საზოგადოება
ასპინძაში ყირიმ-კონგოს 3 შემთხვევა გამოვლინდა
ასპინძის მუნიციპალიტეტში ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელებით სამ ადამიანი დაავადდა. პაციენტები თბილისის კლინიკების რეანიმაციულ განყოფილებებში მკურნალობან. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.

ასპინძის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ყირიმ–კონგოს ორი შემთხვევა სოფელ ორგორაში გამოვლინდა, დაავადებულია ორი შუახნის ქალი. ერთი მკურნალობის კურსს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადის, მეორე კი ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.

ყირიმ–კოგოს მესამე შემთხვევა დაბა ასპინძაში გამოვლინდა, დაავადებულია 30 წლამდე მამაკაცი, ისიც ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობს.

ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, მზია პაპაშვილის განმარტებით, პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

ყირიმ–კონგოს შემთხვევები მუნიციპალიტეტში გასულ კვირას დაფიქსირდა. ამჟამად პაციენტებთან ერთად, მათი ოჯახის წევრებსაც აკვირდებიან. დაავადების გადადების საფრთხე სიმპტომების გამოვლენიდან 12–14 დღეა.

„მუნიციპალიტეტის ორ წერტილში ეპიდაფეთქებაა. პრევენციული ღონოსძიებები მიმდინარეობს, ვიკვლევთ კონტაქტებს, ვაფრთხილებთ მოსახლეობას. არის საშიშროება, რომ ოჯახის წევრებსაც გადაედოთ, რადგან აღნიშნულ პაციენტებს სახლში ყოფნისას მაღალი ტემპერატურა გამოუვლინდათ. მაშინ,როცა ჰემორაგიული ცხელება აქვს ადამიანს,უფრო მეტია გადამდებლობა. ეს საფრთხე 12–14 დღის განმავლობაში არსებობს“, – ამბობს მზია პაპაშვილი.

ცხოველთა ტკიპები, რომლებიც ყირიმ-კონგოს ვირუსის გადამტანები არიან, ზაფხულში აქტიურდებიან. ეს დაავადება ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშია. სამცხე-ჯავახეთი კი, ყირიმ-კონგოს გავრცელების მხრივ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერაა.

რამდენი შემთხვევა გამოვლინდა მიმდინარე წელს რეგიონში ჩვენთვის უცნობია, რადგან დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს, რომ ინფორმაცია წერილობით უნდა გამოვითხოვოთ.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ყირიმ–კონგოს საწინააღმდეგოდ ფართობები ადიგენში, ახალციხესა და ასპინძაში დაამუშავა.

ყირიმ-კონგოს ვირუსისთვის დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა, ადამიანის კანზე, კანქვეშ და ნაკბენის მიდამოებში ჩნდება სისხლჩაქცევები და ვითარდება სისხლდენა შინაგანი ორგანოებიდან. ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადადების შემთხვევები ფიქსირდება, დაავადებულის სისხლთან, გამონაყოფებთან, ორგანოებთან მჭიდრო კავშირისას.ადამიანებში დაავადების სიმპტომები მოულოდნელი შეცივნებით იწყება. სხეულის ტემპერატურა 39-40°С–მდე იწევს, იწყება კუნთებისა და თავის ტკივილით, ღებინებით, დიარეით.

დაავადება ადამიანებში მძიმედ მიმდინარეობს და, დროული მკურნალობის ჩატარების გარეშე, შეიძლება, სიკვდილით დასრულდეს.

დაავადების მაღალი რისკის ქვეშ ძირითადად ფერმერები, მწყემსები და ვეტერინარები არიან; ასევე – პირები, რომლებიც ახლო კონტაქტში არიან ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელებით დაავადებულ ადამიანებთან.

ადამიანებში დაავადება ვლინდება დაავადებულ ტკიპასთან კონტაქტის შემდგომ 1-9 დღეში (კბენა, გაჭყლეტილ ტკიპასთან შეხება), ასევე დაინფიცირებულ სისხლთან ან ქსოვილთან კონტაქტის შედეგად 3-14 დღეში (ცხოველის დაკვლის დროს). დაავადების შემთხვევები, ძირითადად, აღინიშნება გაზაფხულიდან ადრეულ შემოდგომამდე, რადგან ამ პერიოდში აქტიურდებიან დაავადების გადამტანი ტკიპები.

2019 წელს ყირიმ–კონგოთი ასპინძაში 30 წლის კაცი გარდაიცვალა, 202 წელს კი დაავადებით ახალქალაქში მცხოვრები 23 წლის ახალგაზრდა დაიღუპა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.