"საქართველოში კორონავირუსის რისკი მომატებულია" - ამირან გამყრელიძე
საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების რისკი მომატებულია - ამის
შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ტელეკომპანია
"იმედის" ეთერში განაცხადა.
ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანა პანდემიური მზადყოფნის გაძლიერებულ
რეჟიმზე გადადის.
მიმდინარე კვირაში ცნობილი გახდება მთავრობის ახალი განკარგულება,
რომელშიც განხილული იქნება სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში შემოსულ
ადამიანებზე შესაბამისი გაძლიერებული მეთვალყურეობის დაწესება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამ ეტაპზე კორონავირუსის არც ერთი
შემთხვევაა გამოვლენილი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში კი ყველა
ქვეყანას მოუწოდებენ, კორონავირუსის წინააღმდეგ მზადყოფნა
გააძლიერონ.
24 თებერვალს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 9 პაციენტი შევიდა. 2
მათგანი ირანის მოქალაქე იყო, დანარჩენები კი საქართველოსი. ლუგარის
ლაბორატორიაში ჩატარებული ანალიზების შემდეგ 5 პაციენტი
საავადმყოფოდან გაეწერა. 25 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ მილანის
რეისით ჩამოსულ 20 წლის პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
საქართველომ პრევენციის მიზნით ჩინეთთან პირდაპირი ფრენები შეწყვიტა.
ვირუსის ირანში გავრცელების შემდეგ კი, 23 თებერვალს, ამ ქვეყნიდან
საქართველოში და პირიქით, ფიზიკური პირების გადაადგილება შეიზღუდა.
ასევე არ გამორიცხავენ მეზობელ ქვეყნებთან სახმელეთო საზღვარზე
გადაადგილების შეზღუდვას.
შეგახსენებთ, 30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი
გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის
დეკემბერში დაიწყო.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია.
მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში
საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს.