ახალი ამბები
"საქართველოში დღეს 5-ჯერ მეტია გრიპის ვირუსი, ვიდრე კორონავირუსი" - ივანე ჩხაიძე
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ დღეს ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე ბრიფინგი გამართა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებზე დაყრდნობით თქვა, რომ ქვეყანაში გავრცელებული ვირუსების 50% დღეს გრიპის ვირუსზე მოდის. ივანე ჩხაიძე NCDC-ის 2022 წლის 51-ე კვირის ანგარიშს ეყრდნობა, რაც დეკემბრის ბოლოსწინა კვირის სურათს ასახავს.

"თუ იქნება ქვეყანაში რესპირაციული ვირუსული ინფექციების პიკი, ეს პიკი დეკემბერ-იანვრის თვეებზე მოდის. 51-ე კვირის ანგარიშში ძალიან ნათლად ჩანს, რომ ძირითადი მოცირკულირე ვირუსი არის გრიპის ვირუსი. გრიპის ვირუსის ჯამური რაოდენობა ვირუსულ პეიზაჟში შეადგენს დაახლოებით 50%, რაც მაღალი მაჩვენებელია და მიუთითებს იმაზე, რომ დღეს ქვეყანაში სწორედ გრიპის ვირუსი ცირკულირებს.

თუ ვირუსების გაყოფას შევხედავთ, ყველაზე დიდი რაოდენობით მათ შორის არის H3N2 ტიპის ვირუსი, ე.წ. ჰონგ-კონგის ვირუსი, რომელიც ჯამურად 33%-ს შეადგენს. პრაქტიკულად ანალოგიური მდგომარეობაა ევროპის ქვეყნებში და არა მხოლოდ ევროპის ქვეყნებში, ძირითადად სწორედ ამ ტიპის ვირუსის სიჭარბით ხასიათდება დეკემბრის თვე და ზოგადად შემოდგომა-ზამთრის პერიოდი მთელს მსოფლიოში.

ჯამურ რაოდენობაში კორონავირუსის რაოდენობა არის დაახლოებით 10%, რაც იმას ნიშნავს, რომ 10-დან 1 შემთხვევაა კორონავირუსით ინფიცირება. კორონავირუსი არსად არ გამქრალა, მაგრამ შესაძლებელია, ის გახდეს ისეთივე სეზონური ვირუსი, როგორიც გრიპის ვირუსი. ეს მონაცემები ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს",
- თქვა ივანე ჩხაიძემ და გამოთქვა იმედი, რომ შესაძლებელია, 2023 წელი იყოს პანდემიის დასრულების წელი.

მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ პანდემიის დასასრული არ ნიშნავს კორონავირუსის გაქრობას, ეს ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ჩვენი ორგანიზმები მას შეეჩვევიან და ისე მიიღებენ, როგორც ყველა სხვა სეზონურ ვირუსს და მასთან ბრძოლა შესაძლებელი იქნება ვაქცინაციის საშუალებით.



ივანე ჩხაიძემ ისაუბრა ასევე ეპიდემიოლოგიური ვითარების შემსუბუქების მოლოდინებზე. მისი თქმით, სეზონური ვირუსების პიკი დეკემბერს-იანვარს ემთხვევა, თებერვლიდან სავარაუდოა შემთხვევების კლება, მაგრამ მარტის ბოლოს, აპრილის დასაწყისში მეორე პიკია მოსალოდნელი.

მან ასევე აღნიშნა, რომ გრიპის ვირუსი, რომელიც დღეს დომინანტი ვირუსია ქვეყანაში, ძირითადად ბავშვებშია გავრცელებული.

"გრიპი ძირითადად ბავშვებში ცირკულირებს, კორონავირუსი არ არის ბავშვების ვირუსი", - თქვა ივანე ჩხაიძემ და განმარტა, რომ გრიპის და სხვა რესპირაციული ვირუსების შემთხვევაში, რისკჯგუფებს წარმოადგენენ 5 წლამდე ბავშვები, 65 წელს გადაცილებული მოსახლეობა და ორსულები, ასევე ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები, შესაბამისად, მნიშვნელოვანია მათი ვაქცინაცია.

ივანე ჩხაიძის თქმით, წელს ქვეყანამ თითქმის სრულად აითვისა 200 000 გრიპის ვაქცინა, რომელიც უფასო მოხმარებისთვის იყო განკუთვნილი რისკჯგუფებისთვის, სამედიცინო პერსონალისა და სამართალდამცველებისთვის. და ამას ემატება ასევე კომერციულად შემოტანილი ვაქცინები, რომლებსაც ასევე იყენებდა მოსახლეობა გრიპის საწინააღმდეგოდ. ამ უკანასკნელის გამოყენების მაჩვენებელი მას არ დაუსახელებია, თუმცა თქვა, რომ ვირუსული ინფექციების პიკის გათვალისწინებით, ოქტომბრის თვიდან გაზრდილია მიმართვიანობა სამედიცინო დაწესებულებებში. ივანე ჩხაიძის თქმით, მიმართვიანობის ზრდა რესპირაციული ვირუსების მქონე პაციენტების მხრიდან დაიწყო 2-3 კვირით უფრო ადრე, ვიდრე ამას ჯანდაცვის სპეციალისტები ვარაუდობდნენ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.