ახალი ამბები
ასპინძასა და ადიგენში ყირიმ-კონგო ორ პირს დაუდასტურდა
სამცხე–ჯავახეთში ყირიმ–კონგოს
ჰემორაგიული ცხელებით კიდევ ორი ადამიანი დაავადდა.
"სამხრეთის კარიბჭის"
ინფორმაციით, ახალი შემთხვევები ადიგენის და ასპინძის
მუნიციპალიტეტებში დაფიქსირდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, სამცხე–ჯავახეთის
განყოფილების ინფორმაციით, ორ მამაკაცს ყირიმ-კონგო 15 მაისს
დაუდასტურდა. მათგან ერთი დაბა აბასთუმანში ცხოვრობს, მეორე კი
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ზველში.
მიმდინარე წელს სამცხე-ჯავახეთში ყირიმ-კონგოს ხუთი ფაქტია
დადასტურებული. 2023 წელს პირველი შემთხვევა 28 აპრილს
დაფიქსირდა.
გასულ წელს სამცხე–ჯავახეთში, ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელების
გართულებით ორი პირი გარდაიცვალა.
ადამიანებში ჰემორაგიული
ცხელება დაავადებულ ტკიპასთან კონტაქტის (კბენა, გაჭყლეტილ ტკიპასთან
შეხება) შემდგომ 1-9 დღეში ვლინდება. დამახასიათებელია მაღალი
ტემპერატურა. კანქვეშ და ნაკბენის მიდამოებში ჩნდება სისხლჩაქცევები
და ვითარდება სისხლდენა შინაგანი ორგანოებიდან.
დაავადების სიმპტომები მოულოდნელი შემცივნებით იწყება. სხეულის
ტემპერატურა 39-40°С–მდე იწევს, იწყება კუნთებისა და თავის ტკივილით,
ღებინებით, დიარეით. დაავადება ადამიანებში მძიმედ მიმდინარეობს და,
დროული მკურნალობის ჩატარების გარეშე, შეიძლება, სიკვდილით
დასრულდეს.
მაღალი რისკის ქვეშ ძირითადად ფერმერები, მწყემსები და ვეტერინარები
არიან; ასევე – პირები, რომლებიც ახლო კონტაქტში არიან ყირიმ–კონგოს
ჰემორაგიული ცხელებით დაავადებულ ადამიანებთან.
გააზიარეთ :