ახალი ამბები
"ვივამედში" ამბობენ, რომ სააკაშვილის რეანიმაციაში გადაყვანა საჭირო არ არის
"ვივამედის" კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანა საჭირო არ არის. პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა. მისი მდგომარეობის შესახებ "ვივამედის" წარმომადგენელმა კლინიკის შესასვლელში ისაუბრა ჟურნალისტებთან.


"კონსილიუმის გადაწყვეტილებით, პაციენტი რჩება პალატაში და უგრძელდება მკურნალობა. პალატა აღჭურვილია ყველა იმ აპარატურით, რაც ინტენსიურ პალატაშია... რეანიმაციაში გადაყვანის საკითხი არ დამდგარა... რა თქმა უნდა, მისი ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს ყველაფერი შეიცავს რისკებს. პროგნოზის გაკეთება რთულია, მოსალოდნელი რისკები, რა თქმა უნდა არსებობს, მაგრამ ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურია და კოვიდის მსუბუქი გამოვლინებაა. დაავადების გარეშეც რთულდება კოვიდი, თქვენ იცით", - თქვა მან.


ექსპრეზიდენტის კორონავირუსით ინფიცირების შესახებ ინფორმაცია მისმა ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ გუშინ, 24 იანვარს გაავრცელა. გუშინვე "ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სააკაშვილს სტაბილური მდგომარეობა ჰქონდა.


საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.


დაპატიმრების პირველივე დღეს მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა, რომელიც გორის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა. ახლობლებისა და ადვოკატების თანახმად, მან იქ ვერ შეძლო სათანადო რეაბილიტაცია.


2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა "ვივამედშია". როგორც ოჯახის წევრები და ადვოკატები აღნიშნავენ, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და აუცილებელია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ.


თითქმის ორი თვეა, თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მიმართვას მისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხზე.


პარალელურად, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ამერიკელ იურისტებთან ერთად მუშაობენ სიაზე, რომელსაც შემდეგ "მაგნიტსკის აქტის" ავტორს, ბილ ბრაუდერს, გადაუგზავნიან. ამ სიაში შევლენ ისინი, ვინც პატიმრობის დროს აფერხებდა ექსპრეზიდენტის მკურნალობას და შეიძლება ჩართული იყოს მის მოწამვლასა და წამებაში.
Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.