ხვალიდან კორონავირუსის გამოსავლენი ტესტი საქართველოსაც ექნება
ლუგარის ცენტრს ახალი ტიპის კორონავირუსის გამოსავლენი ტესტი ექნება.
საქართველოს კორონავირუსთან საბრძოლველად, სავარაუდოდ, ხვალ უკვე
რეაგენტი ექნება.
როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულო
ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე
პარტნიორებთან მოლაპარაკება მიმდინარეობდა. მან ასევე დასძინა, რომ ამ
ეტაპზე საქართველოში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ
გამოვლენილა.
მსოფლიოში ახალი კორონავირუსის ეპიდსიტუაციის მიმდინარეობის შესახებ
გამართულ პრესკონფერენციაზე, დაავადებათა კონტროლისა და
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა
ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ მეხუთე კვირაში სეზონური გრიპით
დაავადებულთა რაოდენობა შემცირებულია, თუმცა მწვავე რესპირატორული
სინდრომით ჰოსპიტალიზაციის საერთო წილი გაზრდილია 28%-დან 32,6 %-მდე.
მისი განცხადებით, მაღალი რისკის დაახლობით 100 ათასი ადამიანია
აცრილი და რაც ყველაზე მთავარია ამ სეზონზე ორსულთა აცრის მაჩვენებელი
გაორმაგებულია.
„ჩვენ კიდევ გვაქვს ვაქცინების რაოდენობა სტრატეგიულ
მარაგში და მოსახლეობას და ორსულ ქალებს მოვუწოდებ, რომ აიცრან,
რადგან გრიპის სეზონი ჩვენთან გრძელდება მარტის ბოლო, აპრილის შუა
რიცხვებამდე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ასევე საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი აქვს რესპირატორულ
ვირუსებს და ამის გამო ის მოსახლეობას მოუწოდებს ჰიგიენის ნორმები
დაიცვან, ხოლო მშობლებს ურჩევს, რომ ტემპერატურის ქონის შემთხვევაში
ბავშვები სკოლაში არ გაუშვან. კორონავირუსიც რესპირატორულ ვირუსებს
შორის შედის. მისი თქმით, ლუგარის ლაბორატორიას ხვალიდან
კორონავირუსის შტამის გამოსავლენი ტესტი ექნება. რაც შეეხება
საქართველოს, ის დაბალი რისკის მქონე ქვეყნების ჯგუფში იმყოფება.
ჯერჯერობით სამი ადამიანი ისევ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ
განყოფილებაშია. მათგან ორის სინჯები გადაგზავნილია ევროპის ერთ-ერთ
რეფერალურ ლაბორატორიაში და პასუხები სავარაუდოდ ხვალ გახდება
ცნობილი.
"ამ ეტაპზე სამი ადამიანია დაკვირვების ქვეშ ინფექციური
საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში. სამივეს კლინიკური
მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მიმდინარეობს მათზე დაკვირვება,
სამივე არის საქართველოს მოქალაქე, სამივეს აქვს ისტორია ჩინეთში
სხვადასხვა პერიოდში ყოფნის. ამავე დროს, ხვალიდან გვექნება 99.99
პროცენტის ალბათობით, ლუგარის ცენტრში ლაბორატორიული საშუალება,
პარტნიორებთან იყო მოლაპარაკება და გამთენიისას გვექნება ალბათ ყველა
რეაგენტი დამატებით, რაც საჭიროა შექმნილ სიტუაციაში, რაც დღეს
ჩინეთში ცირკულირებს. აღარ იქნება აუცილებლობა, რეფერალურ ცენტრებში
სინჯების გადაგზავნის", - განაცხადა გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ
საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ჩინეთის დაავადებათა
კონტროლის ცენტრის დღევანდელი მონაცემებით 17205 ლაბორატორიულად
დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 361 გარდაცვალების
შემთხვევა. ასევე გამოჯანმრთელდა და გაეწერა 475 ადამიანი.