იტალიიდან დაბრუნებისთანავე ბაკურიანის სასტუმროს თანამშრომელი მუშაობას შეუდგა
ბაკურიანის ერთ-ერთი სასტუმროს ადმინისტრაციის წარმომადგენლის
ინფორმაციით, მათი თანამშრომელი, რომელსაც, სავარაუდოდ, ახალი
კორონავირუსის სიმპტომები აღენიშნება, იტალიიდან საქართველოში 17
თებერვალს, ანუ 21 დღის წინ დაბრუნდა.
იმ პერიოდში არ იყო საგანგაშო ვითარება და არც კარანტინისა თუ
თვითიზლაციის მითითება. თანამშრომელი თავს კარგად გრძნობდა, მას არ
აღენიშნებოდა ახალი კორონავირუსის არავითარი სიმპტომი, შესაბამისად,
ჩამოსვლისთანავე სასტუმროში მუშაობას შეუდგა. ტემპერატურის მატება მას
ჩამოსვლიდან მეჩვიდმეტე დღეს დაეწყო. სიმპტომების გამოვლენისთანავე,
საკუთარი სურვილით მიმართა სამედიცინო ცენტრს.
ტელეკომპანია „ბორჯომმა“, სასტუმროს წარმომადგენელს მიმართა შემდეგი
კითხვებით: რა პოზიციაზე მუშაობდა და რამდენად ჰქონდა შეხება
დამსვენებლებთან დასაქმებულს, ვირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის
მიზნით, რა სამუშაოები მიმდინარეობს სასტუმროში, აგრეთვე, იმ
შემთხვევაში თუ მათ თანამშრომელს დაუდასტურდა კორონავირუსი
(COVID-19), რა ზომებს მიმართავს სასტუმროს ადმინისტრაცია?
დღის განმავლობაში, სასტუმროს თანამშრომელი კითხვებზე პასუხის გაცემას
გვპირდებოდა, თუმცა, დღის ბოლოს გვითხრა, რომ სასტუმროს ადმინისტრაცია
ტესტის პასუხს დაელოდება და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთებს
კომენტარს.
30 წლამდე ქალი, მაღალი ტემპერატურითა და ვირუსისთვის დამახასიათებელი
სიმპტომებით, 8 მარტს, ბაკურიანიდან თავდაპირველად ბორჯომის
სამედიცინო ცენტრში, შემდეგ კი თბილისში, ინფექციურ განყოფილებაში
გადაიყვანეს. ტელეკომპანია „ბორჯომი“ მთელი დღის განმავლობაში ცდილობს
პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის დაზუსტებას,
თუმცა უშედეგოდ. ანალიზის პასუხები, რითიც დგინდება, არის თუ არა
პაციენტი COVID-19-ით, ანუ ახალი კორონავირუსით ინფიცირებული,
ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის.