებული პნევმონია, დაგვემატა
ახლა კიდევ მე-4 პნევმონია, რომელთა მდგომარეობა არის საშუალო
სიმძიმის. დანარჩენი პაციენტების ზოგადი მდგომარეობა არის მსუბუქი,
გამოხატული სხვადასხვა კლინიკური ნიშნით და დაბალი ტემპერატურით“, -
განაცხადა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან.
მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში ახალი
კორონავირუსით ინფიცირებული 20 პაციენტია.
„10:30 საათის მდგომარეობით, ჩვენთან 41 პაციენტია. გუშინ დღე-ღამის
განმავლობაში ჩვენს ცენტრში ჩატარდა 29 პაციენტის გამოკვლევა. 28
შემთხვევაში მივიღეთ უარყოფითი პასუხი და მხოლოდ ერთის პასუხი იყო
დადებითი. ჩასატარებელია 6 პაციენტის ტესტირება. მოგვიანებით, დღის
მეორე ნახევარში ჩვენთან შემოყვანილი იქნა დადასტურებული 5 შემთხვევა
და ამჟამად გვყავს ინფიცირებული 20 პაციენტი.
ამ 20 ისტორიის ოთხი წყარო გვაქვს. ერთი წყაროა ირანი და უკავშირდება
ორ პაციენტს, მეორე წყაროა იტალია და ერთ-ერთი ქალაქიდან იყო ერთი
პაციენტი, რომელსაც მასთან ურთიერთობაში მყოფი 5 პაციენტი დაემატა და
ამ წყაროდან სულ გვყავს 6 პაციენტი. მესამე წყაროა ისევ იტალიის
ერთ-ერთი ქალაქი და შემოსული 6 პაციენტი, ორი ოჯახი და მათთან
კონტაქტში მყოფი კიდევ 5 ადამიანი. ანუ 11 ადამიანია ერთი წყარო.
მეოთხე წყარო გვყავს ერთი პაციენტი, ესაა ესპანეთის ისტორია“,-
აღნიშნა ეზუგბაიამ.
ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 23 შემთხვევაა
დადასტურებული.