ინფექციურში მყოფი 33 პაციენტიდან კორონავირუსი არცერთს დაუდასტურდა
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში
მყოფ 33 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ თბილისის
ინფექციური საავადმყოფოს
სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ დღეს, 10 მარტს დილით
ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ამ პაციენტებიდან ნაწილი
საკარანტინო ზონაშია, ნაწილი კი თვითიზოლაციაში.
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 14
პაციენტიდან ერთის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ეზუგბაიას თქმით, 3
პაციენტთან დაავადება საშუალო სიმძიმით მიმდინარეობს, დანარჩენებს კი
— მსუბუქად.
"ერთი პაციენტი არის მძიმე მდგომარეობაში. საბედნიეროდ,
გუშინდელი დღის განმავლობაში მისი მდგომაროება სტაბილურია,
განსაკუთრებული პროგრესირება არ შეიმჩნევა, მკურნალობას ექვემდებარება
და იმედი გვაქვს, ასე გაგრძელდება, არ გაგვიუარესდება მისი
მდგომაროება", — განაცხადა ეზუგბაიამ.
ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 შემთხვევაა
დადასტურებული. პირველი 26 თებერვალს დაფიქსირდა, მეორე დაავადებათა
კონტროლის ცენტრმა 28 თებერვალს დაადასტურა, მესამე — 29 თებერვალს,
მეოთხე — 5 მარტს დილით, დანარჩენი 5 კი ამავე დღეს საღამოს, 7 მარტს
კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 4 შემთხვევა დადასტურდა, 9 მარტს კი
კორონავირუსი 2 პაციენტს დაუდასტურდა
წყარო: on.ge